Accessibility links

ახალი ამბები

რუსეთსა და საქართველოს შორის "ჩარჩო"

რუსეთსა და საქართველოს შორის "ჩარჩო" ხელშეკრულების მომზადებასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში მოსკოვში გაემგზავრება ქართველ ექსპერტთა დელეგაცია საგანგებო დავალებათა ელჩის, მიხეილ უკლებას ხელმძღვანელობით.

რუსეთსა და საქართველოს შორის "ჩარჩო" ხელშეკრულების მომზადებასთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში მოსკოვში გაემგზავრება ქართველ ექსპერტთა დელეგაცია საგანგებო დავალებათა ელჩის, მიხეილ უკლებას ხელმძღვანელობით.
ამის შესახებ პარასკევს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა, კახა სიხარულიძემ.

ყველა ახალი ამბავი

ოკუპირებულ ცხინვალში დაიწყო ვაჟა გაფრინდაშვილის "სასამართლო პროცესი"

ოკუპირებულ ცხინვალში დაიწყო ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდებით დაპატიმრებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის განხილვა. ე.წ. სასამართლოს დახურულ სხდომას თავად ვაჟა გაფრინდაშვილიც ესწრება. თბილისელი ექიმის ინტერესებს ვლადიკავკაზელი ადვოკატი იცავს.

საქმეს განიხილავს ე.წ. ლენინგორის რაიონის (ახალგორი) სასამართლო, რომელიც სხდომებს ცხინვალში ატარებს.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორის რაიონში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.

ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეს განიხილავს მოსამართლე ფატიმა პარასტაევა, რომელმაც 2019 წლის ივლისში, ე.წ. პროკურატურის მიერ წაყენებული ყველა ბრალდება მოუხსნა ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს. მას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მმართველი პარტია „ედინაია ოსეტიას“ მიმართ ცილისწამებასა და დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებდნენ.

ხელი მოეწერა საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული საბჭოს შექმნის შესახებ შეთანხმებას

გიორგი გახარია, ვოლოდიმირ ზელენსკი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის თანახმად, პირისპირ შეხვედრისას, ლიდერებმა განიხილეს ორი ქვეყნის საერთო-ევროპული პერსპექტივა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული გამოწვევები. პრემიერ-მინისტრმა გახარიამ და პრეზიდენტმა ზელენსკიმ ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, რომელიც ორიენტირებული იქნება უსაფრთხოების კუთხით საერთო გამოწვევების გადალახვასა და წარმატების მიღწევაზე ორი სახელმწიფოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

პირისპირ აუდიენციის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის დასრულებისთანავე, გიორგი გახარიამ და ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოსა და უკრაინის მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შექმნის თაობაზე.

სტრატეგიული საბჭოს საქმიანობა მოიცავს ოთხ ძირითად მიმართულებას - პოლიტიკურს, სავაჭრო-ეკონომიკურს, თავდაცვა-უსაფრთხოებასა და კულტურულ-ჰუმანიტარულს. თითოეული მიმართულებით შექმნილ სამუშაო ჯგუფებს შესაბამისი მინისტრები უხელმძღვანელებენ.

ბაგრამის ბაზაზე თავდასხმის გამო ვაშინგტონი მცირე ხნით წყვეტს მოლაპარაკებებს თალიბანთან

ხალილზადის შეხვედრა პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრ შაჰ მეჰმუდ ყურეშისთან

აშშ-ის სპეციალურმა წამომადგენელმა ავღანეთის საკითხებში ზალმაი ხალილზადმა განაცხადა, რომ დროებით შეწყდა თალიბანთან მოლაპარაკება აშშ-ის სარდლობით მოქმედი კოალიციის ბაზაზე 11 დეკემბერს მომხდარი იერიშის შედეგად, რაზეც პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.

ბაგრამის ბაზაზე თვითმკვლელი ტერორისტების თავდასხმის შედეგად 2 ავღანელი დაიღუპა და 70, მათ შორის, ხუთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე, დაშავდა.

აშშ-სა და თალიბანს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებები, რომელიც მიზნად ისახავს ავღანეთში მიმდინარე 18-წლიანი ომის დასრულების გზების მოძებნას, სულ რამდენიმე კვირის წინ განახლდა, 28 ნოემბერს, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ავღანეთში მოულოდნელი ვიზიტის შემდეგ.

„მადლიერების დღეზე“ ავღანეთში ამერიკელ სამხედროებთან ჩასულმა აშშ-ის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ „თალიბანს სურს სამშვიდობო შეთანხმება“ და განაცხადა, რომ მოლაპარაკების განახლების გადაწყვეტილება მიიღო.

ზალმაი ხალილზადმა აღნიშნა, რომ თალიბებთან შეხვედრაზე აღშფოთება გამოთქვა ბაგრამის ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის გამო და მოლაპარაკებებში ხანმოკლე პაუზის დადგომის შესახებ აცნობა. „თალიბებმა უნდა აჩვენონ, რომ პასუხისმგებლობით ეკიდებიან ავღანელთა სურვილს, დამყარდეს მშვიდობა“, - აღნიშნავს ზალმაი ხალილზადი.

ვაშინგტონის შუამავალმა შეხვედრები გამართა ასევე ავღანეთისა და პაკისტანის ლიდერებთან.

აშშ და თალიბანის წარმომადგენელები მთელი წლის განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს 18-წლიანი მიმდინარე ომის დასრულების მიზნით. მოლაპარაკებები ვაშინგტონმა შეწყვიტა სექტემბერში, თალიბების მიერ ორგანიზებული თავდასხმების ახალი სერიის შემდეგ, რასაც რამდენიმე უცხოელი, მათ შორის, ამერიკელი ჯარისკაციც, შეეწირა.

კახა კალაძე: უვადო მოსამართლეებს შორის რამდენიმე ოდიოზური ფიგურაა

კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, 12 ნოემბერს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ 14 უვადო მოსამართლეს შორის რამდენიმე „ოდიოზური ფიგურაა“.

