Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ”სტანდარტული” რეკომენდაციები დაგვიტოვა


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ამ კვირის დასაწყისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია თბილისიდან გაემგზავრა და მთავრობას შესასრულებლად მემორანდუმი დაუტოვა.

დევიდ ოეუნის ახალი რეკომენდაციები, ფაქტობრივად, არაფრით განსხვავდება ძველი რჩევებისაგან. განსხვავებული არც ჩვენი მთავრობის დამოკიდებულებაა. იგი წლიდან წლამდე ამ ორგანიზაციასთან მოლაპარაკებისას მუდმივად იტოვებს სავაჭრო საგანს. კონკრეტულად რას ითხოვს ფონდი საქართველოს ხელისუფლებისაგან.

ფისკალური და საბიუჯეტო პრობლემების მოგვარება, ენერგოვალები და სხვადასხვა სავაჭრო შეზღუდვების გაუქმება – ეს ის თემებია, რომლებიც მუდმივად ფიგურირებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებისას და რომელზეც საბოლოოდ ამ საფინანსო ინსტიტუტის პოზიტიური თუ ნეგატიური ვერდიქტია დამოკიდებული.

ამ მხრივ ორიგინალური არც ამჟამინდელი მისია ყოფილა. თუმცა, წლევანდელი წლის პირველი ვიზიტი შედარებით განსხვავებული იყო საბიუჯეტო კუთხით. დევიდ ოუენს ფინანსთა მინისტრმა საპარლამენტო ვაჭრობების პირმშო – სახელდახელოდ მიღებული წლევანდელი წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაახვედრა, ხოლო შემდგომ, უკვე ვიზიტის მსვლელობისას, იანვრის თვის საბიუჯეტო გეგმის შესრულების აქამდე უპრეცენდენტო ფაქტიც ამცნო. ყოველივე ამან მოლაპარაკებების მსვლელობას ოპტიმიზმის არც თუ მცირე დოზა შესძინა.

მაგრამ ეს მაინც ერთჯერადი წარმატებაა, რომელიც, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი პროგრამის დაფინანსების საკითხში. საბოლოო ვერდიქტი მაინც იმ ”საშინაო დავალების” შესრულებაზე იქნება დამოკიდებული, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში სტანდარტულია ფონდისა და საქართველოს ხელისუფლების ურთიერთობაში.

ორშაბათს პრეზიდენტთან შეხვედრისას ”გამომზეურებული” მემორანდუმიც ამის ნათელი დასტურია. სავალუტო ფონდი აყენებს 3 ძირითად პირობას, რომლებიც წინა რეკომენდაციებშიც ფიგურირებდა. კერძოდ, ოუენი მოგვიწოდებს გავაუმჯობესოთ საგადასახადო ადმინისტრირება, რისთვისაც გადასახადის გადამხდელთა რეგისტრაციის და წინასაიმპორტო ინსპექტირების მოწესრიგებას გვთავაზობს.

ფონდი განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ენერგოსექტორს და კონკრეტულად იმ დავალიანებას, რაც აქ წლობით არის დაგროვილი. ამისათვის ფინანსთა და ენერგეტიკის სამინისტროებს ვალის დაფარვის კონკრეტული გრაფიკის შედგენა და კრედიტორებთან ურთიერთობის მოგვარება მოუწევთ.

ფონდი, უკვე მერამდენე წელია, მოითხოვს ჯართისა და ხე-ტყის ექსპორტზე დაწესებული მორატორიუმის გაუქმებას. ექსპერტები თვლიან, რომ წამოყენებული სამი პირობიდან ეს უკანასკნელი ყველაზე ძნელი გადასალახავი იქნება, რადგან ამ სფეროში მრავალი, არც თუ ისე უმნიშვნელო ძალის ინტერესები იკვეთება. ამასთან, სულ ერთი კვირის წინ მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტის რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში და თავად ქვეყნის პირველი პირიც, სრულიად საპირისპირო ინიციატივით გამოვიდნენ და ჯართის ექსპორტის შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრება ითხოვეს. ამ საკითხთან დაკავშირებით პრინციპული პოზიციის დათმობა არ სურთ არც ”მრეწველებს”, შესაბამისად, საკანონმდებლო ხელისუფლებაში, ძალთა და ინტერესთა გადანაწილების გათვალისწინებით, ფონდის ამ რეკომენდაციის შესრულებას, მართლაც, სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდება.
XS
SM
MD
LG