Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანის რიგებში მებრძოლ ამერიკელს სამოქალაქო სასამართლოში გაასამართლებენ


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა 20 წლის ამერიკელს, ჯონ უოკერ ლინდს, რომელიც თალიბანის რიგებში იბრძოდა, შეერთებული შტატების სამოქალაქო სასამართლოს გადასცემენ,

და არა სამხედრო ტრიბუნალს. მთავრობა მის სიკვდილით დასჯას არ მოითხოვს.

შეერთებული შტატების იუსტიციის მინისტრის ჯონ ეშკროფტის თქმით, უოკერს ბრალად ედება ტერორისტებთან თანამშრომლობა და თალიბანთან კავშირი, რეჟიმთან, რომელიც გასული წლის ბოლომდე ავღანეთის უდიდეს ნაწილს აკონტროლებდა.

უოკერი გასული წლის ნოემბერში ამერიკელმა ჯარისკაცებმა დააპატიმრეს მაზარ-ი-შარიფის ციხე-სიმაგრეში, პატიმართა აჯანყების შემდეგ. მას მერე ის შეერთებული შტატების სამხედრო გემზე იმყოფება, სპარსეთის ყურეში.

თეთრი სახლის პრეს-მდივანმა არი ფლაიშერმა თქვა, რომ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უოკერის გასამართლების მომხრეა და დარწმუნებულია, რომ პროცესი სამართლიანი იქნება.

დეკემბრის ბოლოს ბუშმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმად ტერორიზმში ეჭვმიტანილი უცხო მოქალაქეები სამხედრო ტრიბუნალებმა უნდა გაასამართლოს. ექსპერტების თქმით, ეს ტრიბუნალები განკუთვნილია მხოლოდ უცხოელებისთვის, ამიტომ უოკერის იქ გასამართლება არ შეიძლება. მაგრამ შეერთებული შტატების კანონმდებლობით, უოკერს, იმის გამო, რომ ის უცხო ქვეყანაში ამერიკის მოწინააღმდეგე ძალებთან ერთად იბრძოდა, შეიძლება ჩამოართვან შეერთებული შტატების მოქალაქეობა.

ბუშის ამასწინანდელი ბრძანებულებით დაშვებული ტრიბუნალები ჯერ არ არის დაარსებული, მაგრამ სამოქალაქო უფლებების დამცველი ჯგუფები მათ უკვე აკრიტიკებენ. მათი თქმით, ტრიბუნალის დაარსება იმ ადამიანთა კონსტიტუციური უფლებების ხელყოფას ნიშნავს, ვინც შეერთებული შტატების მოქალაქე არ არის.

სამშაბათს, ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე, ეშკროფტმა თქვა, რომ შეერთებული შტატები განაგრძობს 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების შემსრულებელთა ძებნას. “ჩვენ ვერ დავტოვებთ დაუსჯელად უცხოელების მიერ განხორციელებულ ტერაქტებს, ისევე, როგორც თავდასხმებს, რომლებიც ჩვენი საკუთარი მოქალაქეების მიერ არის განხორციელებულიო.”

ეშკროფტის თქმით, ბრალდებები ძირითადად ეფუძნება გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის უოკერის მიერ მიცემულ ჩვენებებს. იუსტიციის მინისტრმა ბრალდებები ასე შეაჯამა: [ჯონ ეშკროფტის ხმა] “ჩვენი რწმენით, უოკერი შეგნებულად და მიზანდასახულად შეუერთდა ტერორისტულ ორგანიზაციას, ტერორს. მან გადაწყვიტა, ფანატიკოსებს დაკავშირებოდა. და მისი ერთგულება ვერც იმ ფაქტმა შეარყია, რომ ამ ფანატიკოსებმა და ტერორისტებმა ათასობით მისი თანამემამულე მოკლეს.”

კათოლიკე უოკერმა ისლამი 16 წლის ასაკში მიიღო. მისი აღიარებით, გასული მაისიდან ის ავღანეთში, ტერორისტების ბანაკში გადიოდა წვრთნას. ბანაკში მან 7 თვე დაჰყო. ამ პერიოდში, უოკერის აღიარებით, ოსამა ბინ ლადენი რამდენჯერმე ეწვია ბანაკს და ერთხელ უოკერსაც კი შეხვდა.

პრესკონფერენციაზე ეშკროფტმა თქვა, რომ უოკერმა ჯერ კიდევ ივნისში გაიგო, რომ ბინ ლადენმა შეერთებულ შტატებში თავისი ხალხი გაგზავნა თვითმკვლელური ტერაქტების განსახორციელებლად. მაგრამ ბანაკი არც ამის შემდეგ დაუტოვებია.

ეშკროფტმა დასძინა, რომ უოკერი და ბანაკის კიდევ 4 წევრი ხუთ წუთს ესაუბრნენ ბინ ლადენს, რის შემდეგაც ტერორისტების მეთაურმა მათ თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.
XS
SM
MD
LG