Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას აპირებს ზურაბ ჟვანია ახლო მომავალში


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ზურაბ ჟვანია თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ ჩრდილში მოექცა.

ლაპარაკი, რომ ჟვანიას საპრეზიდენტო ამბიციები გააჩნია, თითქოს დავიწყებას ეძლევა. ყოფილი სპიკერი თავად იშვიათად ჩნდება მასმედიაში, თუმცა, ვერ იტყვი, რომ ჟურნალისტები და პოლიტიკური ოპონენტები მას იშვიათად ახსენებენ. ჟვანია ამ ეტაპზე, ჩანს, მოერგო ახალ, მოკრძალებულ როლს. მისი გავლენა არც "მოქალაქეთა" ფრაქციაში არ არის დიდი, რაც ბიუჯეტის კენჭისყრისას ხმების გაყოფამაც დაადასტურა. მიუხედავად ამისა, ზურაბ ჟვანია, ჯერჯერობით, მაინც რჩება ქართული პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად და საინტერესო სუბიექტად. იგი საზოგადოებას დროდადრო უგზავნის შეტყობინებებს, რომლებშიც გასაგებად აყალიბებს ახლო მომავლის პოლიტიკურ განზრახვებს.

ზურაბ ჟვანია ექვსი წლის მანძილზე ქვეყანაში მეორე პირი იყო, როგორც თავად ამბობს, "არა მხოლოდ კონსტიტუციური მდგომარეობით, არამედ რეალური გავლენით". პოსტის დატოვებამ ჟვანიას ეს სტატუსი დაუკარგა, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ პარლამენტის ახალმა თავმჯდომარემ "გავლენით მეორე პირის" არაფორმალური ვაკანსია შეავსო. ზურაბ ჟვანია საჯარო გამოსვლებისას ყოველთვის ლაპარაკობს, როგორც ლიდერი, თან ლიდერი რაღაც იმაზე მეტის, ვიდრე დღეს არის "მოქალაქეთა კავშირი". ექს-თავმჯდომარის თანამოქალაქეთა გასაგონად მიმართული სათქმელი შეიძლება დავიყვანოთ რამდენიმე პუნქტამდე: ძალები, რომლებიც აკონტროლებენ საქართველოს ეკონომიკის წამყვან სფეროებს, შეტევაზე გადადიან იმათ წინააღმდეგ, ვისთვისაც მიუღებელია საქართველოს ჩამოყალიბება კლანურ და კორუმპირებულ სახელმწიფოდ. თუ ეს უკანასკნელნი ვერ მოხვდებიან არჩეული ხელისუფლების უმრავლესობაში, ქვეყანას უმძიმესი მომავალი ელის. სახიფათო გამოწვევების პასუხად საქართველოს სჭირდება ახალი, ძლიერი და ძალიან ფართო დემოკრატიული ფრონტის ჩამოყალიბება. საამისოდ კი აუცილებელია პროდუქტიული დიალოგი მეტ-ნაკლებად საღად მოაზროვნე ძალებს შორის, დაე, თუნდ ისინი ერთმანეთთან იყვნენ დაპირისპირებული. ჟვანია ცდილობს დაიკავოს ცენტრისტული ნიშა და ყველა გამოსვლაში ემიჯნება როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე რადიკალიზმს. ასევე, მოზომილად მიანიშნებს პრეზიდენტისაგან თავის დისტანცირებას.

სტრატეგიული სვლების გარდა, ზურაბ ჟვანია შესაძლო ტაქტიკურ ნაბიჯებზეც ლაპარაკობს: მოქალაქეთა კავშირის ტვირთისაგან გასათავისუფლებლად ჟვანია, რომელმაც მისთვის სასარგებლო, დროებითი ზავი შეკრა ლევან მამალაძესთან ბოლო ყრილობაზე, ესწრაფის სრულიად ახალი ტიპის პარტიის ჩამოყალიბებას, რაც "მოქალაქეთა კავშირის" ხელახალ დაფუძნებას ნიშნავს; მხარს უჭერს ადგილობრივი არჩევნების გამართვას დათქმულ დროს და მერებისა და გამგებლების არჩევითობის შემოღებას. იმეორებს, რასაც აგვისტოში ამბობდა: საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ რეფორმების გატარებას თავად პრეზიდენტი უზრუნველყოფს. ოღონდ, ამას უკვე აღარ აქვს მოწოდების შინაარსი, არამედ სკეპტიკური განწყობისა და სახელმწიფოს მეთაურისაგან მზარდი დაშორების გამომხატველია.

უფრო შორეულ მომავალში, 2005 წლიდან ზურაბ ჟვანია მიზანშეწონილად მიიჩნევს საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლას, რასაც მანამდე კონსტიტუციური ცვლილებები დასჭირდება რეალური ფუნქციებით აღჭურვილი, მინისტრთა ძლიერი კაბინეტის შესაქმნელად. ჟვანიამ უთუოდ იცის, რომ პრეზიდენტის გარემოცვისთვის მომავალი ლიდერის პოსტზე იგი ერთი ყველაზე არასასურველი კანდიდატია. კანცელარიაში (და არა მარტო იქ) ყველაფერს გააკეთებენ, რომ ჟვანიას, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, მომავალი არ ჰქონდეს. სხვა საქმეა პრემიერ-მინისტრი საპარლამენტო რესპუბლიკაში.
XS
SM
MD
LG