„ჩვენთვის მთავარი არის ის, რომ რეპუტაციულად საზოგადოებას სასამართლოს მიმართ ჰქონდეს განსხვავებული მიდგომები და დამოკიდებულება. ინდივიდუალურად რაც შეეხებათ თვითონ მოსამართლეებს, გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით უკვე მიღებულ იქნა, ბევრი არ იქნა დამტკიცებული, თუმცა მათგან, ვინც იქნა დამტკიცებული, არის რამოდენიმე ოდიოზური ფიგურა. ეს ჩემი მოსაზრება არის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მთავარია სისტემის გაჯანსაღება. „იყო ერთი ადამიანი და მისი დაჯგუფება. ეს იყო მიხეილ სააკაშვილი და მისი დაჯგუფება, ვინც იყო სასამართლო, პარლამენტი, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ყველაფერი იყო ეს ადამიანი“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველოს პარლამენტმა 12 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 19 კანდიდატს უყარა კენჭი. კენჭისყრის შედეგად 14 მოსამართლე დაამტკიცეს.

თამარ ჩუგოშვილი: "ქართული ოცნების" ინიციატივა პროცესის გაგრძელების ყველაზე არასწორი ფორმაა

თამარ ჩუგოშვილი

საქართველის პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის ყოფილი წევრი თამარ ჩუგოშვილი, პროცესის ყველაზე არასწორი ფორმით გაგრძელებას უწოდებს მმართველი გუნდის მიერ დღეს გამოთქმულ ინიციატივას.

თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, 2020 წლის არჩევნებისთვის გარკვეული დათმობების ნაცვლად მოვისმინეთ, რომ მომდევნო არჩევნები კვლავ შერეული, პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ჩატარდება, „მივიღებთ არაპროპორციულად დიდ რაოდენობას ადგილებისა პარლამენტში და მერე ეს რომ არ გაგვიპრობლემდეს, ავდგებით და 2024 წლამდე გარანტირებულად ჩავწერთ კონსტიტუციაში შერეულ საარჩევნო სისტემას“.

ჩუგოშვილის შეფასებით, კრიზისის გამოწვევა შეუძლია მხოლოდ უსამართლო სისტემით და მნიშვნელოვანი დარღვევებითა და ხარვეზებით არჩევნების ჩატარებას, ამიტომ საჭიროა, რომ სისტემა იყოს სამართლიანი და არჩევნები ჩატარდეს გამართულად და დარღვევების გარეშე: „ამის ნაცვლად, იმის თქმა, რომ რაც უკვე წერია კონსტიტუციაში და რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი, ერთად გაკეთებული 2017 წელს, ჩვენი ჯერ კიდევ „ქართულ ოცნებაში“ ყოფნის პირობებში, და რაც იყო ჩემთვის პირადად ერთ-ერთი სამაყო რამ, ისიც დგება უკვე სერიოზული რისკების და კითხვის ნიშნების ქვეშ“.

„ეს ხდება იმიტომ, რომ თუკი დღეს ჩატარდება არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემით, არავინ არ იცის, როდის შეიძლება ქვეყანას დასჭირდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარება. თუკი ჩატარდება ვადამდელი არჩევნები, ის უკვე იქნება პროპორციული. და ეს ინიციატივა ნიშნავს ხელისუფლებისთვის გარანტირებულად შენარჩუნებას ოთხი წლის განმავლობაში საპარლამენტო უმრავლესობის, რომელიც მოპოვებული ექნება შერეული საარჩევნო სისტემით. დღეს მოქმედი კონსტიტუციით ეს ასე არ არის“, - უთხრა ჟურნალისტებს თამარ ჩუგოშვილმა.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნება“ ამ ყველაფერს აკეთებს საზოგადოებაში ყველას აზრის იგნორირებით და, თითქოს, გუნდის შიდა შეთანხმებისა და „უცნაური პროცესების ფონზე, რომლის მიმართ დამაჯერებლობა საერთოდ არ არსებობს“.

თამარ ჩუგოშვილის თქმით, ერთადერთი, რასაც მხარს დაუჭერს, არის ის, რომ მომდევნო არჩევნებისთვის ხელისუფლებამ მოძებნოს გზა სამართლიანი საარჩევნო სისტემისთვის, რადგან დღეს არსებული აცდენილია ქვეყნის საჭიროებებსა და მოთხოვნებს.

ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ ბოლომდე მიიყვანს "ბრექსიტს"

ბორის ჯონსონის მიმართვა არჩევნების შემდეგ

„ბრექსიტის“ მომხრე ბრიტანეთის კონსერვატიულმა პარტიამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში, რაც პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს აძლევს მტკიცე მანდატს, შეასრულოს დანაპირები და ბოლომდე მიიყვანოს ევროკავშირიდან გასვლის პროცესი.

„მე დავასრულებ ამ უაზრობას და ჩვენ 31 იანვრისთვის განვახორციელებთ „ბრექსიტს“, არავითარი „თუ“ და „მაგრამ“, - განაცხადა 13 დეკემბერს ვადამდელი არჩევნების ოფიციალური მონაცემების გამოცხადების შემდეგ კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, ბორის ჯონსონმა, მომხრეების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს.

ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების დათვლის თითქმის საბოლოო შედეგით, ბრიტანეთის პარლამენტის ქვედა პალატაში, კონსერვატორები იღებენ 364 მანდატს, რაც სრულიად საკმარისია მთავრობის დასაკომპლექტებლად და „ბრექსიტის“ გეგმის განსახორციელებლად, რომლის ბოლო ვადა 31 იანვარს იწურება.

2016 წლის ივნისის რეფერენდუმზე ამომრჩეველთა უმრავლესობამ, 52%-მა, მხარი დაუჭირა დიდი ბრიტანეთის გასვლას ევროკავშირიდან.

თუ ახლად არჩეული პარლამენტი, თემთა პალატა, მხარს დაუჭერს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის „ბრექსიტის“ გეგმას, ეს ნიშნავს, რომ ცვლილებების ძალაში შესვლამდე, გარდამავალი პროცესი 2020 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

ლეიბორისტულმა პარტიამ, რომელიც მხარს უჭერდა ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე მოლაპარაკებების განახლებას და საკითხის ხელახლა გატანას რეფერენდუმზე, წინა არჩევნებთან შედარებით უარესი შედეგი უჩვენა და 59 მანდატი დაკარგა, რის გამოც მისმა ლიდერმა ჯერემი კორბინმა განაცხადა, რომ გადადგება პარტიის ლიდერობიდან.

მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა შედეგი შოტლანდიის ნაციონალისტურმა პარტიამ, რომელსაც 48 ადგილი ექნება ახალ პარლამენტში, ხოლო „ბრექსიტის“ გაუქმების მომხრე ლიბერალ- დემოკრატებს, მხოლოდ 11 მანდატი ხვდათ წილად.

ევროკავშირის საბჭოს ახალი პრეზიდენტი შარლ მიშელი იმედოვნებს, რომ „ბრექსიტის“ თაობაზე ლონდონის გეგმები მალე გახდება ცნობილი.

„ჩვენ ველოდებით, რომ ბრიტანეთის პარლამენტში რაც შეიძლება სწრაფად გაიმართება კენჭისყრა. მნიშვნელოვანია, სიცხადის შეტანა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს“, - უთხრა ჟურნალისტებს მიშელმა, ევროკავშირის სამიტში მონაწილეობის მისაღებად ბრიუსელში ჩასვლის შემდეგ.

ლონდონის ყოფილი მერისა და ბრიტანელი კონსერვატორების ლიდერის, ბორის ჯონსონის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო „ბრექსიტის შესრულება“ (Get Brexit Done).

ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლით დასრულდება ბრიტანეთისა და ევროკავშირის 50-წლიანი ინტეგრაცია, რასაც უნდა მოჰყვეს ლონდონსა და ბრიუსელს შორის მოლაპარაკებები ვაჭრობისა და უსაფრთხოების შესახებ ახალი შეთანხმების თაობაზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერით მიულოცა არჩევნებში გამარჯვება ბორის ჯონსონს.

„ვულოცავ ბორის ჯონსონს ამ დიდ გამარჯვებას. აშშ და ბრიტანეთი ახლა უკვე თავისუფალი იქნებიან, რომ გააფორმონ ახალი მსხვილი სავაჭრო შეთანხმება „ბრექსიტის“ შემდეგ! ეს იქნება უფრო დიდი და მოგებიანი შეთანხმება, ვიდრე ნებისმიერი გარიგება, რომელიც შეიძლება ევროკავშირთან დაიდოს. გილოცავ, ბორის!“ - წერს ტვიტერში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

დიდი ბრიტანეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები 13 დეკემბრის დღის ბოლოს გამოქვეყნდება.

უზენაეს სასამართლოსთან სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ, არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" თავმჯდომარემ კახა წიქარიშვილმა და ახალგაზრდული მოძრაობა "ჩვენი ხმის“ წევრებმა უზენაესი სასამართლოს 14 უვადო მოსამართლის არჩევისადმი პროტესტის ნიშნად პერფორმანსი მოაწყვეს. მათ უზენაეს სასამართლოსთან "პანაშვიდი" გამართეს, გვირგვინი მიიტანეს და სამგლოვიარო მელოდია შეასრულეს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ანა დოლიძემ განმარტა, კლანმა საქართველოში მართლმსაჯულების პერსპექტივა დაასამარა, თუმცა ბრძოლა გრძელდება. ანა დოლიძის თანახმად, სამომავლო ქმედებებში საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის იმედი აქვთ:

„ჩვენ ამ მომენტიდან ვიწყებთ მოქმედებას. ორგანიზაციები და დამოუკიდებელი იურისტები ვიწყებთ მიმართვას საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა პარტნიორი ქვეყნებისადმი, რომ ერთად ვეძიოთ გამოსავალი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

საქართველოს პარლამენტმა 12 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 19 კანდიდატს უყარა კენჭი. კენჭისყრის შედეგად 14 მოსამართლე დაამტკიცეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის რუსულად გამოსვლის მიზეზი პრესსპიკერმა განმარტა

სუამ-ის წევრი ქვეყნების პრემიერ-მინისტრები. კიევი, 2019 წლის 12 დეკემბერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, კიევში, სუამ-ის წევრი ქვეყნების მთავრობათა მეთაურების სხდომის შემდეგ კომენტარები რუსულ ენაზე გაკეთდა მასპინძელი ქვეყნის, უკრაინის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რადგან სუამ-ის სამუშაო ენა რუსულია.

კიევში მყოფი ირაკლი ჩიქოვანი დღეს, 13 დეკემბერს გამოეხმაურა კრიტიკას, რომელიც საქართველოში მოჰყვა გიორგი გახარიას რუსულ ენაზე გამოსვლას: „მგონი, ზღვარი უნდა არსებობდეს ადეკვატურობის, ზოგადად, მედიისთვისაც და ზოგიერთი პოლიტიკური ძალისთვისაც. საქმე არაფერთან არ გვაქვს გარდა იმისა, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრის, მასპინძელი სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით კომენტარები გაკეთდა სუამ-ის სამუშაო ენაზე“.

12 დეკემბერს, კიევში, სუამ-ის წევრი ქვეყნების - საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის მთავრობათა მეთაურების პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრების ერთობლივი გამოსვლა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ოლექსი გონჩარუკმა უკრაინულ ენაზე გახსნა, თუმცა შემდეგ თქვა, რომ ორგანიზაციის სამუშაო ენაზე - რუსულზე გადავიდოდა. სხდომის შედეგებზე ოთხივე პრემიერ-მინისტრმა რუსულად ილაპარაკა.

ვოლსკი: პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ ევროპულ ქვეყანას აქვს

გია ვოლსკი

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ მომავალში საქართველოს შესაძლოა ბევრ ევროპულ ქვეყანაზე უკეთესი სასამართლოც კი ჰქონდეს. უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების არჩევის საკითხზე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადების კომენტირებისას, მან განაცხადა, რომ პერსპექტივაში ხედავს გაცილებით უკეთეს სასამართლოს, ვიდრე ბევრ დასავლურ ევროპულ ქვეყანას აქვს.

