Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქვეყნები, რომელთა გადარჩენა აუცილებელია


ანდრო ეული, პრაღა ამა წლის 28 თებერვლის ნომერში, გაზეთმა ”უოლ სტრიტ ჯორნალმა” გამოაქვეყნა ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორის, საერთაშორისო სამართლისა და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ცნობილი ექსპერტის,

თომას გრანტის სტატია სათაურით: ”ქვეყნები, რომელთა გადარჩენა აუცილებელია”.

სექტემბერში, თომას გრანტი თბილისში იმყოფებოდა სტუმრად და იქ მიღებულ შთაბეჭდილებებს უზიარებს თავის სტატიაში მკითხველს.

11 სექტემბერს - იხსენებს თომას გრანტი – თბილისში ვიყავი, რამაც მომცა შესაძლებლობა დამენახა, როგორ რეაგირებენ ამერიკის მეგობრები, როცა ჩვენი ქვეყანა განსაცდელშია.
პრეზიდენტმა ედურდ შევარდნაძემ, პარლამენტარმა რევაზ ადამიამ, პოლიტოლოგმა ალექსანდრე რონდელმა და ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ თანაგრძნობა გამომიცხადეს მე, როგორც ამერიკელს, ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში იმ ავადსახსენებელ დღეს მომხდარ საზარელ ტერაქტთან დაკავშირებით. და როცა საქართველოს მთავრობამ საჰაერო სივრცით სარგებლობა შესთავაზა მყისვე ჩვენს სამხედრო თვითმფრინავებს, დავრწმუნდი, რომ ეს იყო გულწრფელი თანაგრძნობა, და არა უბრალოდ თავაზიანობის ჟესტი.

ქართველების სტუმართმოყვარეობა და ხელგაშლილობა, განაგრძობს ბრიტანელი მკვლევარი, არ აღმოჩნდა საკმარისი ვითარების სტაბილიზაციისთვის ახალდამოუკიდებელ საქართველოში, სადაც ერთ კრიზისს მეორე მოჰყვებოდა განვლილი ათწლეულის მანძილზე. ყოველივე ამას ცუდმა მეზობლებმაც შეუწყეს ხელი. ის, რომ მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის – სამივესთვის სასიკეთო იქნება, ჭეშმარიტებაა, რომელიც არ უნდა იწვევდეს ეჭვს. მაგრამ, სომხეთ-აზერბაიჯანის ომმა, რასაც სამთავრობო კრიზისი დაემატა საქართველოში, მინიმუმამდე დაიყვანა ამიერკავკასიაში მოსალოდნელი ინტეგრაციის პერსპექტივა. ამასობაში რუსეთი ჩაერია, ხოლო ცალკეული ინფორმაციით თავადვე გამოიწვია ათი წლის წინათ სისხლიანი სამოქალაქო ომი საქართველოში და, გაეროს სამშვიდობო მისიით შენიღბული, სამხედრო ძალით უზრუნველყოფს აფხაზეთის ფაქტობრივ დამოუკიდებლობას თბილისისაგან.

თომას გრანტი აღნიშნავს ამასთანავე, რომ ყველაზე ცხელი წერტილი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში, მაინც პანკისის ხეობაა დღეს. და ეს კრიზისი რუსეთმა გამოიწვია, როცა ჩეჩნები გააძევა მშობლიური მიწიდან და 1999 წლიდან მოყოლებული სწორედ პანკისის ხეობას იყენებს საქართველოში თავისი უწინდელი გავლენის აღსადგენად. თუმცა, ამგვარი უმართავი რეგიონები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია, და საქართველო, ამ მხრივ - სულაც არაა გამონაკლისი.

ბასილანის კუნძულები სამხრეთ ფილიპინებში, აჩეს პროვინცია ინდონეზიაში, მთიანეთი პარაგვაის ჩრდილოეთში, მაღალმთიანი სოფლები იემენში და კოლუმბიის ჯუნგლები – არასრული სიაა იმ რეგიონებისა, სადაც სრული განუკითხაობა სუფევს. ამ რეგიონებიდან ზოგიერთში, შეერთებულმა შტატებმა უკვე განათავსა თავის ჯარი, რათა მეგობარ მთავრობებს დაეხმაროს. როგორც თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა განაცხადა, შეერთებული შტატები მზადაა დახმარებისთვის ყველგან, სადაც კი ხელი მიუწვდება, როცა მეგობარი მთავრობა - ტერორიზმს ებრძვის.

როგორც თომას გრანტი აღნიშნავს თავის სტატიაში, ედუარდ შევარდნაძე და მისი მთავრობა მიესალმნენ ცნობას იმის შესახებ, რომ შეერთებული შტატები დახმარებას გაუწევს თბილისს პანკისის ხეობაში მოსალოდნელ ანტიტერორისტულ ოპერაციაში. თუმცა პრეზიდენტ ბუშის ადმინისტრაციამ ანგარიში უნდა გაუწიოს იმას, რომ რუსეთი – წინააღმდეგი იქნება ამისა და გამოთქვა კიდევაც უკვე პროტესტი. პოლონეთის, ჩეხეთისა და უნგრეთის გაწევრიანებამ ნატოში დარტყმა მიაყენა რუს გენერლებს. უზბეკეთსა და ტაჯიკეთში ამერიკის ბაზების შექმნა მათთვის ნამდვილი შოკი იყო. ხოლო თუ მეფის რუსეთის ხიშტებითა და პოლტიკური ინტრიგების წყალობით მეცხრამეტე საუკუნეში დაპყრობილი კავკასია ”იანკებს” უმასპინძლებს, მოსკოველი კონსერვატორებისთვის, ეს – ისტორიული განზომილების შეურაცყოფა იქნება. და მაინც, დაასკვნის ბოლოს თომას გრანტი, რუსეთი უნდა შეეგუოს თავის პოსტ-იმპერიულ როლს და დათანხმდეს ამერიკელების დროებით ყოფნას საქართველოში. ცივი ომის დამთავრების შემდეგ
მოსკოვს ხომ არაერთხელ მოუხდა მისთვის არც თუ სასურველ კომპრომისებზე წასვლა.

XS
SM
MD
LG