Accessibility links

ახალი ამბები

ყანდაარის გუბერნატორმა, გულ აღამ ერთგულება

ყანდაარის გუბერნატორმა, გულ აღამ ერთგულება შეჰფიცა ავღანეთის დროებით მთავრობას.

ყანდაარის გუბერნატორმა, გულ აღამ ერთგულება შეჰფიცა ავღანეთის დროებით მთავრობას.
გულ აღამ პირობა დადო, რომ თავს არ დაესხმება მეზობელი ჰერათის რეგიონის სამხედრო მეთაურ ისმაილ ხანს, თუ ასეთ განკარგულებას არ მიიღებს დროებითი მთავრობისაგან. აღამ ყანდაარში გამართულ შეკრებაზე განაცხადა აგრეთვე, რომ ირანი ავღანეთში აგზავნის ტრანსპორტსა და იარაღს, ჰამიდ კარზაის დროებითი მთავრობისთვის ძირის გამოთხრის მიზნით. აღმოსავლეთი ავღანეთის ქალაქ ხოსტში თავდაცვის სამინისტროს საგარეო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელის განცხადებით, მოქიშპე პაშტუნი ლიდერები ზაკიმ ხანი და ბაჩა ხან ზადრანი ქაბულში არიან ჩასული, სავარაუდოდ, ერთმანეთთან მოსალაპარაკებლად.

ყველა ახალი ამბავი

გამოვლინდა რადიო თავისუფლების ჰაკათონის გამარჯვებული

13 ოქტომბერს რადიო თავისუფლების ჰაკათონის გამარჯვებული გამოვლინდა. თემისი - ასე ჰქვია გამარჯვებული გუნდის ჩეთბოტს, რომელიც გიორგი შუბლაძემ, აკაკი თითბერიძემ და საბა ლანჩავამ შექმნეს.

თემისი არჩევნების შესახებ ინფორმაციას აწვდის დაინტერესებულ ფეისბუკმომხმარებლებს. ბოტი პასუხობს ამ თემის ირგვლივ დასმულ კითხვებს და შედის დიალოგში აუდიტორიასთან.

ჟიურიმ გამარჯვებული 4 კრიტერიუმის მიხედვით გამიავლინა: ჩეთბოტის ადექვატურება ამოცანასთან, მისი სირთულის ხარისხი, ჩეთბოტის პერსონალობა და კავშირი მედიასთან.

გამარჯვებული გუნდი რადიო თავისუფლებაში ანაზღაურებად პრაქტიკას გაივლის. გუნდის წევრები იმუშავებენ რადიო თავისუფლების ჩეთბოტის განვითარებაზე.

ჰაკათონში 11 გუნდი იღებდა მონაწილეობას. ისინი 48 საათის განმავლობაში მუშაობდნენ ჩეთბოტებზე.

ვეტერანმა ქართველმა მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ცხრა მედალი მოიპოვეს

თბილისში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ჭიდაობაში ვეტერანებს შორის. 8-13 ოქტომბერს გამართული შეჯიბრების პირველ სამ დღეს სპორტის სასახლეში მსოფლიო ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდნენ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში. შემდეგ კი მედლები თავისუფალ ჭიდაობაშიც გათამაშდა.

შეჯიბრებაში მონაწილეობა ორმოცდაერთი ქვეყნის შვიდასზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო. საქართველოს ნაკრების სახელით კი მსოფლიო კონკურენციაში ორმოცდახუთი ვეტერანი მოჭიდავე ჩაება და ცხრამეტმა მედალი მოიპოვა. მათ შორის ოთხმა - ოქრო.

მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ: ზურაბ წიქარიძე, აკაკი ჩაჩუა, ამირან სვანიძე და ლუკა კურტანიძე.

გარდაიცვალა კინორეჟისორი მიხეილ კობახიძე

მიხეილ კობახიძე

80 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა ცნობილი კინორეჟისორი მიხეილ (მიშა) კობახიძე.

კობახიძე 1939 წლის 5 აპრილს, თბილისში დაიბადა. 1965 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი.

ფილმების გადაღება დაიწყო სტუდენტური პერიოდიდან. 1964 წელს გადაღებულმა სადიპლომო ფილმმა "ქორწილი" სამი პრიზი მიიღო ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე. 1967 წელს კობახიძემ გადაიღო ფილმი "ქოლგა", რომელმაც პოლონეთში, კრაკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზი და "ფიპრესის" პრიზი მოიპოვა. 1969 წელს რეჟისორმა გადაიღო მოკლემეტრაჟიანი ფილმი "მუსიკოსები", რომლის გამოც მას საბჭოთა ცენზურასთან პრობლემები დაეწყო და დამოუკიდებლად ფილმების გადაღება აეკრძალა.

1996 წლიდან ცხოვრობდა პარიზში, საფრანგეთში. 1996 წელს ვენეციის კინოფესტივალზე მოეწყო მისი ფილმების რეტროსპექტივა.