გია ვოლსკი ამბობს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს, იმავე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ბევრჯერ ექნებათ იმაში დარწმუნების საშუალება, როგორი სტანდარტის სასამართლო მიიღო საქართველომ:

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა ასეთი მექანიზმი, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ ამ პროცედურის ჯანსაღად წარმართვისთვის. მე ვფიქრობ, იმ სტანდარტს, რომელსაც სასამართლო იმსახურებს საერთაშორისო რეიტინგებში, ექნება კვლავაც მომავალში საკმაოდ გამოკვეთილი კონტურები და ვფიქრობ, ბევრ საერთაშორისო ორგანიზაციას, იგივე აშშ-ს საელჩო იქნება ეს თუ სხვა ორგანიზაცია, კიდევ ბევრჯერ ექნება საშუალება, დარწმუნდეს, თუ როგორი სტანდარტის სასამართლო მიიღო საქართველომ მას მერე, რაც ეს ორგანო აბსოლუტურად მიწასთან იყო გასწორებული. მე ამის იმედი მაქვს. კრიტიკული შენიშვნები უნდა იყოს, ალბათ ჩვენც უნდა გვქონდეს, მაგრამ მე პერსპექტივაში გაცილებით უკეთეს სასამართლოს ვხედავ, ვიდრე ბევრ დასავლეთევროპულ ქვეყანას გააჩნია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

საქართველოს პარლამენტმა 12 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 19 კანდიდატს უყარა კენჭი. კენჭისყრის შედეგად 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცეს.

აშშ-ის საელჩო საქართველოში პარლამენტის მიერ მოსამართლეთა დამტკიცების პროცესს განცხადებით 12 დეკემბერს გამოეხმაურა.

„ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ქართველი ექსპერტების შეფასებას, რომ კანდიდატთა შერჩევის შემდგომი პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყო არასაკმარისად გამჭვირვალე, შედეგად, რიგი ნომინირებული პირებისა არ წარმოადგენდნენ საუკეთესო კვალიფიციურ კანდიდატებს.

ნომინირებული კანდიდატების მოსმენები პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში იყო ღია და გამჭვირვალე. მოსმენებისას კანდიდატების გარკვეულმა ნაწილმა ვერ შეძლო საკმარისად წარმოეჩინა იურიდიული ცოდნა ან ერთგულება მიუკერძოებლობისადმი. ჩვენ ვწუხვართ, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სიაში ეს ნომინირებული კანდიდატებიც არიან.

სასამართლო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას, არის დემოკრატიის გარანტი და ეკონომიკური ზრდის ქვაკუთხედი. იმისათვის, რომ საქართველოს სასამართლო სისტემამ მოიპოვოს უფრო მეტი ნდობა, ჩვენ ვურჩევთ პარლამენტს და ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს, რომ დამატებითი კანდიდატების შერჩევამდე რეაგირება მოახდინონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე. ამასთან, იმ მღელვარების გათვალისწინებით პარლამენტში, რაც თან ახლდა დღევანდელ კენჭისყრას, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ თავაზიანობისა და კონსტრუქციულობის ფარგლებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.

"აფხაზეთის ტერიტორიის" სხვისთვის გადაცემისკენ მიმართულ ქმედებას 15 წლამდე პატიმრობით დასჯიან

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის შენობა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა - „სახალხო კრებამ“ ახალი მუხლები დაამატა ე.წ. სისხლის სამართლის კოდექსის თავს, რომელიც „ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის დარღვევას“ ეხება.

ერთ-ერთი ახალი მუხლით, 10-დან 15 წლამდე პატიმრობით დაისჯება მოქმედება, რომელიც მიმართულია „უცხოეთის სახელმწიფოებისთვის აფხაზეთის რესპუბლიკის მთელი ტერიტორიის გადაცემის, ან ტერიტორიის ნაწილის გამოყოფისკენ“.

5-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს „ანტიკონსტიტუციური მოლაპარაკების წარმოება, ან ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულებების დადება“.

დე ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებითვე, სამ წლამდე პატიმრობით დაისჯება „აფხაზეთის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის დარღვევისკენ მიმართული ქმედებებისკენ საჯარო მოწოდება“ და 2-დან 5 წლამდე პატიმრობით ასეთივე ქმედება მასმედიის ან ინტერნეტის გამოყენებით.

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა 8-დან 15 წლამდე საპატიმრო სასჯელი დააწესა უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურში მუშაობისთვისაც.

„ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებამდე საკონსტიტუციო ცვლილებებს განახორციელებს

„ქართული ოცნების“ უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი გუნდი მაჟორიტარ დეპუტატებთან შეთანხმდა, რომ ისინი უკან გაიწვევენ თავიანთ წინადადებას 2024 წელს არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარების ინიციატავასთან დაკავშირებით.

სანაცვლოდ, უმრავლესობა მათ ისეთ მექანიზმს შესთავაზებს, რომელიც მაჟორიტარების მიერ დანახულ ხიფათებს გაანეიტრალებს. მაჟორიტარებს, მათ შორის, მცხეთის მაჟორიტარ დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძეს, მიაჩნიათ, რომ 2020 წლის არჩევნებიდან 2024 წლამდე პერიოდში მუდმივად იქნება საუბარი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით, რაც არასტაბილურობის განცდას გააჩენს და „ეს პროცესი შექმნის ნიადაგს და ცდუნებას პოლიტიკური კრიზისების ხელოვნურად გამოწვევისთვის. საუბარია 2020 წლის შემდეგ პერიოდზე“.

„ჩვენ კი, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ისეთი საკანონმდებლო მექანიზმების შექმნას მოვახერხებთ, რითაც ზემოთ დასახელებულ რისკებს მოვხსნით.

შესაბამისად, ჩვენ 2020 წლის არჩევნებამდე უნდა მოვახერხოთ, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება და ასეთ პირობებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილება გაგრძელდება მხოლოდ 2024 წლამდე. ამ შემთხვევაში, მაჟორიტარი დეპუტატები თავიანთ ინიციატივაზე უარს იტყვიან“, - განაცახადა მამუკა მდინარაძემ.

მისი სიტყვებით, თუ „ქართული ოცნების“ უმრავლესობა ამ გარანტიის შექმნას ვერ შეძლებს, მაშინ მაჟორიტარები გააგრძელებენ პროცესს, რომ 2020 წლის არჩევნებთან ერთად ჩატარდეს რეფერენდუმი სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, 9 დეკემბერს განაცხადა, რომ მაჟორიტარი დეპუტატები და მმართველი გუნდის დანარჩენი წევრები გარკვეულ საკითხებზე შეთანხმდნენ, თუმცა მაშინ შეთანხმების დეტალები არ დაასახელა.

დიმიტრი ხუნდაძემ 4 დეკემბერს დაარეგისტრირა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებს.

დიმიტრი ხუნდაძე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის დარეგისტრირებას გეგმავს, რომელიც, მისი თქმით, ამერიკულ საარჩევნო სისტემასა და ორპალატიან პარლამენტს ითვალისწინებს.

საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის წარდგენის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტს (76 დეპუტატი) ან არანაკლებ 200 000 ამომრჩეველს.

ეკა ბესელია 7-პუნქტიან გეგმას წარადგენს

ეკა ბესელია

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საზოგადოებას სთავაზობს სასამართლო სისტემაში გასატარებელი მოკლევადიანი და გრძელვადიანი ღონისძიებების 7-პუნქტიან გეგმას. მისი შეფასებით, ამ გეგმაში ასახულია უზენაესი სასამართლოს 14 უვადო მოსამართლის დანიშვნის შემდეგ შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის კონკრეტული გზა. კერძოდ, ეკა ბესელიას შეფასებით, საჭიროა:

1 . შეჩერდეს ახალი მოსამართლეების შერჩევის პროცესი, როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, ისე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში;

2. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაჩეროს სახალხო დამცველის მიერ გასაჩივრებული ის ნორმა, რომლის საფუძველზეც ხდება ახალი მოსამართლეების შერჩევა;

3. მომავალ კვირას ეკა ბესელია პარლამენტში წარადგენს კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის დაკომპლექტების შესაძლებლობა არ ჰქონდეს;

4. ეკა ბესელია მიმართავს პარლამენტს, კენჭი უყაროს კლანური მმართველობის შესახებ რეზოლუციის პროექტს;

5. ჩატარდეს კენჭისყრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გამოწვევის საკითხზე;

6. გაფორმდეს მემორანდუმი არჩევნების წინ პოლიტიკურ პარტიებს შორის საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე, რათა გაუქმდეს მოსამართლეთა უვადოდ არჩევის წესი, სახლში წავლენ ის მოსამართლეები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ კეთილსინდისიერებისა და მიუკერძოებლობის ტესტს;

7. მოსამართლეთა ვადიან წესზე გადაყვანის შედეგად სისტემაში მაღალი რეპუტაციისა და კარგი კვალიფიკაციის ახალი მოსამართლეები შევლენ, შეიცვლება იუსტიციის საბჭოს ფორმირებისა და კენჭისყრის წესი.

ეკა ბესელია კრიზისიდან გამოსვლის 7-პუნქტიან გეგმაზე მსჯელობას პროცესში თანამონაწილე ყველა სუბიექტს სთავაზობს.

საქართველოს პარლამენტმა 12 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 19 კანდიდატს უყარა კენჭი. კენჭისყრის შედეგად 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცეს.

დე ფაქტო სასამართლო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეს დახურულ სხდომაზე განიხილავს

ოკუპირებულ ცხინვალში ადგილობრივი დროით 15 საათზე (თბილისის დროით 16 საათი) უნდა დაიწყოს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდებით დაპატიმრებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის განხილვა.

საქმეს განიხილავს ე.წ. ლენინგორის რაიონის (ახალგორი) სასამართლო, რომელიც სხდომებს ცხინვალში ატარებს. რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყაროს ცნობით, სხდომა დახურული იქნება.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორის რაიონში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.

ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეს განიხილავს მოსამართლე ფატიმა პარასტაევა, რომელმაც 2019 წლის ივლისში, ე.წ. პროკურატურის მიერ წაყენებული ყველა ბრალდება მოუხსნა ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს. მას სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მმართველი პარტია „ედინაია ოსეტიას“ მიმართ ცილისწამებასა და დოკუმენტების გაყალბებაში ადანაშაულებდნენ.

ახალციხეში მოკლეს წითელ ნუსხაში შეტანილი კავკასიური მურა დათვის ბელი

ახალციხის მუნიციპალიტეტში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოვლინდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანახმად, სოფელ ტყემლანას მიმდებარედ მოქალაქემ გაუფორმებელი იარაღით მოინადირა წითელ ნუსხაში შეტანილი კავკასიური მურა დათვის ბელი. ბელის წონა 30 კილოგრამს შეადგენდა. სამართალდამრღვევი მაშინ დააკავეს, როდესაც მას ნანადირევი ორ თანმხლებ პირთან ერთად ავტომანქანით გადაჰქონდა. მას გაქცევის საშუალება არ მიეცა:

„იგი იარაღითა და ნანადირევით გაქცევას შეეცადა, მაგრამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მიმალვის საშუალება არ მისცეს. სამართალდამრღვევმა ჩადენილი დანაშაული აღიარა“, - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული სამართალდარღვევა შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს და მასალები შემდეგი რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხის რაიონულ სამმართველოში გადაიგზავნა.

გიორგი გახარია ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

დღეს, 13 დეკემბერს კიევში გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, საერთო გამოწვევები და ერთობლივი ძალისხმევა ამ გამოწვევების დასაძლევად.

კიევში ხელი მოეწერება დოკუმენტს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებას და ყველა მიმართულებით პოზიციების უფრო მეტად დაახლოებას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდება უკრაინის პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს.

12 დეკემბერს გიორგი გახარიამ კიევში მონაწილეობა მიიღო სუამ-ის წევრი ქვეყნების, საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის და მოლდოვის მთავრობათა მეთაურების პლენარულ სხდომაში. პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე დოკუმენტს, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს სუამ-ის წევრ ქვეყნებს შორის ერთიანი ეკონომიკური ზონის შექმნას, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევას და სატრანსპორტო-ენერგეტიკული დერეფნების განვითარებას. სუამ-ის ქვეყნების მთავრობათა მეთაურები უკრაინის პრეზიდენტმაც მიიღო.

