Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი აბრკოლებს კასპიის ზღვის სამიტს


ანდრო ეული, პრაღა ირანი აბრკოლებს კასპიის ზღვის სამიტის მოწყობას, რომელიც მომავალ თვეში უნდა გაიმართოს თურქმენეთში, და გამოდის წინადადებით, რომ შეხვედრა შემოდგომაზე ჩატარდეს.



დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ახლახან დამთავრებულ სამიტზე ყაზახეთში, თურქმენეთის პრეზიდენტმა საფარმურად ნიაზოვმა კვლავ წამოაყენა წინადადება, რომ დაინტერესებული ქვეყნების შეხვედრა მოეწყოს კასპიის ზღვის რესურსების გაყოფის თაობაზე. ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ყაზიმჟომარტ ტოკაევი მიესალმა ნიაზოვის წინადადებას, რომ ამგვარი შეხვედრა აპრილში, აშხაბადში გაიმართოს.

ტოკაევმა განაცხადა, რომ კასპიის ზღვის სტატუსის საკითხში თავიანთი პოზიციები შეათანხმეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრებმა: ყაზახეთმა, თურქმენეთმა, რუსეთმა და აზერბაიჯანმა. კასპიის ზღვის რესურსების გაყოფის საკითხში რუსეთის პოზიციამ მოლაპარაკებები ორი წლით გააჭიანურა. ყაზახეთი და აზერბაიჯანი დაეთანხმნენ მოსკოვის მიდგომას ამ საკამათო საკითხში. მაგრამ ირანი წინააღმდეგი გამოვიდა და მოითხოვა, რომ რესურსები ზღვისპირა ქვეყნებს შორის თანაბრად განაწილდეს. ირანი ზღვის 20 პროცენტზეც თანახმაა, მაშინ, როცა ამ ქვეყანაზე კასპიის ზღვის სანაპირო ზოლის მხოლოდ 13 პროცენტი მოდის.

გასულ პარასკევს, თეირანი თითქოს თანახმა იყო კასპიის ზღვის სამიტის აშხაბადში მოწყობაზე. სააგენტო ირნას ცნობით, ირანის პრეზიდენტი მოჰამად ხათამი ტელეფონით დაუკავშირდა ნიაზოვს, მიესალმა თურქმენეთის ინიციატივას და განაცხადა, რომ ირანი მონაწილეობას მიიღებს ამ ფორუმში. ხოლო კვირას, ინგლისურენოვან გაზეთ ”ტეჰრან ტაიმსში” ნათქვამი იყო, რომ ხათამი მიესალმა თურქმენეთის ინიციატივას, უმასპინძლოს კასპიის ზღვის სამიტს, მაგრამ ეს ფორუმი შემოდგომაზე უნდა მოეწყოსო.

ამდენად, ირანმა კვლავ დააბრკოლა კასპიის ზღვის რესურსების გაყოფის თაობაზე დაგეგმილი სამიტის მოწყობა. ამასობაში, ყაზახეთის გაზეთმა ”ნოვოსტი ნედელიმ” გასულ კვირაში გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ თეირანი განზრახ აბრკოლებს კასპიის ზღვის სტატუსის თაობაზე სამიტის მოწყობას, რათა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი არ დაეცეს. ხოლო ყაზახეთის ყოველკვირეულ გაზეთ ”კარავანის” მტკიცებით, ირანი, ფარული გზით, მეზობელ ავღანეთში დესტაბილიზაციის შეტანას ცდილობს, მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ მხარდაჭერა აღუთქვა ავღანეთის დროებით ადმინისტრაციას.

გაზეთ ”კარავანში” ნათქვამია აგრეთვე, რომ თეირანის ამგვარი სტრატეგიის მიზანია, შეუძლებელი გახადოს კასპიის ნავთობის ტრანსპორტირება ავღანეთის ტერიტორიის გავლით, რათა ნავთობკომპანიების მესვეურთა ყურადღების ცენტრში ირანის საექსპორტო მარშრუტები მოექცეს.
XS
SM
MD
LG