Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სურს თუ არა საუდის არაბეთს, რომ ამერიკელმა სამხედროებმა დატოვონ სამეფო?


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ოსამა ბინ ლადენის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი იყო, “ურჯულო” ამერიკელებისგან გაეწმინდა თავისი მშობლიური ქვეყანა – საუდის არაბეთი, ისლამის წმიდათაწმიდა მიწა-წყალი,

სადაც ორი ყველაზე წმინდა ქალაქი, მექა და მედინა მდებარეობს.

11 სექტემბრის ტერაქტებიდან რამდენიმე კვირის მერე ჩაწერილ ვიდეომიმართვაში მან კვლავ მოითხოვა გაუქმება ამერიკის საჰაერო ბაზისა, რომელიც საუდის არაბეთში 1991 წლის სპარსეთის ყურიის ომის შემდეგ იმყოფება. ბინ ლადენმა, აგრეთვე, მუსლიმანურ სამყაროს ამერიკის წინააღმდეგ ჯიჰადისკენ მოუწოდა.

დღეს ბინ ლადენს ამერიკელები მოსაკლავად დასდევენ და შეიძლება უკვე მოკლეს კიდეც, მაგრამ მისი ოცნება, საუდის არაბეთიდან მათი გაძევების შესახებ, შეიძლება აღსრულდეს.

გაზეთ “ვაშინგტონ პოსტს” მოჰყავს საუდის არაბეთის მაღალი რანგის ანონიმი ოფიციალური პირების სიტყვები, თითქოს რიადმა ვაშიგტონს პრინც სულთანის ბაზიდან მისი ჯარების გაყვანა სთხოვა. ეს ცნობა უარყო პარასკევს თეთრი სახლის პრეს-მდივანმა არი ფლაიშერმა.

დებატები საუდის არაბეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გარშემო ახალი არ არის. ამერიკის მედია და ზოგიერთი პოლიტიკური მოღვაწე აკრიტიკებს რიადს. მართალია, ამბობენ ისინი, საუდის არაბეთმა მკაცრად დაგმო მის მოკავშირე შეერთებულ შტატებზე ტერორისტული თავდასხმები, მაგრამ ფაქტია, რომ თვითმფრინავების 19 გამტაცებლიდან 15 საუდის არაბეთის მოქალაქე იყო. რიადი, თავის მხრივ, უკმაყოფილოა იმით, რომ შეერთეული შტატები არ აკეთებს საკმარისს ისრაელში პალესტინელთა მდგომარეობის შესამსუბუქებლად.

გასულ კვირაში წამყვანმა დემოკრატმა სენატორმა კარლ ლევინმა, სენატის შეიარაღებული სამსახურების კომიტეტის თავმჯდომარემ თქვა რომ შეერთებულ შტატებს ჰმართებს საუდის არაბეთიდან თავისი ჯარების გაყვანა.

რიადს, როგორც ჩანს, ჰგონია, რომ ბაზა ამერიკას სჭირდება, მაშინ როცა მისი დანიშნულება საუდის არაბეთის დაცვააო, თქვა მან.

ჯოზეფ მაკმილანმა, პენტაგონის ყოფილმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ რიადისა და ვაშინგტონის სტრატეგია უკვე აღარ ემთვხვევა ერთმანეთს და რომ საუდის არაბეთს უკვე აღარ მიაჩნია, რომ მან ერაყისგან უნდა დაიცვას თავიო.

[მაკმილანის ხმა] “როცა თქვენ ხართ სახელმწიფოს მეთაური, რომლის ოფიციალური სახელია “ორი წმინდათა წმინდა მეჩეთის მცველი,” თქვენი პოლიტიკური სიტუაცია საეჭვოა, ვინაიდან განუწყვეტლივ გიხდებათ ახსნა-განმარტება, თუ რატომ ვერ იცავთ ამ წმინდა ადგილებს “ურჯულოების” დახმარების გარეშე.”

მაგრამ ამერიკელი სამხედრო ექსპერტები თვლიან, რომ თუმცა შეერთეულ შტატებს ჰყავს სამხედრო ძალები სპარესთის ყურის სხვა სახელმწიფოებში – კატარში, ომანში, ბაჰრეინსა და ქუვეთიში – პრინც სულთანის ბაზა ყველაზე მნიშვნელოვანია. ავღანეთში ანტიტერორიტული კამპანიის მსვლელობაში შეერთებული შტატები სწორედ იქიდან ხელმძღვანელობდა ოპერაციებს.

აქედან გამომდინარე, მიმომხილველების ნაწილი თვლის, რომ რადგან ვაშინგტონის ინტერსებშია საუდის არაბეთის მთავრობისთვის მხარდაჭერა, საჭიროა საუდის სამეფო სახლის წინააღმდეგ კრიტიკის შეჩერება.
XS
SM
MD
LG