Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაპირისპირება პარლამენტსა და მთავრობას შორის ახალ სიბრტყეში გადადის


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ბიუჯეტის პირველი მოსმენისას პარლამენტარების მხრიდან ახალი სახელმწიფო მინისტრისადმი გამოხატული მხარდაჭერა მეორე მოსმენისას იმედგაცრუებით შეიცვალა.

როგორც ჩანს, პარლამენტარები საკმარისად აღარ თვლიან სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის განცხადებას, რომ იგი მთელს პასუხისმგებლობას იღებს ბიუჯეტის შესრულებაზე. რატომ შეიცვალა თითქოსდა კეთილგანწყობილი პარლამენტარების დამოკიდებულება მთავრობისადმი.

ჯერჯერობით, პარლამენტარების უარყოფითი ემოციების ობიექტად ფინანსთა მინისტრი ზურაბ ნოღაიდელია ქცეული, რომლის მისამართითაც პარლამენტარების კითხვებს თუ შეფასებებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით, ბოლო არ უჩანს. განსაკუთრებით აქტიური ამ მხრივ მაჟორიტარები არიან, რომელთა საკანონმდებლო კარიერის პერსპექტივა სწორედ იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ოდენობის დაფინანსებას მოიპოვებენ ეს უკანასკნელნი ცენტრალური ბიუჯეტიდან.

შარშან, წლის ბოლოს გამართულ მოქალაქეთა კავშირის ყრილობაზე თითქოსდა მიღწეული ურთიერთგაგება პრეზიდენტსა და მოქალაქეთა კავშირს შორის ისევ რღვევის პირასაა მისული. ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირი” აღმასრულებელი ხელისუფლების ყველაზე დაუნდობელი ოპონენტის როლში გამოდის. საინტერესოა, რომ ახალი სახელმწიფო მინისტრი, თავისი წინამორბედების მსგავსად, ასევე მოქალაქეთა კავშირის წევრია. თუმცა, თუ გიორგი არსენიშვილის ოპონენტის როლში პარლამენტში ახალი ფრაქცია გამოდიოდა, ამჯერად ბიუჯეტის პროექტის მთავარ კრიტიკოსად მმართველი პარტია გამოდის.
საინტერესო ნიუანსი – მაშინაც კი, როცა პარლამენტს ახლანდელზე უვარგისი ბიუჯეტის დამტკიცება უხდებოდა, პარლამენტის მაშინდელი თავმჯდომარის ზურაბ ჟვანიას ოსტატობით, ყოველთვის გროვდებოდა მხარდაჭერისთვის აუცილებელი ხმები. ახლანდელ თავმჯდომარეს, ნინო ბურჯანაძეს, როგორც ჩანს, ჯერ გამოცდილება არ ყოფნის საკმაოდ ძნელად სამართავ პარლამენტში პროცესების წასამართად.

ერთი კი ფაქტია – სამწუხაროდ, როგორც ჩანს, სახელისუფლებო კრიზისი საქართველოში ისევ ღვივის. პარლამენტში კვლავაც გაურკვეველი მდგომარეობა კიდევ უფრო მყიფეს ხდის აღმასრულებელი ხელისუფლების მდგომარეობას. თუნდაც მრავალ ფრაქციად დაშლილი პარლამენტი ყოველთვის მონოლითური ხდება, როცა საქმე აღმასრულებელი ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხს ეხება. ოთხი თვის თავზე, როცა აღმასრულებელ ხელისუფლებას პარლამენტში ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშის გაკეთება მოუწევს – დიდია შანსი, რომ მთავრობის პასუხისმგებლობის საკითხი ისევ დადგეს დღის წესრიგში.

პარლამენტისა და პრეზიდენტის დამოკიდებულება კიდევ ერთხელ დაიძაბება, როცა პარლამენტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კანონს მიუბრუნდება. რამდენიმე დღის წინათ მოქალაქეთა კავშირმა განაცხადა, რომ ფრაქცია თვითმმართველობის ყველა დონეზე არჩევითობის პრინციპს უჭერს მხარს. დაახლოებით ერთი წლის წინათ, როცა ეს საკითხი ფრაქცია “სოციალისტმა” დააყენა, პრეზიდენტის კატეგორიული უარყოფითი დამოკიდებულების გათვალისწინებით, მმართველმა პარტიამ მხარი არ დაუჭირა სოციალისტებს, რაც, საბოლოოდ, ოპოზიციის მხრიდან სხდომების ბოიკოტირებაში გადაიზარდა. ამჯერად, სიტუაცია უფრო სკანდალურად შეიძლება განვითარდეს – პარლამენტის მიერ ასეთი ცვლილების მიღების შემთხვევაში, სავსებით ნათელია, რომ პრეზიდენტი კანონს ვეტოს დაადებს. ეს კი პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების დამოკიდებულებას კონსტრუქციულობას ნამდვილად არ შესძენს.
XS
SM
MD
LG