Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის დროებითი მთავრობის მეთაური ქვეყნის უსაფრთხოებას მთავარ პრობლემად მიიჩნევს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ავღანეთის დროებითი მთავრობის მეთაური ჰამიდ კარზაი თვლის, რომ დაბომბვები ტერორისტულ ობიექტებზე უნდა გაგრძელდეს.

ამის შესახებ მან გაზეთ “ნიუ იორკ ტაიმსში” ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში ისაუბრა. ამავე დროს, მან გამოხატა შეშფოთება, რომ იზრდება მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებს შორის.

კარზაიმ გამოთქვა სურვილი, რომ მრავალეროვანი სამშვიდობო ჯარები, გარდა ქაბულისა, ავღანეთის მთელს ტერიტორიაზე იქნეს განთავსებული. ინტერვიუში, რომელიც მან “ნიუ იორკ ტაიმსს”თავის ქაბულის ოფისში, გულხანის სასახლეში მისცა, კარზაიმ აღნიშნა, რომ თხოვნები მშვიდობისდამცველების გაგზავნის შესახებ მას ქვეყნის ყველა კუთხიდან მისდის.

კარზაიმ, რომელმაც დროებითი მთავრობის მეთაურის პოსტი 22 დეკემბერს, კოალიციური ძალების მიერ თალიბანის რეჟიმის დამხობის შემდეგ დაიკავა, აღიარებს, რომ ავღანეთის მთავარი პრობლემა განუკითხაობაა. მან თქვა, რომ პროვინციებში გუბერნატორებს ნიშნავს, რათა ისინი ადგილობრივი უსაფრთხოების პრობლემებს გაუმკლავდნენ.

კარზაიმ აღნიშნა, აგრეთვე, რომ იძიებს გასული შაბათის ინციდენტს, როცა პაქტიის პროვინციაში შეერთებული შტატების ძალების საჰაერო იერიშის შედეგად დაახლოებით 70 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. დაბომბვის მიზანი ტერორისტების ბუდის განადგურება იყო. პენტაგონის თქმით, მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპილის მიზეზი ის არის, რომ “ალ-ყაიდის” მებრძოლები ადგილობრივ მოსახლეობას შეერიენ.

კარზაის თქმით, ამ კვირის ბოლოს ის აპირებს, შეერთებული შტატების ოფიციალურ წარმომადგენლებს მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის საკითხზე ესაუბროს. ტერორიზმთან ბრძოლა მშვიდობიანი მოსახლეობის ხარჯზე არ უნდა მოხდესო, თქვა მან.

კარზაის მრჩეველმა გამოთქვა ვარაუდი, რომ პაქტიას პროვინციაში მოქიშპე ჯგუფებმა განგებ მიაწოდეს მცდარი ინფორმაცია ამერიკელებს, ძველი ანგარიშების გასასწორებლად.

კარზაიმ თქვა, რომ თალიბანის ლიდერის მოლა მოჰამად ომარის დაპატიმრების განკარგულება გასცა. ამასთან დაამატა, რომ თალიბანის რიგითი მებრძოლები, რომელთაც ის უბრალო ხალხს უწოდებს, უნდა გაანთავისუფლონ პატიმრობიდან და სახლებში გაუშვან.

ამასობაში, მოლა ომარის მთავარ დასაყრდენ ქალაქ ყანდაარში ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები სისხლისღვრის გარეშე ომარის დაკავების შესახებ.

“მე მგონია მივაღწევთ მიზანს დიალოგისა და დისკუსიების გზითო,” თქვა ყანდაარის სადაზვერვო სამსახურის უფროსმა ჰაჯი გულალაიმ. მისი თქმით, არის ცნობა, რომ ომარი თალიბანის 1500 ერთგულ მებრძოლთან ერთად ჰელმანდის პროვინციის ქალაქ ბაღრანში იმალება, ყანდაარიდან დაახლოებით 160 კმ-ის დაშორებით.

ომარის ძებნაში მონაწილეობს, აგრეთვე, 200-მდე ამერიკელი საზღვაო მედესანტე, თუმცა, როგორც ამერიკის ადგილობრივ ძალთა ცენტრალური სარდლობის წარმომადგენელი მაიორი ბრედ ლოუელი აღნიშნავს, მედესანტეები მხოლოდ ინფორმაციას აგროვებენ და ომარზე ნადირობის კამპანიაში უშუალოდ არ მონაწილეობენ. გალალაის თქმით, ბრძოლები ამჟამად არ მიმდინარეობს. “ადგილობრივ მოსახლეობას არ სურს სისხლისღვრაო,” აღნიშნა მან.

დაბოლოს, ისევ კარზაის ინტერვიუს დავუბრუნდეთ. ავღანეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა ისეთივე პრიორიტეტული ამოცანაა, როგორც უსაფრთხოება. მისი თქმით, ის ცდილობს, სწრაფად შექმნას საბაჟო სისტემა და შემოსავლის მიღების სხვა მექანიზმები, დანიშნოს ცენტრალური ბანკის მეთაური და შეიმუშავოს ახალი სავალუტო პოლიტიკა.
XS
SM
MD
LG