Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში არსებულ კონფლიქტურ სიტუაციებს მიეძღვნა წინა კვირის რუსეთის პრესის


გიორგი კაკაბაძე, თბილისი საქართველოში არსებულ კონფლიქტურ სიტუაციებს მიეძღვნა წინა კვირის რუსეთის პრესის წერილთა უმრავლესობა.


12 თებერვლის "ნეზავისიმაია გაზეტა" აღნიშნავს, რომ თბილისში, პრაქტიკულად, არ გამოხმაურებიან საქართველოს უშიშროების მინისტრის, ვალერი ხაბურძანიას, გამოსვლას მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე. გაზეთის თქმით, "მინისტრმა კი ბევრ საინტერესო ამბავზე ისაუბრა. ესაა, პანკისის ხეობაში ჩეჩენი ბოევიკების სასწავლო ბაზების არსებობა, ამ სასაზღვრო ზოლში რუსლან გელაევის რაზმის თავისუფალი გადაადგილება, პანკისში ახლო აღმოსავლეთიდან ჩასულ მოხალისეთა ჩეჩნეთში გადასვლა საქართველოს ტერიტორიის გავლით."

ამასთან ერთად, წერილში ნათქვამია:

"საქართველოს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გენერალ-ლეიტენენტმა ავთანდილ იოსელიანმა, "ნეზავისიმაია გაზეტას" კორესპონდენტთან ინტერვიუში განაცხადა, რომ შოკირებულია მინისტრ ხაბურძანიას გამონათქვამებით. გენერალ იოსელიანის მტკიცებით, საქართველოს დაზვერვას არ ჰქონდა და არც აქვს არავითარი ინფორმაცია პანკისის ხეობაში რაიმე სასწავლო, საწვრთნელი, სამხედრო თუ სხვა სახის ბაზების არსებობის შესახებ. ასეთი რამ იქ, უბრალოდ, არ არსებობს - ამბობს გენერალი.
დაზვერვის ხელმძღვანელი აღიარებს, რომ ჩეჩენ ლტოლვილთა შორის არიან ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის არმიის წინააღმდეგ, მაგრამ, მისი თქმით, ჯერ-ერთი, მათი რიცხვი უმნიშვნელოა - დაზვერვის მონაცემებით, 140-160 კაცს არ აღემატება. მეორეც: არიან ადამიანები, რომლებიც, დიდი ხანია, "გამოეთიშნენ თამაშს" ანუ ომს ჩამოსცილდნენ და მასში მონაწილეობას აღარ აპირებენ.
იოსელიანის სიტყვებით, საქართველოს დაზვერვას არა აქვს არავითარი მონაცემები პანკისის ხეობაში რუსლან გელაევის ყოფნის და, მით უმეტეს, მისი რაზმის გადაადგილების შესახებ."

გაზეთის თქმით, "ავთანდილ იოსელიანი გადაჭარბებულად მიიჩნევს იმის მტკიცებას, რომ საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთის გადალახვა არავითარ სიძნელეს არ წარმოადგენს. საქართველოს დაზვერვის მონაცემებით, მთელი შარშანდელი წლის განმავლობაში პანკისიდან ჩეჩნეთში მთის ბილიკებით გადავიდა არა უმეტეს ორმოცდაათი ადამიანისა."

"გენერლის აზრით, პანკისში, მართლაც, რთული ვითარებაა შექმნილი იქ დაფუძნებული კრიმინალური დაჯგუფებების გამო. მაგრამ იგი ამბობს, რომ ერთმანეთისაგან უნდა განვასხვავოთ ჩვეულებრივი კრიმინალური დაჯგუფებები და ბოევიკები, რომლებიც, მართლაც, უქმნიან საფრთხეს არა მხოლოდ რუსეთს, არამედ საქართველოსაც. დაზვერვის სამსახურის მონაცემებით, პანკისის ბანდებში ჩეჩენთა რიცხვი უმნიშვნელო ნაწილს -- სულ რაღაც 2-3 პროცენტს შეადგენს. გენერალი იოსელიანი ირწმუნება, რომ პანკისში, ძირითადად, ქართველებისა და ქისტების ბანდები თარეშობენ."

წერილის დასასრულს "ნეზავისიმაია გაზეტა" გაკვირვებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ორი სპეცსამსახური სრულიად განსხვავებულად აფასებს ქვეყნის ერთ-ერთ რაიონში არსებულ სიტუაციას.

15 თებერვლის გაზეთ "კომერსანტის" წერილი ეძღვნება თბილისში რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტროს დელეგაციის ვიზიტს. გაზეთის თქმით, მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, რომ დელეგაციას ემუშავა პანკისის ხეობაში, სადაც რამდენიმე ათასი ჩეჩენი ლტოლვილი ცხოვრობს.

"კომერსანტი" წერს:

"პრაქტიკულად, ყველა ლტოლვილი აცხადებს, რომ არ აპირებს ჩეჩნეთში დაბრუნებას, სანამ იქ საბრძოლო მოქმედებები მთლიანად არ შეწყდება. ასლან მასხადოვის წარმომადგენლები კი ირწმუნებიან, რომ რუსეთის ხელისუფალნი ესწრაფვიან ლტოლვილების ძალდატანებით დაბრუნებას "ოკუპირებულ ტერიტორიაზე მათი შემდგომი განადგურების მიზნით."
ამასთან ერთად, გაეროს ლტოლვილთა საქმეების კომისარიატმაც განაცხადა, რომ დაუშვებელია ლტოლვილთა ძალდატანებითი დაბრუნება საქართველოდან ჩეჩნეთში."

გაზეთი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით, რუსეთის დელეგაცია მხოლოდ თბილისში იმუშავებს.

რუსეთის ხელმძღვანელობა კი, როგორც ჩანს, იმედოვნებდა, რომ საგანგებო ვითარებათა სამინისტროს საფარქვეშ პანკისის ხეობაში რუსეთის სპეცსამსახურები იმუშავებდნენ, - წერს "კომერსანტი".

14 თებერვლის "ნეზავისიმაია გაზეტას" თქმით, "საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ავთანდილ ჯორბენაძის, სოხუმში ვიზიტისა და აფხაზთა პრემიერ-მინისტრთან, ანრი ჯერგენიასთან, შეხვედრის მთავარი შედეგი ის არის, რომ მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, განაახლონ ქართულ-აფხაზური დიალოგი, რომელიც ჯერ კიდევ გასული წლის გაზაფხულზე შეწყდა. ჯორბენაძის სიტყვებით, იგი კმაყოფილია სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენლებთან თავისი პირველი შეხვედრით, ვინაიდან განხილულ იქნა ყველა პრობლემური საკითხი და ბევრ მათგანში ძვრებიც შეინიშნება."
XS
SM
MD
LG