Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

417-ე გამოშვება


წამყვანი: დავით კაკაბაძე 417-ე გამოშვება

დავით კაკაბაძე:
ახლა კი, ძვირფასო რადიომსმენელებო, გთავაზობთ “მეათე სტუდიას”. ჩვენი ყოველკვირეული რადიოჟურნალის მორიგ, 417-ე გამოშვებაში გესაუბრებით საქართველოს საგარეოპოლიტიკური კურსის შესახებ; ვიმსჯელებთ არამართლზომიერად მოპოვებული ქონების პრობლემაზე; განვიხილავთ სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის ზოგიერთ ასპექტს. შემდეგ ხელოვნების სამყაროში გადავინაცვლებთ და გამოვეხმაურებით ორ იუბილეს: 5 იანვარს “მრგვალი” დაბადების დღე აღნიშნა ორმა დიდმა იტალიელმა ხელოვანმა: მწერალი უმბერტო ეკო 70 წლის გახდა, ხოლო პიანისტ მაურიციო პოლინის 60 წელი შეუსრულდა. რადიო “თავისუფლების” პრაღის სტუდიაში გადაცემას დავით კაკაბაძე უძღვება.

[მუსიკა]

საქართველოს საგარეოპოლიტიკური კურსი უცვლელია

დავით კაკაბაძე:
2001 წლის შედეგების შეჯამებისას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, მართალია, თვითკრიტიკულნი არიან და, როგორც წესი, შარშანდელი კრიზისით გამოწვეულ იმედგაცრუებებზე საუბრობენ, მაგრამ არც იმის აღნიშვნა ავიწყდებათ, რომ ეკონომიკური თუ სახელისუფლო კრიზისების მიუხედავად, 2001 წელმა წარმატებებიც მოიტანა. 10 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ირაკლი მენაღარიშვილმა, სწორედ საქართველოს საგარეო პოლიტიკის წარმატებებზე ისაუბრა. პრესკონფერენციას თამარ ჩიქოვანიც დაესწრო.

თამარ ჩიქოვანი:
ბუნებრივია, საქართველოში შექმნილმა კრიზისმა დაღი დაასვა საქართველოს საგარეო პოლიტიკასაც. მაგალითად, სამთავრობო კრიზისის გამო, გადაიდო პრეზიდენტ შევარდნაძის რამდენიმე მნიშვნელოვანი ვიზიტი, მაგრამ ირაკლი მენაღარიშვილი მაინც თვლის, რომ ადრე თუ გვიან, 2001 წლის შეფასებისას, აუცილებლად იქნება აღნიშნული ის წარმატებები, რომელსაც ქვეყანამ საგარეო ურთიერთობებში მიაღწია. მაგალითად, 2001 წელს პირველად სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში, გაიმართა სამხედრო წვრთნა ნატოს ეგიდით; 2001 წელს წარმატებით გაგრძელდა საქართველოს ჩართვა საერთაშორისო ენერგეტიკულ პროექტებში; ასევე 2001 წელს გაფორმდა არაერთი ორმხრივი თუ მრავალმხრივი ეკონომიკური შეთანხმება, რომელთა შედეგებიც სულ მალე იქნება ხელშესახები.

კიდევ ერთი შარშანდელი მოვლენა, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი “ისტორიულს” უწოდებს: [ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] “გასულ წელს დაიწყო, ასე ვიტყოდი, ისტორიული პროცესი – საქართველო დატოვა პირველმა რუსულმა ბაზამ.”

წარუმატებლობებიც, გარკვეულწილად, სწორედ რუსეთთან იყო დაკავშირებული. ირაკლი მენაღარიშვილის განცხადებით, 2002 წელს საქართველოს პრიორიტეტად რჩება სტამბოლის ეუთოს შეთანხმების შესრულება, რომელიც საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გატანას გულისხმობს. მინისტრის განმარტებით, სანამ არ მოხდება გუდაუთის სამხედრო ბაზის საერთაშორისო მონიტორინგი, საქართველოს მხარე ვერ აღიარებს რუსეთის განცხადებებს, გუდაუთის ბაზის ლიკვიდაციის შესახებ. რუსეთთან ურთიერთობების თვალსაზრისით, იანვრის თვეში არაერთი მოვლენაა მოსალოდნელი. ჯერ ერთი, 9 იანვარს გაირკვა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ბოლოს და ბოლოს დანიშნა იმ კომისიის ხელმძღვანელი, რომელმაც საქართველოს წარმომადგენლებთან ერთად უნდა გამოიძიოს კოდორის ხეობის დაბომბვის ფაქტი.

შეგახსენებთ: ოფიციალური თბილისის მტკიცებით, საქართველოს ეს ტერიტორია რუსეთის თვითმფრინავებმა დაბომბეს, რასაც მოსკოვი კატეგორიულად უარყოფს. იანვარშივე განახლდება მოლაპარაკებები საქართველოში რუსეთის ორი სამხედრო ბაზის –ახალქალაქისა და ბათუმის ბაზების გატანის ვადებთან დაკავშირებით. საქართველოს მხარე კვლავინდებურად თვლის, რომ ამისთვის სამი წელი სრულიად საკმარისია, რუსეთის მხარე ისევ და ისევ 14 წელზე საუბრობს. იანვარშივე, მოსკოვში, გაგრძელდება რუსეთ-საქართველოს ე.წ. ჩარჩო ხელშეკრულების პროექტის შემმუშავებელი ჯგუფის მუშაობა. სხვათა შორის, ირაკლი მენაღარიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ ხელშეკრულების მომზადება არანაირად არ არის დაკავშირებული რუსეთსა და საქართველოს შორის ასევე 2001 წელს ამოქმედებული სავიზო რეჟიმის გაუქმების პერსპექტივასთან. საგარეო საქმეთა მინისტრის ფრთხილი პროგნოზით, ჩარჩო ხელშეკრულების პროექტზე მუშაობის დაწყება სულაც არ ნიშნავს, რომ ურთიერთობა ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის უკვე მოწესრიგდა. თუმცა, მისივე შენიშვნით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესები და ამ ცვლილებებზე რუსეთის ხელისუფლების ადეკვატური რეაქცია იმის კეთილ ნიშნად უნდა ჩაითვალოს, რომ ურთიერთობები, ადრე თუ გვიან, მოწესრიგდება.

რაც შეეხება 2002 წლის გეგმებს, ირაკლი მენაღარიშვილის განცხადებით, [ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] “მომავალ წელს საგარეოპოლიტიკური ძალისხმევის უმთავრესი ფოკუსი იქნება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე სვლა.”

ამავე დროს, მინისტრი გამოყოფს 2001 წლის “ამერიკულ” ფრაგმენტსაც, რომლის შედეგების მომსწრენიც, ასევე 2002 წელს ვიქნებით. კერძოდ, [ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] “ამერიკული მხარის გადაწყვეტილება, უფრო აქტიური თანამშრომლობა დაიწყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარების და, არა მხოლოდ კონცეპტუალური კუთხით და, მათ შორის, ანტიტერორისტული კოალიციის შიგნით. მხედველობაში მაქვს ჩვენი თნამშრომლობის ბევრი სხვა ასპექტი, რომლის მომსწრენი, მე იმედი მაქვს, მიმდინარე წელს ვიქნებით როგორც თანამშრომლობის სამხედრო, ისე არასამხედრო სფეროებში.”

იმედია, მინისტრის ეს იმედი 2002 წელს მაინც გამართლდება.

თამარ ჩიქოვანი, რადიო “თავისუფლებისთვის”, თბილისი.

[მუსიკა]

მოქალაქე, სახელმწიფო და ჩინოვნიკთა უკანონო ქონება

დავით კაკაბაძე:
დაუსაბუთებელი ქონების პრობლემა, როგორც ჩანს, ისევ მწვავდება. ასეთი ქონების ხალხისა და სახელმწიფოსათვის დაბრუნების იდეა ხშირ განმარტებას საჭიროებს არა მარტო საზოგადოების, არამედ შესაბამისი კანონპროექტის მოწინააღმდეგეებისა და თვით მომხრეებისთვისაც კი, რადგან, როგორც უკანასკნელთა საჯარო გამოსვლები ადასტურებს, მათ ხშირად არ ესმით პროექტის დებულებათა არსი და შეუსაბამოდ იშველიებენ სისხლის სამართლის ცნებებს: “დანაშაული”, “დასჯა” და ა.შ. არადა, კანონპროექტი მთლიანად სამოქალაქო სამართლის ჩარჩოებში თავსდება; მისი ამოქმედება ბევრწილად სამოქალაქო აქტიურობაზეა დამოკიდებული. რა არგუმენტები არსებობს არამართლზომიერად მოპოვებული ქონების სახელმწიფოსათვის დაბრუნების სასარგებლოდ და წინააღმდეგ – ამაზე დავით პაიჭაძე გესაუბრებათ.

