Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის პრესის მიმოხილვა


დასავლეთის პრესის მიმოხილვა დღეს ოთხ თემას ეთმობა. ჯერ თვალს გადავავლებთ სტატიებს, რომლებითაც ბოლო დღეებში ჩვენი უცხოელი კოლეგები გამოეხმაურნენ საქართველოში ამერიკელი სამხედრო ექსპერტების ჩასვლას

და გაგაცნობთ პუბლიკაციებს კასპიის ნავთობის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ სიახლეებზე. შემდეგ მიმოვიხილავთ მოსაზრებებს ავღანეთში მიმდინარე ანტიტერორისტული კამპანიის შესახებ; დაბოლოს, გიამბობთ, რას წერენ გაზეთები ახლო აღმოსავლეთში ძალადობის ახალ ტალღაზე.

მიმოხილვის პირველი თემა საქართველოს უკავშირდება, რის გამოც მას, ბუნებრივია, ყველაზე მეტ დროს დავუთმობთ. ციტირებას დავიწყებთ ნაწყვეტით ანალიტიკური სტატიიდან, რომელიც 8 მარტის ნომერში გამოაქვეყნა ყოველდღიურმა ”უოლ სტრიტ ჯორნალმა”. სტატიაში სათაურით ”ამერიკა ისევ მხსნელად გვევლინება”, პოსტსაბჭოთა ქვეყნების საკითხთა ექსპერტი, ვლადიმირ სოკორი წერს:

”საქართველოში სტაბილიზაციის ხელშეწყობით შეერთებული შტატები იცავს ევროპის სასიცოცხლო სატრანზიტო ინტერესებს და შუა აზიასთან დამაკავშირებელ გზას. ევროპის ზღურბლზე მდებარე საქართველო, რომელიც კასპიის ნავთობისა და გაზის დასავლეთისკენ მიმავალი ყველა მარშრუტის უმნიშვნელოვანესი ელემენტია, არაერთი დამთრგუნველი შიდა თუ გარე საფრთხის წინაშე დგას.”

ერთ-ერთ ასეთ საფრთხედ სტატიის ავტორი მოიხსენიებს მოსკოვის მცდელობას, პანკისი ”საქართველოს ჩეჩნეთად” წარმოსახოს და ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით რეგიონში რუსი სამხედროები განათავსოს. მაგრამ ”საქმეში შეერთებული შტატები ჩაერია და ქართველებს ტერორიზმთან ბრძოლაში დასახმარებლად საგანგებო შენაერთების დახმარება შესთავაზა. ამ ნაბიჯით ვაშინგტონმა ცხადყო, რომ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს უარს რუსეთის მიერ ”საგანგებო ოპერაციების” განხორციელებაზე.”

პანკისის პრობლემის კონტექსტში საქართველო-ამერიკა-რუსეთის ურთიერთობას ეხება ”ქრისჩენ საიენს მონიტორში” გამოქვეყნებული სტატიაც, რომელშიც რუსი პოლიტოლოგის, სერგეი კაზიანოვის ასეთ მოსაზრებას ვეცნობით:

”მოსკოვი საკუთარი განცხადებების ტყვედ იქცა. წარამარა გავიძახდით, ჩეჩენი მეამბოხეები ”ალ ყაიდის” ტერორისტებისაგან არ განსხვავდებიან და მათ ბოლო უნდა მოეღოთო. გვეგონა, შეერთებული შტატები თვალს დახუჭავდა და საშუალებას მოგვცემდა, მოსაზღვრე საქართველოში ეს საქმე თავადვე მოგვეგვარებინა. ამის ნაცვლად, შეერთებულ შტატებს თვითონ გავუღეთ კარი: უკვე მერამდენედ, ამერიკელებმა ჩვენივე იარაღით დაგვამარცხეს”.