პუტინი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის გამართლების მცდელობაში დაადანაშაულეს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა უარყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განცხადება, რომ მოსკოვი ბერლინისგან უშედეგოდ ცდილობდა ზელიმხან ხანგოშვილის ექსტრადიციას.

ჰაიკო მაასმა გერმანიის საზოგადოებრივ ტელეკომპანია ZDF-თან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტის მტკიცება თითქოს, ხანგოშვილის გადაცემის შესახებ არაერთი მიმართვის მიუხედავად გერმანელ კოლეგებთან ურთიერთგაგებას ვერ მიაღწიეს, უაზროდ ჟღერს და დანაშაულის გამართლების მცდელობას ჰგავს.

9 დეკემბერს, პარიზში, „ნორმანდიული ოთხეულის“ სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ზელიმხან ხანგოშვილი იყო რუსეთის მიერ ძებნილი პირი, სისხლიანი ადამიანი, რომელიც მონაწილეობდა სასტიკ ოპერაციებში რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის, მოსკოვის მეტროში მომხდარ აფეთქებაში. პუტინის თქმით, მისთვის უცნობია, რა მოხდა ბერლინში, რადგან „ეს ბანდიტური სფეროა და იქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.

საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა, 23 აგვისტოს, ბერლინში მოკლეს. პოლიციამ იმავე დღეს დააკავა ეჭვმიტანილი, რომელსაც თან ჰქონდა ევროპაში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე, ვინმე ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული ყალბი რუსული პასპორტი.

დეკემბრის დასაწყისში, გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფმა, Bellingcat-მა, კვლევის საფუძველზე განაცხადა, რომ „ვადიმ სოკოლოვი“ სინამდვილეში ვადიმ კრასიკოვია, რომელიც ადრე ირიცხებოდა სპეცდანიშნულების რაზმ „ვიმპელში“ და მონაწილეობდა, სულ მცირე, ორ შეკვეთილ მკვლელობაში.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას თავდაპირველად პოლიცია იძიებდა, თუმცა, დეკემბრიდან საქმე გადაეცა გერმანიის ფედერალურ პროკურატურას, რადგან არსებობს მკვლელობასთან რუსეთის სპეცსამსახურების კავშირის ეჭვი.

ფედერალური პროკურატურა იძიებს ხანგოშვილის მკვლელობის ორგანიზებასთან რუსეთის ან ჩეჩნეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოების სავარაუდო კავშირს. იმის გამო, რომ მოსკოვი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, გერმანიამ ქვეყნიდან გააძევა რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი. საპასუხოდ, რუსეთმა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა გერმანიის საელჩოს ორი თანამშრომელი.

ზელიმხან ხანგოშვილმა საქართველო დატოვა მასზე 2015 წელს, თბილისში განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმისა და მკვლელობის მცდელობის შემდეგ, რომელიც დღემდე გამოუძიებელია.

ევროკავშირმა რუსეთს სანქციები გაუგრძელა

ევროკავშირმა რუსეთს 2020 წლის ივლისის ბოლომდე გაუგრძელა სანქციები, რომლებიც ფინანსურ, ენერგეტიკის და თავდაცვის სფეროებზე ვრცელდება.

გადაწყვეტილება მიღებულია უკრაინის აღმოსავლეთში კონფლიქტის მოგვარების პროცესში პროგრესის არარსებობის გამო. ევროკავშირი სანქციების მოხსნის პირობად ასახელებს მოსკოვის მიერ „მინსკის შეთანხმების“ შესრულებას.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2014 წლის ივლისიდან, ყირიმის ანექსიის გამო მოქმედებს. ევროკავშირი სანქციების ვადის გაგრძელების საკითხს ყოველ ექვს თვეში ერთხელ განიხილავს.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს უნდა გაიმართოს

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სასამართლო დღეს, 13 დეკემბერს განიხილავს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევაში ბრალდებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეს.

ქართველი ექიმი თვეზე მეტია უკანონო პატიმრობაში იმყოფება. დე ფაქტო სასამართლოში საქმის განხილვა დღის მეორე ნახევარში დაიწყება.

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება იყო მთავარი საკითხი, რომელიც 10-11 დეკემბერს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 50-ე რაუნდზე განიხილეს. საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ რუსეთისა და მისი სოაკუპაციო რეჟიმისგან კიდევ ერთხელ მოითხოვა ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლება. ეს მოთხოვნა ჰქონდათ ევროკავშირის, გაეროს, ეუთოსა და აშშ-ის წარმომადგენლებსაც.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორის რაიონში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.

ეგზიტ პოლების თანახმად, ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორები იმარჯვებენ

დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის კონსერვატიულ პარტიას პარლამენტში უმრავლესობა ექნება. ასეთია ამ წუთებში გამოქვეყნებული ეგზიტ პოლების შედეგები. ეს მთავრობას საშუალებას აძლევს, განახორციელოს ევროკავშირიდან გასვლა 31 იანვრამდე.

ეგზიტ პოლების მიხედვით, კონსერვატორები 368 ადგილს მოიპოვებენ, რაც უზრუნველყოფს მათ უმრავლესობას 650-ადგილიან პარლამენტში. ლეიბორისტულ პარტიას 191 ადგილს უწინასწარმეტყველებენ, შოტლანდიის ნაციონალურ პარტიას 55 ადგილს, ლიბერალ-დემოკრატებს კი - 13-ს.

კენჭისყრის ოფიციალური შედეგები უახლოესი შვიდი საათის განმავლობაში გამოცხადდება.

უკანასკნელ ხუთ არჩევნებში მხოლოდ ერთი ეგზიტ პოლის შედეგები იყო მცდარი - 2015 წელს კონსერვატორებმა 14 ადგილით მეტი მიიღეს, ვიდრე ამას გამოკითხვა წინასწარმეტყველებდა.

აშშ-ის სენატის რეზოლუცია აღიარებს ოსმალეთის იმპერიაში სომხების გენოციდს

აშშ-ის სენატმა ხუთშაბათს მოიწონა რეზოლუცია, რომელშიც ოსმალეთის იმპერიაში პირველი მსოფლიო ომის დროს სომხების მასობრივი გაჟლეტა გენოციდად არის აღიარებული. დოკუმენტი ადრე ერთხმად მოიწონა წარმომადგენელთა პალატამ.

დემოკრატ ბობ მენენდესს და რესპუბლიკელ ტედ კრუზს არაერთხელ გამოუტანიათ რეზოლუცია განსახილველად, მაგრამ აქამდე მათი კოლეგების ბლოკავდნენ მას. ახლახან ეს გააკეთა, მაგალითად, რესპუბლიკელმა ლინდსი გრემმა. მან განაცხადა, რომ თეთრი სახლის თხოვნას ასრულებს. ახლა, როგორც ჩანს, თეთრმა სახლმა უკან წაიღო თავისი თხოვნა. როგორც მოსალოდნელია, მიღებულ რეზოლუციას თურქეთის მკვეთრი კრიტიკა მოჰყვება.

სომხების გენოციდი აშშ-ის ისტორიაში პირველად აღიარეს სახელმწიფოს დონეზე. აქამდე ის მხოლოდ რამდენიმე შტატმა აღიარა.

ამჟამად აშშ-სა და თურქეთს შორის ურთიერთობა დაძაბულია ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციისა და ანკარის მიერ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების, S-400-ების შესყიდვის გამო.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რუსთავში ადამიანი დაიღუპა

ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, რომელიც 12 დეკემბერს რუსთავში, ხელახლა მშენებარე მშვიდობის ქუჩაზე მოხდა.

ორი ქალი სახლში, ჭყონდიდელის დასახლებაში მიდიოდა, როდესაც მათ ჩაბნელებულ ქუჩაზე ფეხით გადასვლის დროს, მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.

რუსთავის საკრებულოს წევრმა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ ნანა შატბერაშვილმა, რომელიც ჭყონდიდელის დასახლებაში ცხოვრობს, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დაღუპული 45 წლის ქალია. მისივე თქმით, მეორე ქალი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს, ის მსუბუქად დაშავდა.

„წლებია, ჭყონდიდელის დასახლება საღამოობით ტრანსპორტით უზრუნველყოფას ითხოვს, ასევე, მუნიციპალური ავტობუსის მეტი ინტენსივობით მოძრაობას. საღამოობით დასახლების ბინადართ სახლში მისვლა ფეხით უწევთ, შესაბამისად, მშვიდობის ქუჩაზეც ფეხით გადადიან", - ამბობს შატბერაშვილი.

აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაცია გასულ წელს შემოდგომაზე უნდა დასრულებულიყო, მაგრამ პირობების შეუსრულებლობისთვის ადგილობრივმა მერიამ კონტრაქტორ კომპანიასთან ხელშეკრულება გაწყვიტა და ახალი ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებულმა კომპანიამ ასფალტის საფარის პირველი ფენა უკვე დააგო.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გიგი უგულავას შეუფარდეს 2000 ლარი გირაო, პასპორტის და ID ბარათის ჩამორთმევა

„ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივნის გიგი უგულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ იმსჯელა თბილისის საქალაქო სასამართლომ.

როგორც პროკურორი ამბობს, სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და უგულავას აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა (სასამართლო თანხის რაოდენობის ნაწილში პროკურორს არ დაეთანხმა) გარდა ამისა, უგულავას, როგორც პროკურორი აღნიშნავს, მიმალვის საფრთხეებიდან გამომდინარე დაავალა, რომ საგამოძიებო ორგანოს ჩააბაროს პასპორტი და ID ბარათი.

„საფრთხეები ეფუძნება, ერთი მხრივ, იმას, რომ თუნდაც დღევანდელ პროცესზე არ გამოცხადდა ბრალდებული, მინიმუმ ადვოკატს მაინც შეეძლო მოსვლა. ამასთან, წინა საქმეებში არის აღნიშნული, რომ ბრალდებული შეეცადა მიმალვას და ამიტომ პატიმრობის ღონისძიება იყო გამოყენებული“, - აღნიშნავს ბრალმდებელი.

პროკურორი არსებული მტკიცებულებების შესახებაც მიუთითებს. ესენია: ადგილზე მყოფი მოწმის ჩვენებები; დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საექსპერტო დოკუმენტაცია; დაზარალებულის დაზიანებული სვიტერი.

სხდომას გიგი უგულავა და მისი ადვოკატი არ ესწრებოდნენ, ამიტომ მის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი იცავდა. უგულავა სასამართლო პროცესს ფარსს უწოდებს.

უგულავას საქმეზე წინასასამართლო სხდომა 30 იანვარს დაინიშნა.

გიგი უგულავას 11 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ინციდენტის გამო ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით აქვს წარდგენილი.

უგულავასთან ერთად მყოფი თბილისის საკრებულოს წევრი გოკა გაბაშვილი დაზარალებულად ცნეს.

თბილისის ყოფილი მერის თქმით, მას და გოკა გაბაშვილს ორი პირი აეროპორტის ყველაზე დაცულ ზონაში, კონტროლს მიღმა დაესხა თავს.

„მოვიდა ვიღაც მუტრუკი, რომელმაც დაიწყო საუბარი ტექსტით, რასაც ყოველდღე ვისმენთ ამათი [„ქართული ოცნების“] „ორკებისგან“ და „ტიტუშკებისგან“. ვუთხარი, რომ დაგვანებე თავი. ამასობაში მეორე მოვიდა, კუნთიანი და დაიწყო ჩხუბი. შემდეგ პოლიცია მოვიდა, წაიყვანა ისინი", - თქვა გამოკითხვის შემდეგ გიგი უგულავამ.

უგულავა ამბობს, რომ ლარნაკაში მიდიოდა ივანიშვილის რუსეთში საქმიანობის შესახებ მასალების გასაცნობად.

ევროპარლამენტარები რუსეთს მოუწოდებენ, გააუქმოს კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ

ევროპის პარლამენტის ლიბერალური ფრაქციის, ევროპის განახლების“ წევრები რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებენ, გააუქმოს კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ.

რადიო თავისუფლებამ მოიპოვა იმ განცხადების ტექსტი, რომელსაც ხელს აწერენ ფრაქციის წევრები ლიტვის წარმომადგენლის, პიატრას აუშტრიავიჩასის ხელმძღვანელობით. მასში მხარდაჭერაა გამოთქმული რუსეთის იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც მუშაობენ იმისთვის, „რათა საკუთარი თანამოქალაქეები გაანათლონ და ინფორმაცია მიაწოდონ მათ“, მათ შორის ჟურნალისტური საქმიანობით.

განცხადების ავტორები ახსენებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ახლახან ხელი მოაწერა შესწორებას კანონში „უცხოელი აგენტების“ შესახებ, რომლებიც პირდაპირ ეხება ჟურნალისტებს, ბლოგერებსა და სოცქსელების ყველა მომხმარებელს. „დასანანია, რომ რუსეთის ხელისუფლება განაგრძობს ადამიანის უფლებების დარღვევას როგორც რუსეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ“, ნათქვამია განცხადებაში.

ევროპარლამენტმა მაისში უკვე მოუწოდა რუსეთს, გააუქმოს კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, მაგრამ კანონის შესწორებებზე ჯერ ოფიციალურად არ გაუკეთებია განცხადება.

ახლახან მიღებული შესწორებების მიხედვით, „უცხოეთის აგენტ“ მედიასაშუალებებად შეიძლება მიჩნეულ იქნენ ფიზიკური პირებიც, რომლებიც ავრცელებენ ადრე უცხოეთის აგენტებად აღიარებული მედიასაშუალებების ინფორმაციას და საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან.

ადამიანის უფლებების დამცველთა თქმით, კანონი ისეა ფორმულირებული, რომ ფაქტობრივად შეიძლება „აგენტად“ იყოს აღიარებული რუსეთის მილიონობით მოქალაქე.

პარლამენტთან დაკავებული 16 პირი გაათავისუფლეს, მათი სასამართლო პროცესები გაგრძელდება

სასამართლომ ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი პარლამენტთან 12 დეკემბერს დაკავებული ყველა პირი გაათავისუფლა, - უთხრეს რადიო თავისუფლებას თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში.

აქციის 16 მონაწილიდან ათის სასამართლო პროცესი 13 დეკემბერს, ჩატარდება. ექვსი ადამიანის საქმეს 14:00 საათზე მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილი განიხილავს. ოთხის პროცესი 15:00 საათზე გაიმართება.

დანარჩენი ექვსი პირის პროცესი კი 24 დეკემბეერს არის დანიშნული.

პარლამენტთან დაკავებულებს ადმინისტრაციულ სამართალდაერღვევათა კოდექსის თანახმად, ედავებიან წვრილმანი ხულიგნობას (166-ე მუხლი) და სამართალდამცავი ორგანოს კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (173-ე).

პარლამენტმა 12 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 19 კანდიდატიდან 14 უვადო მოსამართლედ დაამტკიცა. სწორედ, ამ პროცესით იყო გამოწვეული მოქალაქეების პროტესტი, რასაც 16 პირის დაკავება მოჰყვა.

პელოსი: წარმომადგელთა პალატა მომავალ კვირაში გამართავს კენჭისყრას ტრამპის იმპიჩმენტზე

ნენსი პელოსი

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ ხუთშაბათს განაცხადა, რომ პალატა მომავალ კვირაში გამართავს კენჭისყრას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის თაობაზე.

ხუთშაბათს იმპიჩმენტის საკითხებს განიხილავენ წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტში. მოელიან, რომ მისი წევრების უმრავლესობა მხარს დაუჭერს პრეზიდენტისთვის წაყენებულ ორივე ბრალდებას - უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენებას და კონგრესის გამოძიებისთვის ხელის შეშლას. კომიტეტში უმრავლესობა იმპიჩმენტის მომხრეების, დემოკრატების ხელშია.

დემოკრატებს უმრავლესობა აქვთ მთელს წარმომადგენელთა პალატაშიც. როგორც ვარაუდობენ, ტრამპს იმპიჩმენტის განაჩენს გამოუტანენ. არ არის ნათელი, დაუჭერს თუ არა ამ გადაწყვეტილებას მხარს რომელიმე რესპუბლიკელი. ჯერჯერობით ყველა რესპუბლიკელი ტრამპის მხარდამჭერ გადაწყვეტილებებს იღებს. იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ისინი ცდილობენ, რომ საბოლოო კენჭისყრის ვადა გადაიწიოს.

იმპიჩმენტის ბრალდებები მიმდინარე კვირაში ჩამოაყალიბა კონგრესმა. უფლებამოსილებების ბრალდება ემყარება იმას, რომ ზაფხულში ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება შეაჩერა. ამავე დროს, როგორც იტყობინებიან, ტრამპი და მისი ახლო წრე ცდილობდა დაერწმუნებინა უკრაინა, რომ გამოძიება დაეწყო ტრამპის მთავარი პოლიტიკური მეტოქის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეროლდ ნედლერმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებით ტრამპი „ასუსტებს მოკავშირეს, რომელიც ამერიკის უსაფრთხოების ინტერესებს ემსახურება, როცა ამერიკის მტერს ებრძვის“. „და როცა პრეზიდენტი მოითხოვს, რომ უცხოეთის სახელმწიფომ გამოძიება ჩაატაროს მისი შიდაპოლიტიკური მეტოქის წინაღმდეგ, ის არჩევნების კორუმპირებას ეწევა“, დასძინა ნედლერმა.

მეორე ბრალდება დაკავშირებულია ტრამპის უარზე, კონგრესთან ითანამშრომლოს იმპიჩმენტთან დაკავშირებული საკითხების გამოძიებაში.

რესპუბლიკელები და თავად ტრამპი აცხადებენ, რომ პრეზიდენტს კანონი არ დაურღვევია. მათი თქმით, ტრამპის მოქმედების მიზანი იყო უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა.

კონგრესის ზედა პალატის, სენატის უმრავლესობის ლიდერმა მიჩ მაკონელმა განაცხადა, რომ სენატი იმპიჩმენტის საკითხს იანვარში განიხილავს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG