Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შარონი თანახმაა ცეცხლის შეწყვეტამდე დაიწყოს მოლაპარაკებები პალესტინელებთან


ელენე ლორთქიფანიძე ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი მზად არის გაათავისუფლოს პალესტინელთა ლიდერი იასირ არაფატი შინა პატიმრობიდან.

არაფატი უკვე სამი თვეა გამოკეტილია თავის შტაბ-ბინაში, მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ რამალაში. გარდა ამისა, შარონმა განაცხადა, რომ მზად არის ცეხლის შეწყვეტამდე დაიწყოს მოლაპარაკებები.

მიუხედავად ამ განცხადებებისა, ისრაელი განაგრძობს საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო იერიშებს პალესტინელთა ობიექტებზე. კვირას ისრაელმა გაანადგურა არაფატის შტაბ-ბინა ღაზის სექტორში, ზღვისპირა რეზიდენცია, სადაც პალესტინელთა ლიდერმა წარსულში შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბილ კლინტონი და იორდანიის მეფე ჰუსეინი მიიღო.

არაფატის შინა პატიმრობიდან განთავისუფლების პირობა იყო ისრაელის ტურიზმის მინისტრის რაჰავიმ ზეევის მკვლელობაში ეჭვმიტანილთა დაპატიმრება. პალესტინის უშიშროების სამსახურმა დააპატიმრა უკანასკნელი ეჭვმიტნილი, ისრაელის მიერ წარდგენილი სიიდან. “რადგან ისინი დააპატიმრეს, ჩვენ შეგვიძლია გავათავისუფლოთ არაფატი. როცა თქვენი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია, საჭიროა დაპირების შესრულებაო”, თქვა შარონმა.

ახლა არაფატს მიეცემა შესაძლებლობა დაესწროს არაბული ლიგის სამიტს, რომელიც ჩატარდება ბეირუთში 27-28 მარტს. მართალია, ისრაელიდან გასასვლელად არაფატმა შარონისგან საგანგებო ნებართვა უნდა მიიღოს. მოსალოდნელია, რომ სამიტზე გაარჩევენ საუდის არაბეთის წინადადებას ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის სამშვიდობო შეთანხმების შესახებ.

ბოლო 48 საათის განმავლობაში ეს უკვე მეორე დათმობაა, რომელზეც წავიდა შარონი. პარასკევს მან მოხსნა მოთხოვნა მოლაპარაკებების დაწყების წინ შვიდდღიანი დაზავების შესახებ. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ძალადობის ესკალაციას აქვს ადგილი. მკვეთრად გაიზარდა მსხვერპლი ორივე მხარეს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა საზავო შეთანხმების თაობაზე მოსარიგებლად უკვე მესამედ გადაწყვიტა საგანგებო დესპანის ენთონი ზინის გაგზანა ახლო აღმოსავლეთში. ზინის პირველი ორი მისია მარცხით დამთავრდა.

შარონმა განაცხადა, რომ თუ მიღწეულ იქნება ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ ტერორი ამის შემდეგაც გაგრძელდება, გაგრძელდება ჩვენი ოპერაციებიცო.

სტრატეგია, რომელსაც მიმართა შარონმა, როგორც ჩანს, მისი მთავრობის ორივე მხარის დასაშოშმინებლად არის განკუთვნილი. კოალიციის მემარცხენე ფრთა სამშვიდობო ნაბიჯებს მოითხოვს, მემარჯვენე კი მკაცრ სამხედრო აქციებს პალესტინლების წინააღმდეგ.

კვირას ისრაელის ჯარიკაცებმა დასავლეთი ნაპირის ქალაქ დეიშეში ააფეთქეს ორსართულიანი შენობა, სადაც პალესტინელები, ისრაელის თქმით, ბომბებს ამზადებდნენ. აფექებამდე მათ მიიწვიეს შენობაში ჟურნალისტები და აჩვენეს ასაფეთქებელი მოწყობილობების დასამზადებელი აღჭურვილობა და მასალები.

მას შემდეგ, რაც სამშვიდობო მოლაპარაკებები შეწყდა და დაიწყო ინტიფადა, მოკლულ იქნა იყო 1019 პალესტინელი და 333 ისრაელი.
XS
SM
MD
LG