Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის პრესის დღევანდელ მიმოხილვას კვლავაც ავღანეთში მიმდინარე ანტი-ტერორისტული კამპანიის გაშუქებით


ანდრო ეული, პრაღა დასავლეთის პრესის დღევანდელ მიმოხილვას კვლავაც ავღანეთში მიმდინარე ანტი-ტერორისტული კამპანიის გაშუქებით დავიწყებთ.

ლონდონში გამომავალ გაზეთი ”თაიმსი” ”ფარსს” უწოდებს იმ ფაქტს, რომ 9 იანვარს ყანდაარში, თალიბების ყოფილი მთავრობის ორი დაპატიმრებული მინისტრი გაათავისუფლეს; გაზეთი, სარედაქციო სტატიაში წერს:

”არარეალური იქნება ავღანეთის დროებითი მთავრობის ანდა შეერთებული შტატების მხრიდან დაჟინებითი მოთხოვნა, რომ თალიბებთან დაკავშირებული ყოველი პირი დააპატიმრონ. რაც შეეხება თავდაცვისა და იუსტიციის ყოფილ მინისტრებს, მათს გათავისუფლებას არა აქვს გამართლება, ვინაიდან ისინი რიგითი მებრძოლები არ ყოფილან და თავად იძლეოდნენ ბრძანებებს. უდიდესი მიამიტობა იქნება იმის თქმა, რომ ეს ორი პირი საფრთხეს არ შეუქმნის ავღანეთში კანონიერების აღდგენას. არაერთი არგუმენტი მოჰყავთ იმის თაობაზე, თუ რა ბედი უნდა ეწიოს ავღანეთში დატყვევებულებს და რომელი სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ ისინი.

ზოგიერთი მათგანი შეიძლება ავღანეთში იქნეს გასამართლებული, ხოლო სხვებისთვის ალბად საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა გახდება საჭირო.

ყველაზე მთავარი ამჯერად ისაა, დაკითხულ იქნეს ყველა ის პირი, ვინც შესაძლოა უშიშროებას შეუქმნას სარფხე ავღანეთში და ვინც ადამიანის უფლებათა დარღვევებშია ეჭვმიტანილი, ანდა ოსამა ბინ ლადენის ტერორისტულ ქსელთან თანამშრომლობდა. მის წინაშე მდგომი სერიოზული პრობლემებისდა მიუხედავად, ავღანეთის დროებითმა მთავრობამ ყველა ღონე უნდა იხმაროს იმისთვის, რათა თალიბანის ლიდერებმა მართლმსაჯულების წინაშე აგონ პასუხი”.

საფრანგეთის გაზეთი ”მონდი” კი საჭიროდ მიიჩნევს ავღანეთში დაკავებული ტყვეების სამართლიანად და მიუკერძოებლად გასამართლებას; გაზეთი წერს:


”კარგი იქნება, თუ ეს ტყვეები საერთაშორისო სასამართლოს წინაშე წარსდგებიან, ან კიდევ მათს საქმეებს ამერიკელი ვექილები გაარჩევენ, და არა სამხედრო ტრიბუნალები, რაც პრეზიდენტმა ბუშმა მოისურვა. შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად უნდა ივალდებულოს იმის გარანტია, რომ ეს სასამართლო პროცესები სამართლიანი და მიუკერძოებელი იქნება და რომ განსასჯელებს, განაჩენის გასაჩივრების უფლება მიეცემათ და დამცველი ვექილებიც ეყოლებათ. თავისუფალ, ცივილიზებულ სამყაროს ხომ მოქალაქეობრივ უფლებათა განუხრელი დაცვა განასხვავებს სწორედაც ”ალ-ყაიდისაგან”.

გაზეთ ”გარდიანის” მიმომხილველის რიჩარდ ნორტონ-ტეილორის აზრით, სამხედრო ძალის გამოყენებით შეუძლებელია ტერორიზმის ამოძირკვა. ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის თუნდაც სრული წარმატება, განაგრძობს ბრიტანელი ჟურნალისტი, ბოლოს ვერ მოუღებს ტერორიზმს. ”ალ-ყაიდა” ადვილად გაუჩინარდება და მოგვიანებით გააგრძელებს ტერორისტულ აქტებს, თანაც ისე, რომ თავის მოწინააღმდეგეთათვის ფიზიკური სამიზნე არ გახდება. ”ტერორიზმის პრობლემის მოგვარება მომავალში მნიშვნელოვანწილად იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ წარიმართება ურთიერთობა დასავლეთსა და არაბული სამყაროს ავტოკრატულ რეჟიმებს შორის. ერთი რამ კი ცხადია, სამხედრო გზით შეუძლებელია ტერორიზმის აღკვეთაო”, დასძენს გაზეთ ”გარდიანის” მიმომხილველი.

ხოლო გაზეთი ”ფრანკფურტერ ალგემაინე” მიესალმება იმ ფაქტს, რომ დასავლეთი მხარში ამოუდგა ავღანეთის დროებით მთავრობას. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში განაგრძობს:

”დახმარების გარეშე ომებით გაჩანაგებული ეს ქვეყანა ფეხზე ვერასოდეს დადგება. ვეებერთელა საზღაურის გადახდა მოუხდა ავღანეთს მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნიდან საბჭოთა ჯარი იქნა გაყვანილი, ხოლო
დიდმა სახელმწიფოებმა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ავღანეთი - ბედის ანაბარა მიატოვეს. დაუშვებელია ამგვარი შეცდომის განმეორება, ანუ აუცილებელია ამჯერად ტერორისტების სრული ნეიტრალიზება. დროებითი მთავრობის მეთაური ჰამიდ კარზაი ანგარიშს უწევს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, თუმცა პუშტუნი პოლიტიკოსების გამიჯვნისგანაც არაა დაზღვეული.”

გაზეთ ”ველტის” სარედაქციო სტატიაში ერთმანეთთან არის დაკავშირებული ვითარება ავღანეთში და ვითარება ჩეჩნეთში. კერძოდ აღნიშნულია, რომ ანტი-ტერორისტული ომის ფონზე, რუსეთის ფედერალური ჯარი სულ უფრო მეტ სისასტიკეს სჩადის ჩეჩნეთში;
გაზეთი განაგრძობს:

”სერგეი იასტრჟემბსკის მონაცემებით, ცოცინ-იურტში, სტარი ატაგისა და არღუნში სპეცოპერაციების მსვლელობისას 92 ჩეჩენი მეამბოხე იქნა მოკლული. თუმცა, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის ”მემორიალისა” და ”საჯაროობის” ფონდის თანამშრომელი ხედა სარატოვა ამტკიცებს, რომ რუსი ჯარისკაცები მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ და ცდილობენ მეამბოხეებად გამოიყვანონ ისინი. სარატოვამ განაცხადა, რომ მარტო ცოცინ-იურტში,
სამხედროებმა დეკემბრის ბოლოს, 80 მოსახლე მოკლეს. ამჟამად ნაზრანში მყოფი ხედა სარატოვა 3 იანვარს ჩავიდა ორი დღით ცოცინ-იურტში და სოფლის მაცხოვრებლებს გაესაუბრა. მათ არც კი იცოდნენ, ზუსტად რამდენი თანასოფლელი დაიღუპა, ვინაიდან ჯერაც ვერ მოსულან გონზე. თავდაპირველად ლაპარაკი იყო 37 მოკლულზე, ახლა უკვე 80-ს ასახელებენ. როგორც ჩანს, საახალწლოდ გამომთვრალმა ჯარისკაცებმა გვამების დაუდგენელი რაოდენობა დაწვეს ცოცინ-იურტის შემოგარენში; სოფელში დამწვარი ხორცის სუნი იდგა - იგონებს ხედა სარატოვა. მანვე უამბო გაზეთ ”ველტის” კორესპონდენტს 37-წლის ცოცინ-იურტელის, მოლა მუსა ისმაილოვის შესახებ; ჯარისკაცებმა ცოლის, მალიკას თვალწინ წაიყვანეს მუსა და ყური მოაჭრეს; სახე სისხლით იყო დაფარული. მალიკამ სცადა გაჰყოლოდა დატყვევებულ მეუღლეს, მაგრამ ჯარისკაცებმა იარაღი მიუშვირეს. შემდეგ მალიკამ ათას მანეთად გამოისყიდა ქმრის გვამი, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომ მუსა თითქოსდა მეამბოხე იყო. ხედა სარატოვამ გაიხსენა ცოცინ-იურტის მკვიდრი 72-წლის მუსა ახმადოვი, რომელსაც ჯარისკაცებმა ზურგზე დანით ამოაჭრეს წარწერა: ”გილოცავთ ახალ წელს”. ჯარიკაცები ფულს იღებდნენ იმაში, რომ ამა თუ იმ სახლში არ ჩაეტარებინათ წმენდა. სწორედ ამით უნდა აიხსნას ის ფაქტი, თუ რატომ ვერ შესძლო 80-ათასკაციანმა ჯარმა, მესამე წელია უკვე, ჩეჩნეთის დაპყრობა. სისასტიკე, რის შესახებაც ამ ბოლო დროს ძალზედ იშვიათად თუ ქვეყნდება ინფორმაცია, კიდევ უფრო აძლიერებს წინააღმდეგობას – ხალხი იარაღს იღებს ხელში, რათა ბარბაროსებს სამაგიერო გადაუხადოს”.

ცოცინ-იურტში მომხდარს ეხება სარედაქციო სტატიაში გაზეთი ”ვაშინგტონ პოსტიც; სტტიაში ვკითხულობთ:

”იმ დროს, როცა მთელი მსოფლიო ახალ წელს ზეიმობდა, რუსი ჯარისკაცები სოფელ ცოცინ-იურტში შეიჭრნენ და, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის ”მემორიალის” მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, ჩეჩენ მამაკაცებს მოურიდებლად
გაუხსნეს ცეცხლი. ოფიციალური ცნობის თანახმად, რამდენიმე დღის განმავლობაში სოფელში, 100-ზე მეტი ადამიანი იქნა მოკლული, ხოლო ”საჯაროობის” ფონდის წარმომადგენლებმა 200 მშვიდობიანი მოსახლის გვამები ნახეს. სამ იანვარს ჯარისკაცებმა დაბა არღუნი მოაქციეს ალყაში და ავადსახსენებელი ”წმენდის ოპერაცია” დაიწყეს.”

ეს იყო ციტატა გაზეთ ”ვაშინგტონ პოსტიდან.
XS
SM
MD
LG