Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკადრო ცვლილებები იუსტიციის სამინისტროში


სოზარ სუბელიანი, თბილისი 10 იანვარს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დემურ მიქაძემ თანამდებობა დატოვა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს პენიტენციურ სისტემაში საკადრო ცვლილებების სარეკორდო რაოდენობა განხორციელდა. გამოიცვალა დეპარტამენტის სამი ხელმძღვანელი, რასაც თან სდევდა თავმჯდომარის მოადგილეებისა თუ სასჯელაღსრულების ცალკეული დაწესებულებების ხელმძღვანელთა კალეიდოსკოპური ცვლა. ხშირი საკადრო ცვლილებები გამოწვეული ამ სისტემაში არსებული მძიმე მდგომარეობით, რომლის გამოსწორების იმედიც, ჯერჯერობით, არ ჩანს.

დემურ მიქაძის გადადგომის ოფიციალურ მიზეზად დაასახელეს სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული მძიმე მდგომარეობა, რომლის გამოსწორებასაც დეპარტამენტის თავმჯდომარე ბიუჯეტის სიმცირის გამო ვერ ახერხებდა. იუსტიციის მინისტრის, როლანდ გილიგაშვილის თქმით, თანამდებობაზე გასული წლის ნოემბერში დანიშნული მიქაძე დეკემბერში უკვე გადადგომის გუნებაზე ყოფილა: [როლანდ გილიგაშვილის ხმა] “მე მთავრობის სხდომაზე გახლდით და როდესაც დავბრუნდი, მე დამხვდა დემურ მიქაძის – სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის – პატაკი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. მინდა გითხრათ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მან ჯერ კიდევ დეკემბრის დასასრულს მომმართა”.

არაოფიციალურად გადადგომის მიზეზად სამინისტროს ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი იქცა, თუმცა სამინისტროში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ. ყოველ შემთხვევაში, მინისტრის მოადგილემ, სასჯელაღსრულების სისტემის კურატორმა კახა კობერიძემ ჩვენს კითხვას ასეთი პასუხი გასცა: [კახა კობერიძის ხმა] “არა, არა, არავითარი დაპირისპირება! რასაკვირველია, ჩვენ ბევრ საკითხზე გვაქვს ჩვენი შეხედულება, დეპარტამენტის ხელმძღვანელს – თავისი, მაგრამ რაიმე დაპირისპირებაზე საუბარი არ შეიძლება”.

მიუხედავად თავშეკავებული კომენტარებისა, დაპირისპირება არსებითი იყო. მიქაძე ცდილობდა, ფაქტობრივი დამოუკიდებლობა მოეპოვებინა, დეპარტამენტი მხოლოდ მას ემართა და სამინისტრო განზე დაეტოვებინა. ეს შეეხებოდა როგორც კადრების დანიშვნას, ისე სტრუქტურულ რეორგანიზაციასაც. კერძოდ, მას სურდა, რომ სამედიცინო დეპარტამენტი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით გამოეყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტს და სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულად იქცა, ისევ თავის დაქვემდებარებაში მოექცია, რასაც სამინისტრო არ დათანხმდა.

ზოგადად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი მრავალ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს. ერთი მხრივ, მას უნდა შეეძლოს ამ ურთულესი სფეროს მართვა და სიტუაციის კონტროლი, მეორე მხრივ, რეალურად უნდა ებრძოდეს კორუფციას და ადამიანის უფლებების დაცვაზეც ზრუნავდეს. აქცენტი კი, როგორც წესი, მართვის უნარზე და სიტუაციის კონტროლზე კეთდება.

გასული წლის 26 დეკემბერს, რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში, კახა კობერიძემ განაცხადა, რომ ეკონომიკური პრობლემების გამო სისტემაში სამოქალაქო პირების მოზიდვა და მართვის ახალი მეთოდების დანერგვა ძალიან ჭირს, ძველი მეთოდებით მართვის გამოცდილება კი ისევ ძველ პოლიციელებს აქვთ:

[კახა კობერიძის ხმა] “ამის გამოცდილება აქვს ისევ იმ ხალხს, ვინც მუშაობდა და მუშაობს პოლიციაში. ვერავინ შეძლო ამ პრობლემისთვის გვერდის ავლა, ვერავინ შეძლო! თქვენ იცით იუსტიციის სამინისტროს წინა ხელმძღვანელობის განწყობა და მათი მისწრაფება რეფორმების ჩატარებისკენ, მაგრამ ამ პრობლემას ვერც მათ აუარეს გვერდი. დაინიშნა მსხვილიძე, რომელიც, მართალია, პარლამენტიდან მოვიდა, მაგრამ პარლამენტში სულ რაღაც ერთი წელი იყო, მანამდე კი მთელი ცხოვრება შინაგან საქმეთა სამინისტროში აქვს გატარებული… მისი გათავისუფლების შემდეგ დაინიშნა ბატონი შოთა კოპაძე, რომელიც ასევე ამ სისტემის შვილია. მაგრამ, მე ვფიქრობ, მთავარი ის კი არ არის, კაცი საიდან მოვა, მთავარი ის არის, თავად სისტემა არ იყოს პოლიციური.”

სხვათა შორის, დეპარტამენტის თავმჯდომარედ დემურ მიქაძის დანიშვნას უკავშირდება ამ სისტემიდან პაატა ზაქარეიშვილის წასვლა. ზაქარეიშვილი თავმჯდომარის მოადგილე იყო და ადამიანის უფლებების დაცვას ზედამხედველობდა. კობერიძის თქმით, ზაქარეიშვილი არ დათანხმდა მის თხოვნას, უკან დაბრუნებულიყო თანამდებობაზე: [კახა კობერიძის ხმა] “ჯერჯერობით ეს ადგილი ვაკანტურია და ვაკანტურია ზუსტად იმიტომ, რომ ვცდილობთ, ამ ადგილზე ვინმეს დანიშვნის დროს რაიმე არ შეგვეშალოს, რადგან ამ თანამდებობაზე დანიშნული პირი ჩვენთვის პრიორიტეტულ მიმართულებას უხელმძღვანელებს.”

თავად ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ პენიტენციური სისტემა ნამდვილად ურთულესი უბანია და აქ პროვოკაციის მოწყობა ძალიან ადვილია. ამიტომ, დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშნულ პირს უნდა ჰქონდეს მყარი გარანტია, რომ, ნებისმიერი პროვოკაციის მიუხედავად, მინიმუმ სამი წლის განმავლობაში მას არ შეეხებიან, თუ იგი, რასაკვირველია, სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში არ იქნება მხილებული ან ეჭვმიტანილი.
XS
SM
MD
LG