ბერლინში გამომავალი გაზეთი ”ველტი” სტატიაში სათაურით, ”თეთრ მელას მძიმე დრო დაუდგა” (წერილი ეძღვნება დამოუკიდებელი საქართველოს სათავეში ედუარდ შევარდნაძის ჩადგომის მეათე წლისთავს), ვითარება პანკისის ხეობაში მოხსენიებულია, როგორც პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი თავსატკივარი. შემდეგ სტატიის ავტორი, იენს ჰარტმანი ასეთ სცენას აღწერს:

”თბილისის მახლობლად აეროდრომზე აშშ-ის ათი სამხედრო შვეულმფრენი დგას. ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი ქართველ პილოტს მითითებებს აძლევს, ვიდრე ცაში აიჭრებოდეს ერთ-ერთი იმ სატრანსპორტო შვეულმფრენებიდან, რომლებითაც მედესანტეები დანიშნულების ადგილზე უნდა ჩავიდნენ. იქვე, სამხედრო აკადემიაში, მომავალი ქართველი ოფიცრები ლინგაფონის კაბინეტში ინგლისურ სიტყვებს ზუთხავენ, საყურისები გაუკეთებიათ და ”ამერიკულის კურსს” უსმენენ. მომავალ კვირებში შეერთებული შტატები თავისი კონტინგენტის დამატებით 200 ჯარისკაცით გაზრდას აპირებს. როგორც დღეისთვის ამბობენ, ქართული შენაერთების გასაწვრთნელად. თუმცა რუსეთის სამხრეთ ფრთაზე ამერიკელების სამხედრო ოპერაციებსაც, კაცმა რომ თქვას, არავინ გამორიცხავს.”

საქართველოში აქტუალურ საკითხებზე ბოლო დღეებში დასავლეთის პრესის გამოხმაურების კიდევ არაერთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, მაგრამ დროა, მსმენელის ყურადღება სხვა თემებს მივაპყროთ.

კასპიის ზღვის ენერგომატარებლების საკითხი პირდაპირ უკავშირდება საქართველოში შექმნილ ვითარებას და ეს გასული კვირის პრესას უყურადღებოდ არ დარჩენია. ”ჯეინს ფორინ რეპორტში” გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიაშიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სამხედრო თანამშრომლობაზეა საუბარი. ოღონდ ეს თანამშრომლობა დანახულია კასპიის ზღვის პრობლემატიკის კონტექსტში.

პანკისის ხეობაში წესრიგის დამყარების გარდა – ვკითხულობთ სტატიაში – არსებობს იმის კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ სურს შეერთებულ შტატებს საქართველოს სტაბილიზაცია. ამერიკელების მიზანია, ნავთობსადენი გაიყვანონ აზერბაიჯანის კასპიის ზღვის აუზის ნავთობის საბადოებიდან თურქეთის ხმელთაშუაზღვისპირა ქალაქ ჯეიჰანის ტერმინალამდე საქართველოს გავლით, ისე, რომ გვერდი აუარონ რუსეთსა და ირანს და ამით გაზარდონ ამერიკის გავლენა კავკასიისა და შუა აზიის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში.

მაგრამ შეერთებულ შტატებს, თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ალიანსის ეს პერსპექტივა – რაც რუსეთსა და ირანს და, შესაძლოა, სომხეთს შორის მზარდ კავშირებს უპირისპირდება – გარკვეულ შიშს იწვევს რეგიონში. ”

”ჯეინს ფორინ რეპორტის” თქმით, უკანასკნელ ხანებში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლისათვის შეერთებული შტატების შუა აზიაში შეჭრა რუსეთისთვისაც და ირანისთვისაც სხვა არაფერია, თუ არა იმ აგრესიულობის შეფარვის მცდელობა, რომლითაც ამერიკა ცდილობს პოლიტიკური და სამხედრო გავლენის მოპოვებას მუსულმანურ სახელმწიფოებზე, რათა დაიცვას კასპიის ზღვის ნავთობისა და გაზის რეზერვები და ბოლო მოუღოს შუა აზიის სახელმწიფოების ეკონომიკურ დამოკიდებულებას რუსეთზე.

ახლა კი მსოფლიო საერთაშორისო პოლიტიკის ორ უმწვავეს პრობლემაზე - ჯერ ავღანეთში, შემდეგ კი ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებაზე ვისაუბრებთ. ”ნიუ იორკ ტაიმსში” გამოქვეყნებულ სტატიაში მაიკლ გორდონი ყურადღებას ამახვილებს გააფთრებულ წინააღმდეგობაზე, რომელსაც ამერიკელების იერიშს უწევენ თალიბანისა და ”ალ ყაიდის” მებრძოლები. ამერიკელი ჟურნალისტი წერს:

”ეჭვი არ არის, რომ ამერიკის ჯარები დაამარცხებენ ”ალ-ყაიდის” წევრებს და არა-ავღანელ თალიბებს. მაგრამ უნდა მოველოდეთ იმასაც, რომ ამერიკელები გამარჯვებას ადვილად ვერ მოიპოვებენ”.

ანტიტერორისტული კოალიციის რიგებში მსხვერპლის რიცხვი 5 კაცით გაიზარდა, როცა 6 მარტს ქაბულში საზენიტო რაკეტის გაუვნებელყოფის მცდელობისას დაიღუპა ორი გერმანელი და სამი დანიელი ჯარისკაცი. როგორც ”ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგში” წერს შტეფან დიტრიხი, ამ ცნობამ გერმანიის საზოგადოებაზე შოკივით იმოქმედა. დიტრიხი განაგრძობს:

”გერმანიის მოქალაქეებმა, რომლებმაც ახლახან შეიტყეს (და ისიც ინფორმაციის გაჟონვის შედეგად), რომ გერმანელები ავღანეთში საპოლიციო პატრულის ფუნქციებს კი არ ასრულებენ, არამედ საბრძოლო ზონებშიც არიან განთავსებული, ახლა უკვე იციან, რომ ქაბული უსაფრთხო ადგილი არ არის. სინამდვილეში საქმე გვაქვს გერმანელი სამხედროების ყველაზე სახიფათო მისიასთან”.

ბრიტანეთის გაზეთ ”გარდიანის” სარედაქციო წერილში მკაცრად არის გაკრიტიკებული როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი, ისე პალესტინელთა ლიდერი, იასირ არაფატი იმისათვის, რომ მათ არ შეუძლიათ ან არ სურთ, შეაჩერონ ახლო აღმოსავლეთში ძალადობა, რომლის ესკალაციამ გასულ კვირაში არნახულ მასშტაბებს მიაღწია.

”გარდიანის” თანახმად, მართალია, ისრაელის არმიის დამსჯელი ოპერაციები პალესტინელთა ძალადობით იყო პროვოცირებული, მაგრამ ჯერჯერობით ისრაელმა იმას მიაღწია, რომ კიდევ უფრო მეტი ძალადობა გამოიწვია პალესტინელთა მხრიდან.

გაზეთი შენიშნავს, რომ ორივე მხარის მიერ წარმოებული არასწორი პოლიტიკა აისახება მათი ლიდერების პოპულარობის კლებაში. სტატიაში ვკითხულობთ:

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა აჩვენებს, რომ ბატონ შარონის მიმართ მხარდაჭერა იკლებს. თავის მხრივ, არაფატი სულ უფრო მეტი პალესტინელისთვის არის მნიშვნელობას მოკლებული პოლიტიკოსი ან, უკეთეს შემთხვევაში, გარდაუვალი ბოროტება. უკანასკნელი სისხლისღვრის მსხვერპლნი ორივე მხარეს არიან ხელმოცარული, არაკომპეტენტური და მხოლოდ საკუთარ ტყავზე მოფიქრალი ლიდერების მსხვერპლნი.

თავად ისრაელის ხელმძღვანელობაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას კი ბრიტანეთის კიდევ ერთი გაზეთი ”ფაინენშლ ტაიმსი” შენიშნავს, რომ დროა, შიმონ პერესის მუშათა პარტია გაემიჯნოს შარონის მილიტარისტულ პოლიტიკას. იგი ბევრად მეტ სამსახურს გაუწევს ისრაელის ინტერესებს, თუკი დატოვებს მთავრობასო, დაასკვნის გაზეთი.
XS
SM
MD
LG