Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამედროვე ფული და ეკონომიკის დოლარიზაცია


გიორგი კაკაბაძე, თბილისი "თანამედროვე ფული და საბანკო სისტემის რეგულირების ზოგიერთი ასპექტი".

ასე ეწოდება საქართველოს ეროვნული ბანკის ჟურნალ "ბანკის" მე-5 ნომერში გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც არა ერთ საინტერესო ფაქტსა და მოვლენაზეა საუბარი.

სტატიის ავტორი, ეკონომისტი გიორგი ცაავა წერს, რომ მსოფლიოში ხანგრძლივი დროის განმავლობაში-კერძოდ, კი 1816-1974 წლებში-არსებობდა ისედი ფულადი სისტემა, რომელშიც საყოველთაო ეკვივალენტის როლს ოქრო, ანუ "ოქროს სტანდარტი" ასრულებდა. შესაბამისად, მიმოქცევაში გამოიყენებოდა ოქროს მონეტები და ოქროზე გადაცვლადი ფულადი ნიშნები.

1717 წელს, უდიდესს მათემატიკოსს, ფიზიკოსსა და ასტრონომს ისააკ ნიუტონს, რომელიც იმ დროისათვის "სამონეტო ეზოს" (ზარაფხანის) მმართველი იყო, დაავალეს ოქროსა და ვერცხლს შორის ღირებულებითი პროპორციის დადგენა, რასაც მეცნიერმა ბრწყინვალედ გაართვა თავი. ნიუტონის მიერ შემოთავაზებული გირვანქა სტერლინგის ოქროშემცველობა უცვლელი დარჩა 1931 წლამდე. ოქროს სტანდარტის პირობებში ფული ხუთ ფუნქციას ასრულებდა: ღირებულების საზომის, მიმოქცევის საშუალების, დაგროვების საშუალების, გადახდის საშუალების და მსოფლიო ფულის.

ავტორი აღნიშნავს, მე-20 საუკუნეში "ოქროს სტანდარტის" გაუქმებამ ფულის ფუნქციების ძირეული ცვლილება გამოიწვია. ოქროს სტანდარტსა და ოქროდევიზურ მიმოქცევას ანუ ნომინალური ღირებულების არასრულფასოვანი ფულის ოქროზე შეუზღუდავ გაცვლას პირველი დარტყმა 1929-33 წლებში მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მიაყენა. 1931-36 წლებში ყველა ქვეყანაში დროებით შეჩერდა ქაღალდის ფულის ოქროზე გაცვლა, ხოლო 1974 წლის დეკემბერში მთელ მსოფლიოში გაუქმდა "ოქროს სტანდარტი". იგი შეცვალა ხელოვნურმა ფულადმა სისტემამ, რომლითაც ფულმა თავისი ადრინდელი ეკონომიკური შემადგენლობა დაკარგა. "ოქროს სტანდარტის" გაუქმებით ფულის ფუნქციებმა ნაწილობრივ სახეცვლილება განიცადა.

ავტორის აზრით, თანამედროვე პირობებში ქაღალდის ფული ხუთ ფუნქციას ასრულებს: გაცვლის საშუალების, გადახდის( მიმოქცევის) საშუალების, საანგარიშო საშუალების, ფასეულობის შენარჩუნებისა და განსაკუთრებული საქონლის ფუნქციებს.

სტატიაში ნათქვამია, რომ მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულის მსოფლიო სავალუტო კრიზისის ფონზე მნიშვნელოვნად გაღრმავდა ეროვნული ეკონომიკის დოლარიზაციის პრობლემა, რომელმაც გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, მათ შორის, საქართველოშიც იჩინა თავი. ფართო გაგებით, დოლარიზაცია განიხილება როგორც უცხოური ვალუტის მიერ ეროვნული ვალუტის განდევნა მიმოქცევისა და დაგროვების სფეროდან. ამერიკელი სპეციალისტების აზრით, დოლარების ბანკნოტების 55-70% ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ მიმოიქცევა ან დანაზოგების ფორმით არსებობს. 1999 წლის დასაწყისისათვის ემიტირებული დოლარის ბანკნოტების საერთო მოცულობა 480-მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენდა, ამ თანხიდან დაახლოებით 300 მილიარდი შეერთებული შტატების გარეთ მიმოიქცეოდა, მათ შორის, საქართველოში ოფიციალურად-150 მილიონი.

ჟურნალ "ბანკის" სტატიაში ნათქვამია, რომ 2000 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, დოლარიზაციის თითქმის 36%-იანი კოეფიციენტით საქართველომ ზომიერად დოლარიზებული ქვეყნების ჯგუფიდან მაღალდოლარიზებული ქვეყნების ჯგუფში გადაინაცვლა.

ავტორი წერს, რომ, საქართველოს ეკონომიკური სუვერენიტეტისათვის დოლარიზაციის მასშტაბების ზრდას რეალური საფრთხის შექმნა შუძლია. სტატიის მიხედვით, ეკონომიკის დოლარიზაციას თან ახლავს მთელი რიგი ნაკლოვანებებისა, სახელისუფლებო ორგანოები მოკლებულია ფულის მასაზე კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას, რაც ფულად-საკრედიტო სფეროში მიმდინარე პროცესებს უმართავს ხდის. ავტორის თქმით, ამდენად, საჭიროა ამ მოვლენის ყოველმხრივი ანალიზი და მისგან გამომდინარე უარყოფითი შედეგების დაძლევისა და მოთოკვის გზების ძიება.
XS
SM
MD
LG