Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფლებადაცვითი ორგანიზაციები რელიგიური ექსტრემიზმის გამო პასუხს სამართალდამცავ ორგანოებს სთხოვენ


სოზარ სუბელიანი, თბილისი 9 მარტს სახალხო დამცველის ოფისში პირველად გაიმართა რელიგიური ექსტრემიზმისადმი მიძღვნილი ისეთი შეხვედრა, რომელსაც,

უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსტრემიზმისგან დაზარალებული ეკლესიების წარმომადგენლების გარდა, სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ. ადამიანის უფლებების დამცველებსა და რელიგიური ექსტრემიზმის მსხვერპლთ პირველად მიეცათ საშუალება, სამართალდამცავებისთვის პირდაპირ დაესვათ კითხვა - რატომ რჩება რელიგიური ექსტრემიზმი დაუსჯელი. თითქმის სამსაათიანი დიალოგის მიუხედავად, პირდაპირ დასმულ კითხვებზე ასეთივე პირდაპირი პასუხის მიღება ვერ მოხერხდა.

შეხვედრაზე, რომლის ორგანიზატორებიც უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ, მთავარი კითხვა ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოს-პრეზიდენტმა მალხაზ სონღულაშვილმა დასვა: [მალხაზ სონღულაშვილის ხმა] "ჩვენ, ქრისტიანული ეკლესიების სამუშაო ჯგუფმა, უკვე რამდენჯერმე გავაკეთეთ განცხადება საქართველოში მიმდინარე რელიგიური ტერორიზმის თაობაზე. ამავე საკითხზე ჩვენ საუბარი გვქონდა ქვეყნის პრეზიდენტთან, ბატონ ედუარდ შევარდნაძესთან, გასული წლის 10 ივლისს. შეხვედრაზე პრეზიდენტმა დაგმო რელიგიური ძალადობის ყოველგვარი გამოვლინება და აღგვითქვა, რომ ყველა ღონეს იხმარდა მის აღსაკვეთად. სამწუხაროდ, მას შემდეგ რელიგიური ნიშნით ძალადობა არ შეჩერებულა და კულმინაციას მიმდინარე წლის 3 თებერვალს მიაღწია, როდესაც თბილისში დაწვეს ათასობით ბიბლია, რომელიც ყველა ქრისტიანისთვის საერთო სიწმინდეს წარმოადგენს. ამასთან დაკავშირებით, დღეს ჩვენ გვინდა ძალოვანი სამინისტროების და ხელისუფლების წარმომადგენლებს ვკითხოთ: რატომ არ მოეღება ბოლო რელიგიურ ტერორიზმს? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ მოუაროთ ამ საქმეს, თუ არ გინდათ, რომ მოუაროთ ამ საქმეს?"

სონღულაშვილის თქმით, ამ ეტაპზე მთავარი სწორედ კონკრეტული დამნაშავეების დასჯაა და არა ქართულ საზოგადოებაში შემწყნარებლობის გრძნობის აღზრდა, რის შესახებაც ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში პრეზიდენტის თანაშემწე რუსუდან ბერიძე საუბრობდა: [რუსუდან ბერიძის და მალხაზ სონღულაშვილის ხმა]
-
"ჩვენ, ყველანი ერთად, აუცილებლად უნდა შევებრძოლოთ საზოგადოებაში გამეფებულ შეუწყნარებლობის ატმოსფეროს. გამოსავალს მე მხოლოდ ამაში ვხედავ".
-
"მე მგონია, რომ დღეს ჩვენ წინაშეა ორი საკითხი. ერთი არის მოკლევადიანი სტრატეგია ქვეყნისათვის და მეორე არის გრძელვადიანი სტრატეგია, ასევე, ქვეყნისათვის. როდესაც სახლი იწვის, ამ სახლის მშენებლობაზე ლაპარაკი ზედმეტია. ჯერ ეს ცეცხლი უნდა ჩააქრო და მერე უნდა შეუდგე მშენებლობას. ჩვენ, პირველ რიგში, ვლაპარაკობთ ამ ცეცხლის ჩაქრობაზე და მერე, რასაკვირველია, ვეთანხმებით ქალბატონ რუსუდანს, რომ, მართლაც, საჭიროა შეიქმნას შემწყნარებლობის ატმოსფერო საქართველოში. და ამ მხრივ, ჩვენ ყველანი მოწადინებულნი ვართ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში."

რამდენადაც კატეგორიულნი იყვნენ უფლებადამცველები, იმდენად გაურკვეველ და უსაგნო პასუხებს იძლეოდნენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები. მაგალითად, ქალაქის პროკურორმა თენგიზ მახარაძემ შეკრებილთა დამშვიდება ასეთი ინფორმაციით სცადა: [თანგიზ მახარაძის ხმა] "დღეს ეს საქმე გენერალური პროკურორის განსაკუთრებულ კონტროლზეა".

სამაგიეროდ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზურაბ ხაჟალიამ უფლებადამცველებთან გაღმა შედავების პოზიცია აირჩია:
-
[ზურაბ ხაჟალიას ხმა] "თქვენ მე, მინისტრის მოადგილეს, მისვამთ კითხვას, რატომ არ იჭერო… "
-
[ლევან რამიშვილის ხმა] "ზუსტად ამას გეკითხებით…"
-
[ზურაბ ხაჟალიას ხმა] "ბიჭო, და გეუბნებით, რომ ამაზე არსებობს გამოძიება, არსებობს გამოძიება და ჩვენ ვერ გავიზიარებთ იმ ზეწოლას, როცა ან ერთი მხარე, ან - მეორე შინაგან საქმეთა სამინისტროს შესთავაზებს, რატომ არ იჭერთო… და მე აქ, ცოტა არ იყოს, მომავალ სასამართლოზე ზეწოლასაც ვგრძნობ. და-ა-ა-ა ასეთი მიდგომა, ჩემი აზრით, ეს ცოტა ჩვენთვის გაურკვეველია."

პოლიციამ უპასუხოდ დატოვა მთავარი კითხვა - რატომ არ ხდება დანაშაულის აღკვეთა და დამნაშავის დაკავება დანაშაულის ჩადენის ადგილზე, მაშინ, როცა პოლიცია ამ მეთოდს სხვა შემთხვევაში ძალიან ეფექტურად იყენებს. ასევე უპასუხოდ დარჩა კონფერენციის მთავარი კითხვა - შეწყდება თუ არა რელიგიური ექსტრემიზმი საქართველოში?!
XS
SM
MD
LG