Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი ახალი ექსპერიმენტის იდეას გვთავაზობს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ექსპერიმენტების მოყვარული საქართველოს პრეზიდენტი კვლავ ახალი ინიციატივით გამოდის.

მთავრობის სხდომაზე ედუარდ შევარდნაძემ წამოაყენა საგადასახადო სისტემის დეცენტრალიზაციის იდეა, რომელსაც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები არცთუ უსაფუძვლო სკეფსისით შეხვდნენ. რას გულისხმობს პრეზიდენტის ახალი ექსპერიმენტი?

მთავრობის 16 იანვრის სხდომაზე შევარდნაძემ ტრადიციას არ უღალატა და საზოგადოებას ახალი ექსპერიმენტი შესთავაზა. საგადასახადო სისტემის დეცენტრალიზაციის იდეის თანაავტორობაზე პრეტენზია თამამად შეიძლება განაცხადონ სხვადასხვა რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. თუმცა, თბილისის მერს ვანო ზოდელავას ამ საქმეში პიონერობას, ალბათ, ვერავინ შეეცილება.

საგადასახდო სამსახურების ორმაგ დაქვემდებარებაზე, ან, საერთოდ, ადგილობრივი მმართველობის კურატორობის ქვეშ ამ უწყებათა გადასვლაზე საუბარი ახლა არ დაწყებულა. იგივე ზოდელავა ამ წინადადებას ჯერ კიდევ შემოსავლების მინისტრად მიხეილ მაჭავარიანის მუშაობის პერიოდში აყენებდა, თუმცა ამ ექსპერიმენტს მაშინ ხორცშესხმა არ ღირსებია. სამაგიეროდ, დღეს პრეზიდენტმა სიახლის განსახორციელებლად, ერთი შეხედვით, შესაფერისი მომენტი შეარჩია: დეკემბრის ბიუჯეტში სერიოზული გარღვევა აღინიშნა. შევარდნაძის აზრით, ასეთივე ბედი შეიძლება ეწიოს იანვრის ბიუჯეტსაც. სიტუაციის გამოსასწორებლად, ტრადიციულად, რაღაც უნდა შეიცვალოს და ექსპერიმენტების მოყვარული პრეზიდენტიც, თავისი მრჩევლებისა და ეკონომიკის ექსპერტების აზრის გაუთვალისწინებლად, რიხიანად გამოთქვამს საგადასახოს დეცენტრალიზაციის იდეას.

ფისკალური ორგანოები, - საბაჟო და საგადასახადო - როგორც წესი, ფედერალური სტრუქტურები გახლავთ და ნორმალურ ქვეყნებში გადასახადის აკრეფა ცენტრალიზებულად ხდება. ექსპერიმენტის ჩატარების აუცილებლობას მისი მომხრეები სუსტი ადმინისტრირებით ხსნიან, რაც თავისთავად მართლაც სერიოზული პრობლემაა და ჩვენი საბიუჯეტო პროცესებიც სწორედ მის გამოა მუდმივი კრიტიკის ობიექტი. მაგრამ იმავე ოფიციალური სტატისტიკით, იმ ტიპის გადასახადების ადმინისტრირების დონე, რომელიც, ტრადიციულად, ადგილობრივი ბიუჯეტის პრეროგატივაა, გაცილებით დაბალია, ვიდრე ცენტრალიზებული მოსაკრებლებისა.

დეცენტრალიზების ექსპერიმენტის ჩატარებას პრეზიდენტი თბილისის მასშტაბით გვთავაზობს, მაგრამ იმავე თბილისის მერიას შეუძლია, დეცენტრალიზაციის ნაცვლად სწორედ ადგილობრივი გადასახადების მობილიზება გააძლიეროს. ამასთან, ორმაგი დაქვემდებარება, შესაძლოა, კორუფციისა და მეწარმეების შევიწროების ახალ იმპულსად იქცეს ქვეყნის საგადასახადო სისტემისათვის, რომელიც, რბილად რომ ვთქვათ, სუფთა არ არის აღებ-მიცემობისგან და რომლის მიმართ ქართველ ბიზნესმენებს არაერთი პრეტენზია აქვთ.

პრეზიდენტის ექსპერიმენტულ იდეას სკეფსისით უყურებენ თავად საგადასახადო შემოსავლების მინისტრი და ცენტრალური ხელისუფლებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები. ამასთან, ეს ნოვაცია, გარკვეულწილად, კანონის დარღვევაც გახლავთ, რადგან მოქმედი კანონმდებლობით გადასახადების ადმინისტრირება ფედერალური სამსახურების პრეროგატივაა. თუმცა, ამგვარი საკანანმდებლო ნონსენსები ჩვენი ხელისუფლებისათვის ახალი ხილი არ არის, რაც საფუძველს გვაძლევს, ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტის ინიციატივა, თუნდაც დედაქალაქის მასშტაბით, რეალიზებულ იქნება.
XS
SM
MD
LG