მიხეილ კობახიძე იყო მსახიობ გეგა კობახიძის მამა, "თვითმფრინავის ბიჭების" საქმის მონაწილის, რომელსაც 1984 წელს ამ საქმის გამო მაშინდელი სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიესაჯა.

აბაშიძის ქუჩაზე თავს დაესხნენ ქალს

თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, უკრაინის მოქალაქე ქალს თავს დაესხნენ.

შს სამინისტროში ადასტურებენ ქალზე თავდასხმის ფაქტს და აცხადებენ, რომ დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

დამატებით კითხვებს უწყებაში არ პასუხობენ.

„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა ტაქსის მძღოლმა მიაყენა.

მოსკოვში ერთკაციანი აქციები გაიმართა ოთხი წლით პატიმრობამისჯილი აქტივისტის მხარდასაჭერად

რუსეთის დედაქალაქში 13 ოქტომბერს რამდენიმე ერთკაციანი აქცია გაიმართა, ოპოზიციის აქტივისტის მხარდასაჭერად, რომელსაც ოთხი წლით მიუსაჯეს პატიმრობა არასანქცირებულ დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო.

მოქალაქეებს ხელში ეჭირათ პლაკატები, რომლებზეც აქტივისტის, კონსტანტინ კოტოვის მხარდასაჭერი სიტყვები ეწერა. აქციები გაიმართა ადგილებში, სადაც ის დააპატიმრეს, პატიმრობა მიუსაჯეს და პატიმრობაში ამყოფებენ.

რუსეთის კანონმდებლობით ერთკაციანი აქციების გამართვა შესაძლებელია ოფიციალური ნებართვის გარეშეც.

ტვერის უბნის სასამართლომ 5 სექტემბერს გამოიტანა განაჩენი, რომ კოტოვმა "უგულებელყო კონსტიტუციის საბაზისო პრინციპები", რადგან არ შეწყვიტა მონაწილეობა არასანქცირებულ აქციებში მას შემდეგაც, რაც დამნაშავედ იქნა ცნობილი საზოგადოებრივი თავშეყრის შესახებ კანონის დარღვევაში.

"დანაშაულს არ ვაღიარებდი და არ ვაღიარებ. მწამს, რომ მშვიდობიან დემონსტრაციაში მონაწილეობის მიღება დანაშაული არ არის", - უთხრა აქტივისტმა სასამართლოს.

კომპიუტერული პროგრამების სპეციალისტს, 34 წლის კოტოვს განაჩენი გამოუტანეს კამათის საგნად ქცეული კანონით, რომელიც დანაშაულად აცხადებს ერთზე მეტ არასანქცირეულ საპროტესტო აქციაში მონაწილეობას 180 დღის განმავლობაში.

კოტოვი 10 აგვისტოს დააკავეს, რადგან მონაწილეობა მიიღო აქციაში, რომლითაც მოითხოვდნენ ოპოზიციის და დამოუკიდებელი კანდიდატების ჩართვას მოსკოვის ქალაქის საბჭოს არჩევნებში, 8 სექტემბერს.

კანდიდატების კენჭისყრაზე არდაშვებამ მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში ზაფხულში საპროტესტო ტალღას მისცა ბიძგი. ზოგიერთი აქცია პოლიციამ ძალადობრივად დაარბია, ცოტა ხნით დააკავეს ათასობით მოქალაქე, რასაც საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა.

კოტოვი ერთ-ერთია რამდენიმე აქტივისტს შორის, რომლებსაც პატიმრობა მიესაჯათ აქციების შემდეგ. ამ საქმეს "მოსკოვის საქმე" ეწოდა.

18 სექტემბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების ჯგუფმა კოტოვის შემთხვევა გამოყო ღია წერილში, რომელშიც შეშფოთება გამოთქვა ხელისუფლების მიერ დემონსტრანტებზე ზეწოლის გამო.

20 წლის ახალგაზრდა დააკავეს არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით

შსს-ს გორის სამმართველოს თანამშრომლებმა გორში მცხოვრები 20 წლის ახალგაზრდა დააკავეს არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით.

როგორც შსს იტყობინება, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ გორში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში არასრულწლოვან გოგოს შეჰყვა და მის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა, რა დროსაც მოზარდმა მას წინააღმდეგობა გაუწია. ამის შემდეგ მამაკაცი შემთხვევის ადგილიდან
მიიმალა.

გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება

13 ოქტომბერს პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება, რომელშიც, გავრცელებული მოლოდინით, გამარჯვებას იოლად მოიპოვებს იაროსლავ კაჩინსკის მმართველი პარტია, "კანონი და სამართალი".

პარტია არჩევნებს წარმოაჩენს როგორც არჩევანს ტრადიციულ კათოლიკურ ღირებულებებზე დაფუძნებულ საზოგადოებას და ლიბერალურ წესრიგს შორის, რომელიც პრივილეგირებულ პირებს აძლევს უპირატესობას და ძირს უთხრის ოჯახურ ცხოვრებას. პარტიამ ასევე მიზანში ამოიღო გეები და ლესბოსელები და მათ საფრთხედ გამოსახავს, იმ ფონზე, როცა ლგბტ მოძრაობა ძლიერდება და უფრო მეტად ჩანს საზოგადოებრივ ასპარეზზე.

პარტიის ოპონენტები აცხადებენ, რომ "კანონი და სამართალი" საფრთხეს წარმოადგენს პოლონეთის დემოკრატიისთვის, რადგან ის ძირს უთხრის სასამართლოს და მედიის დამოუკიდებლობას და საზოგადოებას უფრო შეუწყნარებელს ხდის უმცირესობებისადმი.

პარტიის პოპულარობა მნიშვნელოვნად ეფუძნება ხელგაშლილ სოციალურ ხარჯებს და პოლიტიკას. კაჩინსკის პარტიამ შეამცირა საპენსიო ასაკი, გაზარდა პენსიები და სუბსიდიები გლეხებისთვის, 26 წლამდე მოქალაქეებს დაუწესა საგადასახადო შეღავათები. ოჯახები თითო ბავშვზე 125 ამერიკული დოლარის ეკვივალენტურ თანხას, 500 ზლოტს იღებენ ყოველთვიურად.

ადვოკატი: ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აპირებდა ყოფილი ცოლის მოკვლას

ხაშურში, ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი ლარისა ჩადუნელი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს განზრახული არ ჰქონდა ყოფილი მეუღლის მოკვლა და შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

როგორც ადვოკატმა გორის პოლიციის სამმართველოსთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მას შემდეგ, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი წარედგინება, ბრალდებულს შეუთანხმებს, თუ რა სახის შუამდგომლობას დააყენებს სასამართლოში.

კითხვაზე, აღიარებს თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს, ადვოკატი პასუხობს: „ფაქტია, მოხდა მძიმე დანაშაული. მას არ სურდა მისთვის სიცოცხლის მოსპობა, უნდოდა ბავშვების საკითხზე დალაპარაკება, შემდეგ მოხდა შელაპარაკება, რასაც მოჰყვა მძიმე შედეგი“.

კითხვაზე, რატომ მივიდა ბრალდებული ყოფილ ცოლთან მოსალაპარაკებლად ხელყუმბარით, ადვოკატმა განაცხადა, რომ „ზუსტად ვერ იტყვის“.

„ასეთ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. დაზუსტებით ვერ ვიტყვი, რომ შეიარაღებული იყო მისული და განზრახული ჰქონდა მისი სიცოცხლის მოსპობა. გარკვეული პერიოდი, დაახლოებით 10 წუთამდე, ისინი საუბრობდნენ“.

გორის რაიონული სასამართლო ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული ირაკლი დეკანოიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

თელავში ორი ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

შსს-ს ინფორმაციით, კახეთის პოლიციამ ერთი პირი დააკავა თელავში მომხდარი დაჭრის ფაქტზე.

"განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულია 1998 წელს დაბადებული დ.მ. ჩადენილი დანაშაული 7- დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ღამით, თელავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა ორ პირს: 1997 წელს დაბადებულ გ.ა.-ს და 1988 წელს დაბადებულ ლ.კ.-ს. ორივე დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი. სამართალდამცველებმა დ.მ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე, თელავში დააკავეს“.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

პაკისტანის პრემიერი ირანს და საუდის არაბეთს სტუმრობს, შუამავლობის შესახებ ცნობების ფონზე

პაკისტანის პრემიერ-მინისტრი, იმრან ხანი ტურნეს მართავს შიიტთა ხელმძღვანელობის მქონე ირანში და შემდეგ სუნიტური უმრავლესობის მქონე საუდის არაბეთში, გავრცელებული ცნობების ფონზე, რომ ის შუამავლობას შეეცდება ამ ორ, მსხვილ რეგიონულ მეტოქეს შორის ათწლეულების განმავლობაში არსებულ განხეთქილებაში.

ხანი 13 ოქტომბერს თეირანში ჩავიდა და შემდეგ საუდის არაბეთში გაემგზავრება.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხანს სთხოვა, ირანსა და საუდის არაბეთს შორის დაძაბულობის განმუხტვაში გარკვეული როლი ეკისრა, მას შემდეგ, რაც 14 სექტემბერს საუდის არაბეთის ნავთობის ობიექტზე თავდასხმა განხორციელდა. ვაშინგტონი, რიადი და დასავლური ძალები თავდასხმაში ირანს ადანაშაულებენ, თავად თეირანი კი ამას უარყოფს.

"საუდის არაბეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ირანი კი მეგობარი და მეზობელი", - განაცხადა მიმდინარე კვირაში პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, შან მეჰმუდ ყურეშიმ და დასძინა: "გვსურს, ამ ორ მუსლიმურ ქვეყანას შორის გაუგებრობა განიმუხტოს მოლაპარაკების გზით". ყურეშის თქმით, რეგიონი თავს ომის უფლებას ვერ მისცემს. სამინისტროს თქმით, ხანის ინიციატივა წარმოადგენს "პაკისტანის პრემიერის ძალისხმევას რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად".

