Accessibility links

ახალი ამბები

ქალაქ ბილბაოს ცენტრში, ჩრდილოეთ ესპანეთში

ქალაქ ბილბაოს ცენტრში, ჩრდილოეთ ესპანეთში, ორი ადამიანი დაიჭრა შაბათს დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად.

ქალაქ ბილბაოს ცენტრში, ჩრდილოეთ ესპანეთში, ორი ადამიანი დაიჭრა შაბათს დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად.
ამ ტერორისტული აქტის პასუხისმგებლობა ბასკ სეპარატისტთა ექსტრემისტულმა ორგანიზაცია ”ეტამ” აიღო თავის თავზე.

ყველა ახალი ამბავი

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი შაბათს განიხილავს ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შეთანხმება

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი შაბათს განიხილავს ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შეთანხმებას. ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატაში გამოსვლისას განაცხადა კაბინეტის წარმომადგენელმა ჯეიკობ რის-მოგმა.

მისი თქმით, დეპუტატთა წინაშე იქნება შესაძლებლობა აირჩიონ ევროკავშირიდან შეთანხმებით და შეთანხმების გარეშე გასვლას შორის. ორივე შემთხვევაში ბრიტანეთმა 31 ოქტომბერს უნდა დატოვოს ევროკავშირი.

ოპოზიციაში მყოფმა ლეიბორისტებმა უკვე განაცხადეს, რომ წარმოადგენენ შესწორებას იმის თაობაზე, რომ შეთანხმება რეფერენდუმზე უნდა იქნეს მოწონებული. მოსალოდნელია სხვა შესწორებებიც.

ბრექსიტის ახალი პირობების შესახებ დღეს შეთანხმდნენ ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ. მოსალოდნელია, რომ მას მოიწონებენ ევროკავშირის სამიტზე, რომელიც ბრიუსელში იმართება. შეთანხმების ძალაში შესასვლელად მას რატიფიკაცია უნდა გაუკეთონ ევროპის პარლამენტმა და ბრიტანეთის პარლამენტმა.

შეთანხმების ტექსტი ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა.

მოლაპარაკებებზე პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა მოახერხა იმის მიღწევა, რომ შეთანხმება არ შეეხოს ე.წ. „ბეკსტოპს“. „ბექსტოპი“ არის ჩრდილოეთ ირლანდიის ავტომატური ყოფნა ევროკავშირის საბაჟო კავშირში და ერთიან ევროპულ ბაზარზე მანამდე, სანამ არ იქნება მიღწეული საბოლოო შეთანხმებები ირლანდიასთან საზღვრის თაობაზე. მაგრამ ამის სანაცვლოდ ბრიტანეთს მოუწია იმაზე დათანხმება, რომ ჩრდილოეთ ირლანდიაში დე ფაქტო მოქმედებდეს გაერთიანებული სამეფოს დანარჩენი ტერიტორიისგან განსხვავებული საბაჟო რეჟიმი.

ჯონსონი იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი მოიწონებს შეთანხმებას. მაგრამ ბევრ მიმომხილველს ეჭვი ეპარება ამაში.

შატილში სკოლის შენობა იწვის

საგანგენო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით შატილის სკოლაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციისთვის 3 სახანძრო ჯგუფი მუშაობს. წინასწარი ინფომაციით დაშავებულები არ არიან.

ხანძრის შესახებ ინფორმაცია ფეისბუკის მომხმარებელმა ფხია ჭინჭარაულმა გაავრცელა.

კახა კოჟორიძე: ვერ დავეთანხმები პაატა სალიას, რომ აქიმიძისა და დვალის სარჩელი ხანდაზმულია

რუსთავი 2-ის დამფუძნებლების ადვოკატი კახა კოჟორიძე ეხმაურება რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის პაატა სალიას მიერ გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ სარჩელი, რომელიც აქიმიძე-დვალმა 17 ოქტომბერს სასამართლოში შეიტანეს საკუთარი 60%-ის დასაბრუნებლად, ხანდაზმულობის პრობლემის მქონეა.

„ცოტა უცნაურია, ბატონი პაატასგან ამის თქმა, იმიტომ, რომ ხანდაზმულობის პრობლემა დაისვა ქიბარ ხალვაშის სარჩელის განხილვის დროს და მაშინ ხალვაშის ადვოკატები ამას იმით ხსნიდნენ, რომ რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება იყო 2012 წლის არჩევნებამდე, განხორციელებული იძულება გაგრძელდა არჩევნებამდე და პროკურატურაში სარჩელის შეტანით შეწყდა ხანდაზმულობის ვადის ათვლა. ანალოგიური მდგომარეობა გვაქვს ჩვენს შემთხვევაში. კანონის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება იძულების დასრულების მომენტიდან. უზენაესმა პალატამ თქვა, რომ ქიბარ ხალვაშის საქმეზე იძულება დასრულდა 2012 წელს და შესაბამისად, ჩვენთან მიმართებაშიც 2012 წელს დასრულდა. აქიმიძემ და დვალმა შემდეგ მიმართეს პროკურატურას, რაც საკმარისია, რომ ხანდაზმულობა შეწყდეს“, - აცხადებს კოჟორიძე, რომელიც ამავდროულად გამოთქვას მზაობას, ნებისმიერ ეთერში ესაუბროს პაატა სალიას ამ საქმესთან დაკავშირებით.

16 ოქტომბერს ცნობილი გახდა რომ კუთვნილი წილის დასაბრუნებლად აქიმიძე და დვალი ახალ სამართლებრივ დავას იწყებდნენ, 17 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე კი თქვეს, რომ მათი ბრძოლის სტრატეგია ქიბარ ხალვაშის არგუმენტების მის წინააღმდეგ გამოყენება იქნებოდა და სასამართლოს ფაქტობრივად მხოლოდ 2 გზა რჩებოდა - უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე უარყოფა ან რუსთავი 2-ის დამფუძნებლების მოთხოვნის კანონიერად ცნობა.

რუსთავი 2-ის დამფუძნებლები სასამართლო დავის პერიოდში ტელეკომპანიის იმ 60%-იანი წილის დაყადაღებასაც ითხოვენ, რომლის დასაბრუნებლადაც მიმართეს სასამართლოს.

მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა და ქიბარ ხალვაშმა და მისმა კომპანიამ „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი გადაიფორმეს, მან დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ტელეკომპანიის 40%-იანი წილი შესთავაზა, რაზეც თანადამფუძნებლებმა უარი თქვეს.

