Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელი ლტოლვილების შინ დაბრუნების პრობლემები


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ავღანელი ლტოლვილების ბედი მსოფლიო საზოგადოებრიობას ადარდებდა მაშინაც, როცა ისინი სამშობლოდან გარბოდნენ და ახლაც, როცა უკან დაბრუნებას აპირებენ.

ავღანეთში გაეროს ლტოლვილთა საქმეების უზენაესი კომისარიატის წარმომადგენლის ფილიპო გრანდის თქმით, წლეულს მოსალოდნელია დაახლოებით 1,2 მილიონი ლტოლვილის დაბრუნება.

უზენაესი კომისარიატი მოელის, რომ უახლოეს კვირებში ავღანეთს შინ დაბრუნების მსურველთა ტალღა მიაწყდება, როცა პაკისტანსა და ირანში გაიხსნება ნებაყოფლობითი რეპატრიაციის ცენტრები. კომისარიატი ამ პარასკევს აპირებს შვიდიდან პირველი მიმღები პუნქტის გახსნას ტარტაბექში, ფეშავარის მახლობლად. ფილიპო გრანდის სიტყვით, თითოეული ცენტრი დღეში 5 ათასი ლტოლვილის გატარებაზეა გათვლილი. გარდა რეგისტრაციის ცენტრებისა, კომისარიატი აპირებს, დააარსოს სურსათისა და სხვა პირველი მოხმარების საგნების გამანაწილებელი პუნქტები.

გრანდი ამბობს, რომ ავღანეთის აბსორბციის უნარი ძალიან მცირეა და ლტოლვილთა დაბრუნების პროცესი შეიძლება სამი, ოთხი და ხუთი წელიც გაგრძელდეს. დაბრუნებას ხელს შეუწყობს სხვადასხვა ფაქტორები: პოლიტიკური სტაბილურობა, წვიმები (მრავალწლიანი გვალვების შემდეგ), სამუშაოს მიღების შესაძლებლობა...

გრანდის თქმით, ლტოლვილთა საქმეების უზენაესი კომისარიატი ყველაზე დიდ პრობლემებს ავღანეთის მიყრუებული სოფლებიდან გაქცეული ლტოლვილების შინ დაბრუნებისას მოელის. ის შიშობს, რომ ლტოლვილები, იმის ნაცვლად, რომ მშობლიურ სოფლებში დაბრუნდნენ, ავღანეთის დიდ ქალაქებს მიაწყდებიან.

მსგავს სიტუაციას – ლტოლვილი მოსახლეობის ურბანიზაციას – ბოსნიაში ჰქონდა ადგილი. ეს დიდი პრობლემაა, ამბობს გრანდი, ვინაიდან ქალაქებს არსებული მოსახლეობის მომსახურებაც კი უჭირთ, რომ არ ვილაპარაკოთ მრავალრიცხოვან დამატებით მოსახლეობაზეო.

გრანდი აღნიშნავს, რომ ავღანეთის დროებით მთავრობასაც აშფოთებს ურბანული რეგიონების ლტოლვილებით გადავსების პრობლემა. მთავრობამ გაეროს ლტოლვილთა საქმეების უზენაეს კომისარიატს სთხოვა, სასწრაფოდ დაიწყოს გეგმის შემუშავება იმ ლტოლვილებისთვის, რომლებიც საკუთარ სოფლებში დაბრუნებას არ აპირებენ. “ჩვენ, ალბათ, ქალაქებში სოციალური სამსახურების გაძლიერების მიმართულებით ვიმოქმედებთო”, თქვა გრანდიმ.

ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია “ჰიუმან რაიტს უოჩის” სამშაბათს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ირანსა და პაკისტანში მყოფ ბევრ ავღანელ ლტოლვილს ეშინია საშობლოში დაბრუნება. ისინი შიშობენ, რომ გაზაფხულზე დაიწყება ბრძოლები რეგიონულ ლიდერებს შორის, რომლებიც თვლიან, რომ ლოია ჯირგაში ისინი სათანადოდ არ არიან წარმოდგენილი. ლოია ჯირგა, რომლის წევრები ჯერ არ დაუსახელებიათ, ივნისში გარდამავალ მთავრობას დანიშნავს.

შეერთებული შტატების წარგზავნილმა ავღანეთში ზალამაი ხალილზადმა თქვა კვირას, რომ ავღანეთის უსაფრთხოებას ყველაზე მეტად ახლა ემუქრება ქიშპობა რეგიონულ ლიდერებს შორის, რომელთაც საკუთარი არმიები აქვთ შენარჩუნებული.

[ხალილზადის ხმა] ”ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ მრავალი სხვადასხვა ჯარია. დროებითი ხელისუფლების კონტროლი კი სუსტია. მთავრობა ერთი მხრივ, აიძულებს ამ ძალებს დიდ დათმობაზე წასვლას, მეორე მხრივ, თვით განიცდის მათგან ზეწოლას სხვადასხვა მიმართულებით.”

შეერთებული შტატების წარგზავნილის ეს სიტყვები ადასტურებს, რომ სტაბილურობისკენ მიმავალ გზაზე ავღანეთს კიდევ არაერთი სერიოზული პრობლემა აქვს გადასაჭრელი.

20-წლიანმა ომმა ავღანელები არა მარტო ახლომდებარე ქვეყნებში, არამედ შეერთებულ შტატებსა და ევროპაშიც გაფანტა. ნიუ იორკის ავღანელ ექსპატრიატთა ჯგუფის თავმჯდომარე ჰაბიბ მაიარ ვარდაკი ამას წინათ ეწვია ქაბულს, პირველად 1970-იანი წლების შემდეგ და შეძრწუნებული იყო ნანახით.

“ან დაეხმარეთ ფულით, ან თქვენ თვითონ ჩადით, ერთი-ორი თვით. იმუშავეთ საავადმყოფოებში, სკოლებში, ოფისებში”, მოუწოდებს ის ევროპაში და ამერიკაში მცხოვრებ ავღანელებს, რომელთა შორის, მისი სიტყვით, მრავლად არიან კარგად განათლებული ახალგაზრდები.
XS
SM
MD
LG