Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა "მეათე სტუდია" (425-ე გამოშვება)

დავით კაკაბაძე:
ახლა კი, ძვირფასო რადიომსმენელებო, გთავაზობთ “მეათე სტუდიას”. ჩვენი ყოველკვირეული რადიოჟურნალის 425-ე გამოშვებაში შევეცდებით გავარკვიოთ, რა როლს ასრულებს 8 მარტი საქართველოში ქალთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით; ვისაუბრებთ თემაზე: “დღევანდელი სიტუაცია საქართველოში და კავკასიის სტაბილურობის პაქტი”; შემოგთავაზებთ მასალას დიდ კოლუმბიელ მწერალზე გაბრიელ გარსია მარკესზე, რომელსაც 6 მარტს 75 წელი შეუსრულდა; წარმოგიდენთ ახალ ქართულ ელექტრონულ გამოცემას სახელწოდებით “გალაკტიონი”. “მეათე სტუდიის” დღევანდელი გამოშვების სტუმარია საქართველოს სპეციალური ოლიმპიური კომიტეტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე არჩილ კეკელია. რადიო “თავისუფლების” პრაღის სტუდიაში გადაცემას დავით კაკაბაძე უძღვება.

[მუსიკა]

საქართველოში ქალთა დღეს ორჯერ აღნიშნავენ

დავით კაკაბაძე:
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარედ მანდილოსნის არჩევის შემდეგ საქართველოში ქალთა დღე ორჯერ აღინიშნება: 3 მარტს – დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების მიერ “დედის დღედ” დაწესებულ დღესასწაულზე – და კომუნისტური წარსულიდან შემორჩენილ 8 მარტს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ქართველ კაცებს ხშირად თავი მოგვაქვს ქალთა მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულების გამოხატვით, საქართველოში, ქალთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლილა. და ვიდრე ეთერს თამარ ჩიქოვანს გადავცემდე, ნება მიბოძეთ, მასაც და “მშვენიერი სქესის” ყველა სხვა წარმომადგენელსაც 8 მარტი მივულოცო. ახლა კი თბილისიდან მიღებულ მასალას მოუსმინეთ.

თამარ ჩიქოვანი:
პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის გადაწყვეტილებით, 8 მარტი – ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე – საქართველოში წელს დასვენების დღედ გამოცხადდა, რითაც, ალბათ, ქალბატონი სპიკერის მიმართ სიმპათიები – როგორც ქალებში, ისე მამაკაცთა შორის – ერთიორად გაიზარდა. მეორე მხრივ, დაახლოებით ერთი საუკუნის წინათ 8 მარტის დღესასწაულის ინიციატორ კლარა ცეტკინს რომ წარმოედგინა, რაში გადაიზრდებოდა ქალთა სოლიდარობის დღე პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, მაინცდამაინც კმაყოფილი არ დარჩებოდა. რეალურად, ქალთა უფლებების დაცვისთვის მოწოდებული დღე საბჭოთა კავშირში ქალებისთვის ბანალური საჩუქრის – ყვავილების თაიგულის - მირთმევის საერთო-სახალხო დღესასწაულად ჩამოყალიბდა.

არადა, ქალთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, საქართველოში ყველაფერი რიგზე რომ არ არის, ამას ნათელყოფს სოციოლოგიური გამოკითხვები და ფსიქოლოგთა დასკვნები. გარდა იმისა, რომ უმუშევართა შორის ქალები ლიდერობენ – როგორც წესი, დაწესებულებებში შემცირებისას ყველაზე დაუცველნი სწორედ ქალები არიან, – ფსიქოლოგთა განმარტებით, იმატა ოჯახური ძალადობის შემთხვევათა რიცხვმაც. ფსიქოლოგიური დახმარების სამსახურებს სულ უფრო ხშირად აკითხავენ ასეთი ძალადობის მსხვერპლნი, რომლებიც არა მხოლოდ მორალურ, არამედ ფიზიკურ ძალადობასაც განიცდიან ოჯახებში. სამწუხაროდ, როგორც ირკვევა, ყველაზე რადიკალური ზომა – განქორწინებაც კი, ხანდახან ძალადობისგან თავდაცვის ხერხად არ გამოდგება. ამას ადასტურებს თუნდაც რამდენიმე თვის წინათ თბილისში დატრიალებული ტრაგედია, როცა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ყოფილმა მეუღლემ ქუჩაში ყოფილი ცოლი და მისი დედა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

ფორმალურად, საქართველოში, ქალთა მიმართ დამოკიდებულების თვალსაზრისით, ყველაფერი თითქოს რიგზეა. ქართულ სუფრებზე ისევ ითქმება ქალის სადღეგრძელო, ქართველები ისევ ვამაყობთ, რომ გვყავდა ქალი-მეფე, ისევ ვიწონებთ თავს ჭადრაკში ქართველი ქალების წარმატებებით. რაც შეეხება ქალთა მონაწილეობას ქვეყნის მართვაში, წარმატებები თითქოს აქაც უდავოა: საქართველო იმ იშვიათ ქვეყანათა რიცხვს მიეკუთვნება, რომლის პარლამენტის თავმჯდომარეც მანდილოსანია. მანდილოსანია საქართველოს პირველი ომბუცმენიც და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საპარლამენტო კომიტეტის – ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის – თავმჯდომარეც. მთავრობაში ორი მინისტრი ქალია, რომელთაგან ერთს, სხვათა შორის, პარლამენტში ხელმეორედ დამტკიცებისას მამაკაცმა პარლამენტარებმა, რბილად რომ ითქვას, რთული გამოცდა მოუწყეს.

საინტერესოა ისიც, რომ პარლამენტის თავმჯდომარედ ნინო ბურჯანაძის კანდიდატურის წამოყენებისას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა არა მხოლოდ მის პიროვნულ ღირსებებს. მისი წინამორბედის, ზურაბ ჟვანიას, განცხადებით: [ზურაბ ჟვანიას ხმა] “ის ფრაქციები, ვინც წარუდგინა ქალბატონი ნინოს კანდიდატურა პარლამენტს, გამოდიოდნენ სწორედ იმ სულისკვეთებით, რომ ეს ყოფილიყო ყველა ფრაქციის გამაერთიანებელი კანდიდატურა.”

სულისკვეთებამ მაინცდამაინც არ გაამართლა. პარლამენტს დღემდე ბოიკოტს უცხადებს ფრაქცია “ახალი მემარჯვენეები.” სხვები კი იმდენად უპასუხისმგებლოდ იქცევიან, რომ პარლამენტის თავმჯდომარე პერიოდულად აღშფოთებას ვერ მალავს: [ნინო ბურჯანაძის ხმა] “მე არ მესმის, რა მექანიზმები უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ზრდასრული ადამიანები და პარლამენტის წევრები ვაიძულოთ, მობრძანდნენ და შეასრულონ თავიანთი უპირველესი ფუნქცია.”

სხვა მხრივ, პარლამენტში ძალიან იშვიათად გაისმის ქალების სქესობრივი ნიშნით დამცირების შემცველი განცხადებები. ერთ-ერთ ასეთ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენს პარლამენტარ ელიზბარ ჯაველიძის განცხადება: [ელიზბარ ჯაველიძის ხმა] “და თუ ჩვენ ხალხი ვართ და არა ვართ მთლად მანდილდახურული მამაკაცები, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ყველაფრისთვის.”

მისგან განსხვავებით, პარლამენტარი გერმანე ფაცაცია გულწრფელად აღიარებს, რომ: [გერმანე ფაცაციას ხმა] “მე ვერ ვიქნები ქალბატონი ადას ალტერნატივა, ალბათ, მხოლოდ სქესით”.

თამარ ჩიქოვანი, რადიო “თავისუფლებისთვის”, თბილისი.

[მუსიკა]

პრესკონფერენცია თემაზე “დღევანდელი სიტუაცია საქართველოში და კავკასიის სტაბილურობის პაქტი”

დავით კაკაბაძე:
“დღევანდელი სიტუაცია საქართველოში და კავკასიის სტაბილურობის პაქტი” – ამ თემისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გამართეს თბილისის საკრებულოს წევრმა ჯონდი ბაღათურიამ და კავკასიის საკითხების ექსპერტმა მამუკა არეშიძემ. პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ შარშან, რომში ყოფნისას, საქართველოს დელეგაცია გაეცნო “კავკასიის სტაბილურობის პაქტს”, რომელიც, ზოგადი თვალსაზრისით, საკმაოდ საინტერესო დოკუმენტს წარმოადგენს, მაგრამ პაქტის რამდენიმე პუნქტი საქართველოსთვის სრულიად მიუღებელია. ითქვა ისიც, რომ თემის აქტუალიზაცია განაპირობა სამხრეთ კავკასიაში და, კერძოდ, საქართველოში განვითარებულმა უახლესმა მოვლენებმა. პრესკონფერენციას დაესწრო გიორგი კაკაბაძეც, რომლის მასალასაც ახლა გთავაზობთ.

გიორგი კაკაბაძე:
მამუკა არეშიძის შეფასებით, საქართველოში განვითარებული უახლესი მოვლენები - ამერიკის პოლიტიკის გააქტიურება კავკასიაში - მთელი რეგიონის ხვალინდელ დღეს უკავშირდება, დღეისათვის კი ვითარება ასეთია: [მამუკა არეშიძის ხმა] “გადაუწყვეტელი პრობლემები მთელი კავკასიის პერიმეტრზე – ვგულისხმობ დაკარგული ტერიტორიების პრობლემებს. პერსპექტიულად ფეთქებადსაშიში რაიონები, ისეთი, როგორიც არის პანკისის ხეობა, რომელსაც ხაზს უსვამს მთელი მსოფლიო საზოგადოება, და პოლიტიკური სტაგნაცია მეზობლებთან ურთიერთობებში. პირველ რიგში, მე ვგულისხმობ რუსეთს. მხედველობაში მისაღებია არა მხოლოდ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, არამედ ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებს შორის, მაგალითად, სომხეთსა და თურქეთს შორის. და ასეთ ფონს ერთვის “კავკასიის სტაბილურობის პაქტი”, რომელიც იდეის თვალსაზრისით არ არის ურიგო, მაგრამ მასში მოცემულია ისეთი პოსტულატები, რომლებიც დამღუპველია რეგიონისათვის და შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტების ესკალაცია”.

რის თქმა შეიძლება ამ შეფასებასთან დაკავშირებით? მაგალითად, “კავკასიის სტაბილურობის პაქტში” არის პუნქტი მოქალაქეობის შესახებ. ამ პუნქტის მიხედვით, პასპორტს ექნება შემდეგი განსაზღვრება: “სამხრეთი კავკასიის თანამეგობრობა” და მხოლოდ შემდეგ დაკონკრეტდება მოქალაქის სახელმწიფოებრივი კუთვნილება, ანუ შესაბამის გრაფაში ჩაიწერება “აზერბაიჯანი” ან “საქართველო” ან “სომხეთი”. მაგრამ ამავე პუნქტში წერია, რომ გამონაკლის შემთხვევებში, თუ ეს შესაბამისი ხელშეკრულებით იქნება გათვალისწინებული, პასპორტში შეიძლება სუბსახელმწიფოებრივი კუთვნილებაც იყოს მითითებული. მაგალითად, “აფხაზეთი” ან “მთიანი ყარაბაღი”. შესაძლებელი იქნება ორმაგი მოქალაქეობაც იმ შემთხვევაში , თუ ერთი ეროვნების წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე – მაგალითად, “სომხები მთიან ყარაბაღში”.

პრესკონფერენციაზე თბილისის საკრებულოს წევრი ჯონდი ბაღათურია შეეხო აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორების საქართველოში ჩამოსვლის თაობაზე. [ჯონდი ბაღათურიას ხმა] “კავკასიის სტაბილურობის პაქტს ჩვენ შევეხეთ და მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი დღე და განცხადება ამერიკელი სამხედროების საქართველოში ჩამოსვლის შესახებ არის წაგებული თამაშის შემობრუნება. ანუ, პრაქტიკულად, ქართულმა საგარეო პოლიტიკამ ევროსაბჭოს მიმარულებით, ყოველ შემთხვევაში, სრული კრახი განიცადა. ეს იყო სრული კრახი იმიტომ, რომ დოკუმენტი, რომელზეც ჩვენ ახლა ვისაუბრეთ მომზადდა ევროსაბჭოში და ევროსაბჭოს ექსპერტებს იგი სავსებით მისაღებად მიაჩნდათ. და როდესაც ჩვენმა დელეგაციამ მტკიცე პროტესტი გამოთქვა კავკასიის სტაბილურობის პაქტთან დაკავშირებით, მე, პირადად, ასეთი რეპლიკაც კი მესროლეს: დაასახელეთ ერთი მიზეზი მაინც, რატომ უნდა გააკეთონ რუსებმა ისე, როგორც ქართველებს გსურთ”.

ამასთან ერთად ჯონდი ბაღათურია ამბობს, რომ, მართალია, საქართველომ ვერ მოახერხა ევროსაბჭოში საკუთარი ინტერესების დაცვა, სამაგიეროდ დიდ წარმატებებს მიაღწია საგარეო პოლიტიკაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, რასაც ბოლოდროინდელი მოვლენები ნათლად ადასტურებს.

ამიტომ როგორც ჯონდი ბაღათურია, ისე მამუკა არეშიძე მიიჩნევენ, რომ დღეიდან ვერავინ მოახვევს თავს საქართველოს “კავკასიის სტაბილურობის პაქტის” სახელწოდებით ცნობილ დოკუმენტს.

გიორგი კაკაბაძე, რადიო “თავისუფლებისთვის”, თბილისი.

[მუსიკა]

ინტერვიუ არჩილ კეკელიასთან

დავით კაკაბაძე:
ქალებზე და პოლიტიკაზე საუბარი დღეს ამით დავამთავროთ და გადავინაცვლოთ სპორტისა და კულტურის სამყაროში. “მეათე სტუდიის” დღევანდელი გამოშვების სტუმარია არჩილ კეკელია, ლეილა მესხის საჩოგბურთო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდიუმის წევრი და საქართველოს სპეციალური ოლიმპიური კომიტეტის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.

იხ. აუდიოვერსია

[მუსიკა]

გაბრიელ გარსია მარკესი – 75

დავით კაკაბაძე:
შეგახსენებთ, რომ თქვენ უსმენთ რადიო ”თავისუფლების” ყოველკვირეულ რადიოჟურნალ ”მეათე სტუდიას”. დღევანდელი გამოშვების ბოლო ორი სიუჟეტი განსაკუთრებით იმათ დააინტერესებს, ვისაც ”ლიტერატურა ძლიერ უყვარს”. როცა 1967 წელს გაბრიელ გარსია მარკესმა თავისი რომანი ”მარტოობის ასი წელი” დაასრულა, საიმისო ფულიც კი არ ჰქონდა, რომ თავისი გამომცემლისთვის ხელნაწერის სრული ტექსტი გადაეგზავნა ფოსტით. მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს წიგნი გამოვიდა, მის ავტორს ფინანსური პრობლემები აღარ ჰქონია. 1982 წელს ამ რომანმა მარკესს ნობელის პრემია მოუტანა და მთელს ლათინურ ამერიკულ ლიტერატურას გაუთქვა სახელი მსოფლიოში. თანამედროვეობის ამ ერთ-ერთ უდიდეს მწერალს 6 მარტს 75 წელი შეუსრულდა. მის შესახებ ბიძინა რამიშვილი გესაუბრებათ.

ბიძინა რამიშვილი:
”გაბო”, როგორც შინაურები ეძახიან გაბრიელ გარსია მარკესს, კოლუმბიის სოფელ არაკატაკაში დაიბადა 1927 წელს. ბავშვობაში ოცნებობდა, რომ ჯადოქარი გამოსულიყო. მოგვიანებით კი მართლა მოახერხა, მილიონობით მკითხველი მოეჯადოვებინა თავისი წიგნებით. თავიდან მარკესი კინოსცენარებს წერდა და ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა. პირველი რომანი 1955 წელს გამოაქვეყნა. ლიტერატურაში მისი კერპები ხორხე ლუის ბორხესი და უილიამ ფოლკნერი იყვნენ.

მსოფლიო პოპულარობა მარკესმა ”მარტოობის ასი წლის” გამოქვეყნებით მოიპოვა და, როგორც ვახსენეთ, მთელს ლათინურ ამერიკულ ლიტერატურას გაუთქვა სახელი. ოდნავ მოგვიანებით კი მარკესი ქართველი მკითხველების გულებსაც იპყრობს. მოუსმინეთ კრიტიკოს მალხაზ ხარბედიას:

[ხარბედიას ხმა] იხ. აუდიოვერსია.

გაბრიელ გარსია მარკესის სახელთან ასოცირდება ე.წ. ”მაგიური რეალიზმის” ცნება. ესაა თხრობის მეთოდი, რომელიც გროტესკულად აერთიანებს რეალობასა და ფანტაზიას, ფაქტებსა და სიზმრებს. ”მარტოობის ასი წლის” გმირები დაფრინავენ, ”პატრიარქის შემოდგომაში” გენერალი, რომელიც ლათინური ამერიკის დიქტატორის კარიკატურას წარმოადგენს, 232 წლის მანძილზე განაგებს თავის ხალხს...

მარკესის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებებს შორის არის ”პოლკოვნიკს არავინ სწერს”, ”ერთი სიკვდილის გამოცხადებული ქრონიკა”, ”სიყვარული ქოლერის ჟამს”. ამ ნაწარმოებებს ლიტერატურის მოყვარულები საქართველოშიც კარგად იცნობენ. კვლავ მალხაზ ხარბედიას მოუსმინეთ:

[ხარბედიას ხმა] იხ. აუდიოვერსია.

[მუსიკა]

გალაკტიონის პოეზია კომპაქტ-დისკზე

დავით კაკაბაძე:
ახლა ლათინური ამერიკიდან საქართველოში, მარკესის პროზის ჯადოსნური სამყაროდან გალაკტიონის პოეზიის იდუმალ სამეფოში გადავინაცვლოთ. საამისო საბაბი კი ნამდვილად გვაქვს: საქართველოში პირველად მხატვრული ლიტერატურა კომპაქტ-დისკზე გადაიტანეს. გამომცემელმა მამუკა ხანთაძემ და თბილისის ერთ-ერთი გიმნაზიის დირექტორმა, ფილოლოგმა კახა დავითურმა სათავე დაუდეს ელექტრონულ გამოცემათა სერიას “ლიტერატურა თანამედროვე "კარცერ-ლუქსისთვის”. პირველ დისკს “გალაკტიონი” ჰქვია და შეიცავს გალაკტიონ ტაბიძის ბიოგრაფიას, დღიურებს, ლექსებსა და ხელნაწერებს. დისკი იტევს გალაკტიონთან დაკავშირებულ ფოტოთეკას, აუდიოთეკასა და ვიდეოთეკას. დისკის სრული აუდიოვერსიის მოსმენა ჩვეულებრივ CD Player-ზე შეიძლება. დავით პაიჭაძე წარმოგიდგენთ დისკსაც და გამომცემლებსაც.

[ისმის გალაკტიონის ხმა]:

“ჩემო ლექსებო,
გქონდეთ ლაღი, მსუბუქი ფრთები...
აყვავებული მდელო,
გასაოცარი მთები!
რუსთაველი და მშვიდი?
დამშვიდება და ვაჟა?
ყველას დიდება დიდი
დღეებს მომავალს ვაშა!

განადგურებულს ძველი
სუსხით, ყინვით და თოშით –
აწ მარგალიტად გთვლიან,
სხვა ქვებში რომ ვერ გარევ!

გალაკტიონი ხედავს,
რაც სასწაულებს ახდენს
იმ უშიშრობას, რითაც
სუნთქავს მრავალი ერი,
იმ უბოლოოდ მედგარ
და საიმედო საყრდენს –
წინსვლას, რომელსაც ვერ სძლევს
ვერავითარი მტერი”!

დავით პაიჭაძე:
გალაკტიონ ტაბიძის ამ ლექსის გარდა, მისივე შესრულებით კიდევ ხუთი ლექსია დისკზე ჩაწერილი. თუმც, აუდიოთეკა მხოლოდ ამით არ იფარგლება: გალაკტიონის ლექსებს აქ კითხულობენ მე-20 საუკუნის საუკეთესო ქართველი არტისტები და დეკლამატორები: სერგო ზაქარიაძე, გურამ საღარაძე, ვერიკო ანჯაფარიძე, ელდინო საღარაძე, ეროსი მანჯგალაძე... ცხადია გაცილებით მეტი ლექსია მოცემული ტექსტური ვერსიით. არის რამდენიმე ცნობილი სიმღერა, დაწერილი გალაკტიონის ლექსებზე, მაგალითად, “მზეო თიბათვისა”, ჰამლეტ გონაშვილის შესრულებით.

დისკის გამომცემლები, მამუკა ხანთაძე და კახა დავითური, განსაკუთრებით ემადლიერებიან საქართველოს რადიოს ოქროს ფონდსა და ლიტერატურის მუზეუმს, რომელთაც აუდიოჩანაწერებითა და გალაკტიონის ხელნაწერებით უზრუნველყვეს ქართული ელექტრონული წიგნის პიონერები. დისკის მომზადებას რვა თვე დასჭირდა. მამუკა ხანთაძე იზიარებს აზრს, რომ ქართველ გამომცემლებს, ამ თვალსაზრისით, ნამდვილად დააგვიანდათ. აქამდე ელექტრონული ვერსია ჰქონდა მხოლოდ საცნობარო ხასიათის რამდენიმე ქართულ გამოცემას. გალაკტიონის პოეზია კი პირველი მხატვრული ტექსტია, რომელიც კომპაქტ-დისკზე გადავიდა. ცხადია, დისკი არ მოიცავს პოეტის მთელ შემოქმედებას.

საგამომცემლო საქმე, უწინარესად, ბიზნესი გახლავთ. მამუკა ხანთაძეს მე მივმართე კითხვით, რამდენად წარმატებული იქნება “გალაკტიონი”, როგორც ბიზნეს-პროექტი. საქართველოში ასევე აქტუალურია საავტორო უფლებათა არაფრად ჩაგდება და წიგნების, კასეტებისა თუ კომპაქტ-დისკების კონტრაფაქციული ეგზემპლარების გამოშვება. ასეთ გარემოში, ბუნებრივია, პროდუქცია დაცული უნდა იყოს. რამდენად არის ეს დისკი დაცული უკანონო ტირაჟირებისაგან? მამუკა ხანთაძე გვიპასუხებს [ხანთაძის ხმა]: “ჩვენ აქედან კომერციულ მოგებას არ ველოდებით. რა მოგებაც იქნება, მთლიანად მოხმარდება სხვა გამოცემათა ორგანიზებას. რაც შეეხება დაცვას; საკმაოდ დაცულია. რა თქმა უნდა, არ გამოვამზეურებთ, რა ტექნოლოგიებით, როგორ და რანაირად, მაგრამ საკმაოდ დაცულია. მე ვიტყოდი, იმაზე მეტად არის დაცული, ვიდრე საქართველოს პირობებში იქნებოდა საჭირო”.

გალაკტიონის კომპაქტ-დისკი არის განაცხადი “პირველი ქართული ელექტრონული გამომცემლობისა”, რომელიც უკვე იურიდიულ პირად დაფუძნდა. ფილოლოგი კახა დავითური, რომელსაც აზრად მოუვიდა გალაკტიონი ამ სახით გამოეცა, ამბობს, რომ განზრახული აქვთ რამდენიმე პროექტის განხორციელება, მათ შორის - ფერწერულ ტილოთა ელექტრონული ალბომების გამოცემა. რაც შეეხება მხატვრულ ლიტერატურას, კერძოდ, სერიას “ლიტერატურა თანამედროვე კარცერ-ლუქსისათვის”, კახა დავითურის თქმით, მისი გაიაფება - ანუ პოპულარული, მაგრამ მდარე ტექსტების გამოცემა - არ მოხდება. [დავითურის ხმა]: “შემიძლია გითხრათ, რომ ორი უახლოესი წიგნი, რომელიც გვაქვს დაგეგმილი, იქნება ანა კალანდაძე და ხალხური შემოქმედება”.

დავით პაიჭაძე, რადიო ”თავისუფლებისთვის”, თბილისი.

[მუსიკა. ჯანსუღ კახიძის სიმღერა ”მთაწმინდის მთვარე”]

დავით კაკაბაძე:
ესეც გალაკტიონი გახლავთ, ოღონდ სიმღერად აჟღერებული გალაკტიონი. ჯანსუღ კახიძე, რომელიც გალაკტიონ ტაბიძის ლექსზე შექმნილ საკუთარ ნაწარმოებს ასრულებს, სამწუხაროდ, ჩვენს შორის აღარ არის. ცნობილი ქართველი დირიჟორი, კომპოზიტორი, მომღერალი და ლოტბარი ხუთშაბათს, 7 მარტს, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა. ”მეათე სტუდია” დღეს ბიძინა რამიშვილმა და დავით კაკაბაძემ მოამზადეს. გადაცემას დავით კაკაბაძე უძღვებოდა.

[მუსიკა. ჯანსუღ კახიძის სიმღერა ”მთაწმინდის მთვარე”]
XS
SM
MD
LG