დავით პაიჭაძე:
წინააღმდეგობას, რომელიც შარშან საქართველოს მთავრობის წევრებმა შეაგებეს კანონპროექტს უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფოსათვის დაბრუნების შესახებ, ამაგრებდნენ მტკიცებით, თითქოს პროექტი არ შეესაბამებოდა საქართველოს კონსტიტუციას და არღვევდა უდანაშაულობის პრეზუმფციას. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრს, კობა დავითაშვილს აბსურდად მიაჩნია ეს მტკიცება, რადგან [კობაა დავითაშვილის ხმა]: “კანონპროექტი ემყარება სამოქალაქო სამართლის ძირითად პრინციპს და არა სისხლის სამართლებრივ დევნას; ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს საქმე სასარჩელო წარმოებასთან, როდესაც მოქალაქე მიმართავს სასამართლოს. ეს არის სამოქალაქო დავა, განიხილება სამოქალაქო-სამართლებრივი წესით და ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი სწორედაც რომ მოპასუხეზე უნდა იყოს.”

თუმცა, იმავე დავითაშვილის თქმით, დამოუკიდებელი პროკურორის ინსტიტუტის შემოღება იძლევა საშუალებას, განხორციელდეს სისხლის სამართლებრივი დევნაც.

სარჩელის შეტანა სასამართლოში, კანონპროექტის მიხედვით, შეეძლება ყველა სრულწლოვან მოქალაქეს, ხოლო მოპასუხე, თანამდებობის პირთა გარდა (მათი ნუსხა დაწვრილებით არის მოცემული), შეიძლება იყოს ამ პირის ოჯახის წევრი, ახლო ან სხვა ნათესავი, [კობა დავითაშვილის ხმა] “რადგან ჩვენში ძალიან გავრცელებული მოვლენაა, როცა თანამდებობის პირი უშუალოდ კი არ შოულობს ქონებას, არამედ აშოვნინებს თავის ნათესავებს. არ დაგიმალავთ, ამ შემთხვევაში მე აუცილებლად შევიტანდი ასეთ სარჩელს, პირველ რიგში, პრეზიდენტის ოჯახის წევრებზე. ეს კანონპროექტი ამას ითვალისწინებს. აქ მე ნეიტრალური ექსპერტი ვერ ვიქნები, რადგან, კანონის მიღების შემდეგ, სასამართლოში მოპასუხეებად მინდა ვიხილო ბატონი ედუარდ შევარდნაძე, ქალბატონი ნანული შევარდნაძე, მანანა შევარდნაძე, ნუგზარ შევარდნაძე, გურამ ახვლედიანი... რა თქმა უნდა, ეს მიზანი მამოძრავებს და ვერ დაგიმალავთ ამას”.

კობა დავითაშვილის ამ განცხადებამ “მოქალაქეთა კავშირისა” და “რეფორმატორების” მარადიულ ოპონენტებს – “აღორძინების” წევრებს – საფუძველი მისცა ემტკიცებინათ, რომ კანონპროექტი სინამდვილეში პოლიტიკური ბრძოლის იარაღს წარმოადგენს. გაისმა უკვე ათასჯერ ნამღერი და გარკვეულწილად, მართალი სიტყვები, რომ მოქალაქეთა კავშირი წლების მანძილზე ამყარებდა შევარდნაძის ხელისუფლებას. ამას მოჰყვა დასკვნა: ყოფილი სახელისუფლო პარტიისა და ფრაქციის წევრები არ უნდა გამოდიოდნენ მსგავსი ანტიკორუფციული ინიციატივებით, ეს არის პოპულიზმი, პოლიტიკური ანგარიშსწორება და ხალხის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად დადგმული შოუ. შეფასება ეკუთვნით “აღორძინების” წევრებს, ნოდარ ზაზაძესა და სანდრო ბრეგაძეს. “აღორძინება” მოითხოვს, რომ კანონის მიღების შედეგად პასუხი მოეკითხოს “მოქალაქეთა კავშირიდან” თანამდებობაზე ოდესმე მყოფ ყველა პირს, რასაც “მოქალაქელები” არ უარყოფენ და ერთგვარი ენთუზიაზმითაც ეთანხმებიან; ხოლო დეპუტატი ხათუნა ხოფერია კოლეგა ბრეგაძის ოპონირებას ასე განმარტავს:

[ხათუნა ხოფერიას ხმა] “მე მესმის თქვენი გულისტკივილი იმავე სანდროსთან დაკავშირებით: ვერ წარმოადგენს ბატონი ასლანი ბოსფორის სრუტეში ნაყიდი სახლი კანონიერი სახსრებით რომ არის ნაყიდი? თუ ჩათვლიან, რომ სანდროა დასასჯელი ამის გულისთვის, სანდროც უნდა დაისაჯოს და მეც უნდა დავისაჯო... მე მართლა ვთვლიდი, რომ ეს იქნებოდა კანონი, რომლის გარშემოც ჩვენ გავერთიანდებოდით და ერთიანი სულისკვეთებით მუხლობრივად განვიხილავდით. ძალიან ბევრი რამ ამ კანონში არის შესასწორებელი და დასახვეწი”.

კანონპროექტის მომხრეები მოწინააღმდეგეთა მტკიცებას, თითქოს პროექტი წაახალისებს ე.წ. “ჩაშვებას” ანუ ბეზღობას საქართველოს მოქალაქეთა შორის, იმით აბათილებენ, რომ არამართლზომიერი გზით შეძენილ ქონებაზე სასამართლო პროცესები ღია იქნება და ასევე ღია, საჯაროდ გამოქვეყნებული სარჩელების საფუძველზე წარიმართება. პროექტი შეიცავს ერთ ისეთ წესსაც, რომელიც, კანონის მიღების შემთხვევაში, ამცირებს თვალთმაქცური სარჩელებით სასამართლო პროცესთა გამართვის ალბათობას: მავანმა ყოფილმა თუ ახლანდელმა ჩინოსანმა თავისივე ქონების კანონიერების გასარკვევად შეიძლება სარჩელი სასამართლოში შეატანინოს მისთვის სასურველ პირს; განხილვა დაიწყება სარჩელის გამოქვეყნებიდან ორი თვის შემდეგ. ამ ხნის მანძილზე კი ჩინოსნის ქონებით რეალურად დაინტერესებულ მოქალაქეებს უფლება აქვთ, თავადაც შეუერთდნენ სარჩელს და სასამართლო პროცესის დამოუკიდებელი მონაწილეები გახდნენ...

დავით პაიჭაძე, რადიო “თავისუფლებისთვის”, თბილისი.

[მუსიკა]

სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის პრობლემა

დავით კაკაბაძე:
ჩვენი შემდეგი მასალაც სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის პრობლემას უკავშირდება. რას ნიშნავს თავისუფალი მოქალაქე? რა იგულისხმება სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის პრობლემაში? რადიო “თავისუფლების” თბილისელი თანამშრომელი, გიორგი კაკაბაძე, ამ საკითხების გარშემო ესაუბრა სურამის კულტურის სახლის დირექტორს უშანგი ჯობაძეს. რესპონდენტის თქმით, ადამიანი უპირველესად დამოუკიდებელი უნდა იყოს და ცალკეული ადამიანების დამოუკიდებლობა სხვათა დამოუკიდებლობასაც ნიშნავს.

[უშანგი ჯობაძის ხმა] “დამოუკიდებლობა თავისთავად პირობაა, მაგრამ ამასთან ერთად დამოუკიდებლობა ნიშნავს იმას, რომ მე პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემს საკუთარ თავზე რაღაცის და ვიღაცეების წინაშე".

გიორგი კაკაბაძე:
უშანგი ჯობაძის აზრით, ჩვენს საზოგადოებაში აშკარადაა გამოკვეთილი პასუხისმგებლობის დეფიციტი. ეს კი, მისი თქმით, იმაზე მიგვანიშნებს, რომ საქართველოში არ არსებობს თავისუფალი მოქალაქეების საზოგადოება.

უშანგი ჯობაძე აღნიშნავს იმასაც, რომ ჩვენი საზოგადოება მზად არ არის გადაწყვეტილებების მისაღებად და ამის ერთ-ერთ მაგალითად მოჰყავს მოსახლეობის პასიურობა არჩევნების დროს: [უშინგი ჯობაძის ხმა] “აი, ძალიან ხშირად გაიგონებთ მოსახლეობაში: რა, მე თუ არ მივედი, უჩემოდ რა, არ აირჩევენ? ეს არ არის სწორი პოზიცია. საქმე იმაშია, რომ შენ თუ არ მიხვედი, უშენოდ არავინ არ აირჩევს-ეს თავისთავად ცხადია; ე.ი. გაქვს ლუკმა პურის ფული, თუ არა გაქვს ლუკმა პურის ფული, შენ რაღაცა უნდა შეცვალო არა? თუ მე დამოუკიდებელი კაცი ვარ, თუ მე დამოუკიდებელი პიროვნება ვარ, მე უნდა მივიღო არჩევნებში მონაწილეობა და ხმა მივცე და ავირჩიო ის ადამიანი, ვინც ჩემთან ერთად და მე მასთან ერთად აუცილებლად განვახორციელებთ სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობოს საკითხს.”

ჩემი თანამოსაუბრე კიდევ ერთ გარემოებაზე ამახვილებს ყურადღებას: [უშინგი ჯობაძის ხმა] “ცოტა ხნის წინათ ჩვენმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის, ვინც კორუფციაში არის გაბმული, აუცილებლად დაიღუპება. არადა, საქმე რაშია-კორუფციაში აბსოლუტურად მთელი სახელმწიფოა გაბმული, ე.ი. ნიშნავს, რომ მთელი სახელმწიფო დაიღუპება. თავისთავად ცხადია, რომ ეს მართლაც ამას ნიშნავს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ პრეზიდენტის ნათქვამი სიტყვები მაჩვენებელია ილუზიისა, რომ სადღაც ზევით ვიღაცაა კორუფციაში გაბმული და ქვევით არავინ არ არის გაბმული. არადა, სიმართლე რომ ითქვას, მთლიანად ჩვენი საზოგადოებაა კორუფციაში გაბმული. ეს იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის დრო და მისი დაჩქარების რიტმი თუ ტემპი დამოკიდებულია მაინც ჩვენზე.”

ჩემი თანამოსაუბრის თქმით, საზოგადოების დამოუკიდებლობა, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობასაც გულისხმობდა, ამავე საზოგადოების სურვილით განხორციელდა. მაგრამ შემდგომ, როდესაც საზოგადოების თითოეულ წევრს დამოუკიდებელი ცხოვრების წესებით უნდა ემოქმედა, პროზაულმა ყოფითმა პრობლემებმა მათ სულ სხვა სურვილებისა და ქმედებებისკენ უბიძგა. უშანგი ჯობაძე ამბობს, რომ ეკონომიკური გაჭირვების კვალდაკვალ გამოიკვეთა წარსულის ნოსტალგია და არსებული სიძნელეების სხვისთვის გადაბრალების ტენდენცია.

მოსახლეობაში ხშირად გაიგონებთ ფრაზას: აი, ამათ დაღუპეს ქვეყანაო. ანუ ადამიანი დამნაშავეს თავის თავში კი არა,სხვაში ეძებს. [უშინგი ჯობაძის ხმა] “არა, ბატონო, ეს ქვეყანა არავის არ დაუნგრევია-ჩვენ უარი ვთქვით იმ რეჟიმზე, რა რეჟიმშიც ცხოვრობდა ხალხი. ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო, მხოლოდ ახლა უნდა განვახორციელოთ ერთი რამ-დამოუკიდებელი სახელმწიფოს შემდეგ ჩვენ უნდა ავაშენოთ თავისუფალი დამოუკიდებელი საქართველო.”

ჩემი თანამოსაუბრის აზრით, ამ მიზნის მიღწევა უკავშირდება აუცილებლობას, რომ ქართველმა ერმა დროის რაც შეიძლება მცირე მონაკვეთში შეძლოს ძველი მენტალიტეტისაგან გათავისუფლება და დღევანდელი სოციალურ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური სიძნელეების მიუხედავად, მთელი აქტიურობით ჩაერთოს საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში.

უშანგი ჯობაძის თქმით, ქართველ ხალხს უფრო მეტად უნდა სჯეროდეს საკუთარი თავის; არადა, დღესდღეობით, მოსახლეობა ეძებს მხსნელს აბსტრაქტული მფარველის – ხელისუფლების სახით.

გიორგი კაკაბაძე, რადიო "თავისუფლებისათვის", თბილისი.

[მუსიკა]

უმბერტო ეკო – 70

დავით კაკაბაძე:
არსებობენ ადამიანები, რომელთა შესახებ აღმატებითი ხარისხის გარეშე საუბარი პრაქტიკულად შეუძლებელია. ასეთი ადამიანია უმბერტო ეკო – გამოჩენილი იტალიელი მწერალი, მეცნიერი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე. ამაში თუნდაც ეკოს ვებსაიტისთვის ერთი თვალის შევლება დაგარწმუნებთ. თითქმის ასი გვერდი უკავია მის ბიბლიოგრაფიას – წიგნებს, მათ თარგმანებს, და მისი თხზულებების შესახებ გამოკვლევებს. 27-გზის საპატიო დოქტორი ეკო ესთეტიკისა და სემიოტიკის ცნობილ მკვლევრად ითვლებოდა ჯერ კიდევ მანამდე, სანამ რომან ”ვარდის სახელით” გახდებოდა საქვეყნოდ ცნობილი ავტორი. მისი ლიტერატურული და სამეცნიერო ნაღვაწი თანამედროვე იტალიის ყველაზე ცნობილი ”საექსპორტო საქონელია”. იტალიის გარეთ ნაკლებად არის ცნობილი ეკოს მოღვაწეობის მესამე და, ალბათ, ყველაზე შთამბეჭდავი სფერო: აქტუალური მოვლენების კომენტარები იტალიის პრესაში, გონებამახვილობით მომხიბლავი მცირე ტექსტები, რომელთაც იტალიაში – ამ არასტაბილურ და გაუწონაწორებელ ქვეყანაში – დიდი საგანმანათლებლო მნიშვნელობა აქვს. უმბერტო ეკოზე, რომელსაც ამ დღეებში 70 წელი შეუსრულდა, ბიძინა რამიშვილი გესაუბრებათ.

ბიძინა რამიშვილი:
ეკო 1932 წლის 5 იანვარს დაიბადა ალესანდრიაში, პიემონტში. ტურინის უნივერსიტეტში სწავლობდა ფილოსოფიას, 24 წლისამ გამოაქვეყნა პირველი წიგნი – ”ესთეტიკის პრობლემა თომა აქვინელთან”. შუა საუკუნეებისადმი სიყვარული ბოლომდე შერჩა მიუხედავად უამრავი სხვა გატაცებისა, როგორიცაა, მაგალითად, სტრუქტურალიზმი (”ღია ხელოვნების ნიმუში”, 1962), ლიტერატურული ავანგარდი, ნიშნის თეორია (”ზოგადი სემიოტიკის ტრაქტატი”, 1975) თუ ლიტერატურის თეორიის სხვადასხვა მიმართულება.

1975 წლის შემდეგ ეკო სემიოტიკის პროფესორი იყო ბოლონიის უნივერსიტეტში და სულ ახლახანს გავიდა პენსიაში.

მეცნიერებისთვის არც მას მერე უღალატია, რაც მთელს მსოფლიოში გაითქვა სახელი, როგორც საუცხოო მწერალმა. ვარსკვლავის რანგში გადასვლის მიუხედავად იგი სოლიდური მეცნიერი დარჩა და მას ასეთად მიიჩნევენ კოლეგები მსოფლიოს მრავალ კუთხეში.

მაგრამ ცოდნის ტვირთი ეკოს, როგორც რომანების ავტორს, ყოველთვის კარგ სამსახურს როდი უწევდა. შუა საუკუნეების, დეტექტიური ჟანრისა და განსწავლულობის უზომო სიყვარული მცირე ადგილს ტოვებს უშუალოდ ენობრივი შემოქმედებისთვის. მაგალითად, მისი ორი ცნობილი რომანი ”ფუკოს ქანქარა” (1988) და ”წინადღის კუნძული” (1994) უფრო გამოყენებით სემიოტიკას ჩამოჰგავს, ვიდრე მხატვრულ ლიტერატურას. კრიტიკოსები მას ბრალს სდებენ ბელეტრისტიკის გზით ჰუმანიტარული მეცნიერების სიწმიდეთა პროფანაციაში. სხვები ჩივიან, რომ ეკოს რომანები მოსაწყენია, ვინაიდან მისი გმირები უამრავს ლაპარაკობენ.

უმბერტო ეკო ყოვედღიური დისკუსიების დიდოსტატია. მისი მთავარი იარაღია საღი გონება. იგი მყის ჩნდება ხოლმე გაზეთებში, უპირველეს ყოვლისა ”ლა რეპუბლიკაში”, როცა ქვეყანაში აზრთა შეხლა-შემოხლა ისტერიულ მდგომარეობამდე აღწევს. მაგალითად, როცა მემარჯვენე პოლიტიკოსები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი, ქვეყანაში მომრავლებული უცხოელების, კერძოდ, მუსულმანების წინააღმდეგ ილაშქრებენ. ეკო ოპონენტებს ქილიკით კი არ უმასპინძლდება, არამედ უკიდეგანო ცოდნით ამარცხებს.

თავისი ოპონენტების ვინაობასაც არ ასახელებს, ისე უტარებს მათ რელიგიისა თუ მსოფლოს ისტორიის გაკვეთილებს. მაგალითად, მხოლოდ სინანულს გამოთქვამს ხოლმე, რომ ქვეყანას მართავს კაცი, რომელიც ”ასე ცუდად არის ინფორმირებული გეოგრაფიასა და ისტორიაში”.

სწორედ უკანასკნელ ხანებში გააკეთა მან ბევრი, როგორც რაციონალურმა ინსტანციამ, როგორც ”სულიერმა მეხანძრემ.”

