Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებული ზოგიერთი მოსაზრება


გიორგი კაკაბაძე, თბილისი კარგად მოგეხსენებათ, რაოდენ მწვავედ მიმდინარეობდა 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა საქართველოს პარლამენტში.

საბოლოოდ, კანონმდებლებისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა დიდი ძალისხმევის შედეგად, მიღწეულ იქნა კომპრომისი და ბიუჯეტიც დამტკიცდა. საბიუჯეტო პრობლემატიკასთან დაკავშირებულ ზოგიერთ საკითხზე ვესაუბრეთ ეკონომიკურ ექსპერტს, თამაზ აქუბარდიას.

უპირველესად, საინტერესოა რესპონდენტის მოსაზრება იანვრის თვის საბიუჯეტო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით: [აქუბარდიას ხმა] " 95 წლის შემდეგ, პრაქტიკულად, ეს არის ერთ-ერთი პირველი ბიუჯეტი -იანვრის თვე მაქვს მხედველობაში - როდესაც იგი შესრულდა. 74 მილიონი ნაღდი ფული შევიდა ბიუჯეტში. აქედან 40 მილიონი ცენტრალურ ბიუჯეტში, ხოლო 34 მილიონი გახლდათ ადგილობრივი ბიუჯეტისა. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არის წინასწარი შედეგები, ასე ვთქვათ,ჯერ ეს არ არის საბოლოოდ ხაზინის მიერ, უფრო სწორად ეროვნული ბანკის მიერ დადასტურებული, მაგრამ ეს სიტყვები ეკუთვნის როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს და უმაღლეს პირებს, ასევე საკანონმდებლოსი, ამიტომ ეს ინფორმაცია, გარკვეულწილად, ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ დე-ფაქტო უკვე".

თამაზ აქუბარდია შეეხო მასწავლებელთათვის ხელფასების მომატების საკითხს, რომელიც მთელი საბიუჯეტო განხილვების პროცესში სერიოზული დებატების საგანს წარმოადგენდა. როგორც ცნობილია, საბოლოოდ კანონმდებლები შეთანხმდნენ, რომ მასწავლებლებს 2002 წლის სექტემბრიდან 30%-ით მოემატებათ ხელფასი.

ამ გადაწყვეტილების პოზიტიურ მომენტებზე საუბრისას ეკონომიკური ექსპერტი აღნიშნავს, რომ, მართალია, ამის შედეგად მასწავლებელთა ხელფასები მაინც არ იქნება მაღალი, მაგრამ, მისი თქმით, ხელფასების ზრდა ხვალინდელ დღეში ჩადებულ ინვესტიციად შეიძლება მივიჩნიოთ. [აქუბარდიას ხმა] "მაგრამ ამან წარმოშვა, ასე ვთქვათ, დომინოს პრინციპი - მოდით, ასე ვთქვათ - იმიტომ, რომ თუკი ჩვენ საშუალო სკოლის მასწავლებლებს მოვუმატეთ ხელფასი, რა დააშავეს სხვებმა: ვთქვათ, უმაღლესი სასწავლებლის პროფესორ-მასწავლებლებმა, ექიმებმა, მუსიკალური სკოლის მასწავლებლებმა? ამიტომ აქ, შეიძლება ითქვას, ჩვენ ბეწვის ხიდზე გავიარეთ გარკვეულწილად, რადგან ამას შეიძლება მოჰყოლოდა და ჯერ კიდევ სრულად არ გამქრალა იმის შანსი, რომ დაიწყოს უმართავი პროცესები."

თამაზ აქუბარდიას აზრით, ასეთ ვითარებაში მხედველობაში მისაღებია ის გარემოება, რომ ქვეყანაში არსებობს ბიუჯეტის გაზრდის შესაძლებლობები და, ამდენად, ზემოთქმულის გათვალისწინებით, მასწავლებელთათვის ხელფასების მომატება საკმაოდ ძლიერ სტიმულად უნდა აღიქმებოდეს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ. ეკონომიკური ექსპერტის თქმით, სახელმწიფო მინისტრს მთელი თავისი ერუდიციისა და ენერგიის მოხმობა და დიდი ძალისხმევის გამოვლენა დასჭირდება იმისათვის, რომ ბიუჯეტის შევსების პროცესი ნორმალურად წარიმართოს, შეძლებისდაგვარად მოხერხდეს შემოსავლების ზრდა და არავითარ შემთხვევაში არ აღმოვჩნდეთ ბიუჯეტის სეკვესტრის აუცილებლობის წინაშე.

ბიუჯეტის თემაზე საუბრისას კიდევ ერთ საკითხს შევეხეთ. თამაზ აქუბარდია საეჭვოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სამეწარმეო სექტორის განვითარებისათვის ბიუჯეტში 11 მილიონი ლარია გამოყოფილი. ამ თანხით უნდა მოხდეს ბანკების მიერ გაცემული კრედიტების საპროცენტო განაკვეთების დაფარვა. [აქუბარდიას ხმა] "ანუ, თუ რომელიმე წარმოება აიღებს კრედიტს ბანკიდან, გარანტად უდგება ეს 11 მილიონი და ძირითად თანხას - საკრედიტო თანხას, ცხადია, ისევ ის მეწარმე გადაიხდის და, მე ვფიქრობ, რონ ეს 11 მილიონი ამ მხრივ ვერ შეასრულებს ინვესტიციის როლს - მე მინდა ამას ხაზი გავუსვა. ეს მაინც არის სუბსიდია და სუბსიდია ნიშნავს იმას, რომ მე თქვენგან ფულს ავიღებ და აღარ დაგიბრუნებთ. აი, ეს უკვე არასაბაზრო ურთიერთობებია."

თამაზ აქუბარდიას აზრით, აღნიშნული თანხა მოხმარდება არა ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური მიზნების რეალიზებას და, ამდენად, ვერ შეასრულებს პოზიტიურ როლს მეწარმეობის განვითარებაში.
XS
SM
MD
LG