თბილისის აეროპორტში ტაქსის ახალი კომპანია შემოვიდა, მგზავრობა 30-40 ლარი ეღირება

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს კომპანია „ბენე ექსკლუზივის“ (Bene Exclusive) ტაქსები მოემსახურებიან.

მგზავრობის ტარიფი ქალაქის სხვადასხვა უბნების მიხედვით, 30-დან 40 ლარამდე იქნება.

„აეროპორტში უკვე განთავსდა კომპანიის ოფისი, სადაც მგზავრები შეძლებენ წინასწარ შეიძინონ მგზავრობის ბილეთი და შეარჩიონ სასურველი მარშრუტი, ტრანსპორტში განთავსებულია ტაქსომეტრები, რაც სერვისის საფასურს განსაზღვრავს, იმ შემთხვევაში, თუკი მგზავრი თბილისს გარეთ მიემგზავრება. Bene Exclusive ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს, რომელიც Bene Group-ის შვილობილი კომპანიაა. Bene Exclusive მომხარებელს Mercedes-Benz-ის, Toyota- ს და Lexus -ის ფირმის უახლესი ავტომობილებით მომსახურებას საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის მასშტაბით სთავაზობს. Bene Group-ს საქართველოს გარდა წარმომადგენლობითი ოფისები უკრაინასა და ბელორუსიაში აქვს“,- ნათქვამია „ტავ ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველმა კომპანია „ტავ ჯორჯიამ“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაქსის სერვისის ექსკლუზიური მიწოდების უფლებაზე ინტერესთა გამოხატვა 2019 წლის ივლისში გამოაცხადა. კომპანიის ცნობით, აღნიშნული სერვისის მიწოდებაზე ინტერესი ექვსმა კომპანიამ გამოხატა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მგზავრთა გადაყვანას Toyota Taxi 2012 წლიდან დღემდე ახორციელებდა.

პაატა სალია ჯარჯი აქიმიძესა და დავით დვალზე: მათი სარჩელი არის დაგვიანებული

დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს სარჩელის შეტანა დაუგვიანდათ. სარჩელი ხანდაზმულია,- ასე ეხმაურება სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მიერ „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანას.

"განსხვავება არის ქიბარ ხალვაშისა და ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელებს შორის, რადგან დროში ძალიან დიდი განსხვავებაა. პირველ რიგში, ქიბარ ხალვაშმა მიმართა 10-წლიანი ხანდაზმულობის პერიოდში საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით, ასევე მას ჰქონდა მიმართული პროკურატურისთვის, ჯერ კიდევ 2007 წელს ხანდაზმულობის ვადების დაცვით და სწორედ ეს შეაფასა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, რომ ქიბარ ხალვაშის მიერ პროკურატურისთვის მიმართვით დაცული იყო ხანდაზმულობის ვადა და სწორედ ამ შეფასებიდან გამომდინარე, დაკმაყოფილდა ქიბარ ხალვაშის სარჩელი. ამ შემთხვევაში ვნახოთ, როგორ შეაფასებს ხანდაზმულობის საკითხს სასამართლო, თუმცა ჩემი, როგორც იურისტის პოზიციაა, რომ მათი სარჩელი არის დაგვიანებული და მათ ამ სარჩელის წარდგენა უნდა მოეხერხებინათ 2014 წლამდე", - აცხადებს პაატა სალია.

16 ოქტომბერს ცნობილი გახდა რომ კუთვნილი წილის დასაბრუნებლად აქიმიძე და დვალი ახალ სამართლებრივ დავას იწყებდნენ, 17 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე კი თქვეს, რომ მათი ბრძოლის სტრატეგია ქიბარ ხალვაშის არგუმენტების მის წინააღმდეგ გამოყენება იქნებოდა და სასამართლოს ფაქტობრივად მხოლოდ 2 გზა რჩებოდა - უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე უარყოფა ან რუსთავი 2-ის დამფუძნებლების მოთხოვნის კანონიერად ცნობა.

რუსთავი 2-ის დამფუძნებლები სასამართლო დავის პერიოდში ტელეკომპანიის იმ 60%-იანი წილის დაყადაღებასაც ითხოვენ, რომლის დასაბრუნებლადაც მიმართეს სასამართლოს.

მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა და ქიბარ ხალვაშმა და მისმა კომპანიამ „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი გადაიფორმეს, მან დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ტელეკომპანიის 40%-იანი წილი შესთავაზა, რაზეც თანადამფუძნებლებმა უარი თქვეს.

მამუკა ხაზარაძე: არ დამიწყია არც ერთი ბიზნესი, უწმინდესთან რომ არ მივსულიყავი მაკეტით

არ დამიწყია არც ერთი მსხვილი ბიზნესი საქართველოში, რომ არ მივსულიყავი უწმინდესთან მაკეტით და მას არ დაელოცა, არ გადაესახა ჯვარი ჩვენი საქმისთვის,- უთხრა ჟურნალისტებს საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პატრიარქთან ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, პატრიარქს სამომავლო გეგმების და ანაკლიის პორტის შესახებ ესაუბრა.

„შევხვდი უწმინდესს. მოვუყევი მას ჩემი მომავალი გეგმების შესახებ. მკითხა ანაკლიაზეც. დამლოცა და მითხრა, რომ უნდა ვიყო ფრთხილად. არ დამიწყია არც ერთი ბიზნესი საქართველოში, მსხვილი ბიზნესი – ბორჯომი, ლისის ტბა, თუ ანაკლია, რომ არ მოვსულიყავი უწმინდესთან მაკეტით, ეს არის ჩემი ტრადიცია და მას არ დაელოცა, ასე ვთქვათ, არ გადაესახა ჯვარი ამ ჩვენი საქმისთვის და ყველა საქმე დამთავრდა წარმატებით“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის თქმით, პატრიარქს ანაკლიის პორტი უმნიშვნელოვანეს პროექტად მიაჩნია.

„დარწმუნებული ვარ, ანაკლია აუცილებლად აშენდება. უწმინდესი ამბობს, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არა მარტო რეგიონისთვის, არამედ ჩვენი მომავალი თაობისთვის“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გარდაიცვალა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარე ელაიჯა კამინგსი

ელაიჯა კამინგსი

აშშ-ში გარდაიცვალა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარე ელაიჯა კამინგსი. ის 68 წლის იყო. მისი კომიტეტი ერთ-ერთია წარმომადგენელთა პალატის იმ სამი კომიტეტიდან, რომლებიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის თაობაზე გამოძიებას აწარმოებენ. რამდენიმე დღის წინ მან სხვა კოლეგებთან ერთად ხელი მოაწერა გამოძიებასთან დაკავშირებულ ოფიციალურ დოკუმენტს. ელაიჯა კამინგსი ცნობილი იყო, როგორც სამოქალაქო აქტივისტი და უფლებადამცველი. კონგრესში ის ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კრიტიკოსი იყო.

ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული მამაკაცი პოლიციაში თავად მივიდა

ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა. როგორც ადგილობრივი წყარო რადიო თავისუფლებას უყვება, გუშინ, მკვლელობამდე ცოლ-ქმარი სტუმრად იმყოფებოდა, საიდანაც საღამოს შინ დაბრუნდნენ, მოგვიანებით სახლიდან გავიდნენ, გვიან ღამით კი მამაკაცი პოლიციაში თავისი ავტომობილით მივიდა და განაცხადა, რომ ცოლი მოკლა და გვამი მანქანაში იყო. წყაროს ცნობით, ქმარმა ცოლი გაგუდა.

ადგილობრივი წყაროს ინფორმაციით ოჯახში კონფლიქტი არ ყოფილა. მათ სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ, რომელთაგან 2 ტყუპია.

შსს-ს ცნობით მამაკაცი დაკავებულია. გამოძიება მიმდინარეობს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით.

ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

ცოლის მკვლელობისთვის მამაკაცი დააკავეს

ბოლნისის რაიონის სოფელ ტალავერში კაცმა ცოლი მოკლა. შსს-ს ცნობით მამაკაცი დაკავებულია. გამოძიება მიმდინარეობს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით.

ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

დამატებითი გარემოებები ჯერჯერობით უცნობია

20-21 ივნისის აქციაზე ძალადობაში ბრალდებული მუხრან ფანგანი გირაოთი გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა ორი ათასი ლარის გირაოთი შეუცვალა 20-21 ივნისის აქციის საქმეზე ძალადობის მუხლით ბრალდებულ მუხრან ფანგანს. მან ბრალი აღიარა, რის შემდეგაც დაცვის მხარის შუამდგომლობას გირაოს შესახებ, ბრალდების მხარე დაეთანხმა.

რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საქართველოს პარლამენტთან 20-21 ივნისს გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით სულ პასუხისგებაშია მიცემული 19 პირი. მათ შორის არიან პარლამენტის წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" ნიკა მელია და "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი.

სისხლის სამართლის საქმის საფუძველი გახდა აქციის მონაწილეთა მიერ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და პარლამენტში შეჭრის მცდელობა.

სამართალდამცავების მიერ აქციის დაშლისას დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი.

რუსთავი 2-ის დამფუძნებლები: ქიბარ ხალვაშის არგუმენტები მისსავე საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული

„რუსთავი 2“-ის თანადამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე, სამაუწყებლო კომპანიის 60 %-იანი წილის დასაბრუნებლად სასამართლოში დავის ახალ ეტაპს იწყებენ. როგორც 17 ოქტომბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მათ ჟურნალისტებს უთხრეს, მათი სტრატეგია მარტივია: გამოიყენებენ იმ სამართლებრივ არგუმენტებს, რაც ქიბარ ხალვაშის სარჩელის დაკმაყოფილების დროს გამოიყენა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ.

აქიმიძე-დვალის ადვოკატმა, კახა კოჟორიძემ, რომელმაც სარჩელი მოამზადა, ახსნა, რომ ამ სტრატეგიის შედეგად მოსამართლეს, რომელსაც საქმის განხილვა მოუწევს, მხოლოდ ორი არჩევანი ექნება: ან უნდა დააკმაყოფილოს რუსთავი ორის თანადამფუძნებლების სარჩელი, ან უნდა უარყოს ამავე საქმეზე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატისა და სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების უარყოფა კოჟორიძის თქმით საკმაოდ პრობლემური იქნება - გამომდინარე კანონიდან, რომლის თანახმადაც, ამ ინსტანციის განმარტებას აქვს კანონის ძალა და ყველა მოსამართლეს მართებს მისი გათვალისწინება.

ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელის საქმის სასამართლოში დაბრუნება ერთის მხრივ კიდევ ერთი მცდელობაა, დაიბრუნონ რუსთავი 2-ის 60%-იანი წილი, მეორეს მხრივ კი გამოცდა სამართლიანი სასამართლოსთვის. 17 ოქტომბერს მათ ხელისუფლებას მოუწოდეს, არ შეუშალოს ხელი სასამართლოს სარჩელის განხილვის პროცესში და კიდევ ერთხელ ახსნეს, რომ ტელეკომპანიის სრულად გადაცემა ქიბარ ხალვაშისთვის სამარლიანობის აღდგენად ვერ ჩაითვლება - მათი პოზიციის თანახმად რუსთავი 2-ის მიმართ სამართლიანობა მხოლოდ მაშინ აღსდგება, როდესაც ის დამფუძნებლებს დაუბრუნდება.

დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას 2014 წლის 16 ივნისს იძულებით დადებულ ხელშეკრულებამდე მაშინდელი ხელისუფლების მიერ დაგეგმილი ორგანიზებული შეტევაც გაიხსენეს: მათი თქმით ამ პერიოდში ისინი იყვნენ მუდმივი თვალთვალისა და შანტაჟის მსხვერპლები, ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა მათო ოჯახის წევრებზე და მუდმივი დაკვირვებისა და დევნის ქვეშ უწევდათ ცხოვრება. შესაბამისად, ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მათ 60%-იანი წილი პაატა კარსანაძეს გადასცეს, მათ თავისუფალ ნებას არ გამოხატავდა. პაატა კარსანაძემ მათგან ნაყიდი წილი იმავე დღეს მიჰყიდა ქიბარ ხალვაშს.

რუსთავი 2-ის დამფუძნებლები სასამართლო დავის პერიოდში ტელეკომპანიის იმ 60%-იანი წილის დაყადაღებასაც ითხოვენ, რომლის დასაბრუნებლადაც მიმართეს სასამართლოს.

ქიბარ ხალვაშის მიერ ტელეკომპანიის დირექტორად დანიშნული პაატა სალია თვლის, რომ აქიმიძე-დვალის და ქიბარ ხალვაშის სარჩელი ერთმანეთისგან განსხვავდება და დამფუძნებლების შემთხვევაში შესაძლოა ხანდაზმულობის საკითხი სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდეს.