ხანის ვიზიტის ფონია თეირანის განცხადება, რომ მის ნავთობის ტანკერზე რაკეტებით "ლაჩრული თავდასხმა" განხორციელდა წითელ ზღვაში, საუდის არაბეთთან ახლოს, 11 ოქტომბერს. ინდიცენტი დამოუკიდებლად დადასტურებული არ არის.

ქართველი წყალბურთელები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებენ

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზური. რევაზ ჩომახიძის გაწვრთნილმა გუნდმა 12-13 ოქტომბერს, თბილისში გამართული შესარჩევი ციკლის შეხვედრები ასპროცენტიანი შედეგით დაასრულა - მოუგო გერმანიის ნაკრებს, ანგარიშით 9:7 და შვეიცარიას - 24:7.

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ევროპირველობაზე საუკეთესო შედეგი 2014 წელს აჩვენა - მეთორმეტე ადგილზე გავიდა. 2016 წელს ევროკონკურენციაში მეთოთხმეტე ადგილი დაიკავა, ხოლო 2018-ში - მეცამეტე.

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი ბუდაპეშტში გაიმართება.

იაპონიაში 19-ს მიაღწია ტაიფუნის მსხვერპლთა რიცხვმა

იაპონიაში, სულ მცირე, 19-ს მიაღწია ტაიფუნ "ჰაგიბისის" მსხვერპლთა რიცხვმა, დაკარგულად ითვლება 12-ზე მეტი ადამიანი, - იუწყებიან ოფიციალური პირები 12 ოქტომბერს.

ქვეყნის მასშტაბით მობილიზებულია ვერტმფრენები, გემები და ათასობით სამხედრო, დატბორილი სახლებიდან ადამიანების გადასარჩენად. ადიდებულია 14 მდინარე.

ტაიფუნი ტოკიოს სამხრეთს 12 ოქტომბერს დაატყდა თავს, ცენტრალურ და ჩრდილოეთ იაპონიაში ძლიერი წვიმა და ქარია.

ტაიფუნს 13 ოქტომბერს კვალიფიკაცია შეუმცირეს "ტროპიკულ შტორმამდე".

აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრი გამოდის გაფრთხილებით "ისლამური სახელმწიფოს" გაძლიერების საფრთხეზე

აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ჯიმ მეტისი, რომელმაც თანამდებობა პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან უთანხმოების გამო დატოვა, გამოდის გაფრთხილებით, რომ ექსტრემისტული ჯგუფი, "ისლამური სახელმწიფო", შეიძლება გაძლიერდეს ტრამპის გადაწყვეტილების ფონზე, ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიიდან გამოეყვანა ჯარები.

"აუცილებელია ზეწოლა შევინარჩუნოთ ['ისლამურ სახელმწიფოზე'], რათა მათ ძალების აღდგენა ვერ შეძლონ", - უთხრა მეტისმა ტელეკომპანია NBC-ს. "ჩვენ შესაძლოა გვსურდეს, ომი დასრულდეს, შეიძლება გამოვაცხადოთ კიდეც, რომ ის დასრულდა", - ამბობს მეტისი და დასძენს: "შეგიძლია ჯარები გამოიყვანო, როგორც ამის მძიმე გამოცდილება მიიღო პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ერაყში, მაგრამ, არმიაში როგორც ვამბობთ ხოლმე, 'ხმას მტერი აძლევს'. და ასეთ შემთხვევაში, თუ ზეწოლას არ შევინარჩუნებთ, 'ისლამური სახელმწიფო' ძალებს მოიკრებს. ცხადია, რომ ისინი დაბრუნდებიან".

ტრამპს ბევრი აკრიტიკებს მას შემდეგ, რაც გამოიყვანა აშშ-ის ჯარები, რომლებიც იმ ადგილებში ქურთთა ხელმძღვანელობით მოქმედ, სირიის დემოკრატიულ ძალებთან თანამშრომლობდნენ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ ექსტრემისტულმა ჯგუფმა მართლაც დიდი დანაკარგები იწვნია მას შემდეგ, რაც ერთ დროს ერაყის და სირიის მნიშვნელოვან ტერიტორიებს აკონტროლებდა.

კრიტიკოსები ტრამპს ადანაშაულებენ ქურთი მეომრების ღალატში. ქურთთა ძალები ახლა წარმოადგენენ სამიზნეს თურქეთის არმიის მიერ ჩრდილოეთ სირიაში განხორციელებული სამხედრო ოპერაციისა. ანკარა ქურთ მეომრებს ტერორისტებად მიიჩნევს და იმუქრება, რომ მათ რეგიონიდან განდევნის.

როგორ რესპუბლიკელი, ისე დემოკრატი კანონმდებლები აცხადებენ, რომ ტრამპის ნაბიჯი, სავარაუდოდ, "ისლამური სახელმწიფოს" ხელახალ აღორძინებას მოიტანს. ქურთთა ძალების მეთვალყურეობით "ისლამური სახელმწიფოს" 10 000-მდე წევრი იმყოფება პატიმრობაში და ექსპერტები შიშობენ, რომ ისინი ციხიდან გაიქცევიან, ქურთთა და თურქეთის ძალების ერთმანეთთან ბრძოლის ფონზე.

