Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროტესტები მოლდავეთში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა იანვრის დასაწყისიდან მოყოლებული მოლდავეთის დედაქალაქ კიშინიოვში თითქმის ყოველდღიურად ტარდება საპროტესტო დემონსტრაციები მთავრობის, პარლამენტის და რუსეთის საელჩოს შენობების წინ.


[დემონსტრანტების ხმები]

დემონსტრანტები თავდაპირველად სკოლებში რუსული ენის სავალდებულო სწავლებისა და ისტორიის პრორუსული სახელმძღვანელოების გაუქმებას მოითხოვენ. სამშაბათს კი პირველად ამ მოთხოვნებს მთავრობისა და პრეზიდენტის გადაყენებისა და ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნაც დაემატა.

დემოსტრაციების ინიციატორია ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული პარტია. მისმა ლიდერმა ლურიე როსკამ სამშაბათს ასე მიმართა მანიფესტანტებს: ”დაგვიდგა დრო მოლდავეთში გადავარჩინოთ დემოკრატია და სამუდამოდ მოვიშოროთ თავიდან კმომუნიზმიო.”

მოლდავეთი არის ყოფილი საბჭოთა კავშირის ერთადერთი რესპუბლიკა, სადაც ამომრჩევლებმა ხელისუფლებაში მარქსისტ-ლენინისტები დააბრუნეს. პარლამენტში მათ 101-დან 71 ადგილი უჭირავთ. ქრისტიან-დემოკრატებს მხოლოდ 11.

სამშაბათს კიშინიოვში დემონსტრანტების რიცხვმა 40 ათასს გადააჭარბა. იმავე დღეს პროტესტებს ადგილი ჰქონდა აგრეთვე მოლდავეთის სიდიდით მეორე ქალაქ ბალტიში, სადაც ქუჩაში 200-მდე სტუდენტი გამოვიდა დედაქალაქიში მიმდინარე მანიფესტაციების სოლიდარობის ნიშნად. ბალტის დემონსტრანტებს შორის გამოვიდა ერთ-ერთი ახალგაზრდა.

[დემონსტრანტის ხმა.] “ჩვენ სკოლებში რუსული ენის, როგორც სავალდებულო საგნის შემოღების, კირილიცის დამწერლობა და რუსულის სახელმწიფო ენად გამოცხადების წინააღმდეგი ვართ”.

ოთხშაბათს ხელისუფლებამ აკრძალა დემოსტრაცია ბალტიში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა რუსულენოვანია.

ორგანიზატორები კვირისთვის კიშინიოვში გეგმავენ დიდ დემონსტრაციას, რომელზეც 50 ათასი კაცის გამოყვანის იმედი აქვთ. მოლდავეთის პრეზიდენტი ვლადიმირ ვორონინი ამბობს, რომ თუმცა დემონსტრაცია არაკანონიერია, ის არ დაუშვებს ძალის გამოყენებას, ვინაიდან მასში ბევრი ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას. მისი სიტყვით, პოლიცია მხოლოდ იმისთვის იქნება, რათა ბავშვები დაშავებისგან დაიცვას. ზოგიერთი ორგანიზატორი საჯაროდ მიესალმა ამ ზომას.

კომუნისტები ხელისულებაში ერთი წლის წინ დაბრუნდნენ ეკონომიკური გაუმჯობესების პლატფორმით. მათ პირობა დადეს აგრეთვე რომ მიუერთებიან რუსეთისა და ბელორუსიის კავშირს. მოლდავეთს არცერთ მათგანთან არა აქვს საერთო საზღვარი. ჯერჯერობით კომუნისტებმა მოლდავეთის გაპარტახებული ეკონომიკის გამოცოცხლება ვერ მოახერხეს.

სამშაბათს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ამგვარი მანიფესტაციები არ შეუწყობს ხელს მოლდავეთის მრავალეროვან საზოგადოებაში სამოქალაქო ჰარმონიას. ორგანიზატორებმა და მათმა მხარდამჭერებმა უნდა გაიაზრონ, რომ მათ თავიანთი მოქმედებებით შეიძლება სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში კიდევ ერთი კონფლიქტი გამოიწვიონ, ნათქვამია განცხადებაში.

მოლდავეთის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ ვლად ჩუბრისოვმა მოსკოვი “მოლდავეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეებში ჩარევაში”დაადანაშაულა და თქვა, რომ განცხადება “იმპერიალისტური სულისკვეთებით” არის გამსჭვალული.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამი იყო აგრეთვე, რომ მოსკოვი მხარს უჭერს მოლდავეთის ხელმძღვანელობას და თვლის, რომ მან გადადგმა სათანადო ნაბიჯები ეკონომიკური ტრანსფორმაციისა და ცხოვრების დონის ასამაღლებლად.
XS
SM
MD
LG