Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება “აქციზური ომისათვის” ემზადება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ირგვლივ დაწყებულმა განხილვებმა გასულ კვირას საკმაოდ მოულოდნელი ხასიათი შეიძინა.

საკანონმდებლო ხელისუფლების თითქმის ყველა პოლიტიკური ძალა ბიუჯეტი 2002-ის სერიოზულ კორექტირებას მოითხოვს.

საინტერესოა, რომ პოლიტიკოსების აბსოლუტურ უმრავლესობას, ადრინდელისაგან განსხვავებით პრეტენზიები ბიუჯეტის შემოსავლითი ნაწილის მიმართ აქვთ და მათ ამ პარამეტრის მატების გარეშე შესაძლოა ქვეყნის ძირითად ეკონომიკურ კანონს მხარიც არ დაუჭირონ.

საბიუჯეტო განხილვებისას სხვადასხვა ფრაქციას სხვადასხვა ეკონომიკური ”მადა” აღმოაჩნდათ. მრეწველები დაჟინებით მოითხოვენ ბიზნესის განვითარების ფონდის შექმნას და მიმდინარე წელს ამ ფონდისათვის მინიმუმ 50 მილიონი ლარის გათვალისწინებას.

საბიუჯეტო ვაჭრობებისას თავისი ინტერესი აქვთ რეგიონალურ დეპუტაციას, არც ძალოვნები თმობენ მათ მიერ დაფიქისირებულ პოზიციას, თუმცა ყველაზე სერიოზული პრეტენზიები ბიუჯეტის მიმართ მოქალაქეთა კავშირს აღმოაჩნდა, რომლის წევრებიც თვლიან, რომ საშემოსავლო ნაწილის ზრდის სერიოზული რეზერვი არსებობს და მთავრობამაც ბიუჯეტის პროექტი ამ რეზერვების ამოქმედებაზე უნდა გათვალოს. თუმცა მოქალაქეთა კავშირის წევრები შემოსავლის ზრდის კონკრეტულ ციფრზე, როგორც ჩანს, ჯერ ვერ ჩამოყალიბებულან, ერთი ნაწილი დაახლოებით 140 მილიონ მატებას ითხოვს, მეორე ჯგუფს მეტის იმედია აქვს და 200 მილიონამდე მატებას სთავაზობს, ხოლო მიხეილ სააკაშვილის გუნდი საერთოდ ბიუჯეტის გაორმაგების მომხრეა.

2002 წლის ბიუჯეტის პროექტის დაგეგმვის ირგვლივ დებატები ჯერ კიდევ შემოდგომაზე დაიწყო, როდესაც მაშინდელ ეკონომიკის მინისტრსა და საგდასახადო შემოსავლების მინისტრ მიხეილ მაჭავარიანს შორის სერიოზული უთანხმოება წარმოიშვა სწორედ შემოსავლების ნაწილის პარამეტრების განსაზღვრაში. ექს-მინისტრი ჩხარტიშვილი ამ პარამეტრის 100 მილიონით ზრდას ითხოვდა, რასაც საგადასახადო შემოსავლების მაშინდელი მინისტრი არარეალურად მიჩნევდა, საბოლოოდ მიხეილ მაჭავარიანის მინისტრობიდან ხმაურიანი წასვლა, სწორედ ამ დაპირისპირებას დაბრალდა.

საგულისხმოა, რომ მოქალაქეთა კავშირი ადრეულ ეტაპზე თავის თანაგუნდელ მინისტრს მხარს უჭერდა, ამჟამად, როდესაც საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ”არამოქალაქე” მინისტრი უდგას სათავეში, როგორჩ ჩანს, ბიუჯეტის შემოსავლითი ნაწილის მიმართ მიდგომა კარდინალურად შეიცვალა.

საბიუჯეტო განხილვებისათვის შექმნილ სპეციალურ შემთანხმებელ კომისიას ახლადდანიშნული სახელმწიფო მინისტრი ხელმძღვანელობს. როგოც ჩანს, საშემოსავლო ნაწილის ზრდის იდეას არც ავთანდილ ჯორბენაძე უყურებს გულგრილად.
ჯორბენაძეს საგადასახადო შემოსავლების მობილიზების ძირითად რეზერვად აცქიზური პროდუქციის ადმინისტრირების გამკაცრება მიაჩნია.
იგივეს ითვალისწინებს ამ დღეებში მთავრობაის მიერ მოწონებული პრეზიდენტის განკარგულება, რომლებიც მიმართულია ორ ძირითად აქციზურ საქონელზე - თამბაქოსა და ნავთობპროდუქტებზე გადასახადების აკრეფვის ადმინისტრირების გაუმჯობესებისკენ.

მთავრობის სხდომას აღნიშნული დოკუმენტი პრეზიდენტის თანაშემწემ ეკონომიკური რეფორმების საკითხებში თემურ ბასილიამ წარადგინა. ექსპერტთა შეფასებით, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში შემოსავლებმა უნდა შეადგინონ არანაკლებ 1 მლრდ 800 მლნ ლარისა. თუმცა, რეალური შემოსავლები ამ თანხის ნახევარსაც არ უტოლდება.

პრეზიდენტის თანაშემწის აზრით, სახბიუჯეტის შემოსავლების ზრდის ძირითადი რეზერვია აქციზური საქონლის, პირველ რიგში, თამბაქოს ნაწარმისა და ნავთობპროდუქტების, დაბეგვრის ადმინისტრირების გაუმჯობესება. საინტერესოა, რომ 2001 წელს სიგარეტის აქციზებიდან დაგეგმილი 62 მლნ ლარის ნაცვლად ბიუჯეტში შევიდა მხოლოდ 30 მლნ ლარი. რაც შეეხება ნავთობპროდუქტებს, გასული წლის პირველ ნახევარში საქართველოს საბაჟომ რეგისტრაციაში გაატარა 20 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები. წლის მეორე ნახევარში კი დაარეგისტრირეს 34,6 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები. თუმცა, ბასილიას თქმით, გათვლების თანახმად, საქართველოში ყოველწლიურად მოიხმარება არანაკლებ 200 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები.

ამასთან დაკავშირებით, მთავრობა გეგმავს რიგი ღონისძიებების ჩატარებას, რაც ხელისუფლის აზრით, საშუალებას მისცემს მათ გაუმჯობესდეს აღრიცხვა და გაიზარდოს შემოსავლები ამ ორი ჯგუფის აქციზური საქონლიდან. თემურ ბასილიას თქმით, მომავალში იგეგმება ანალოგიური ღონისძიებების გატარება სხვა სახის საქონლის მიმართაც, მაგალითად, ფქვილის, შაქრის, ალკოჰოლური პროდუქციის და იმპორტზე.

ყველა შეთავაზებული ღონისძიება გათვლილია მოქმედების როგორც ხანმოკლე, ისე ხანგრძლივ გეგმაზე, - აღნიშნა პრეზიდენტის თანაშემწემ.

ამ ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილია საგანგებო ლეგიონის ეგიდით თამბაქოს ნაწარმსა და ნავთობპროდუქტებზე სპეციალური ოპერატიული ჯგუფის შექმნა. ასევე ვარაუდობენ აქციზური მარკების გაცემის ფორმის შეცვლასაც, რათა იგი უფრო ცენტრალიზირებული გახდეს. საბაჟო დეპარტამენტში იგეგმება სპეციალური სარდაფების შექმნა, სადაც შეინახება ჩამორთმეული კონტრაბანდული პროდუქცია. თამბაქოს ნაწარმისა და ნავთობპროდუქტების რეალიზაციის ადგილებში დააყენებენ სალარო აპარატებს და ნებისმიერი გაყიდვა, საცალოს ჩათვლით, აუცილებლად უნდა იყოს ჩეკით დადასტურებული.

ასვე ნავარაუდევია მეზობელ ქვეყნებთან სპეციალური შეთანხმებების მომზადება აქციზური საქონლის ექსპორტ-იმპორტთან დაკავშირებით ინფორმაციის გაცვლაზე. ასევე იგეგმება საქართველოს ტერიტორიით თამბაქოს ნაწარმის ტრანზიტის განხორციელება მხოლოდ პროდუქციის მიმღები ქვეყნისგან დასტურის არსებობის შემთხვევაში. გათვალისწინებულია სპეციალური პუნქტების შექმნა თამბაქოს ნაწარმისა და ნავთობპროდუქტების მსხვილი მწარმოებლებისა და იმპორტიორებისათვის, სპეციალური ნებართვის გარეშე აკრძალული იქნება საბითუმო რეალიზაცია. ამ მიზნით იგეგმება სპეციალური ანგარიშ-ფაქტურების შემოღება.

გაამართლებს თუ არა ახალი ”აქციზური ომი” ამას დოკუმენტის დამტკიცებიდან უკვე რამოდენიმე თვეში ვნახავთ. რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტს, ხელისუფლება მას სავარაუდოდ მაინც უპრობლემოდ დაამტკიცებს, მაგრამ გახდება თუ არა ბიუჯეტი_2002 საქართველოს ისტორისში პირველად შესრულებული ამ ტიპის კანონი, ეს პოლიტიკური ძალების მადასა და მთავრობის მიზანმიმართულ ქმედებებზე იქნება დამოკიდებული.
XS
SM
MD
LG