Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლარმა გამყარება დაიწყო


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი მიმდინარე კვირაში ეროვნული ვალუტის კურსმა საახალწლო გამყარების შემდეგ დაცემა დაიწყო.

ლარის კურსმა ამერიკულ დოლართან მიმართებაში 2,21-ის ნიშნულს გადააბიჯა, თუმცა დღეს ეროვნული ვალუტა შედარებით სტაბილური გახდა და კურსმაც “უკან დაიხია”. რით ხსნიან ექსპერტები სავალუტო ბაზარზე შექმნილ სიტუაციას?

2001 წლის ბოლოს, როგორც ეს წინასაახალწლო პერიოდში ხდება ხოლმე, ეროვნული ვალუტა საგრძნობლად გამყარდა და ახალ წელს ამერიკულ დოლართან მიმართებით 2,0601 ლარის ნიშნულზე შეხვდა.

2 და 3 იანვარს, სადღესასწაულო უქმეებთან დაკავშირებით, თბილისის ბანკთაშორის ბირჟაზე უცხოური ვალუტით ვაჭრობა არ გამართულა. პარალელურად, სავალუტო ბაზრის ბირჟისგარე სეგმენტზე დოლარის ბანკნოტური კურსების ზრდის ტენდენცია შეიმჩნეოდა, რის გამოც აღნიშნული კოტირებები მნიშვნელოვნად დაშორდა გასული კვირის დასაწყისში დაფიქსირებულ ოფიციალურ გაცვლით კურსს. კერძოდ, ამერიკული დოლარის ყიდვა-გაყიდვის ბანკნოტური კურსები 2,13-2,14-ისა და 2,15-2,16 ლარის დიაპაზონში მერყეობდა, ხოლო მიმდინარე კვირაში 2,2-ის ნიშნულსაც ჩამოცდა.

სავალუტო ბაზრის სეგმენტებს შორის წარმოქმნილი დისპროპორცია თბსბ-ის წლის პირველსავე სავაჭრო სესიაზე აღმოიფხვრა. გასულ პარასკევს, 4 იანვარს, კომერციული ბანკების მხრიდან უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც უცხოური ვალუტის მიწოდების არარსებობის ფონზე, აშშ დოლარის მკვეთრი ზრდის მიზეზი გახდა. ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებულმა ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა 2,165 ლარი შეადგინა.

სავალუტო კურსის ამგვარი დინამიკა სპეციალისტებისათვის მოულოდნელი არ ყოფილა. წლის დასაწყისი ტრადიციული ფისკალური მოდუნებით აღინიშნება, ანუ საგადასახადო ორგანოების მხრიდან სამეურნეო სუბიექტებზე “დაწოლა” შესუსტებულია, რაც ლარზე მოთხოვნას ამცირებს. ამას გარდა, მოქმედებს ე.წ. სეზონური ფაქტორი, როდესაც საქართველოს საგადამხდელო ბალანსი ზამთრის პერიოდში მკვეთრად გაუარესებულია და ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინება მწირია.

ბანკთაშორისი ბირჟის გუშინდელი ვაჭრობისას დაფიქსირებული დაბალი კურსი ღია სავალუტო ბაზარმა, სადაც ლარი შედარებით მყარად “გრძნობდა თავს”, არ მიიღო. შედეგად, დღევანდელი კოტირებისას ეროვნული ვალუტა გამყარდა და ამერიკულ დოლართან მიმართებით 2,2 შეადგინა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამით საბაზრო წონასწორობა აღდგა და ლარიც პროგნოზირებად დიაპაზონში მოექცა.
XS
SM
MD
LG