Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ იორკის კონფერენცია ისლამის თემაზე


ამ დღეებში ნიუ იორკში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა რელიგიურ და სოციალურ პრობლემებს ისლამში.

კონფერენციაზე გამოვიდა მისი ერთ-ერთი ორგანიზატორი, შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, ბლ კლინტონი, რომელმაც დიდი მხარდაჭერა გამოუხატა ჯორჯ ბუშის ანტიტერორისტულ კამპანიას.

ორასამდე მეცნიერისა და ექსპერტის წინაშე გამოსვლისას კლინტონმა თქვა: [ბილ კლინტონის ხმა] ”მე აქტიურად ვუჭერ მხარს შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეების ძალისხმევას ბინ ლადენისა და ალ ყაიდის და, საერთოდ, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ ამავე დროს მადლობელი ვარ, რომ ერთ-ერთი პირველი რამ, რაც პრეზიდენტმა ბუშმა გააკეთა 11 სექტემბრის შემდეგ, ის იყო, რომ იგი მეჩეთში მივიდა და მუსულმან ლიდერებს შეხვდა [...] იმის ნათელსაყოფად, რომ შეერთებული შტატები ისლამს არ უპირისპირდება.”

კონფერენციის ერთ-ერთი ძირითადი საკითხი იყო ორ მხარეს შორის არსებული უნდობლობა. როგორც არაბულენოვანი გაზეთის, ”ალ ჰაიათის”, კორესპონდენტმა, რაღიდა დერღამმა თქვა შეხვედრაზე, სადაო არის არა ის, თუ რა არის შეერთებული შტატები, არამედ ის, თუ როგორ იქცევა იგი. მისი სიტყვებით, მუსულმანები ამერიკის პოლიტიკით არიან უკმაყოფილო. ამავე დროს, არაბებმა და მუსულმანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ამერიკელებს არ ესმით მათიო.

ერთ-ერთი საკითხი იყო ინტელექტუალების როლი და ის, თუ როგორ ათავსებენ ისინი დასავლურ სამყაროსა და ტრადიციულ ღირებულებებს. როგორც კონფერენციამ აჩვენა, ამ სფეროში ორი დიამეტრულად განსხვავებული მიდგომა არსებობს. როგორც მიჩიგანის უნივერსიტეტის სპეციალისტმა, მუყდედარ ხანმა, შენიშნა, მუსულმანი ფილოსოფოსი მოჰამად აბდული საფრანგეთსა და დასავლეთზე ამბობდა, ”ეს არის ისლამი მუსულმანების გარეშეო.” მაშინ, როცა იმავე საფრანგეთში მცხოვრები აიათოლა ხომეინის თქმით, ”დასავლეთი არის სატანა. ამერიკა ყველაზე დიდი სატანა არისო.”

ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჰოუჩანგ ჩეჰაბიმ დამსწრეთა ყურადღება მიაპყრო მორალის ორმაგ ნორმას ისლამურ სამყაროში. ერთი საზოგადოებაში ქცევას ეხება, მეორე – პირად ცხოვრებას.

აქვე წამოიჭრა საკითხი ქალების როლზე ისლამში. აქაც მიდგომები ერთმანეთისგან გასხვავდება თავად ისლამური სამყაროს ფარგლებში. როგორც ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა, ლეილა აჰმედმა, შენიშნა, პარალელი შეიძლება გაივლოს ქრისტიანობასთან, სადაც აგრეთვე ფართო სპექტრია პასუხებისა.

საინეტერესო დისკუსია მოჰყვა ისლამისა და მოდერნიზაციის ურთიერთობის საკითხს. როგორც დისკუსიამ ცხადყო, სეკულარული იდეების თავს მოხვევას შეიძლება წინააღმდეგობა მოჰყვეს იმ ჯგუფების მხრიდან, რომლებიც უშუალოდ არ მონაწილეობენ მოდერნიზაციის პროცესში და თავს გარიყულად მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG