Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინისტრთა კაბინეტის საკითხი მოიხსნა


დავით პაიჭაძე, თბილისი ორშაბათს, 4 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ მინისტრთა კაბინეტის შემოღების საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.

ამის საფუძვლად შევარდნაძემ მთავრობის კარგი მუშაობა მიიჩნია. პრეზიდენტის განცხადების მიუხედავად, საკონსტიტუციო ცვლილებათა პრობლემა აქტუალობას არ დაკარგავს.

მინისტრთა კაბინეტის შემოღებას კარგა ხნის მანძილზე ითხოვდა ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი. ერთი წლის წინათ, მორიგი შიდაპოლიტიკური გართულების დროს, პრეზიდენტი სახელისუფლო სისტემის შეცვლაზე ალაპარაკდა და მინისტრთა კაბინეტის შემოღება მიზანშეწონილად მიიჩნია. შევარდნაძის ამ ინიციატივამ აპრილის თვეში დაძაბულობა განმუხტა, მაისის დასაწყისში კი შესაბამისი კანონპროექტიც მზად იყო. რა ბედი ეწია მას - ახსოვს პოლიტიკით დაინტერესებულ ყველა მოქალაქეს: გასული წლის ივლისში კანონპროექტის მიღებას თითქოს ცოტაღა აკლდა, მაგრამ, საბოლოოდ, ის არც კი განუხილავთ. თანდათან მზარდმა პოლიტიკურმა კრიზისმა საკითხი ჩრდილში მოაქცია, ხოლო შემოდგომაზე, საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის გამო, მისი პოზიტიური გადაწყვეტა შეუძლებელი შეიქნა.

პრეზიდენტ შევარდნაძის დღევანდელი მოტივი - მთავრობა კარგად მუშაობს, ამიტომ მინისტრთა კაბინეტის შემოღება აუცილებელი აღარ არისო - ვისთვის პოლიტიკური ტაქტით გაჯერებული განცხადებაა, ვისთვის - ირონია ან ცინიზმი, ვისთვის კიდევ - უარესი რამ. რაც უნდა იყოს, შევარდნაძე არ შეცვლის ამ გადაწყვეტილებას. პრემიერ-მინისტრის "გათრევა" ამ პარლამენტში ვერ მოხდება. 157 ხმის შეგროვება ესოდენ პრინციპული ნაბიჯის დასაკანონებლად წარმოუდგენელია. რეალობას თვალს უსწორებენ დეპუტატები, რომელთაც მიაჩნიათ: ამ მოწვევის პარლამენტში საკითხი არ გადაწყდება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტის წევრები ხელს იღებენ საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავებაზე. ორშაბათს, 4 მარტს, პარლამენტში გაიმართა ფრაქციათა საბჭოს სხდომა. ფრაქციების დიდი ნაწილი შეთანხმდა საგანგებო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც მინისტრთა კაბინეტის მოდელზე იმუშავებს. სავარაუდოდ, ამ ჯგუფის მუშაობას კოორდინაციას გაუწევს დავით სალარიძე. რა ვარიანტიც უნდა შედგეს, დეპუტატთა მთავარი ამოცანა მაინც პრეზიდენტის დარწმუნება იქნება, ხელი მოაწეროს საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტს. შევარდნაძის თანხმობის მისაღებად პარლამენტარები მზად არიან კომპრომისისათვის; სახელდობრ, საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაში შევა მომდევნო საპარლამენტო არჩევნების გამართვის შემდეგ. ეს ნორმა პროექტის გარდამავალ დებულებებში ჩაიწერება. საპარლამენტო არჩევნები 2003 წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს. თანხმობის შემთხვევაში შევარდნაძეს მოუწევს წელიწადნახევრის მანძილზე ე.წ. თანაარსებობას შეეგუოს, ანუ პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს არა იმდენად პრეზიდენტისთვის სასურველი კანდიდატი, რამდენადაც არჩევნების შედეგების გათვალისწინებით შერჩეული პირი. კონკრეტულ მოდელებზე ლაპარაკი, ცხადია, ახლა ნაადრევია. პარლამენტში კანონმდებლები გრძნობენ თავიანთ სისუსტეს, პრეზიდენტიც ხედავს, რომ დღეს თავად არის ყველაზე ძლიერი და პირობებსაც კარნახობს. ამერიკელთა თანადგომით გაძლიერებული პრეზიდენტი ცდილობს, პოზიციები ქვეყნის შიგნითაც გაიმყაროს, საგარეო წარმატება საშინაო მიღწევადაც აქციოს. რა გასაკვირია, რომ უახლოეს ორ წელიწადში მას ცხოვრების გართულება არ სურდეს. და მაინც, კარგი იქნება, თუ პრეზიდენტს ეხსომება: მის გარდა, მოქალაქეებიც ხედავენ, როგორ მუშაობს მთავრობა.
XS
SM
MD
LG