"განსხვავება არის ქიბარ ხალვაშისა და ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელებს შორის, რადგან დროში ძალიან დიდი განსხვავებაა. პირველ რიგში, ქიბარ ხალვაშმა მიმართა 10-წლიანი ხანდაზმულობის პერიოდში საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით, ასევე მას ჰქონდა მიმართული პროკურატურისთვის, ჯერ კიდევ 2007 წელს ხანდაზმულობის ვადების დაცვით და სწორედ ეს შეაფასა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, რომ ქიბარ ხალვაშის მიერ პროკურატურისთვის მიმართვით დაცული იყო ხანდაზმულობის ვადა და სწორედ ამ შეფასებიდან გამომდინარე, დაკმაყოფილდა ქიბარ ხალვაშის სარჩელი. ამ შემთხვევაში ვნახოთ, როგორ შეაფასებს ხანდაზმულობის საკითხს სასამართლო, თუმცა ჩემი, როგორც იურისტის პოზიციაა, რომ მათი სარჩელი არის დაგვიანებული და მათ ამ სარჩელის წარდგენა უნდა მოეხერხებინათ 2014 წლამდე"- თქვა პაატა სალიამ რუსთავი 2-ის დამფუძნებლების ბრიფინგის შემდეგ.

მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა და ქიბარ ხალვაშმა და მისმა კომპანიამ „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი გადაიფორმეს, მან დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს ტელეკომპანიის 40%-იანი წილი შესთავაზა, რაზეც თანადამფუძნებლებმა უარი თქვეს.

მამუკა ხაზარაძე საქართველოს პატრიარქს შეხვდა

საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა. ინფორმაციას მამუკა ხაზარაძე ფეისბუკის გვერდზე ავრცელებს.

„ვისაუბრეთ მოძრაობა "ლელოს" მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე. ასევე საუკუნის პროექტზე -ანაკლიის პორტზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია, როგორც სამეგრელოსთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის.
პატრიარქმა დაგვლოცა და წარმატება გვისურვა. ერთად საქართველოსთვის!“- წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

მთავრობას ურჩევენ, არჩევნებამდე თავი შეიკავოს პენსიის და ხელფასის გაზრდისგან

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ გამოაქვეყნა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მოკლე ანალიზი და რეკომენდაციები.

ძირითად მიგნებებს შორისაა მთავრობის გადაწყვეტილება, ხელფასის და პენსიის გაზრდის შესახებ:

- 194 მილიონი ლარით იზრდება ადმინისტრაციული ხარჯები, მათ შორის შრომის ანაზღაურების ხარჯი 91 მილიონი ლარით. მთლიანობაში ადმინისტრაციული ხარჯები 2.9 მილიარდი ლარი იქნება. გაზრდილი შრომის ანაზღაურების ხარჯის 76% სამ უწყებაზე მოდის: შინაგან საქმეთა სამინისტროზე (30 მლნ ლარი), ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე (20 მლნ ლარი) და თავდაცვის სამინისტროზე (20 მლნ ლარი);

- 2020 წლიდან იზრდება სახელმწიფო პენსია (20-50 ლარით), საბავშვო ბაღების თანამშრომლების (100 ლარით), მასწავლებელთა (150 ლარით), პოლიციელების (125 ლარით), ექიმების ნაწილის (100 ლარით) და სხვა თანამშრომლების ხელფასები. ზოგ შემთხვევაში პენსიის და ხელფასის ზრდა 1 ივლისიდან ან 1 სექტემბრიდან არის გათვალისწინებული, რაც 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებით შეიძლება იყოს მოტივირებული;

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეკომენდაციით, „ვინაიდან 2020 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს არჩევნებამდე რამდენიმე თვის განმავლობაში ისეთი პროექტების განხორციელებისაგან, როგორიცაა სახელმწიფო პენსიის ზრდა და საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლების ხელფასების მატება.“

არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, მსგავსი ქმედებები აღიქმება საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად, რამაც შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს საარჩევნო გარემოს.

იუნკერი: მიღწეულია ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შეთანხმება

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან კლოდ იუნკერმა გაავრცელა ცნობა ტვიტერის საშუალებით, რომ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის თაობაზე შეთანხმება შედგა.

ევროკავშირსა და ბრიტანეთს შორის მიღწეული შეთანხმება საშუალებას აძლევს გაერთიანებულ სამეფოს დატოვოს ბლოკი. შეთანხმება ახლა ყველა წევრმა სახელმწიფომ უნდა დაამტკიცოს.

იუნკერმა განაცხადა 17 ოქტომბერს, რომ ბრექსიტის თაობაზე შეთანხმება სამართლიანი და გაწონასწორებულია. მხარეებს შეთანხმებისთვის ვადა ეწურებოდათ 31 ოქტომრებს.

"სადაც ნებააა, იქ არის შეთანხმება და შევთანხმდით", დაწერა იუნკერმა ტვიტერში. "რეკომენდაციას ვუწევ შეთანხმებას ევროპის კავშირის საბჭოსთან მხარი დაუჭიროს მას", დასძინა ევროკომისიის თავმჯდომარემ.

17 ოქტომრებს 27 წევრი სახელმწიფოს მეთაურები ბრიუსელში იმსჯელებენ შეთანხმების გარშემო.


შეთანხმებას ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა უწოდა "დიდებული ახალი შეთანხმება ბრექსიტის შესახებ". თუმცა, მოელიან, რომ მას წინააღმდეგობა ექნება სამშობლოში, სადაც ჩრდილოეთ ირლანდიის პარტია მხარს არ დაუჭერს შეთანხმებას.

დოკუმენტი უნდა დაამტკიცოს ბრიტანეთის პარლამენტმაც.


რუსეთი პროტესტს გამოთქვამს აკრძალული ზონის მახლობლად აშშ-ის დიპლომატების ჩასვლის გამო

სევეროდვინსკის სამხედრო ბაზა რუსეთის ჩრდილოეთში

რუსეთი საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ოფიციალური ნოტით პროტესტს გამოთქვამს აშშ-ის საელჩოს მიმართ მას მერე, რაც რუსეთის ხელისუფლებმა აშშ-ის სამი დიპლომატი დააკავეს რუსეთის ჩრდილოეთში, აკრძალულ ზონაში საიდუმლო ობიექტის მახლობლად. ამის თაობაზე 17 ოქტომბერს ცნობა გაავრცელა რუსეთის „ტასმა“.

