Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაუსაბუთებელი ქონების თემა აქტუალობას იბრუნებს


დავით პაიჭაძე, თბილისი პოლიტიკური სეზონის განახლებას ერთი, დროებით მივიწყებული საკითხის გახსენება მოჰყვა: პარლამენტში კვლავ წამოსწიეს უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფოსათვის დაბრუნების კანონის პროექტი.

ხუთშაბათს, 10 იანვარს, პარლამენტის იურიდიული და ეკონომიკური რეფორმების კომიტეტთა თავმჯდომარეებმა ერთობლივი სხდომა ჩაატარეს, რათა საზოგადოებისათვის შეეხსენებინათ კანონპროექტის აქტუალობა და მოეძიათ სამომავლო მხარდაჭერა პარლამენტში პროექტის კანონად ქცევისათვის.

დღეს არსებობს დაუსაბუთებელი და უკანონო ქონების კანონპროექტის ორი რედაქცია; მეორეს ჰქვია კანონი “არამართლზომიერად მოპოვებული ქონების სახელმწიფოსათვის გადაცემის წესის შესახებ”. საკომიტეტო განხილვას, შეიძლება ითქვას, ერთგვარი ტესტის ფუნქცია ჰქონდა; პროექტის წარმომდგენთა აზრით, ვინც მას მხარს უჭერს, კორუფციის წინააღმდეგია, ვინც არ ემხრობა, კორუფციის ადეპტი და აპოლოგეტი. არის მესამე პოზიცია: იდეა კარგია, მაგრამ კანონის პროექტი შესაცვლელია, მისი ამ სახით განხილვა და, მით უმეტეს, მიღება არ შეიძლება.

ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარემ, ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ ყველა გამოთქმულ შენიშვნას შეძლებისდაგვარად გაითვალისწინებენ კანონპროექტის ტექსტში და ყველაფერს იღონებენ, რათა ის თებერვალში დასაწყები პარლამენტის სესიის დღის წესრიგში იმთავითვე მოხვდეს. ამავე კანონპროექტთან ერთად პაკეტში განიხილავენ მეორე პროექტს, რომელიც არამართლზომიერი ქონების საქმეებზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღებას ითვალისწინებს. პარლამენტის წევრის, ვასილ მაღლაფერიძის აზრით, კანონპროექტი მზად არის პირველი წაკითხვით მისაღებად, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოების უფრო აქტიურ დაინტერესებას მისი შინაარსით. ლაპარაკი, რომ კანონპროექტი შესაცვლელი და დასახვეწია, მხოლოდ დროის გაყვანას და პროექტის მიჩუმათება-მივიწყებას ემსახურება. განხილვის დასაწყისში დეპუტატმა კობა დავითაშვილმა კოლეგებს მოუწოდა, ძირითადად იდეაზე ემსჯელათ და ყურადღება ნაკლებად მიექციათ პროექტში ჩადებული მექანიზმებისათვის, სახელდობრ, იმისთვის, მაინცდამაინც ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ უნდა განიხილოს თუ არა არამართლზომიერი გზით მოპოვებული ქონების საქმეები, ან უნდა არსებობდეს თუ არა დამოუკიდებელი პროკურორის ინსტიტუტი. ჩვენ ამ კანონპროექტის ნებისმიერი სახით გასვლას მივესალმებითო, განაცხადა დავითაშვილმა.

საკომიტეტო განხილვას ესწრებოდა ორიოდე დეპუტატი იმ ჯგუფიდან, გასულ შემოდგომამდე ოპოზიციას რომ უწოდებდნენ. “აღორძინების” წევრები – სანდრო ბრეგაძე და ზაქარია ქუცნაშვილი – კანონპროექტის იდეას არ დაპირისპირებიან, მაგრამ დაუპირისპირდნენ მის ინიციატორებს – “მოქალაქელების” ნაწილსა და “რეფორმატორებს”. აბაშიძელები ირწმუნებიან, რომ კანონპროექტი პოლიტიკური ბრძოლოს იარაღი, პოპულიზმის საგანი და სამომავლო რეპრესიების საფუძველი შეიძლება გახდეს. ყოფილ ოპოზიციონერთა გამოსვლა უფრო სასიგნალო ხასიათისა იყო; მას ხელი არ შეუშლია იურიდიული და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებისათვის, კანონპროექტის მხარდაჭერა გამოეხატათ, რაც, გულახდილად რომ ვთქვათ, ჯერჯერობით ბევრს არაფერს ნიშნავს.
XS
SM
MD
LG