Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შექმნის თუ არა ანტისარაკეტო ხელშეკრულებიდან შეერთებული შტატების გასვლა ისტორიულ პრეცედენტს?


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა გასულ კვირაში შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ოფიციალურად განუცხადა, რომ 6 თვის შემდეგ გავა 1972 წლის ანტიბალისტიკური სარაკეტო ხელშეკრულებიდან,

და დაიწყებს ანტისარაკეტო თავდაცვის ეროვნული სისტემის შექმნას. იქცევა თუ არა ანტისარაკეტო ხელშეკრულებიდან ვაშინგტონის გასვლა ისტორიულ პრეცედენტად?

“ეპოქის დასასრული”, “ხელშეკრულების დახევა,” “ცივი ომის დასამარება” – ასეთი სათაურებით გამოვიდა ამერიკისა და ევროპის გაზეთები გასულ კვირაში.

ხელშეკრულება, ხელმოწერილი შეერთებული შტატების პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონისა და საბჭოთა ლიდერ ლეონიდ ბრეჟნევის მიერ, უკრძალავს ორივე მხარეს სარაკეტო თავდაცვის ეროვნული სისტემის შექმნას. იდეა მდგომარეობდა იმაში, რომ ურთიერთგანადგურების შიშით არც ერთი მხარე არ დაიწყებს ბირთვულ ომს. რუსეთი მას მსოფლიო სტაბილურობის ქვაკუთხედად მიიჩნევს. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში მას უწოდებს ცივი ომის გადმონაშთს, რომელიც ხელს უშლის ამერიკას, დაიცვას თავი ახალი პოტენციური საშიშროებისგან, რომელსაც უქმნიან მას არასტაბილური რეჟიმის მქონე, ერაყისა და ჩრდილოეთი კორეის მსგავსი ქვეყნები.

გასული კვირის ნაბიჯი ბევრის თვალში ისტორიულია. თუმცა, ბუში ფორმალურად არ არღვევს ხელშეკრულებას, რომელიც მოითხოვს, რომ მისგან გასვლის თაობაზე გაფრთხილება 6 თვით ადრე იქნეს გაკეთებული, ეს ნაბიჯი წარმოშობს კითხვას: ხომ არ არის სხვა ხელშეკრულებები და საერთაშორისო შეთანხმებები მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლური დოკუმენტები, რომელთა მკაცრი დაცვა სულაც არ არის სავალდებულო?

ტრევორ ფინდლი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციიდან, რომელიც თვალყურს ადევნებს მოლაპარაკებებსა და საერთაშორისო შეთანხმებების ცხოვრებაში გატარებას, ამბობს, რომ ანტიბალისტიკური ხელშეკრულება უაღრესად იშვიათი დოკუმენტია და, ცხადია, ხელშეკრულებიდან ასეთი მნიშვნელოვანი ქვეყნის გასვლაც იშვიათი მოვლენაა.

ფინდლის თქმით, მისმა ორგანიზაციამ იცის მხოლოდ ერთი მსგავსი შემთხვევა: 1990-იანი წლების შუაში ჩრდილოეთმა კორეამ განაცხადა, რომ გადის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებიდან, რომელიც 1970 წელს შევიდა ძალაში.

ნიკოლას სიმსი ლონდონის ეკონომიკური სკოლიდან ამბობს, რომ ჩრდილოეთმა კორეამ მხოლოდ ერთი დღით ადრე განაცხადა, რომ ტოვებს ხელშეკრულებას, მაშინ, როცა ასეთი გაფრთხილება სამი თვით ადრე უნდა გაკეთებულიყო. ამის გამო, თუმცა თვით ფხენიანი საკუთარ თავს ვალდებულად არ თვლის, დაიცვას ხელშეკრულების პირობები, დანარჩენები ამ აზრს არ იზიარებენ.

ვაშინგტონის გადაწყვეტილებას, გავიდეს ხელშეკრულებიდან, რამდენიმე ისტორიული პრეცედენტი აქვს. 1798 წელს ვაშიგტონი გავიდა საფრანგეთთან 20 წლით ადრე დადებული ალიანსიდან და კომერციული ხელშეკრულებიდან. 1840 წელს კონგრესმა ნება დართო პრეზიდენტ ჯეიმს პოლკს, გასულიყო დიდ ბრიტანეთთან 1827 წელს დადებული ხელშეკრულებიდან ორეგონის შტატის თაობაზე.

ამ ორ შემთხვევაში პრეზიდენტი, სანამ ხელშეკრულებებიდან გასვლის შესახებ განაცხადებდა, კონგრესის თანხმობას დაელოდა. მაგრამ შეერთებული შტატების კონსტიტუციაში ეს მომენტი მკაფიოდ ჩამოყალიბებული არ არის.

ანიბალისტიკური ხელშეკრულების შემთხვევაში ბუშმა კონგრესს თავისი განზრახვის შესახებ ამცნო, მაგრამ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. ზოგიერთმა კონგრესმენმა განაცხადა, რომ გაისად, შესაძლოა, გააპროტესტოს ეს გადაწყვეტილება.

როგორც ტრევორ ფინდლი აღნიშნავს, ხელშეკრულებებიდან გასვლა, მართალია, მიღებული არ არის, ზოგიერთი ქვეყანა მაინც ახერხებს გამოსავლის პოვნას. ამის საუცხოო მაგალითია ერაყი, რომელიც ოფიციალურად დღემდე რჩება 1972 წლის ბიოლოგიური იარაღის კონვენციის ხელმომწერად, თუმცა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ის განაგრძობს ბიოლოგიური იარაღის პროგრამის განვითარებას.
XS
SM
MD
LG