ეკო დღენიადაგ აქტუალური პრობლემების გარშემო ტრიალებს, დღევანდელ სატკივარზე უზიარებს თავის მოსაზრებებს მკითხველებსა და თანამემამულეებს. სხვათა შორის, არც 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ გაჩენილი ახალი მითები დარჩენილა მისი ყურადღების მიღმა.

დღესდღეობით აბობოქრებული მსოფლიოს დაწყნარება, ზოგის აზრით, იმისთვისაც არის სასურველი, რომ იტალელ სწავლულს მეტი დრო დარჩეს თავისი ძირითადი საქმიანობისთვის, თავისი საყვარელი თემებისთვის. თუმცა, მოსვენებით, მშვიდად მუშაობა უკვე კარგა ხანია, იოლი საქმე აღარ არის პოპულარობის ტყვეობაში მოქცეული ეკოსთვის.

”ამ ტყვეობისთვის თავის დაღწევა მხოლოდ სიკვდილის მეშვეობით შეიძლება. მაშინ ირღვევა კლიშეები და რჩება მხოლოდ წიგნებიო,” ამბობს უმბერტო ეკო.

[მუსიკა]

დავით კაკაბაძე:
ამ შემსრულებელს მკაცრად ნუ განსჯით: ფლეიტაზე თვითონ უმბერტო ეკო უკრავს.

მაურიციო პოლინი – 60

დავით კაკაბაძე:
იტალიასა და საიუბილეო თარიღებზე საუბარს განვაგრძობთ, ოღონდ ახლა უკვე პროფესიონალის მიერ შესრულებულ მუსიკას მოგასმენინებთ.

[მუსიკა. შოპენი]

დავით კაკაბაძე:
60-იან წლებში კლასიკური მუსიკის სამყარო ახალგაზრდა იტალიელმა პიანისტმა აალაპარაკა: მას შემდეგ, რაც სულ 16 წლისამ მსმენელები შოპენის ყველა ეტიუდის შესრულებით განაცვიფრა, ხოლო 18 წლისამ, ანუ 1960 წელს, პირველი ადგილი მოიპოვა ვარშავის საფორტეპიანო კონკურსში და დიდი კოლეგების შექებაც დაიმსახურა. ეს კოლეგები, არტურ რუბინშტაინი და არტურო ბენედეტი მიქელანჯელი, ხოტბას ასხამდნენ ახალგაზრდა მაურიციო პოლინის ფენომენურ ტექნიკას და თან გაოცებას ვერ მალავდნენ მისი ასაკისთვის თითქოსდა შეუსაბამო მუსიკალური სიმწიფით. მას შემდეგ ორმოცზე მეტმა წელმა განვლო და ხუთ იანვარს, ზუსტად იმ დღეს, როცა უმბერტო ეკოს 70 წელი შეუსრულდა, მაურიციო პოლინი 60 წლის გახდა. ჩვენი დროის ერთ-ერთ უდიდეს პიანისტზე საუბარი სიამოვნებით იტვირთა მარიამ ჭიაურელმა.

მარიამ ჭიაურელი:
მაურიციო პოლინის არ გაუჭირდებოდა სენსაციური წარმატებით დაწყებული კარიერის ასეთივე წარმატებით გაგრძელება, მაგრამ მან სხვა გზა აირჩია. პიანისტმა თავი აარიდა თაყვანისმცემელთა თვალში ”შოპენის სპეციალისტად” დარჩენას, ან ტექნიკის თვალსაზრისით ყველაზე შთამბეჭდავი ნაწარმოებების, თუნდაც ლისტის შესრულებას და 1961 წელს საკონცერტო სცენას ჩამოშორდა, რათა რეპერტუარი გერმანული და ავსტრიული კლასიკური ნაწარმოებებით გაეფართოებინა.

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი არქიტექტორის, ჯინო პოლინის შვილი იმთავითვე მრავალმხრივი ინტერესების მქონე ადამიანი იყო: არქიტექტურის გარდა, მაურიციო პოლინის დღემდე იზიდავს სახვითი ხელოვნება, რომელიც მას ბავშვობიდან შეაყვარა ბიძამ, ცნობილმა მოქანდაკემ ფაუსტო მელოტიმ. ალბათ, ესეც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ იტალიელი პიანისტი მუსიკალურ ნაწარმოებში ფორმისა და პროპორციისადმი განსაკუთრებული ყურადღებით გამოირჩევა.

[მუსიკა. მოცარტი]

დავით კაკაბაძე:
ლაპარაკობს რადიო “თავისუფლება”. შეგახსენებთ, რომ თქვენ უსმენთ რადიოჟურნალ “მეათე სტუდიას”. მაურიციო პოლინი ასრულებს მოცარტის 23-ე საფორტეპიანო კონცერტის მეორე ნაწილს.

