Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საექსპერტო ბიურო საქართველოში უახლესი ტექნოლოგიით აღიჭურვება


დავით პაიჭაძე, თბილისი როგორც ცნობილია, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობათა შორის არსებობს შეთანხმება კანონიერების განმტკიცების სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

შეთანხმება მოიცავს ოთხ პროექტს. ესენია: კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის, სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერების მხარდამჭერი და სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიის განვითარების პროექტები. დღეს გესაუბრებით ექსპერტიზის ლაბორატორიის შესახებ, რომელიც ამერიკის მთავრობამ გასული წლის მიწურულს გამოაგზავნა გემით და რამდენიმე დღეში მოაღწევს კიდეც საქართველოს.

სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიის პროექტი 5 წლის მანძილზე უნდა განხორციელდეს. პირველი ეტაპი გულისხმობდა რამდენიმე ქართველი ექსპერტის სწავლებასა და სერტიფიცირებას ამერიკის შეერთებულ შტატებში. 12 იანვრიდან კი მეორე ეტაპი იწყება: ამ დღეს ამერიკელ სპეციალისტებს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრისათვის ჩამოაქვთ 4500 ნარკოტესტი, რაც ჩვენს ექსპერტებს საშუალებას მისცემს, ნერწყვის მეშვეობით დაადგინონ, პიროვნებას მიღებული აქვს თუ არა რაიმე სახის ნარკოტიკი. ხსენებული ცენტრის უფროსის, მაია ნიკოლეიშვილის თქმით, ნარკოტიკები ოთხ ჯგუფად იყოფა [მაია ნიკოლეიშვილის ხმა]: “მარიხუანა, ოპიატები, ბარბიტურატები და, რაც საინტერესოა, მეტამფეტამინი”. ასევე მოამზადებენ და საგანგებო ტრენინგს ჩაუტარებენ აქაურ ექსპერტ-ნარკოლოგებს. როგორც მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა, ამერიკული სისტემა, გარდა იმისა, რომ ნივთმტკიცებათა გამოკვლევისას გამორიცხავს გაყალბებას, ხარისხის უმკაცრეს კონტროლსაც განახორციელებს, რაც უკიდურესად ამცირებს ექსპერტის მიკერძოების შანსს.

ლაბორატორია – სრული აღჭურვილობით – 15 იანვარს უნდა მოხვდეს საქართველოს საბაჟოზე. ის განთავსდება უშიშროების ყოფილი იზოლატორის შენობაში, რომლის რემონტისა და ლაბორატორიის მონტაჟისათვის მომზადების ხარჯები ამერიკელებმა გაიღეს; ხარჯებიც და სამუშაოს შესრულებაც, რადგან ლაბორატორიის ზოგიერთ ოთახში მკაცრად განსაზღვრული ატმოსფერული წნევა და ტემპერატურა არ უნდა იყოს დამოკიდებული გარემოს ზემოქმედებაზე. ლაბორატორიას 155 თანამშრომელი ეყოლება. მაია ნიკოლეიშვილის თქმით, ლაბორატორიას შემდეგი განყოფილებები ექნება [მაია ნიკოლეიშვილის ხმა]: “ეს არის კრიმინალისტიკის სექცია, თითის ანაბეჭდების განყოფილება, ცეცხლსასროლი იარაღის განყოფილება, დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზა, ტრასოლოგია, სეროლოგია და დნმ-ს გამოკვლევა. დნმ არის დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა, რომლითაც ხდება პიროვნების დადგენა გენურ დონეზე... ამიერიდან დნმ ჩვენთვის ოცნება აღარ იქნება. ძალიან საინტერესოა ინფრაწითელი სპექტროსკოპია, რაც პოსტსაბჭოურ სივრცეში პირველად ჩვენთან გაკეთდება; ტოქსიკოლოგიური განყოფილება, კომპიუტერული დანაშაულის ექსპერტიზა, ორგანული და არაორგანული ანალიზის განყოფილებები, კვების პროდუქტების, ტექსტილის და ა.შ.”.

ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ ტრასოლოგია შეისწავლის დანაშაულის კვალს, ხოლო სეროლოგია სისხლის შრატის შემსწავლელი დისციპლინა გახლავთ.
XS
SM
MD
LG