Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში სიგარეტების დიდი ნაწილი სახიფათოდ რადიაქტიულია


დავით პაიჭაძე, თბილისი ხუთშაბათს, 14 თებერვალს საქართველოს მწვანეთა პარტიის თავმჯდომარემ გია გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას წარმოადგინა ინფორმაცია საქართველოს ბაზარზე არსებული სიგარეტების რადიაქტიურობის დონის შესახებ.

გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში გაყიდული 102 დასახელების სიგარეტიდან კონტრაბანდულია თითქმის მეოთხედი და სწორედ კონტრაბანდული სიგარეტია ყველაზე საშიში რადიაქტიურობის თვალსაზრისით. უფრო დაწვრილებით.

სიგარეტის რადიაქტიურობის ხარისხს არავითარი კანონი არ განსაზღვრავს. ნორმის ანუ ყველაზე დაბალი რადიაქტიურობის ნიმუშად მწვანეთა პარტიის თავმჯდომარეს შეურჩევია ნიუ-იორკის ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეძენილი სიგარეტები. ეს მაჩვენებელი შეადგენს 4-6 ბეკერელს/კოლოფზე და საქართველოს ბაზარზე არსებული 102 დასახელების სიგარეტიდან აქვს მხოლოდ 17-ს. ამ 17-დან ორი - ადგილობრივი წარმოების პროდუქტია: "პირველი" და "პატრიოტი სრული". საშუალო რადიაქტიურობის ჯგუფში (6,1-8,0 ბეკერელი/კოლოფზე) შევიდა 57 დასახელების სიგარეტი, ხოლო ყველაზე მაღალი რადიაქტიურობის ჯგუფში (8,1 -11,0 ბეკერელი/კოლოფზე) - 28 დასახელების სიგარეტი; აქედან 9 სახეობას საქართველოში აწარმოებენ, 9 - ლეგალურად შემოაქვთ, ათიც - კონტრაბანდულია.

რადიაქტიურობის დაბალი მაჩვენებლის მქონე სიგარეტებში არცერთი არ არის კონტრაბანდული. კონტრაბანდულ სიგარეტებში კი, რომელთაც მწვანეთა პარტიის ლიდერი რუსული აქციზური მარკით ან საერთოდ, უაქციზობით ამოიცნობს, მომატებული რადიაციაა. [გაჩეჩილაძის ხმა]: "ჩვენი ინფორმაციით, ძირითადად რუსული აქციზის მქონე კონტრაბანდული სიგარეტი იწარმოება ჩრდილოეთ კავკასიასა და აფხაზეთში. კონტრაბანდულ საქონელში 70 % სწორედ რუსული აქციზის მქონე სიგარეტებს უკავია. ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას: მოერიდონ აი, ამ კონტრაბანდული, რუსული აქციზისა და უაქციზო სიგარეტის ყიდვასა და მოწევას. მთლად უკეთესი იქნება, თუ საერთოდ დაანებებენ თავს სიგარეტის წევას".

გია გაჩეჩილაძე რადიაქტიურობის დონის ასახსნელად ასეთ შედარებას მოიხმობს: სიგარეტებში გამოყენებულ ერთ კილოგრამ თამბაქოში რადიაქტიურობა მერყეობს 200-დან 1000 ბეკერელამდე. მწვანეთა პარტიის თავმჯდომარეს მოაქვს საბჭოთა პერიოდის ნორმატიული აქტი, რომელიც ეხება არა სიგარეტს, არამედ სამშენებლო მასალებს - "ბუნებრივი მაიონიზებელი გამოსხივებისაგან მოსახლეობის დაცვის ნორმატივები"; [გაჩეჩილაძის ხმა]: "საცხოვრებელ და საზოგადოებრივ შენობებში დაუშვებელია ისეთი სამშენებლო მასალების გამოყენება, რომელთა რადიაქტიურობა არის 370-ზე მეტი ბეკერელი კილოგრამში და ჩვენს სიგარეტებში, აგერ რომ დევს, არის 200-დან 1000 ბეკერელამდე. წარმოგიდგენიათ, რაზეა ლაპარაკი"?!

გია გაჩეჩილაძეს მიაჩნია, რომ საქართველოში უნდა შეიზღუდოს ისეთი სიგარეტის წარმოება და შემოტანა, რომელიც მაღალი რადიაქტიურობის შემცველია, ხოლო რადიაქტიურობის ზღვარი ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ უნდა დაადგინოს.
XS
SM
MD
LG