Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი შეერთებული შტატების პოლიტიკას "გამარტივებულს" უწოდებს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა განსხვავება შეერთებული შტატებისა და ევროპის საგარეო პოლიტიკას შორის კიდევ უფრო აშკარა გახდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იუბერ ვედრინის ოთხშაბათის გამოსვლის შემდეგ.

მან მკაცრად გააკრიტიკა ვაშინგტონი ისრაელის მხარდაჭერისთვის.

მისი თქმით, ევროპის ქვეყნები ერთხმად უარყოფენ თეთრი სახლის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკას და ისრაელის პრემიერ-მინისტრის არიელ შარონის რეპრესიული პოლიტიკის "ბრმად მხარდაჭერას" შეცდომად მიიჩნევენ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ამას წინათ განაცხადა, რომ პალესტინელთა ლიდერს იასირ არაფატს ისრაელის წინააღმდეგ ტერორის შეწყვეტა მართებს. ვედრინმა არაფატზე ზეწოლა და მისი იზოლაციაში მოქცევა შეცდომად გამოაცხადა.

ვედრინის სიტყვით, შეერთებული შტატები მსოფლიოში ყველა პრობლემის გადაჭრას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლით აპირებს, რაც საქმის უკიდურესი გამარტივებაა. მან თქვა აგრეთვე, რომ ვაშინგტონი მოქმედებს დამოუკიდებლად, ევროპელ მოკავშირეებთან კონსულტაციების გარეშე.

ქვეყნების ლიდერებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი შეერთებულ შტატებს და მას სოლიდარობა გამოუცხდეს მსოფლიოში ტერორიზმის ამოძირკვის საქმეში. მაგრამ კონგრესში ბუშის გამოსვლის შემდეგ ქვეყნის მდგომარეობის შესახებ ევროპელებმა დაინახეს, რომ ვაშიგტონი აპირებს ტერორიზმის წინააღმდეგ ომის გაფართოებას ევროპელი პარტნიორებისთვის ანგარიშის გაუწევლად.

ევროპის ბევრი ლიდერი არ ეთანხმება ვაშინგტონის განზრახვას მიიტანოს იერიში ე.წ."არამზადა ქვეყნებზე" - ერაყზე, ირანსა და ჩრდილოეთ კორეაზე.
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტონი ბლერიც კი, შეერთებული შტატების ყველაზე ერთგული პარტნიორი ავღანეთის ომში, თვლის, რომ ერაყის წინააღმდეგ გალაშქრება მანამდე, სანამ არ იქნება მიღებული უტყუარი სამხილი, რომ ბაღდადს 11 სექტემბრის ტერაქტებში ურევია ხელი, გაუმართლებელია.

უიკენდზე გერმანიის თავდაცვის მინისტრმა რუდოლფ შარპინგმა განაცხადა, რომ ერაყთან ურთიერთობაში ის პოლიტიკურ, და არა სამხედრო სტრატეგიას ანიჭებს უპირატესობას. მისი მოადგილე ლუდერ ფოლმერი კიდევ უფრო შორს წავიდა, განაცხადა რა, რომ არ არსებობს ბოლოდროინდელ ტერორისტულ აქტებში ბაღდადის მონაწილეობის რაიმე დამატკიცებელი საბუთი და რომ შეერთებულმა შტატებმა არ უნდა გამოიყენოს ტერორიზმი ერაყთან ძველი ანგარიშების გასასწორებლად.

სამშაბათს ევროპის კავშირმა განაცხადა, რომ ბატონი ბუში უგულებელყოფს ევროპის პოზიციას, რომ საჭიროა ირანის ზომიერი წრეებისთვის მხარისდაჭერა. ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოზეპ პიკემ, (ესპანეთი ევროპის კავშირის მორიგი თავმჯდომარეა) განაცხადა მადრიდში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომ კავშირი შეეცდება მაქსიმალურად ითანამშრომლოს ირანთან ვაჭრობისა და ადამიანის უფლებათა სფეროებში და, აგრეთვე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში.

ოთხშაბათს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა აღიარა, რომ კრიტიკა, რომ ვაშიგტონი ცალმხრივად მოქმედებს , მაგრამ ამასთან თქვა, რომ მისი ქვეყანა არ დათმობს საკუთარ ინტერესებს იმ შეთხვევაშიც კი, თუ პარტნიორები არ დაუჭერენ მას მხარს.
XS
SM
MD
LG