Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მფრინავი სპილოს" პროტესტი


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი გასულ კვირას ამერიკიდან სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია,

უფრო ზუსტად - დელეგაციის ხელმძღვანელობა და ბაკურიანელი მოთხილამურე რობერტ მახარაშვილი. სხვა ქართველი ოლიმპიელები უცხოეთში დარჩნენ: სოფიკო ახმეტელი - ავსტრიაში, ვახტანგ მურვანიძე - რუსეთში, კახა წაქაძე - ამერიკაში. წაქაძე კარგა ხანია ოჯახთან ერთად ჩიკაგოში ცხოვრობს და ხანდახან, სამსახურისგან თავისუფალ დროს, ტრამპლინიდან ხტომისთვისაც იცლის. წაქაძე ქართველთაგან ერთადერთია, ვინც ოლიმპიადის დღეებში ამერიკული პრესის ყურადღება "დაიმსახურა". ვგულისხმობ "ნიუ-იორკ თაიმსში" გამოქვეყნებულ სალაღობო წერილს სათაურით: "სპილო მიწაზე დაეშვა - აი, ყველაფერი". წერილის ავტორი, ვინმე მარლი ლედიუფი, ქართველ ოლიმპიელს მფრინავ სპილოს ადარებს და იქვე ყვება წაქაძის დარდიმანდობისა და სასიყვარულო ამბებს. ისტორია ამით არ მთავრდება: ჩვენი ოლიმპიელი თურმე ძალზე განაწყენებულა და, ღირსებაშელახულს, "ნიუ-იორკ თაიმსისთვის" საპროტესტო წერილით მიუმართავს - რედაქციამ ბოდიში მოიხადოს, ავტორის გამოგონილი ფაქტები უარყოს, თორემ შეურაცხყოფას არავის ვაპატიებ, ადვოკატს დავიქირავებ და სასამართლოში ვიჩივლებო. თავისი საქმისა თავად უკეთ უწყის, მაგრამ, ალბათ, ჯობდა, რომ წაქაძეს ამგვარი შეუპოვრობა სპორტულ სარბიელზე გამოეჩინა და ვიდრე "ნუი-იორკ თაიმსს" შეეჭიდებოდა, იმაზეც ეფიქრა, საერთოდ ღირდა თუ არა მისი ოლიმპიადაზე გამოსვლა. სხვათა შორის, თამაშებში ქართველთა მონაწილეობა - არმონაწილეობის თაობაზე, ოლიმპიადამდეც და მერეც, ჩვენს პრესაში არაერთი მოსაზრება გამოითქვა და ეს მხოლოდ კახა წაქაძეს არ ეხება. ზოგიერთი რესპოდენტის განცხადებით, აზრი არ აქვს ამხელა ხარჯის გაწევას და მარცხისთვის განწირულ სპორტსმენთა ცხრა მთას იქით მივლინებას. სხვაგვარად ფიქრობს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი.


(ემზარ ზენაიშვილის ხმა) "მონაწილეობა იყო აუცილებელი ქართული სპორტის ხვალინდელი დღისთვის და საქართველოში სპორტის ზამთრის სახეობების განვითარებისთვის. დაფიქსირდება, რომ საქართველოში არის სპორტის ზამთრის სახეობა და ეს აუცილებელი იყო. პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი სპორტსმენების გამოსვლა პირდაპირპროპორციულია იმ დანახარჯებისა, იმ ფინანსური უზრუნველყოფისა, რომელიც მოახმარა სახელმწიფომ ზამთრის სახეობების სპორტს ნაგანოდან სოლტლეიკსიტამდე. დაახლოებით, ჩემი გამოთვლით, ეს თანხა არ აღემატება ასი ათას ლარს ოთხი წლის მანძილზე, ანუ ოცდახუთი ათასი ლარი ყოველწლიურად. ეს არის, ფაქტობრივად, ერთი სპორტსმენის აღკაზმულობის თანხა. ჩვენ გვინდა ამ თანხით მივიღოთ შედეგი. შედეგი არ იქნება".


