Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“პოლიტიკური კვლევების ცენტრის” ჟურნალ “ახალი აზრის” მე-3 ნომრის მიმოხილვა


გიორგი კაკაბაძე, თბილისი საქართველოში აშშ-ის საელჩოს ხელშეწყობით, არასამთავრობო ორგანიზაცია “პოლიტიკური კვლევების ცენტრი” გამოსცემს ჟურნალს,

სახელწოდებით “ახალი აზრი”. ახლახან გამოვიდა ამ ჟურნალის მე-3 ნომერი, რომლის შესახებ გიორგი კაკაბაძე გესაუბრებათ.

სათაურით “დამოუკიდებელი საქართველოს არჩევანი” ჟურნალი გვთავაზობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის დირექტორის, ალექსანდრე რონდელის სტატიას. ავტორის თქმით, ”დამოუკიდებლობის პირველ წლებში საქართველოს საგარეო პოლიტიკა მოკლევადიან მიზნებზე ორიენტირებული, ეგრეთ წოდებული, სტრატეგიული იდეალიზმით ხასიათდებოდა. მოგვიანებით კი, ქვეყანამ საკმაოდ რეალისტური ანუ იმგვარი პოლიტიკის განხორციელება დაიწყო, რომელიც უკვე ნაკლებად იყო მოტივირებული რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხის შიშით და აღარც მხოლოდ თვითგადარჩენის მოკლევადიან ამოცანებს ისახავდა მიზნად.”

სტატიაში მოყვანილია საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტულ მიმართულებათა ნუსხა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარეობს, გაანალიზებულია საქართველოს ურთიერთობა რუსეთთან და დასავლეთთან, განხილულია ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესაძლებლობები, გამოთქმულია მოსაზრებები საქართველოს სამომავლო სტრატეგიულ არჩევანთან დაკავშირებით და სხვ.

“ახალი აზრის” მე-3 ნომერში გამოქვეყნებულია დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრის, ლევან ავალიშვილის სტატია სათაურით “ამერიკის შეერთებული შტატები და ახლადწარმოქმნილი დამოუკიდებელი ქვეყნები”. კავკასიის რეგიონთან დაკავშირებით, ავტორი, კერძოდ, წერს: “ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკის მთავარ ამოცანად უნდა იქცეს მთელი რეგიონის მასშტაბით ყოველგვარი მოსალოდნელი აფეთქების თავიდან აცილება. ამისათვის საჭიროა სამხრეთ კავკასიის სამივე რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ძლიერი მხარდაჭერა. აგრეთვე, ყარაბაღისა და აფხაზეთის კონფლიქტების გადაწყვეტის სამშვიდობო გზების ძიება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ დასავლელ ანალიტიკოსებს ყოვლად შეუძლებლად მიაჩნიათ ამ კონფლიქტთა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად, ცალცალკე მოგვარება”.

ერთგვარად განსხავავებული პოზიციაა გამოხატული დამოუკიდებელი ექსპერტის, ვასილ გიორგაძის სტატიაში, რომლის სათაურია “ძალის პრიმატი წართმეულის დაბრუნებისას”. ავტორი მიიჩნევს, რომ “ქვეყნის მძიმე ეკონომიკური და ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, დღევანდელ ეტაპზე და ახლო მომავალშიც ძალოვან უწყებებში მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა დაეთმოს იმგვარი სამხედრო შენაერთების შექმნას, რომლებიც მოახერხებენ დიდი ხნის განმავლობაში, ყველაზე არახელსაყრელ პირობებშიც კი, პარტიზანულ-დივერსიული ხასიათის, დაბალი ინტენსივობის ომის წარმოებას.”

ჟურნალი “ახალი აზრი” გვთავაზობს ინტერვიუს ექსპერტთან კავკასიის საკითხებში, მამუკა არეშიძესთან. პანკისის ხეობის გაკონტროლების პრობლემასთან დაკავშირებით, რესპონდენტი ამბობს: ”ხეობის სიგანე ათასი მეტრია, ხოლო სიგრძე 8 კილომეტრია. სულ შვიდი სოფელია. მათ შორის ისეთი სოფელიც, როგორიც დედისფერული, რომელშიც 17 სული ცხოვრობს. სულ პანკისის ხეობაში, დაახლოებით, 14-15 ათასი მოსახლეა და ამ ხეობის “ვერგაკონტროლებაზე” საუბარი სასაცილოა, თუნდაც იმ ძალებით, რომლებიც ახმეტის რაიონში და კახეთში იმყოფება”.

“ახალი აზრის” მესამე ნომერში კიდევ არა ერთ საინტერესო პუბლიკაციას შეხვდებით. შეგახსენებთ, რომ ჟურნალის პროექტი სულ ექვსი ნომრის გამოცემას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG