Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი სამხედროების მოსალოდნელი განთავსება საქართველოში სომხეთის შეშფოთებას იწვევს


ანდრო ეული, პრაღა როგორც ვაშინგტონში გამოსვლისას, ჯორჯ ბუშმა ერთხელ კიდევ დაადასტურა, შეერთებული შტატების გადაწყვეტილება საქართველოში სამხედრო მრჩევლების გაგზავნის თაობაზე,

მიზნად ისახავს ქართველი მეომრების მომზადებას პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის განსახორციელებლად. მაგრამ ზოგი ექსპერტის აზრით, ვაშინგტონის ამგვარი ინიციატივა უშიშროების უფრო ფართო მიზნებს ემსახურება.

1 მარტს სომხეთის თავდაცვის მინისტრმა სერჟ სარკისიანმა განაცხადა, რომ, მისი აზრით, ნაკლებად არის მოსალოდნელი, რომ საქართველოში ამერიკელი ჯარისკაცების ყოფნამ რეგიონში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს.

სტატიაში, რომელიც 2 მარტს გამოაქვეყნა ბაქოს ყოველდღიურმა გაზეთმა ”ზერკალომ”, აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი ელხან ნურიევი წერდა: ”მას შემდეგ, რაც ისინი, უნებლიედ, გეოპოლიტიკური დაპირისპირების მარწუხებში აღმოჩნდნენ, სამხრეთი კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებს კიდევ დიდხანს მოუხდებათ მძლავრ სახელმწიფოთა ინტრიგების ჩრდილში ყოფნა”.

გაუკეთა რა კომენტარი ამერიკელი სამხედროების განთავსებას საქართველოში, სომხეთის გაზეთი ”აზგი”, 6 მარტის ნომერში წერს, რომ ”ამ ნაბიჯს შორეულ პერსპექტივაში, შესაძლოა, მოვლენათა სახიფათო განვითარება მოჰყვეს, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვან შედეგებს გამოიღებს ამ ქვეყნისთვისო”.

ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში, სომხეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვაზგენ მანუკიანმა განაცხადა, რომ მიმდინარე ცვლილებები, მისი აზრით, უარყოფით ზეგავლენას იქონიებს რეგიონზე, სადაც ათი წლის წინათ დაწყებული ეთნიკური კონფლიქტები დღემდე მოუგვარებელია. მანუკიანმა, რომელიც ოპოზიციური პარტიის, ეროვნულ-დემოკრატიული კავშირის ლიდერია, განაცხადა აგრეთვე, რომ გაურკვევლობა იმის თაობაზე, თუ სინამდვილეში რა მიზანს ემსახურება საქართველოში ამერიკელი სამხედროების განთავსება, კიდევ უფრო ართულებს ვითარებას:

[ვაზგენ მანუკიანის ხმა] ”კარგს არაფერს მოველი. რატომ? საქმე მარტო იმაში როდია, რომ შეერთებული შტატები და რუსეთი ერთმანეთს ამიერკავკასიაში გავლენის მოპოვებას ეცილებიან. საქმე ის არის, რომ ამ რეგიონის ქვეყნებს არა აქვთ საერთო ხედვა იმისა, თუ რა სურთ. ორი მსოფლიო ომი გახდა საჭირო, ვიდრე ევროპა საბოლოოდ გაარკვევდა, თუ რა სურს, და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო ყველა თავისი საშინაო პრობლემის ადვილად მოგვარება. თუმცა, ჩვენს რეგიონს არა აქვს ამგვარი საერთო ხედვა. ხოლო როცა ამგვარი საერთო ხედვა არ არსებობს, ნებისმიერ ჩარევას უსიამოვნობა მოჰყვება შედეგად”.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტთან არსებული საერთაშორისო კვლევათა ცენტრის თანამშრომლის სვანტე კორნელის აზრით, საქართველოში ამერიკელი ჯარისკაცების ყოფნა არანაირ ზეგავლენას არ იქონიებს ურთიერთობაზე ერევანსა და მოსკოვს შორის: [სვანტე კორნელის ხმა] ”არანაირ ზეგალენას არ იქონიებს, ვინაიდან სომხეთის საგარეო პოლიტიკა მთლიანად რუსეთთან არის დაკავშირებული. სომხეთის დამოკიდებულება რუსეთზე უკანასკნელ წლებში კიდევ უფრო გაიზარდა. რუსეთის ვალებს სომხეთი ნაღდი ფულით კი არ ისტუმრებს, არამედ იმით, რომ სომხეთის მსხვილ საწარმოებსა და ქარხნებს – რუსეთი ეუფლება. ამდენად, არა მარტო პოლიტიკურად, არამედ ეკონომიკურადაც, რუსეთი აძლიერებს სომხეთზე კონტროლს. რუსეთისთვის, სომხეთი არის მეტად მნიშვნელოვანი უძრავი ქონება, რომელიც მისცემს მას შესაძლებლობას, კვლავაც შეინარჩუნოს თავისი გავლენა სამხრეთ კავკასიაში, თუნდაც საქართველო და აზერბაიჯანი ჩამოშორდნენ მოსკოვის ორბიტას”.

სვანტე კორნელს მიაჩნია, რომ მისი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, სომხეთს მხოლოდ რუსეთთან კავშირის მეშვეობით შეუძლია მთიან ყარაბაღზე კონტროლის შენარჩუნება.
XS
SM
MD
LG