სამაგიეროდ, გარანტირებული გვაქვს ჩვენი ეროვნული დროშის გამოჩენა ოლიმპიური თამაშების გახსნისა და დახურვის საზეიმო ცერემონიალზე. ჯერჯერობით სულ ეს არის, თუმცა ემზარ ზენაიშვილი გვაიმედებს, რომ მომავალში უკეთესობა იქნება და რაკი ხელისუფლება სპორტისთვის ვერ იცლის, ამ საქმეს კერძო კაპიტალს და უცხოურ ინვესტიციებს უფრო აქტიურად წააშველებენ. საამისოდ ოლიმპიადის დღეებში პირველი ნაბიჯებიც გადაუდგამთ.
რტი

(ემზარ ზენაიშვილის ხმა) "ჩვენს დელეგაციას... ჰქონდა ძალიან ინტენსიური შეხვედრები. ეს დრო გამოვიყენეთ შეხვედრებისათვის ჩვენს კოლეგებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან, ცნობილი ფირმების მესვეურებთან იმ პრობლემატიკის გასარკვევად, რომელიც, გვაწუხებს ჩვენ, აწუხებს ქართულ სპორტს. ეს არის პირველ რიგში ინვენტარი, ერთობლივი ვარჯიშები, ფინანსურ უზრუნველყოფაში დახმარება."


ერთი ფრიად საინტერესო შეხვედრა ამ დღეებში თბილისშიც გაიმართება: ბადრი პატარკაციშვილი საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ოფისშია მიწვეული. ცნობილ ბიზნესმენს, მის ფონდს "გამარჯვებას" და კომიტეტის უფროსობას თანამშრომლობა განუზრახავთ. როგორც ამბობენ, პატარკაციშვილს, ოლიმპიური პროგრამების ფინანსური მხარდაჭერის სანაცვლოდ, კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტობას სთავაზობენ და, თუ დაითანხმეს, ოლიმპიური მოძრაობა, გოგი თოფაძესთან და მამუკა ხაზარაძესთან ერთად, კიდევ ერთ ცნობილ ბიზნესმენს შემოიერთებს. პატარკაციშვილის სპორტული ინტერესები მისი საქართველოში ჩამოსვლისთანავე გამჟღავნდა, როცა შარშან თბილისის "დინამოს" საფეხბურთო კლუბის რეალური მეპატრონე გახდა და იმავდროულად თბილისის მთავარ სპორტულ ბაზებსაც დაადგა თვალი.სხვათა შორის, პატარკაციშვილის აქტიურობას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა და კამათი დღემდე გრძელდება. ერთნი ფიქრობენ, რომ კლუბს, შეძლებული პატრონის მოსვლით, პერსპექტივა გამოუჩნდა, სხვები კი ამ გარიგებას საეჭვო პოლიტიკურ მიზნებს უკავშირებენ. საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერის, ზურაბ ჟვანიას, განცხადებით, როცა საქმე ქართველთათვის ძალიან მგრძნობიარე თემას - თბილისის "დინამოს" ეხება, გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებელია სრული გამჭვირვალობა, რათა საზოგადოება დარწმუნდეს, რომ ეს ყველაფერი, მართლაც, ფეხბურთისთვის კეთდება და არა პოლიტიკური კონიუნქტურისა და ავანტიურისთვის. გაზეთ "სარბიელისთვის" მიცემულ ინტერვიუში ჟვანია აღიარებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სპორტს ვერ უპატრონა. (ციტატა): "სპორტის პოლიტიკა ჩვენს ქვეყანაში, პრაქტიკულად, არ არსებობს. არ არსებობს სპორტის განვითარების პოლიტიკა, რომელმაც უნდა მოგვიტანოს წარმატება ოლიმპიურ ასპარეზზე, რათა მოვიპოვოთ აღიარება მსოფლიო დონეზე. არ გვაქვს პოლიტიკა სპორტის ისეთი მნიშვნელოვანი დარგის განვითარებისათვის, როგორიცაა ფეხბურთი. არ გვაქვს მასობრივი სპორტის განვითარების პოლიტიკაც. ყოველივე ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის" (ციტატის დასასრული).

ბატონი ზურაბის შეფასებებს, ალბათ ბევრი დაეთანხმება, ოღონდ ეგ არის, ხელისუფლების სათავეში ყოფნისას ამგვარი რამ არასოდეს უთქვამს.
XS
SM
MD
LG