Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აპირებს თუ არა ვაშინგტონი ერაყის წინააღმდეგ გალაშქრებას?


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა შეერთებული შტატების პრესა ერაყის წინააღმდეგ შესაძლო ომზე საუბრობს. გაზეთ “იუ-ეს-ეი ტუდეის”, სამშაბათის ნომერში, მოჰყავს თეთრი სახლის ანონიმი წყაროს სიტყვები,

რომ მომავალ თვეში, ახლო აღმოსავლეთში მოგზაურობის მსვლელობაში, ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი აპირებს, მოიპოვოს ერაყის წინააღმდეგ ომის წარმოებისთვის საჭირო დიპლომატიური მხარდაჭერა, განსაკუთრებით ერაყის მოსაზღვრე ქვეყნების – საუდის არაბეთის, კუვეიტის, იორდანიისა და თურქეთის მხრიდან.

სტატიაში ნათქვამია, რომ იერიში არ არის მოსალოდნელი მაისამდე, როცა გაეროს უშიშროების საბჭო ერაყის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას აპირებს. გაზეთი წერს, რომ კონფლიქტი შეიძლება გამძაფრდეს, თუ სადამი კვლავ არ დაუშვებს გაეროს განიარაღების ინსპექტორებს, რომლებიც 1998 წელს გააძევა ქვეყნიდან.

ვარაუდები, რომ ამერიკა მიმართავს ძალას სადამ ჰუსეინის ჩამოსაგდებად, გაძლიერდა მას შემდეგ, რაც გასული თვის ბოლოს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა კონგრესში გამოსვლისას ირანს, ჩრდილოეთ კორეასა და ერაყს “ბოროტების ღერძი” უწოდა და თქვა, რომ საჭიროა მათთან ამა თუ იმ გზით გასწორება მანამ, სანამ ისინი მასობრივი განადგურების იარაღს გამოიყენებენ.

სადამ ჰუსეინი ამ მუქარას შემდეგნაირად გამოეპასუხა: სამშაბათს, ბაღდადში, ავსტრიის უკიდურეს მემარჯვენე პოლიტიკოს იორგ ჰაიდერთან შეხვედრის შემდეგ მან თქვა, რომ ამერიკელები საკუთარმა ძალაუფლებამ დაათრო და ახლა იმის ნაცვლად, ბრძნულად იმოქმედონ, ძალის გამოყენებას ლამობენო.

ბუშის რიტორიკამ ამერიკის ევროპელი მოკავშირეებიც შეაშფოთა. სამშაბათს კი კრიტიკა შინაც გაისმა. სამშაბათს პრესმდივანმა არი ფლაიშერმა უთხრა ჟურნალისტებს, რომ მთავრობა ერაყზე დაუყოვნებლივ თავდასხმას არ გეგმავს. მაგრამ ფლაიშერის შემდეგ სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი გამოვიდა სენატის მოსმენებზე და თქვა, რომ თუმცა შეერთებული შტატები არ აპირებს ირანსა და ჩრდილოეთ კორეაში შეჭრას, ერაყის რეჟიმის დასამხობად ვაშინგტონი ყველა შანსს გამოიყენებს.

[კოლინ პაუელის ხმა] “რაც შეეხება ერაყს, უკვე რა ხანია, არსებობს აზრი, რომ იქ რეჟიმის შეცვლა რეგიონისა და თვით ერაყელის ხალხისთვისაც სასიკეთო იქნებოდა. და ამ მიზნის მისაღწევად სხვადასხვა გზას განვიხილავთ.”
ამ მოსმენების მსვლელოებაში სენატის ბიუჯეტის კომისიის თავმჯდომარემ დემოკრატმა რობერტ ბერდმა უთხრა პაუელს, რომ ბუშის სიტყვებმა მსოფლიოში ბევრი ააღელვა. მან ბუში კოვბოის შეადარა, რომელიც ბევრი ყოყმანის გარეშე ატეხავს ხოლმე ბათქა-ბუთქს. ბერდმა, სენატორმა 42-წლიანი სტაჟით, ისიც თქვა, რომ ერაყზე იერიშის მიტანამდე, თეთრმა სახლმა უნდა მიიღოს სენატის თანხმობა ომის გამოცხადების დეკლარაციის ფორმით.
XS
SM
MD
LG