სამეული, რომელშიც შედიოდნენ აშშ-ის საელჩოს სამხედრო და საზღვაო ატაშეები, მატარებლიდან ჩასვეს14 ოქტომბერს. ისინი მცირე ხნით რუსეთის ხელისუფლებმა დაკითხეს. ინციდენტი მოხდა სევეროდვინსკში, არქტიკის ქალაქში, სადაც ნავსაშენი მოქმედებს, და სადაც აგვისტოში მოხდა ავარია, რომელსაც შეეწირა ხუთი ბირთვული სპეციალისტი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თანახმად, დიპლომატები ოფიციალურ მივლინებაში იმყოფებოდნენ და მათ რუსეთის ხელისუფლებს ამცნეს წინასწარ ამ მოგზაურობის გეგმის შესახებ. მათი მოგზაურობის მიზნის შესახებ ცნობა არ ვრცელდება.

პარლამენტმა სუს-ის ხელმძღვანელად გრიგოლ ლილუაშვილი დაამტკიცა

85 მომხრე, 8 წინააღმდეგი ხმათა ამ თანაფარდობით, ფარული კენჭისყრის საფუძველზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი გრიგოლ ლულაშვილი პარლამენტმა თანამდებობაზე დაამტკიცა. სუს-ის ხელმძღვანელის კანდიდატურას პარლამენტის სხდომაზე განხილვის გარეშე უყრეს კენჭი. ეს გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი.

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, კომიტეტზე ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა განხილვები და შესაბამისად, სუს-ის ხელმძღვანელობის კანდიდატისგანკომიტეტმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.

„ვფიქრობ, მაქსიმალურად ამოვწურეთ ის საჭიროება, რომ კანდიდატისგან მიგვეღო ინფორმაცია, როგორც მისი პროფესიული შესაძლებლობების, ასევე ქვეყნის წინაშე დამდგარი უსაფრთხოების ამოცანებისა და მიზნებთან დაკავშირებთ. მან ასევე კარგად წარმოაჩინა ყველა საკითხი. შესაბამისად, ჩვენ კომიტეტზე კენჭი ვუყარეთ, რომ საკითხი კენჭისყრაზე სესიაზე განხილვის გარეშე დადგეს. გთხოვთ ბიუროს, რომ ამ საკითხს მხარი დაუჭიროთ. კომიტეტმა ამ ფორმულირებით მხარი დაუჭირა შესაბამის დასკვნას“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

განხილვის გარეშე კენჭისყრის წინააღმდეგი იყო „ევროპული საქართველო“, დეპუტატი გიორგი კანდელაკი, კენჭისყრამდე აცხადებდა, რომ უსამართლობა იქნება, თუკი პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს საშუალება არ ექნებათ, გრიგოლ ლილუაშვილს კითხვები დაუსვან.

„პარლამენტის ძალიან ბევრი წევრი მოკლებული იყო შესაძლებლობას, თუნდაც კომიტეტის ოთახის ზომის სიმცირიდან გამომდინარე, რომ დასწრებოდა ამ სხდომას და კითხვები დაესვა. ბევრი კითხვა კვლავ არსებობს, ვფიქრობ, საზოგადოებაში სამართლიან უკმაყოფილებას გამოიწვევს, თუ პლენარულ სხდომაზე თუნდაც შეზღუდული დროით იქნება შეუძლებელი კითხვების დასმა. ლილუაშვილი უკვე პრივილეგირებულ მდგომარეობაში იყო კომიტეტის სხდომაზე ჩაყენებული. მას მიეცა შესაძლებლობა, რომ დაეგროვებინა 50 კითხვა, შემდეგ იყო 3- საათიანი შესვენება, ამის შემდეგ ეფექტური ჩაძიების შესაძლებლობა არ ყოფილა. ამან იგი პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩააყენა. ამ ყველაფერის გათვალისწინებით უსამართლო იქნება თუ პლენარულ სხდომაზე არ იქნება მისთვის კითხვების დასმის შესაძლებლობა”,- განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

სუს-ის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილმა გრიგოლ ლილუაშვილმა 1998 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და 2001 წელს ამავე უნივერსიტეტის მაგისტრატურა საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით.

1998 წლიდან, სხვადასხვა დროს მუშაობდა ავიაკომპანია „აირზენაში", საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტებში და ასოციაცია „ატუ“-ში. 2015-2016 წლებში იყო „ქართუ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი და „ქართუ ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2016 წლის იანვრიდან შვიდი თვის განმავლობაში მუშაობდა თბილისის მერის მოადგილედ, შემდეგ კი საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა.

გრიგოლ ლილუაშვილმა პარლამენტი 2017 წელს დატოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დანიშვნის გამო.

სუს-ის ახალი ხელმძღვანელის არჩევა საჭირო მას შემდეგ გახდა, რაც ამ სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა 2019 წლის სექტემბერში, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა დაიკავა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მთავრობაში. პრემიერ-მინისტრმა სუს-ის უფროსის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილის კანდიდატურა პარლამენტს 7 ოქტომბერს წარუდგინა.

საპროტესტო აქციის დროს პოლიციელის მიმართ ძალადობის მცდელობაში ეჭვმიტანილმა გუბაიდულინმა რუსეთი დატოვა

აიდარ გუბაიდულინი

„მოსკოვის საქმეში“ გამავალმა ბრალდებულმა, პროგრამისტმა, აიდარ გუბაიდულინმა რუსეთი დატოვა. ამის თაობაზე ცნობა გაავრცელა მისმა ადვოკატმა, მაქსიმ პაშკოვმა.

თვითონ გუბაიდულინმა ფეისბუკით დაადასტურა, რომ სამშობლოს ტოვებს, რომ ეს არ არის მისთვის იოლი, მაგრამ ბოლო ხანების მოვლენებმა სხვა არჩევანი არ დაუტოვა. რომელ ქვეყანაში წავიდა გუბაიდულინი, არ არის ცნობილი.

გუბაიდულინს ბრალად წაუყენეს პოლიციელების მიმართ ძალადობა მოსკოვში, საპროტესტო აქციის დროს წელს, 27 ივლისს. ამ გამოსვლებს ხელისუფლება მასობრივ „არეულობას უწოდებს“.

მას ბრალად ედება, რომ პოლიციელის მიმართულებით პლასტმასის ცარიელი ბოთლი ისროლა. მცირე ხნით ის წინასწარ გამოძიების საკანში იყო, შემდეგ გაუშვეს, მაგრამ მოსკოვის დატოვების უფლება ჩამოართვეს. ხოლო 15 ოქტომბერს ბრალდება ახალი რედაქციით წარუდგინეს.

„მოსკოვის საქმეში“ გამავალ კიდევ ექვს პირს გამოტანეს სხვადასხვა განაჩენი. 16 ოქტომბერს მოსკოვში დააპატიმრეს კიდევ ოთხი ეჭვმიტანილი ამ საქმეში.

ნათია თურნავა: აბასთუმნის ობსერვატორიის თავზე საჰაერო მარშრუტის კორექტირებას მხარი დავუჭირეთ

ეკონომიკისა და მდგრადგი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, აბასთუმნის ობსერვატორიის თავზე ფრენების დროებითი შეზღუდვის 8-კილომეტრიანი არეალის შექმნას მთავრობამ მხარი დაუჭირა. ეს განცხადება, ნათია თურნავამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა, მისი სიტყვებით, ამ გადაწყვეტილებით საქართველო არ კარგავს საერთაშორისო მარშრუტებს.

“აბასთუმნის ობსერვატორია არის ჩვენი ერთ-ერთი უნიკალური და მსოფლიოსთვისაც უნიკალური სამეცნიერო ცენტრი, სადაც 70-ზე მეტი მეცნიერი მოღვაწეობს და ასობით სამეცნიერო ნაშრომი სრულდება. მთავარი მიმზიდველობა ამ ცენტრის და მთელი იდეა მისი განთავსების 100 წლის წინ სწორედ აბასთუმანში იყო ის, რომ იქ არის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ჰაერი, ატმოსფერო თავისი სისუფთავით იძლევა საშუალებას, რომ მაღალი სიზუსტის კვლევები ჩატარდეს. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ მოგვმართა აბასთმუმნის ობსერვატორიამ, რომ ყოფილიყო მცირედი კორექტირება საჰაერო მარშრუტების (და აქ არ არის საუბარი არანარი საერთაშორისო საჰაერო მარშრუტებზე) და იმდაგვარად, რომ დროებითი შეზღუდვის 8-კილომეტრიანი არეალი დაწესებულიყო თან იმდაგვარად, რომ არცერთი თეთრი არ იკარგება ამით და არანაირი ზარალი არ ადგება სახელმწიფოს, არცერთი საერთაშორისო მარშრუტი არ გადის საქართველოს ფრენების არეალიდან, რა საკვირველია, ამას დავუჭირეთ მხარი”, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა, მათ შორის საქართველოშიც ჩვეულბერივი პრაქტიკაა, როდესაც წესდება დროებით, მცირე კორექტირებადი ზონები.

„კახეთში როდესაც სეტყვის საწინააღდეგო ტექნიკის გამოყენება ხდება, იქ ვაწესებთ ამას, ნავთობტერმინალის თავზე წესდება დრო და დრო, განსაკუთრებული აქ არაფერი არ არის მთავარი არის, რომ ეს უნიკალური სამეციერო კერა, ობსერვატორია განვითარდეს“,- განაცხადა ნათია თურნავამ.

აბასთუმნის თავზე ფრენების აკრძალვის მოთხოვნით, ეკონომიკის სამინისტროს აბასთუმნის ობსერვატორიამ მიმართა. ობსევატორიის დირექტორის განცხადებით, თვითმფრინავების კვამლი მეცნიერებს დაკვირვებაში უშლიდათ ხელს.

გიორგი მარგველაშვილს დაცვას მოუხსნიან

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს 16 დეკემბრიდან დაცვა აღარ ეყოლება.

„ინტერპრესნიუსთან“ საუბარში გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომახალი ჩანაწერი კანონში პერსონალურად მასზე მორგებული ცვლილებაა.

„მე ამას ვუკავშირებ თავიდან ბოლომდე ინსტიტუტის დაკნინების უკვე სტანდარტულ ტრადიციას „ქართული ოცნების“ მხრიდან. ეს არის უკვე პოლიტიკად ქცეული ინსტიტუტის დაკნინების მცდელობა. რა უნდა მიკვირდეს? კონსტიტუცია შეცვალეს, რათა ჩემთვის რაღაცა ანგარიში გაესწორებინათ და ესეც ბუნებრივია, გაკეთდება. უნდა ჰყავდეს დაცვა ან არ უნდა ჰყავდეს, ეს სხვა თვალსაზრისით გადასაწყვეტია, მაგრამ ამ კონტექსტში მე ამას ასე ვხედავ. მარტო ეს ხომ არ არის?! ყოფილ დეპუტატს თუ აქვს პენსია, ყოფილ პრეზიდენტს რატომ არ უნდა ჰქონდეს და ა.შ. პირველი სერიიდან თუ ვლაპარაკობთ, ეს სხვა არის, მაგრამ თუ ვლაპარაკობთ ზოგადად იქიდან, რაც წლების განმავლობაში კეთდებოდა და საითკენაც მთელი პოლიტიკა მიდიოდა, მაშინ გასაგებია ეს კონტექსტი“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

კანონმდებლობის თანახმად, უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 1 წლის შემდეგ მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის“ დასაცავ პირთა სიაში აღარ ირიცხება და შესაბამისად, მას დაცვა ეხსნება.

„მაკკეინის ინსტიტუტმა“ მოამზადა მოკლე ვიდეო „ბორდერიზაციაზე“

„მაკკეინის ინსტიტუტმა საერთაშორისო ლიდერობისთვის“ „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენთან“ და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან“ ერთად მოამზადა მოკლე ვიდეო, რომელიც ასახავს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ წარმოებულ „ბორდერიზაციის“ პოლიტიკას.

„ბორდერიზაცია“ 2011 წლიდან დაიწყო. „ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის“ გამოკვლევის თანახმად, ის ხორციელდება რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურისა („ეფესბე“) და ადგილობრივი სეპარატისტული ძალების მიერ. 2011 წლიდან დღემდე „ბორდერიზაციის“ 155 შემთხვევა აღინუსხა.

„ბორდერიზაცია“ გულისხმობს სხვადასხვა სახის უკანონო ბარიერის აგებას და „სახელმწიფო საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების დადგმას, რაც ერთმანეთისგან აშორებს ადამიანებს.

„მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ გავრცელებულ რელიზში აღნიშნულია, რომ „რიგ შემთხვევაში რუსეთი იკავებს მეტ ტერიტორიას, რასაც შეიძლება ეწოდოს „მცოცავი ანექსია“. ეს მოქმედება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევას. ეს პრაქტიკა არა მარტო ერთმანეთისგან აშორებს ოჯახებს და თემებს, რასაც ადამიანურ ტრაგედიამდე მივყავართ, არამედ აგრეთვე ამცირებს სამომავლოდ ამ ტერიტორიების მშვიდობიანი რეინტეგრაციის შესაძლებლობას“.

ნახეთ ინტერაქტიული რუკა

Ryanair ფრენებს იწყებს სომხეთიდან ევროპული ქალაქებისკენ

სომხეთიდან ფრენებს იწყებს დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair.

2020 წლის იანვრიდან, Ryanair იფრენს რომიდან და მილანიდან ერევანში. ზაფხულში ავიაკომპანია დაამატებს ბერლინი-ერევნის მიმართულებას. მიუნხენთან ახლოს მდებარე გერმანიის ქალაქ მემინგენთან Ryanair ავიამიმოსვლით დააკავშირებს სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქ გიუმრის.

"გაგიმართლა კიმ კარდაშიანო – ახლახან დავიწყეთ ჩვენი პირველი ფრენები სომხეთისკენ", - წერს Ryanair ტვიტერზე.

გიუმრისთვის ეს პირველი გზაა ევროპისკენ. აქამდე ქალაქი მხოლოდ რუსეთთან იყო ავიამიმოსვლით დაკავშირებული.

ბილეთის ფასი 30 ევროდან დაიწყება და თავდაპირველად ფრენები კვირაში ორჯერ განხორციელდება.

Ryanair-ის თვითმფრინავები ევროპის მიმართულებით იფრენენ საქართველოდანაც 2019 წლის ნოემბრიდან. 2020 წლიდან პირდაპირი რეისები სულ 12 მიმართულებით შესრულდება თბილისის და ქუთაისის აეროპორტებიდან.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე: ყველა დევნილი ვინც კრიტერიუმებს აკმაყოფილებს მიიღებს ბინებს

ჯანდაცვის სამინისტროს ფოიეში მყოფი დევნილებიდან, რომლებიც პრეტენზიას გამოთქვამენ, 3 ოჯახი დაკმაყოფილებულია ბინით, 4 ოჯახთან მიმართებით კი მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოძიება, - განუცხადაჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში, სადაც მთავრობის სხდომა იმართება. მისივე თქმით,დევნილები, რომელიც დადგენილ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ ბინებს მიიღებენ.

„სამინისტრომ გამოაცხადა მეორე ფაზა ბინების განაწილების15 ოქტომბრიდან და დასრულდება 31 ოქტომბერს, შესაბამისად, დამატებით მოხდება 270-ზე მეტი ბინის განაწილება თბილისში, წლის ბოლომდე. მინდა მივმართო ყველა დევნილს ოჯახს, ვინც დაინტერესებულია ამ ფაქტით, შეავსონ აპლიკაციები, მოგვმართონ განცხადებებით, რათა მოხდეს განხილვა ბინით უზურნველყოფასთან დაკავშირებით. ჯანდაცვის სამინისტროს ფოიეში მყოფი დევნილებიდან, რომლებიც გამოთქვამენ პრეტენზიას, 3 ოჯახი დაკმაყოფილებულია ბინით, 4 ოჯახთან მიმართებით კი მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოძიება, ვინც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, ყველა ოჯახი მიიღებს ბინას,“ - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

გიორგი წოწკოლაური კონკრეტულ კრიტერიუმებს და ბინის გადაცემის პრინციპს ასახელებს.

„კრიტერიუმები ასეთია: თუ რა ვითარებაში ცხოვრობენ ისინი, აქვთ თუ არა მათ სოციალური შემწეობა, აქვთ თუ არა მძიმე საცხოვრებელი პირობები, ოჯახში არის თუ არა ორი ან მეტი არასრულწლოვანი მოზარდი, არის თუ არა მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობები. ყველა ამ კრიტერიუმიდან გამომდინარეობს შესაბამისი შეწონილი ქულა, ხოლო ქულა კი განაპირობებს რიგს, რომელ დევნილს უფრო მეტად სჭირდება და პრიორიტეტულია მოცემულ მომენტში ფართის გადაცემა. მინისტრი რამდენჯერმე შეხვდა მათ, განემარტათ ყველა მოცემულობა, რაზეც მე ვსაუბრობ,“ - აღნიშნა გიორგი წოწკოლაურმა.

მისივე თქმით, არის რამდენიმე ოჯახი, რომლებიც თბილისში არც ერთ მისამართზე არ არიან რეგისტრირებული და მათ სამინისტრომ შესთავაზა რეგიონებში შესაბამის შერჩევაში მონაწილეობა.

„წელს იწყება გორის, ხაშურის ქუთაისის და სხვა მრავალი რეგიონის მისამართით ბინების განაწილება. შევთავაზეთ, რომ მოსულიყვნენ, მიეღოთ მონაწილეობა განცხადების განხილვაში, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი არ გამოცხადებულან და არ მოუმართავთ განცხადებით,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

16 ოქტომბერს, აფხაზეთიდან დევნილებმა, რომლებიც თითქმის 1 თვეა აქციას მართავენ ჯანდაცვის სამინისტროსთან, პოლიციის კორდონის გარღვევა და შენობაში შეჭრა სცადეს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ისინი აქციას მანამდე არ შეწყვეტდნენ, ვიდრე მათ ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ შეხვდებოდა და მათ მოთხოვნებს არ მოისმენდა.

დევნილები ასევე მოითხოვენ შეიქმნას ახალი კომისია, შეაჩერონ ბინების გაცემის პროცესი და ხელახლა განიხილონ ეს საკითხი. მათი თქმით, ბინებს ქულათა მინიჭების საფუძველზე გასცემენ, მაგრამ არის შემთხვევები როცა სამინისტროსგან გარიგების საფუძველზე გაიცემა ბინები.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, 59 ოჯახი აკმაყოფილებდა საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების კრიტერიუმებს, თუმცა მათგან მხოლოდ 3 ოჯახის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

თეა წულუკიანი: პრეზიდენტი რომ ვიყო, პროკურატურას ვესტუმრებოდი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პროკურატურაში კითხვებზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს დანაშაულის ჩადენას.

17 ოქტომბერს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თეა წულუკიანს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, მიუხედავად ვალდებულების არარსებობისა, უნდა მივიდეს, თუ არა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პროკურატურაში, რომელიც პატიმართა შეწყალების საქმეს იძიებს.

„მე არ გახლავართ პრეზიდენტი. რომ ვიყო აუცილებლად ვესტუმრებოდი პროკურატურას“, - თქვა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით: „ზოგადად, ამ თემაზე როცა ვსაუბრობთ, ხუმრობა იქით იყოს, ყველას უნდა გვესმოდეს - მინისტრს, რიგით მოქალაქეს, დეპუტატს, ყველას, ვინც არის თანამდებობაზე დანიშნული, თუ არჩეული, რომ პროკურატურაში კითხვებზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს დანაშაულს ჩადენას“.

თეა წულუკიანის თქმით, როცა გამომძიებელ პროკურორს აქვს შეკითხვები, კანონით ყველას ვალია, რომ პასუხი გასცეს: „ეს ჩემი, როგორც იუსტიციის მინისტრის პოზიციაა და იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი მოქალაქე ამ პოზიციას ამ ქვეყანაში იზიარებს".

საქართველოს პრეზიდენტმა 28 აგვისტოს შეიწყალა 34 პატიმარი, მათ შორის განზრახ მკვლელობის და სხვა მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულები. ამ ფაქტით საზოგადოებაში გამოწვეული პროტესტის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა 18 სექტემბერს განაცხადა, რომ შეწყალებაზე მორატორიუმს აწესებს.

19 სექტემბერს, პარლამენტის დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან“ ირმა ნადირაშვილმა გენერალურ პროკურატურაში შეიტანა განცხადება, პატიმართა შეწყალებასთან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას შესაძლო კორუფციული კავშირის გამოსაძიებლად.

გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო. უკვე გამოკითხულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის არაერთი თანამშრომელი, მათ შორის დიმიტრი გაბუნია და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ანგი ხუციშვილი.

14 ოქტომბერს, ჟურნალისტებმა პრეზიდენტს ჰკითხეს, ხომ არ იმყოფებოდა პროკურატურაში, რაზეც სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა: „არა, რატომ უნდა ვიყო?“

ეკონომიკის მინისტრი "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" მოუწოდებს, საქმეს მიხედონ

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას შეფასებით, მთავრობამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ მხარს უჭერს ანაკლიის პორტის პროექტს.

17 ოქტომბერს, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე თურნავამ განაცხადა, რომ 2017 წლიდან მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ექვსჯერ გადაუვადა ვალდებულებების შესრულება.

ეკონომიკის მინისტრი მიიჩნევს, რომ მთავრობის მხარდაჭერას ადასტურებს ამ კვირაში მიღებული გადაწყვეტილებაც, რომ კონსორციუმს ხელშეკრულება არ შეუწყვიტოს და ვალდებულებების შესასრულებლად ვადა კიდევ ერთხელ, წლის ბოლომდე გაუგრძელოს.

თურნავა არ ეთანხმება შეფასებებს, რომ ანაკლიის პორტის პროექტის გარშემო განვითარებული მოვლენები პოტენციურ ინვესტორებს დააფრთხობს.

მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პორტი საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ერთადერთი პროექტია, რაც თავისთავად იმის „უმაღლესი დასტურია“, რომ მთავრობისთვის ანაკლია პრიორიტეტულია. ნათია თურნავას თქმით, მთავრობის არა მხოლოდ სიტყვიერი, არამედ ფინასური მხარდაჭერიდან და საერთაშორისო რეიტინგებით დადასტურებული საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებიდან გამომდინარე, სერიოზულ ინვესტორებს კითხვები არ უნდა გაუჩნდეთ.

ეკონომიკის მინისტრმა დაახლოებით ამავე შინაარსის პასუხი გასცა კონსორციუმის განცხადებასაც, რომ მთავრობისგან რეალური მხარდაჭერა იქნება ბოლო ხანს მოძიებული პოტენციური ინვესტორების მიმართ მხარდაჭერის დადასტურება, რაც დღემდე არ მომხდარა.

„ჩვენი გადაწყვეტილება, რომ არ ვისარგებლოთ კონტრაქტით მონიჭებული უფლებით და არ დავიწყოთ კონტრაქტის მოშლის პროცედურა და მივცეთ დამატებითი ვადა კონსორციუმს წლის ბოლომდე, არის კიდევ ერთი დასტური, რომ ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ და ვაცლით ინვესტორს, რომ ბოლოს და ბოლოს, შეასრულოს თავის თავზე აღებული ვალდებულებები. ჩემი მოწოდება იქნება, მიხედონ საქმეს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა 15 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ თუ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ ხელშეკრულებით ნაკისრ შუალედურ ვალდებულებებს დღის ბოლომდე არ შეასრულებს, მთავრობას აქვს უფლება, „მოშალოს საინვესტიციო ხელშეკრულება“. ჯერ კიდევ ვადის ამოწურვამდე, კონსორციუმმა მთავრობა საბოტაჟში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ სამინისტროში არანაირ დოკუმენტებს არ წარადგენს.

16 ოქტომბერს რეგიონული განვითარების და ინფრქსტრუქტურის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ კოსორციუმს ვალდებულებების შესრულების ვადას წლის ბოლომდე უგრძელებს.

მსოფლიოს ქვიშის თამაშებზე ოთხივე ქართველმა სპორტსმენმა მედალი მოიპოვა

ყატარის დედქალაქ დოჰაში 12-16 ოქტომბერს გამართული მსოფლიოს ქვიშის თამაშებიდან საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ოთხი მედლით დაბრუნდა. მსოფლიო კონკურენციაში სულ ოთხი ქართველი სპორტსმენი ჩაება, ოთხივე სპორტის ერთ სახეობაში, ქვიშის ჭიდაობაში, და ოთხივემ შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა. ლევან ქელეხსაშვილი (70 კგ) და დავით ხუციშვილი (80 კგ) ჩემპიონები გახდნენ, დავით მარსაგიშვილი (90 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა, მამუკა კორძაია - ბრინჯაოს (+90 კგ).

მსოფლიოს ქვიშის თამაშები ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიო ასოციაციის (ANOC) ეგიდით გაიმართა. სულ მედლები სპორტის 13 სახეობაში გათამაშდა და თამაშებში მონაწილეობა 97 ქვეყნის 1200-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG