Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზამთრის ოლიმპიადა. ვეტერან ოლიმპიელთა ფონდი. საფეხბურთო კალენდარი.


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი ზამთრის ოლიმპიური თამაშები, საქართველოს ვეტერან ოლიმპიელთა ფონდი,

და ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის კალენდარი – აი, ამ თემებს ეხმიანება ჩვენი თბილისელი თანამშრომელი ელგუჯა ბერიშვილი.

ლევან თედიაშვილი და მისი ოპონენტი ფალავნები

პირველი ოლიმპიური კვირა ხმაურიანი ამბებით დასრულდა. ქართველებს, გარდა ერთი ქართული გვარისა, ამ ამბებთან არაფერი აკავშირებს. ფიგურულ ციგურაობაში გამარჯვებულებს, სანკტპეტერბურგელ ანტონ სიხარულიძეს და მის მეწყვილეს ელენა ბერეჟნაიას კანადური დუეტი “ჩაეზიარა”: ჟამი სალე და დავიდ პელეტიე ასევე ოლიმპიურ ჩემპიონებად გამოცხადნენ. ასე გადაწყვიტა საგანგებო სააპელაციო კომისიამ, რომელმაც სამსააათიანი ბჭობის შემდეგ მსაჯთა შეცდომა აღიარა და ოლიმპიური სამართლიანობა აღადგინა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ჟაკ როგმა და ციგურაობის საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტმა ოტავიო ჩინკვანტამ ამ ამბავს ერთობლივი პრესკონფერენცია მიუძღვნეს და ფრიად კმაყოფილი ჩანდნენ. როგი, თურმე, იმითაც კმაყოფილია, რომ ზამთრის სპორტი სულ უფრო პოპულარული ხდება და მედალოსან ქვეყანათა რიცხვმა უკვე ორ ათეულს გადააჭარბა. ამ ოლიმპიადაზე ამ ქვეყნებს, სამწუხაროდ, საქართველო ვერ შეუერთდება. მედლებს სხვები დაითვლიან, ჩვენ კი ისღა დაგვჩენია საკუთარ “ბუღალტერიას” მივხედოთ. 1956 წლიდან მოყოლებული, ზამთრის ოლიმპიადებზე სულ შვიდ ქართველ სპორტსმენს უასპარეზია, საუკეთესო შედეგად კი კობა წაქაძის მეშვიდე ადგილი ითვლება. კობამ ოთხი ოლიმპიური ტრამპლინი მოსინჯა, მისმა შვილმა კახამ კი უკვე მესამე ოლიმპიადა მოილია, მაგრამ ამჯერადაც ვერაფერს გახდა: 90-მეტრიან ტრამპლინზე 58-ე იყო, 120-იანზე – 64-ე, თანაც ორივე დისციპლინაში მხოლოდ ორ-ორი მეტოქის ჩამოტოვება შესძლო. სამაგიეროდ ფინალში გავიდა 23 წლის თბილისელი ფიგურული მოციგურავე ვახტანგ მურვანიძე, რომელმაც ორიგინალური პროგრამა წარმოადგინა და საბოლოოდ მეჩვიდმეტე ადგილი დაიკავა. სპეციალისტები მურვანიძის ოლიმპიურ დებიუტს წარმატებულად მიიჩნევენ და კარგ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ვახტანგმა ვარჯიში ლეილა დოლიძესთან დაიწყო, მერე მოსკოვში იგორ რუსაკოვი წვრთვნიდა, ბოლოს კი – სახელგანთმული ელენა ჩაიკოვსკაია. მას შემდეგ, რაც ქართველები ზამთრის ოლიმპიადებზე დამოუკიდებლად წარსდგნენ, მურვანიძეზე უკეთესად მხოლოდ ზურაბ ჯიჯიშვილი გამოსულა – ბაკურიანელ სამთო მოთხილამურეს ნაგანოში მეთოთხმეეტე ადგილი ერგო. ჯიჯიშვილი აქტიურ სპორტს ჩამოსცილდა, მისი ადგილი კი ასევე ბაკურიანელმა რობერტ მახარაშვილმა დაიკავა, რომლის ოლიმპიური დებიუტიც რამდენიმე დღეში სოლტ-ლეიკ-სიტიში შედგება. 20 თებერვალს თავის მეორე ოლიმპიადაში ჩაერთვება სოფიკო ახმეტელი, რომელსაც ორი სტარტი მოელის – სამთო სლალომი და სლალომ – გიგანტი.


ამერიკიდან შინ მობრუნებულ ჩვენს ოლიმპიელებს ერთი საინტერესო ამბავი დახვდებათ: აქტიურ საქმიანობას იწყებს ვეტერან ოლიმპიელთა ფონდი, რომელსაც ჩვენი სახელოვანი ფალავანი ლევან თედიაშვილი ხელმძღვანელობს. მართალია, ფონდი იურიდიულად შარშან აპრილში დაფუძნდა, მაგრამ აქამდე ორგანიზაციულ საქმეებს აგვარებდა და სარბიელზე გამოსვლა არ უჩქარია. ფონდის გამგეობაში შევიდნენ დავით ციმაკურიძე, ვახტანგ ბალავაძე, რაფაელ ჩიმიშკიანი, რომან რურუა, გურამ ბიგანიშვილი და სხვა გამოჩენილი სპორტსმენები, რომელთაც, როგორც ფონდის წესდება გვამცნობს, მიზნად დაუსახავთ ვეტერან ოლიმპიელთა შეკავშირება, მათი სოციალური პრობლემების მოგვარება, ოლიმპიური მოძრაობის მხარდაჭერა და მრავალმხრივი საქველმოქმედო საქმიანობა. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის ბოლო სხდომაზე ლევან თედიაშვილმა უმთავრესად სწორედ ფონდის გეგმებზე ილაპარაკა და კომიტეტის თანადგონა ითხოვა. აი, რას ამბობს საქართველოს ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტი ჯანო ბაგრატიონი.


(ჯანო ბაგრატიონის ხმა) “მისასალმებელია, რომ ასეთი ორგანიზაცია შეიქმნა საქართველოში. იმიტომ, რომ დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე ქართულ სპორტს ძალიან უჭირს. როგორც ჩვენ შევიტყვეთ ლევანისგან, მას აქვს ძალიან არგუმენტირებული, დასაბუთებული წინადადებები სახსრების, თანხების მოზიდვისა. პერსპექტივა ჩანს აქ ძალიან დიდი, რაშიც, რა თქმა უნდა, დიდ როლს ითამაშებს ლევან თედიაშვილის, როგორც დიდი სპორტსმენის და ავტორიტეტის პიროვნება. ეს ძალიან შეუწყობს ხელს ამ თანხების მოზიდვას. მას ძალიან ბევრი პრაქტიკული წინადადება აქვს იმისთვის, რომ ეს საქმე რეალობად იქცეს.”


ფონდი ვალდებულებას იღებს სამწლიანი პროგრამის ფარგლებში გაიღოს ორი მილიონი ლარი, გარდა სოციალური პროგრამებისა დააფინანსოს საქართველოს ნაკრები გუნდების საწვრთნელი შეკრებები, შეუძინოს ფორმა-ინვენტარი, სტიპენდიები დაუნიშნოს პერსპექტიულ სპორტსმენებს და ა.შ. ყველა ეს ვალდებულება ურთიერთ თანამშრომლობის ხელშეკრულებით განმტკიცდება. ბაგრატიონის თქმით, კომიტეტსა და ფონდს შორის ხელშეკრულება უახლოეს დეებში გაფორმდება თუმცა მის ოპტიმიზმს არ იზიარებს აღმასკომის ზოგიერთი წევრი. საინტერესოა, რომ თედიაშვილის ოპონენტთა შორის ყოფილი მოჭიდავეები სჭარბობენ. მათ ნაკლებ რეალურად ესახებათ ფონდის დაფინანსების წყაროები და ამის გამო ეჭვი ეპარებათ მის ქმედითუნარიანობაში. მაგალითად, ოლიმპიური კომიტეტის ვიცე პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი აცხადებს, რომ თედიაშვილს ოლიმპიური კომიტეტის სათავეში მოსვლის სურვილი ამოძრავებს და ფონდის დარსებაც ამ მიზანს ემსახურება. “თუ ლევანი ინებებს, ახლავე გადავდგები და ვიცე-პრეზიდენტის ადგილს მას დავუთმობ,”- ამბობს ხაბელოვი, რომელსაც კვერს უკრავენ ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ჩოჩიშვილი და საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გოჩა ძასოხოვი. მოკლედ, ვეტერან ოლიმპიელთა ფონდის სამზეოზე გამოჩენას გვარიანი ხმაური მოჰყვა. საქმეში სადავოს და საკამათოს რა გამოლევს, ოღონდ მთავარია სწორედ საქმე გაკეთდეს, დანარჩენს კი მოევლება – ასე ფიქრობს ჯანო ბაგრატიონი.


(ჯანო ბაგრატიონის ხმა) “მე მაინც მჯერა, რომ ლევანი სერიოზული კაცია, ასე ტყუილად არაფერს იტყოდა, მოიმოქმედებს ყველაფერს იმისთვის, რომ არ შეირცხვინოს თავი და ბოლომდე მიიყვანოს ეს საქმე.”


ბოლოს საფეხბურთო საქმეებსაც მივხედოთ. ორიოდ დღის წინ დუბლინში ევროპის ჩემპიონატის მეათე შესარჩევი ჯგუფის წარმომადგენლები შეიკრიბნენ და კალენდარზე შეთახმდნენ. ტურნირის პირველ მატჩს საქართველოს ნაკრები შვიდ სექტემბერს შვეიცარიასთან სტუმრად გამართავს, ხუთი დღის შემდეგ კი რუსეთის გუნდს უმასპინძლებს, დანარჩენი შეხვედრები გაისად გაიმართება: 29 მარტი, საქართველო-ირლანდია; 2 აპრილი, საქართველო-შვეიცარია; 11 ივნისი, ირლანდია-საქართველო; 6 სექტემბერი, საქართველო-ალბანეთი; 10 სექტემბერი, ალბანეთი-საქართველო; 11 ოქტომბერი, რუსეთი-საქართველო. კალენდრის ავკარგიანობის თაობაზე ქართულ პრესაში არაერთი საყურადღებო მოსაზრება გამოქვეყნდა. რესპოდენტთა უმრავლესობა აცხადებს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ემისრებმა დუბლინში პოზიციები ვერ დაიცვეს და ამიტომაც მივიღეთ ჩვენთვის არახელსაყრელი კალენდარი. კალენდარი მართლაც ცუდია, თუნდაც იმიტომ, რომ ჯგუფის ფავორიტებთან ბოლო მატჩები სტუმრად გვიწევს.
XS
SM
MD
LG