ყოფილი ცოლის მკვლელობისთვის დაკავებულ კაცს ბრალს დღეს წაუყენებენ

ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს ბრალის დადგენილებას დღეს გააცნობენ.

როგორც დაკავებულის ადვოკატი ამბობს, ის დღეს შეხვდა თავისი დაცვის ქვეშ მყოფს, თუმცა, დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.

შსს-მ ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ი.დ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 11 ოქტომბერს, ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს - 1989 წელს დაბადებულ ნ.გ.-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონდახით თავის არეში სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დაუყოვნებლივ გადაიყვანა სამკურნალო დაწესებულებაში, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ოჯახში ძალადობის ბრალდებით მამა-შვილი დააკავეს

ნინოწმინდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მამა-შვილი, 1977 წელს დაბადებული რ.ვ. და 1953 წელს დაბადებული დ.ვ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ვ., მამასთან - დ.ვ.-სთან ერთად, საკუთარ მეუღლეს - 1982 წელს დაბადებულ ქალს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა.

დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ოჯახში ძალადობის და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, 11 პრიმა-126 მუხლის 1-ლი ნაწილით და 11 პრიმა-151 მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

10 ადამიანი ემსხვერპლა იაპონიაში ტაიფუნ „ჰაგიბისს“, 16 ადამიანი დაკარგულია

Typhoon Hagibis hit the Tokyo

10 ადამიანი ემსხვერპლა იაპონიაში მძვინვარე ტაიფუნ „ჰაგიბისს“. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ იაპონურ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 16 ადამიანი დაკარგულია, 126-მა კი სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო.

გარდაცვლილები ჩიბას, გუნმას, კანაგავასა და ფუკუშიმას პრეფექტურებიდან არიან. რთული მდგომარეობაა ნაგანოს პრეფექტურაში, სადაც მდინარე სინანო ადიდდა და მიმდებარე ტერიტორია დატბორა.

ქვეყანაში 425,000 ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

იაპონიის პრემიერმა სინძო აბემ მთავრობის საგანგებო სხდომა გამართა და შესაბამის სამინისტროებს სტიქიის შედეგების აღმოფხვრის კუთხით აუცილებელი ზომების გატარება დაავალა.

მეტეოროლოგები ტაიფუნ "ჰაგიბისს" ადარებენ ტაიფუნ "იდას", რომელიც იაპონიას 1958 წელს დაატყდა თავს და ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

„პარლამენტში უმწიკვლო სამსახურისთვის“ - წესდება ახალი საპარლამენტო ჯილდო

პარლამენტში 25-წლიანი მუშაობის სტაჟის მქონე თანამშრომლებს სამკერდე ნიშნით „საქართველოს პარლამენტში უმწიკვლო სამსახურისთვის“ დააჯილდოებენ. რეგლამენტში მომზადებული ცვლილებების პროექტი 14 ოქტომბრის ბიუროს სხდომას წარედგინება.

საპარლამენტო ჯილდოების სახეებს – საპარლამენტო ორდენსა და პარლამენტის მედალს, სამკერდე ნიშანი „საქართველოს პარლამენტში უმწიკვლო სამსახურისთვის“ დაემატება. ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში შედის, რომლის ავტორები დეპუტატები, გიორგი კახიანი და გურამ მაჭარაშვილი არიან.

ცვლილებების გათვალისწინებით, სამკერდე ნიშნით დაჯილდოვდება საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომელი საკანონმდებლო ორგანოში 25 წლის უმწიკვლო სამსახურისთვის, თუ განვლილი სამსახურის პერიოდში, მისი წახალისებების რაოდენობა დისციპლინური გადაცდომების რაოდენობას აღემატება და ამ სამკერდე ნიშნით დაჯილდოების პერიოდში მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ მოქმედებს.

მომზადებული ცვლილებებით განისაზღვრება, რომ სამკერდე ნიშნით „საქართველოს პარლამენტში უმწიკვლო სამსახურისთვის“ პირის დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს და ამ სამკერდე ნიშნის აღწერილობას დაადგენს პარლამენტის თავმჯდომარე.

„გამოცდილების მქონე კადრისთვის მისი მრავალწლიანი მოღვაწეობა მნიშვნელოვანი და საამაყოა. შესაბამისად, კანონმდებლობაში დაჯილდოების კიდევ ერთი შესაძლებლობის გაჩენის მიზანია თანამშრომელთა დამსახურების ხაზგასმა და მათი კეთილდღეობის ხელშეწყობა“, - განმარტავენ ცვლილებების ავტორები.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ფრედ დაასრულა ირლანდიასთან მატჩი

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფურ ეტაპზე მეექვსე თამაში ჩაატარა და მეხუთე ქულა მოიპოვა. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა 12 ოქტომბერს თბილისში „დინამოარენაზე“ უმასპინძლა ჯგუფის ლიდერს, ირლანდიის ნაკრებს, და უგოლო ფრეს მიაღწია.

