Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 სექტემბრის ტერაქტის მომზადებაში მონაწილე ზაქარიას მუსაუი ამერიკის სამოქალაქო სასამართლოს წინაშე წარსდგება


ანდრო ეული, პრაღა ოთხშაბათს, ვირჯინიის შტატის ფედერალურმა სასამართლომ 11 სექტემბრის ტერაქტებში თანამონაწილეობის ოფიციალური ბრალდება წაუყენა საფრანგეთის მოქალაქეს,

33-წლის ზაქარიას მუსაუის, რომელიც 16 აგვისტოს დააპატიმრეს შეერთებულ შტატებში საემიგრაციო კანონმდებლობის დარღვევის გამო.

როგორც ფედერალურმა მოსამართლემ განაცხადა,
მუსაუი, რომელიც მაროკოშია დაბადებული, მაგრამ საფრანგეთის მოქალაქეა, 14 ოქტომბერს წარსდგება სასამართლოს წინაშე ვაშინგტონის მახლობლად ვირჯინიის შტატში. წაყენებული ბრალდების თანახმად, მუსაუი, რომელსაც 11 სექტემბრის ტერაქტების ”მეოცე დაუსწრებელ საჰაერო მეკობრედ” მოიხსენიებენ, საერთაშორისო ტერორისტთან ოსამა ბინ ლადენთან და სხვებთან ერთად მონაწილეობდა ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში 11 სექტემბერს განხორციელებული ტერორისტული თავდასხმების მომზადებაში.

2 იანვარს, ვირჯინიის შტატის ფედერალურ სასამართლოში ზაქარიას მუსაუიმ უარყო მისდამი წაყენებული ბრალდება და განაცხადა: ”ალაჰის სახელით არაფერი მაქვს სათქმელიო”. მოსამართლის კითხვაზე, ხომ არ გულისხმობს ეს იმას, რომ ბრალდებული არ სცნობს დამნაშავეს, მუსაუის ვექილმა დადებითად უპასუხა.

მიმომხილველებს სურთ იმის გარკვევა, თუ რატომ ვერ შეძლეს ხელისუფლებმა მუსაუის დაპატიმრების მეშვეობით 25 დღის შემდეგ მომხდარი ტრაგედიის თავიდან აცილება. გამომძიებლებს ეჭვი არ ეპარებათ იმაში, რომ მუსაუის დაპატიმრება რომ არა, იგი უცილობლად იქნებოდა იმ თვითმფრინავში, რომელიც პენსილვანიაში ჩამოვარდა 11 სექტემბერს.

შეეთრებული შტატების იუსტიციის მინისტრმა ჯონ ეშკროფტმა ამ დღეებში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ მთავრობას საკმაო სამხილი აქვს მუსაუის წინააღმდეგ: [ჯონ ეშკროფტის ხმა]
”ჩვენს 30-გვერდიან ბრალდებაში ”ალ-ყაიდის” ტერორისტული საქმიანობის ჟრუანტელის მომგვრელი ფაქტებია აღნუსხული. მასში მოხსენიებულია 6 ბრალდება მუსაუის წინააღმდეგ, რომელთაგან ოთხი, თუ დადასტურდა, სასჯელის უმაღლეს ზომას, სიკვდილს ითვალისწინებს”.

ბრალდებაში ნათქვამია, რომ მუსაუი 2001 წის თებერვალში ჩავიდა პირველად შეერთებულ შტატებში 32,000 დოლარით, მას შემდეგ, რაც 2000 წლის დამლევს პაკისტანში იმოგზაურა, ხოლო 1998 წლის აპრილში ”ალ-ყაიდის” წევრებთან გაიარა წვრთნა ავღანეთში. საემიგრაციო კანონის დარღვევისთვის დაპატიმრებულს, მუსაუის თან აღმოაჩნდა სხვადასხვა სამგზავრო თვითმფრინავის მართვის შესასწავლად გამიზნული რამდენიმე ვიდეოფირი, აგრეთვე მომწამლავი ქიმიკატების გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შემცველი კომპიუტერის დისკი.

როგორც იურიდიულ საკითხებში ჩახედული ექსპერტები აღნიშნავენ, გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ მუსაუის საქმეს სამოქალაქო სასამართლო გაარჩევს და არა სამხედრო ტრიბუნალი, რასაც პრეზიდენტი ბუში უჭერდა მხარს, იმით უნდა იყოს განპირობებული, რომ ტრიბუნალების გამოყენების იდეას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა საერთაშორისო არენაზე და თავად შეერთებულ შტატებშიც.
XS
SM
MD
LG