Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები ავღანეთს არმიის ჩამოყალიბებაში დაეხმარება


ორშაბათს ვაშინგტონში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა, თქვა, რომ ამერიკა ავღანეთს დამოუკიდებელი არმიის ჩამოყალიბებაში დაეხმარება.

ეს განცხადება მან გააკეთა თეთრ სახლში ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ჰამიდ კარზაის, სტუმრობისას.

ჰამიდ კარზაი პირველი ავღანელი ლიდერია, რომელიც შეერთებულ შტატებში სტუმრობს ავღანეთის ყოფილი მეფის, ზაჰირ შაჰის 1963 წლის ვიზიტის შემდეგ.

ბუშის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ სამადლობელ სიტყვაში ავღანელმა პოლიტიკოსმა თქვა, რომ ორი ქვეყანა მომავალში დიდი პარტნიორები გახდებიან.

ბუშის ზემოხსენებული განცხადება ძალიან სერიოზულ ცვლილებას ნიშნავს შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკურ კურსში. ერთი წლის წინ, როცა მისი გუნდი მოვიდა ხელისუფლების სათავეში, იგი აცხადებდა, რომ აღარ გააგრძელებდა მისი წინამორბედის, ბილ კლინტონის, პოლიტიკას და თავს შეიკავებდა სხვა ქვეყნების დახმარებისგან. მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ვაშინგტონმა კურსი შეცვალა.

[ბუშის ხმა] ”ჩემს ამ გამოსვლაში პოლიტიკის მნიშვნელოვანი ცვლილება მოვახდინეფ: ჩვენ ავღანეთს საკუთარი არმიის აღმშენებლობაში დავეხმარებით. ჩემის აზრით, ეს არის ამ ვიზიტის უმნიშვნელოვანესი ასპექტი”, განაცხადა ბუშმა.

როგორც ვაშინგტონის ბრუკინგზის კვლევითი ინსტიტუტის ექსპერტმა, მაიკლ ო’ჰანლონმა განუცხადა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, ჯეფრი დონოვანს, სავსებით ლოგიკურია, რომ შეერთებული შტატები ავღანეთის დახმარებას აპირებს. ეს შესაძლებელს გახდის ამ რეგიონში დასავლეთის ინტერესების გატარებას.

მაგრამ იმავე ო’ჰანლონის თქმით, ეს არ არის მარტო ავღანეთის პრობლემა. საქმე გვაქვს ვაშინგტონის პოლიტიკური კურსის ძირეულ ცვილებასთან. შეერთებული შტატების ამჟამინდელი მთავრობა ამით აღიარებს, რომ შორეული და, ერთი შეხედვით, ნაკლებად მნიშვნელოვანი ქვეყნების საზღვრებს შიგნით მიმდინარე პროცესებს შეიძლება დიდი მნიშნვნელობა ჰქონდეს თავად შეერთებული შტატებისთვის.

სხვა ექსპერტებიც მიიჩნევენ, რომ საქმე გვაქვს პრეცედენეტთან, რაც მხოლოდ ავღანეთით არ შემოიფარგლება. ანუ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა გადახედოს თავის სტრატეგიულ კურსს და კვლავინდებურად მეტი ყურადღება დაუთმოს შორეული რეგიონების განვითარებისთვის ზრუნვას.

დაბოლოს, შეგახსენებთ, რომ ჰამიდ კარზაი, რომელიც 22 დეკემბერს მოვიდა ხელისუფლების სათავეში, ექვსთვიანი პერიოდის მანძილზე უხელმძღვანელებს დროებით ადმინისტრაციას. რის შემდეგაც ე.წ. ”ლოია ჯირგა”, ანუ დიდი საკრებულო, 18 თვით აირჩევს გარდამავალ მთავრობას.
XS
SM
MD
LG