შესარჩევი ეტაპის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე, საქართველოს ნაკრები ხუთგუნდიან ჯგუფში მეოთხე ადგილზეა და სამი ქულით ჩამორჩება მესამე საფეხურზე მყოფ შვეიცარიას. მომდევნო თამაშს ქართველი ფეხბურთელები 15 ოქტომბერს გამართავენ სტუმრად გიბრალტარის ნაკრებთან, რომელიც ჯგუფის უქულო აუტსაიდერია.

პრაღაში გაიმართა ქართულ ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის შეხვედრა

12 ოქტომბერს პრაღამ უმასპინძლა ქართულ ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის (GIMPHA) რიგით მერვე სამუშაო შეხვედრას, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ორგანიზაციის წევრებმა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, საქართველოდან ჩამოსულმა სტუდენტებმა.

GIMPHA -ს დაარსდა 2012 წლის 27 ოქტომბერს, ამსტერდამში. ის აერთიანებს ევროპაში სხვადასხვა სპეციალობით მომუშავე ქართველ ექიმებს. ორგანიზაცია მიზნად ისახავს საქართველოში მედიცინის სფეროს განვითარების ხელშეწყობას.

12 ოქტომბრის სამუშაო შეხვედრის ორგანიზატორი იყო პრაღაში მომუშავე ექიმი, GIMPHA -ს წევრი ვანო ჩაჩხიანი. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, სხვა საკითხებთან ერთად შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში არსებული პრობლემები კარდიოქირურგიის, ინფექციების და ანტიბიოტიკების მოხმარების, ოჯახის ექიმის ინსტიტუტის, ზოგადი ქირურგიის, საგანმანათლებლო საკითხების თვალსაზრისით, შეაჯამეს ჩატარებული სამუშაო და დაგეგმეს სამომავლო პროგრამები.

სამუშაო შეხვედრების გარდა, ორგანიზაცია ყოველ წელს ატარებს საერთაშორისო კონგრესს. "მომავალი წლის საერთაშორისო კონგრესი კვლავ თბილისში ჩატარდება და ვიმედოვნებთ, რომ როგორც შარშან, მასში 800-მდე ქართველი ექიმი მიიღებს მონაწილეობას" - ამბობს ჩაჩხიანი.

ლუკა კურტანიძე მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ვეტერანებს შორის

ლუკა კურტანიძე

თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ჭიდაობაში ვეტერანებს შორის, ბოლოსწინა - მეხუთე საჭიდაო დღე საქართველოს ჰიმნით დაგვირგვინდა. C დივიზიონში, რომელიც 46-დან 50 წლამდე ვეტერან სპორტსმენებს აერთიანებს, 130 კილოგრამი წონითი კატეგორიის მსოფლიო კონკურენცია ლუკა კურტანიძის ტრიუმფით დასრულდა. მსოფლიოს ორგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონმა ქართველმა მოჭიდავემ, ვეტერანებს შორის მესამედ შეძლო მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. ფინალში მან ნახევარ წუთში დაამარცხა მონღოლი მეტოქე ბაიანმუნხ შურა.

საქართველოს ნაკრებმა დღეს სამი მედალი მოიპოვა. სამივე C დივიზიონში. ლუკა კურტანიძის გარდა, კვარცხლბეკზე ავიდნენ ჯამბულ სანაკოშვილი (78 კგ) და გოჩა კირკიტაძე (62 კგ). სანაკოშვილმა მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა. კირკიტაძემ - მესამე.

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატი 13 ოქტომბერს დასრულდება, 40 წლამდე ვეტერანთა შეჯიბრებით.

იაპონიას უახლოვდება ტაიფუნი "ჰაგიბისი", არის მსხვერპლი

გავრცელებული ცნობებით, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, სამი დაკარგულად ითვლება და 70-ზე მეტი დაშავდა ტოკიოში, ტაიფუნ "ჰაგიბისის" მოახლოების გამო. ტაიფუნმა ბოლო 60 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი წვიმა გამოიწვია. "როიტერსის" თანახმად, სახიფათო რეგიონებიდან შესაძლოა ექვს მილიონამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდეს.

ქვეყანაში 800 ათასზე მეტი საცხოვრებელი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. დახურულია მაღაზიები და ფაბრიკები, არ მოძრაობს მატარებლები, ტოკიოს მეტროს ჩათვლით, გაუქმებულია ავიარეისები. იაპონიის ორ მთავარ აეროპორტში სრულად შეწყვეტილია მუშაობა.

მეტეოროლოგები მოახლოებულ ტაიფუნ "ჰაგიბისს" ადარებენ ტაიფუნ "იდას", რომელიც იაპონიას 1958 წელს დაატყდა თავს და ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

„ქვეყნის სამსახურში“: პირველი გაჩერება 20 ოქტომბერს კახეთი იქნება

აქცია "სირცხვილია" პარლამენტის შენობის წინ, თბილისი

მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ რეგიონებში გასვლას იწყებს. გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, პირველი გაჩერება კახეთია, ხოლო მიზანს ქვეყნის სამსახურში მეტი ადამიანის ჩართვა წარმოადგენს. პროცესი 20 ოქტომბერს თელავიდან დაიწყება.

„20 ოქტომბერს თელავს მოვუყვებით სამოქალაქო მოძრაობის მიზნებზე, არჩევნებზე წასვლის აუცილებლობაზე, მოვუსმენთ მათ პრობლემებს და გავაცნობთ ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრის გზებს. ერთად ერთის წინააღმდეგ!“, - აცხადებს მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საჭიროა საზოგადოებამ სწორად გამოიყენოს პარლამენტში შენობის წინ 93 დღის განმავლობაში მიმდინარე აქციის მთავარი მონაპოვარი - 2020 წლის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება.

„პარლამენტის წინ 93-დღიანი ბრძოლის მთავარი მონაპოვარი პროპორციული არჩევნებია. 2020 წელს, სწორედ ამ სისტემით ავირჩევთ პარლამენტს და სამოქალაქო საზოგადოების ეს დიდი გამარჯვება დაასრულებს ჩვენს ქვეყანაში ერთი პოლიტიკური პარტიის ან კონკრეტული პირების შეუზღუდავ ძალაუფლებას“.

მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია ასევე, რომ:

  • „20 ივნისს, საქართველოს მთავრობამ სიხარულით უმასპინძლა და პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დასვა რუსი კომუნისტი დეპუტატი - სერგეი გავრილოვი. ოკუპანტის ეს პატივით დახვედრა იმავე დღეს ათასობით ადამიანმა გააპროტესტა.
  • მთავრობამ, რომელიც ოკუპანტს მშვიდობით ეგებება, თავისივე მშვიდობიან დემონსტრანტებს ცხოველებისთვის განკუთვნილი რეზინის ტყვიები დაუშინა.
  • „გავრილოვის ღამეს” დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, 40-მდე მედიის წარმომადგენელი და თვალი დაკარგა 5-მა ადამიანმა.
  • იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას მომხდარზე პასუხისმგებლობა აეღო, ბიძინა ივანიშვილმა დამნაშავე შს მინისტრი დააწინაურა და ახლა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებს“.

მოძრაობის „ქვეყნის სამსახურში“ წარმომადგენლები პირველი შეხვედრის გამართვას თელავში, ერეკლე მეორის მოედანზე გეგმავენ.

დავით გარეჯი: ვითარება უცვლელია, გზა ისევ ჩაკეტილია

დავით გარეჯის უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებისკენ მიმავალი გზა არც სასულიერო პირებისთვის გახსნილა, - უთხრა რადიო თავისუფლებას ადგილობრივმა გიდმა, ზვიად ანანიაშვილმა. მისი განმარტებით, 11 ოქტომბერს ასვლა მხოლოდ აღდგომის ტაძრამდე იყო შესაძლებელი და არავის უშვებდნენ უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებისკენ.

ანანიაშვილი არ აკონკრეტებს, სცადეს თუ არა მონასტრებამდე ასვლა სასულიერო პირებმა 12 ოქტომბერსაც. თუმცა მას არ სმენია ახალი ინფორმაცია გზის გახსნის შესახებ. ამასთან, როგორც ადგილობრივი გიდი ამბობს, ბერებმა მრევლის დალოდების გადაწყვეტილება მიიღეს.

„11 ოქტომბერს სასულიერო პირებისთვის მხოლოდ და მხოლოდ აღდგომის ტაძრამდე მისვლა იყო შესაძლებელი. უდაბნოს მონასტერში ასვლა უნდოდა მამა პავლეს, მაგრამ არ გაატარეს. აღდგომის ტაძართან ძალიან ახლოს არის უდაბნოს მონასტერი, მაგრამ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები იქით არავის ატარებდნენ... სასულიერო პირებმა განაცხადეს, ვიდრე მრევლს არ გაატარებენ, არც ჩვენ ავალთო“, - განაცხადა ანანიაშვილმა.

ბერი დაელოდება ერს - მრევლსა და ტურისტებს, - ამ შინაარსის განცხადება არქიმანდრიტმა კირიონმა მედიასთან რამდენიმე დღის წინ გააკეთა. რადიო თავისუფლება შეეცადა, დაეზუსტებინა, ხომ არ შეცვლილა ეს გადაწყვეტილება? თუმცა არქიმანდრიტ კირიონთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ 10 ოქტომბერს გაკეთებული განცხადების თანახმად, უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებისკენ მიმავალი გზა 11 ოქტომბრიდან ჯერ მხოლოდ სასულიერო პირებისთვის უნდა გახსნილიყო. ეს განცხადება გიორგი გახარიამ გააკეთა მთავრობის სხდომაზე, აზერბაიჯანში თავისი ოფიციალური ვიზიტის შედეგების შეჯამებისას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოხატა იმედი, რომ სასულიერო პირების დაშვების შემდეგ, პროცესი ნაბიჯ-ნაბიჯ წაიწევდა წინ. თუმცა არ დაკონკრეტებულა, როდის მისცემს ბაქო უფლებას მომლოცველებსა და ტურისტებს - მოინახულონ აღდგომისა და ჩიჩხიტურის მონასტრები.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაახლოებით 2,5 კილომეტრზეა განთავსებული და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი მოქცეულია საქართველო-აზერბაიჯანის 450-კილომეტრიანი საზღვრის ერთ-ერთ დაუდგენელ მონაკვეთში. ამ დროისთვის მხარეებს შორის უკვე შეთანხმებულია სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით 2/3.