მარიამ ჭიაურელი:
მაურიციო პოლინის ხშირად მოიხსენიებენ ინტელექტუალ ხელოვანად, რადგან ის, მსოფლიო რანგის პიანისტობით თავის მოწონების მაგივრად, მუდამ ახალი გზების ძიებაშია და თან საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებში გათვითცნობიერებულობას ამჟღავნებს. მუსიკის კრიტიკოსები თუ ჟურნალისტები, ვისაც პოლინისთან შეხვედრის შესაძლებლობა მისცემია, გაოცებული რჩებიან მისი გულისხმიერებითა და თავმდაბლობით.

დიახ, პოლინიმ იცის საკუთარი თავის ფასი, ან როგორ შეიძლება, არ იცოდეს, როცა ჯერ კიდევ 18 წლისამ დიდ არტურ რუბინშტაინს ათქმევინა, ეს ბიჭი ტექნიკით ყველას გვჯობიაო. მაგრამ პატივმოყვარეობითა და ამპარტავნობით პოლინი არასოდეს დაავადებულა. მისთვის ტაბუ იყო და არის ზედაპირული ტექნიკური ეფექტებით ფონს გასვლა, მიუღებელია მხოლოდ პოპულარული ნაწარმოებების შესრულებით მსმენელის გულის მონადირება.

[მუსიკა. სტრავინსკი]

პოპულარობა უწინარესად ფორტეპიანოსთვის მე-18 და მე-19 საუკუნეებში დაწერილ ნაწარმოებებს აქვს მოპოვებული, მაურიციო პოლინის კი არანაკლებ იზიდავს მეოცე საუკუნის მუსიკალური საგანძური: შონბერგი, ბერგი, ვებერნი, სტრავინსკი, პროკოფიევი, ბარტოკი, ნონო. ამ უკანასკნელმა, თანამედროვე იტალიელმა კომპოზიტორმა, ლუიჯი ნონომ, პოლინის მოსმენის შემდეგ დაიწყო საფორტეპიანო ნაწარმოებების წერა და თავისი ერთ-ერთი მთავარი ქმნილება ”ალ გრან სოლე” ამ პიანისტს მიუძღვნა. 60-იან და 70-იან წლებში ლუიჯი ნონო, მილანის ”ლა სკალის” ინტენდანტ პაოლო გრასისთან და დირიჟორ კლაუდიო აბადოსთან ერთად, ე.წ. ”ევროკომუნიზმის” იდეალებს ავრცელებდა, ხელოვნებისა და რეალობის შერწყმას ლამობდა. მათთან ერთად მაურიციო პოლინიც გამოთქვამდა პროტესტს ვიეტნამის ომის წინააღმდეგ, უკრავდა ფაბრიკებსა და ქარხნებში.

მაგრამ უკვე მრავალი წელია, პოლინის არათუ ეს კონცერტები, საერთოდ კონცერტებიც იშვიათობად იქცა: მათი რიცხვი წლიურად 50-ს არ აღემატება და მათზე მოხვედრა თითქმის შეუძლებელია. არადა, როგორც ამბობენ, პოლინის ყველაზე დიდებული ჩანაწერიც კი ვერ შეედრება მის კონცერტს: თუ ჩანაწერებზე ნამდვილ კლასიკოსს, თავშეკავებულ, ზოგჯერ ზედმეტად არასენტიმენტალურ ხელოვანს ვუსმენთ, კონცერტზე პოლინი რისკს არ გაურბის – არ გაურბის მაღალ ტემპსა და ექსპრესიულ ფერებს. ეს ორსახოვნება, ტრადიციისა და ავანგარდის, რაციონალიზმისა და ემოციურობის შერწყმა და მუდამ უზადო შესრულებაა ის, რაც მაურიციო პოლინის სრულიად გამორჩეულ პიანისტად, ჩვენი დროის ერთ-ერთ უდიდეს მუსიკოსად აქცევს.

ჩვენ კი, ცხადია, ისევ ჩანაწერს უნდა დავჯერდეთ.

[მუსიკა. შოპენი]

დავით კაკაბაძე:
”მეათე სტუდია”, და მასთან ერთად, ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. რადოიჟურნალი პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა, ბიძინა რამიშვილმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. პროგრამას დავით კაკაბაძე უძღვებოდა. გემშვიდობებით ფრედერიკ შოპენის “პოლონეზით”. ასრულებს მაურიციო პოლინი.
XS
SM
MD
LG