Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაჯპაი და მუშარაფი მონაწილეობას მიიღებენ სამხრეთი აზიის ქვეყნების სამიტში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა შაბათს ნეპალის დედაქალაქ კატმანდუში სამხრეთი აზიის რეგიონული თანამშრომლობის სამიტი იწყება,

რომელშიც ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ატალ ბიჰარი ვაჯპაი და პაკისტანის პრეზიდენტი ფერვეზ მუშარაფი მიიღებენ მონაწილეობას. და თუმცა ინდოეთის მთავრობა აცხადებს, რომ ცალკე მოლაპარაკებები არ შედგება, ბევრი იმედოვნებს, რომ ორი ლიდერის ერთ ჭერქვეშ ყოფნა განმუხტავს დაძაბულობას.

ვაჯპაიმ ხუთშაბათს, კატმანდუში გაგზავრების წინ განაცხადა: [ვაჯპაის ხმა] nc010308
“ომი არ არის ერთადერთი გამოსავალი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს მის თავიდან ასაცილებლად და კეთდება კიდევაც. და თუ დიპლომატიური ზომები გამოიღებს ნაყოფს, არაფერი სხვა საჭირო აღარ არის.”

მსოფლიო ლიდერებისთვის, რომლებიც ყველა ღონეს ხმარობენ რათა აიცილონ თავიდან კონფლიქტი, ეს სიტყვები დამამშვიდებლად გაისმა. მაგრამ ვაჯპაის იქვე გამორიცხა მუშარაფთან პირისპირ შეხვედრა და დაამატა, რომ არ ჩანს, რომ პაკისტანი აპირებს ისლამისტების ექტრემისტული ჯგუფების საქმიანობის აღკვეთას. დელი ამ ჯგუფებს აკისრებს გასულ თვეში ინდოეთის პარლამენტზე ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხიმგებლობას.

ოთხშაბათს ქაშმირის პროვინციის ინდოეთის კუთვნილი ნაწილის ადმინისტრაციულ ცენტრში, ქალაქ სრინაგარში სამთავრობო შენობას ორი ყუმბარა ესროლეს. დაიღუპა ინდოელი პოლიციელი და მშვიდობიანი მოქალაქე. ინციდენტი მოხდა იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც გასულ ოქტომბერში თვითმკვლელურმა ტერაქტმა 40-მდე ადამიანი იმსხვერპლა.

ხუთშაბათს ვაჯპაიმ გამოთქვა ვარაუდი, რომ არსებობს კავშირი ბოლო თავდასხმასა და პაკისტანის სამხედროებს შორის.

იმ პირობებში, როცა ორივე მხარე განაგრძობს საზღვარზე ასობით ათასიანი ჯარების დაგროვებას და როცა წინასწარ გამორიცხულია ლიდერების პირისპირ შეხვედრა, რა იმედები შეიძლება დამყარდეს იმაზე, რომ სამიტი მათ დაახევინებს უკან?

ინდოეთმა და პაკისტანმა უკვე ორჯერ იომეს ქაშმირის გამო, რომ არ ვილაპარაკოთ პატარ-პატარა შეტაკებებზე წლების განმავლობაში. კამათი ქაშმირის თაობაზე 1947 წელს დაიწყო, როცა ბრიტანეთმა გაყო თავისი კოლონია ინდოეთისა და პაკისტანის სახელმწიფოებად. პირველში ჰინდუ დომინიარებდა მეორეში მუსლიმანები. მაგრამ ბრიტანეთმა, უმთავრესად მუსლიმანებით დასახლებული ქაშმირის ტერიტორიის ნაწილი ინდოეთს მიაკუთვნა, როგორც პაკისტანი ირწმუნება, ადგილობრივი მოსახლეობის სურვილის გაუთვალისწინებლად.

ინდოეთი, რომელიც ამაყობს იმით, რომ მსოფლიოში უდიდესი მრავალეროვანი და მრავალკონფესიური დემოკრატიაა, თავის მხრივ აცხადებს პრეტენზიას, ქაშმირის იმ ნაწილზე, რომელიც პაკისტანს ერგო.

ორივე ქვეყანა, როგორც ცნობილია, ბირთვულ იარაღს ფლობს. გარდა ამისა, ისლამაბადი საკვანძო როლს თამაშობს შეერთებული შტატების მცდელობებში დაამყაროს სტაბილურობა ავღანეთში. ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით, გასაგებია რამდენად მნიშვნელოვანია კონფრონტაციის თავიდან აცილების მცდელობები. უცხო მთავრობების ჩარევა შეიძლება კონფლიქტის თავიდან აცილების საუკეთესო საშუალება იყოს.

ხუთშაბათს მუშარაფი პეკინში მოეთათბირა ჩინეთის ლიდერებს, რომელთაც, ისევე როგორც შეერთებულმა შტატებმა, ორივე მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდეს.
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტონი ბლერი კატმანდუში გაემართა, სადაც შეხვდება ცალცალკე ორივე ლიდერს.

საზღვარის ორივე მხარეს კი ომისთვის მზადება არ წყდება. ქაშმირის პაკისტანის კუთვნილი ნაწილის ქალაქ ათმუყამის ადგილობრივმა მეთაურმა უთხრა რეიტერის სააგენტოს, რომ მათ განკარგულებაში ყოველგავრი იარაღია, ინდოეთის დარტყმაზე გამოსაპასუხებლად.

რამდენიმე კმ-ის დაშორებით, ინდოეთის მხარეზე ადგილობრივი გლეხი ამბობს, რომ, თუმცა კონფლიქტის შემთხვევაში მათი სოფელი პირველი აღმოჩნდება ხოლმე ცეცხლის ქვეშ, არავინ არ გარბის. პირიქით, ეხმარებიან არმიას სანგრების თხრასა და ბუნკერების შენებაში.
XS
SM
MD
LG