საფრანგეთი და არაბთა ლიგა აცხადებენ, რომ სირიაში თურქეთის შეტევამ შესაძლოა "ისლამურ სახელმწიფოს" შეუწყოს ხელი

საფრანგეთმა და არაბთა ლიგამ თურქეთს მოუწოდეს, შეაჩეროს სამხედრო ოპერაცია სირიაში.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ ამ ოპერაციას, შესაძლოა, ექსტრემისტული ორგანიზაციის, "ისლამური სახელმწიფოს" ხელახალი აღორძინება მოჰყვეს.

მაკრონი ამ განცხადებით გამოვიდა სატელეფონო საუბარში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, - აცხადებს საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისი 12 ოქტომბერს.

მაკრონი ხაზს უსვამს, რომ რეგიონში "ისლამური სახელმწიფოს" ხელახალი აღორძინების არდაშვება ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ის ამბობს, რომ საჭიროა ქურთთა ძალების მხარდაჭერა, რომლებმაც აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციას დახმარება აღმოუჩინეს "ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტებისგან სირიისა და ერაყის ტერიტორიების დაბრუნებაში.

განცხადებაში ნათქვამი არ არის, მოუწოდა თუ არა მაკრონმა აშშ-ის ძალებს ჩარევისკენ. რეგიონიდან გასვლის შესახებ ტრამპის გადაწყვეტილებამ გზა გაუხსნა თურქეთის შეტევას ქურთთა ძალებზე სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში. თურქეთი ამ ძალებს საფრთხედ აღიქვამს. 12 ოქტომბერი ანკარის ოპერაციის მეოთხე დღეა.

არაბთა ლიგის ხელმძღვანელმა 12 ოქტომბერს თურქეთს მოუწოდა, დაასრულოს სამხედრო ოპერაცია და გაიყვანოს ძალები სირიიდან. აჰმედ აბულ ღეიტი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ სირიაში თურქეთის შეტევამ გამოიწვია ლტოლვილთა ახალი ტალღა და ის ძირს უთხრის "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში არსებულ მიღწევებს.

ერგნეთში საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს საპროტესტო აქცია გაიმართა

ერგნეთში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა თაობის“ ინიციატივით გაიმართა საპროტესტო აქცია ოკუპაციის წინააღმდეგ. ახალგაზრდებმა, თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაც გააპროტესტეს. ღარიბაშვილმა ეს განცხადება 1 ოქტომბერს გააკეთა და თქვა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ტერიტორიები არ დაკარგულა. „ახალგაზრდა თაობის“ ხელმძღვანელის დავით დონერიანის თქმით, ეს იყო სიმბოლური ისტორიის გაკვეთილი, თავდაცვის მინისტრის განცხადების საპასუხოდ. „უკაცრავად, მაგრამ ყოველწამიერად ხდება ოკუპაცია, მავთულხლართი არის ჩვენი ცხოვრებისეული ყოველდღიურობა, გორის ავტობანიდან კი პრაქტიკულად სამას მეტრში ჩანს ბანერი. რას ეუბნება ღარიბაშვილი ამით თუნდაც ტატუნაშვილის ოჯახს, რომლის ორგანოებიც ჯერ კიდევ არ მიუღიათ, რას ეუბნება ოთხოზორიას ოჯახს?“ „ახალგაზრდა თაობას“ მოძრაობის „შეცვალე“ აქტივისტებიც შეუერთდნენ, მოძრაობის ლიდერი თორნიკე ხოჯაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემას ვერ ითავისებს: „შეიძლება ითქვას, რომ საქართველო აღარც კარგავს ტერიტორიებს, რადგან საქართველოს მთავრობა თავისი ნებით აბარებს ამ ტერიტორიებს რუსეთის ხელისუფლებას და ელემენტარულ პროტესტსაც კი არ გამოთქვამს ამასთან დაკავშირებით. ტერიტორიების მიტაცებასთან და ადამიანების გატაცებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას არანაირი რეაქცია არ გააჩნია და ესაა ჩვენი პროტესტის მიზეზი“.

ერგნეთში საპროტესტო აქცია დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. ცხინვალის ფონზე ახალგაზრდებმა ანტისაოკუპაციო ტრანსპარანტები და ეროვნული დროშები გაშალეს.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG