Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთის პრესის მიმოხილვაში ორ საკითხზე ვისაუბრებთ: ესენია გენოციდი ჩეჩნეთში და


ანდრო ეული, პრაღა დასავლეთის პრესის მიმოხილვაში ორ საკითხზე ვისაუბრებთ: ესენია გენოციდი ჩეჩნეთში და ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა პანკისის ხეობაში შექმნილი ვითარების ფონზე.

მიმოხილვას დავიწყებთ ქალაქ მიუნხენში გამომავალ გაზეთ ”ზიუდოიჩე ცაიტუნგის” გამოხმაურებით ჩეჩნეთში შექმნილ ვითარებაზე – გაზეთი ბეჭდავს ჩეჩნეთში მივლინებული თანამშრომლის კორესპონდენციას იმის შესახებ, რომ კავკასიის ამ რესპუბლიკაში გრძელდება ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. გაზეთში ვკითხულობთ:

”როგორც ჟურნალისტურმა გამოძიებამ ცხადყო, ჩეჩნეთში კვლავაც უგზო-უკვლოდ იკარგებიან ადამიანები, ხოლო რესპუბლიკის აღსადგენად გამოყოფილ სახსრებს ადგილობრივი პრომოსკოვური ადმინისტრაციის წევრები იდებენ ჯიბეში. ადამიანის უფლებათა დარღვევა ნაცნობი სცენარით ხდება: ჩეჩენ მამაკაცებს რუსი სამხედროები აკავებენ. შემდეგ დაკავებულები უგზო-უკვლოდ იკარგებიან, ანდა მათ ნახულობენ მოკლულებს და გვამებს, როგორც წესი, წამების ნიშნები ატყვია. ამგვარი ოპერაციების დროს სამხედროებს ნიღბები აქვთ ყოველთვის ჩამოცმული; მათი მანქანის ნომრებს საღებავი აქვს წასმული. სამხედრო დამნაშავეებს არავინ სთხოვს პასუხს. რაც შეეხება კორუფციას, აქ მილიონებზეა ლაპარაკი. მოსკოვი ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენათა დამოუკიდებელ გაშუქებას ეწინააღმდეგება. კორესპონდენტებს, როგორც წესი, მხოლოდ რუსი ოფიცრების ზედამხედველობის ქვეშ შეუძლიათ იქ მუშაობა. 12 თებერვალს სოფელ ჩირი-იურტში, შვეულმფრენიდან გამოსულმა ჯარისკაცებმა გზაზე მიმავალ ტაქსის გაუხსნეს ცეცხლი, რის შედეგად მძღოლი ისა ელბუკაევი დაიღუპა, ხოლო მგზავრი, მაგომედ უმაროვი, მძიმედ დაიჭრა. იგი გრძნობადაკარგული იწვა 4 დღე. უკვე დაჭრილი უმაროვი ჯარისკაცებმა სცემეს. დაჭრილი შვილის სანახავად საავადმყოფოში მისული დედა გულის შეტევით გარდაიცვალა. სულ მალე სამხედროებმა რვადღიანი ”წმენდა” ჩაატარეს ჩირი-იურტში. მეამბოხეები ამ სოფელში ჯარისკაცებმა ვერ ნახეს, სამაგიეროდ 40 წლის ინვალიდი, 4 შვილის მამა ჰუსეინ საკრიევი ისე სცემეს დაკითხვის დროს, რომ იგი, რამდენიმე საათის შემდეგ გარდაიცვალა. ”წმენდის” დროს მეორე დაკავებული იხსენებს, როგორ ურჭობდნენ მას ნემსებს ფრჩხილების ქვეშ და მოითხოვდნენ, მეამბოხეთა გვარები დაესახელებინა. ხოლო ადამიანის უფლებათა რწმუნებული ჩეჩნეთში ვლადიმირ კალამანოვი ოპტიმისტურადაა განწყობილი და ვითარების გაუმჯობესებაზე ლაპარაკობს – ”ამიერიდან ჯარისკაცები ვალდებული არიან სახლის გაჩხრეკისას პირადობის მოწმობა წარმოადგინონო” - აცხადებს კალამანოვი. ალბათ არ აწყენდა ბატონ კალამანოვს ჩეჩნეთში ემოგზაურა და არღუნში ყოფილიყო 4 მარტს. იმ დღეს ქალაქში ალიხან მუსაევის, ბისლან ბიშაევის, 17-წლის მოსწავლის შამილ იდრისოვისა და 18-წლის აპტი ბორჩაევის გვამები ნახეს. ოთხივე ორი დღით ადრე დააკავეს სამხედროებმა.”

როგორც გაზეთ ”ფრანკფურტერ რუნდშაუს" კორესპონდენტი შენიშნავს, რუსი სამხედროების მიერ დაკავებულთა შორის არიან, რაღა თქმა უნდა" მეამბოხეებიც, და ბევრს, წამების შემდეგ უხდება ამის აღიარება, ხოლო ძალადობა ძალადობას იწვევს. გერმანელი კორესპონდენტის შეკითხვაზე, რატომ ეომება იგი რუსებს, ახალგაზრდა ჩეჩენმა მეამბოხემ გროზნოში განაცხადა: ”ოცზე მეტი ნათესავი და მეგობარი დამეღუპა, ან უგზო-უკვლოდაა დაკარგულიო”. გაზეთი დასძენს:

”11 სექტემბრის შემდეგ გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შროედერმა განაცხადა, შეერთებულ შტატებში მომხდარი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ უნდა გადაისინჯოს ჩვენი მიდგომა ჩეჩნეთში მიმდინარე მოვლენებისადმიო, რითაც მხარი დაუჭირა რუსეთის ოფიციალურ პოზიციას, რომ კავკასიაში, თურმე, ისლამისტებისაგან იცავენ ევროპას. იშვიათად დაუშვია ბატონ შროედერს ესოდენ სერიოზული შეცდომა. ჩეჩენ მეამბოხეებს შორის არიან, რა თქმა უნდა, ისლამისტებიც. მაგრამ მოსკოვი მშვიდობიან მოსახლეობას ეომება ჩეჩნეთში, და არა ისლამისტებს. და ყოველივე ეს კარგად მოეხსენება პრეზიდენტ პუტინს. გერმანიის კანცლერმა უნდა გადასინჯოს თავისი ურთიერთობა მოსკოვთან”.

ჩეჩნეთის სოფელ ცოცინ-იურტის მცხოვრებლებმა წერილობითი თხოვნით მიმართეს გაეროს, ბოლო მოუღოს ჩეჩნეთში გენოციდს, ხოლო ევროპის საბჭოს მოუწოდეს, საერთაშორისო მეთვალყურეები გააგზავნოს რეგიონში, რათა რუსმა სამხედროებმა შეწყვიტონ ”წმენდები” ჩეჩნეთში. აი, რას წერს ამასთან დაკავშირებით გერმანიის გაზეთი ”ველტი”:

”მას შემდეგ, რაც ომი დაიწყო, ცოცინ-იურტში 33-ჯერ ჩაატარეს სამხედროებმა ”წმენდა”. სოფლის 82 მკვიდრი დაიღუპა, 29 უგზო-უკვლოდ დაიკარგა. ზარემა ადამოვა დაბომბვის დროს, ხოლო უმარ დემილხანოვი – ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. ხარონ ირესიევი – საარტილერიო ჭურვმა იმსხვერპლა, ასლამბეკ ალტაბიევი კი – ნაღმზე აფეთქდა. ასე იწყება ცოცინ-იურტში დაღუპულთა სია. თუმცა ეს სოფელი სულაც არაა გამონაკლისი. ასეთივე სიას თითქმის ყოველ სოფელში ნახავთ", ამბობს გაზეთ ”ველტის” კორესპონდენტი ჩეჩნეთში მუსა მურადოვი. მისი აზრით, სოფლების მკვიდრთა 30-40 პროცენტი, მეამბოხეთა შეიარაღებულ ფორმირებათა წევრებია, მაგრამ ”წმენდების” დროს ისინი ტოვებენ სოფელს. ფედერალური ხელისუფლება უარყოფს ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის ფაქტებს, და ცნობს მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებს, რომლებსაც თურმე სამხედრო პროკურატურა იძიებს. გასულ წელს სისხლის სამართლის 212 საქმე იქნა აღძრული, თუმცა ისინი, როგორც წესი ამნისტიით, ანდა პირობითი სასჯელით მთავრდება. მაგალითად, უფროს ლეიტენანტს, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა ჯავშანტრანსპორტიორს და ორი ჩეჩენი გოგონა გაჭყლიტა, სამი წელი მიუსაჯეს პირობით და ერთი წლით ჩამოართვეს ავტომანქანის მართვის უფლება”.

გაზეთ ”ტაიმსის” სარედაქციო სტატიაში ამერიკა-რუსეთის ურთიერთობაა მიმოხილული. სტატიაში ვკითხულობთ:

”ხუთშაბათს, რუსეთის სახელმწიფო დუმამ 291 ხმით 6-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც ნათქვამია, რომ ვაშინგტონს ძველი ანგარიშების გასწორება სურს ერაყთან, ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან, რისთვისაც საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლას იმიზეზებსო. დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ვაშინგტონის მიერ ხსენებული რეჟიმებიდან რომელიმეს დამხობა სხვა სახელმწიფოთა საშინაო საქმეებში ჩარევა იქნება. რუსეთის გენერალური შტაბის უფროსმა ანატოლი კვაშნინმა ამას წინათ განაცხადა, რომ რუსეთსა და ბელორუსიას ნატო თავის მტრებად მიიჩნევს, ხოლო ამ თავდაცვითი კავშირის პარტნიორობა რუსეთთან თვალის ახვევაა და სხვა არაფერიო. ”ნეზავისიმაია გაზეტას” მონაცემებით, პრეზიდენტ პუტინის კურსს, სტრატეგიული კავშირი დაამყაროს შეერთებულ შტატებთან, რუსი ოფიცრების მხოლოდ ერთი მესამედი უჭერს მხარს. მძაფრი რეაქცია მოჰყვა რუსეთში ცნობას იმის შესახებ, რომ ედუარდ შევარდნაძემ ამერიკელებისგან ითხოვა დახმარება პანკისის ხეობაში ანტიტერორისტული ოპერაციის განსახორციელებლად. საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა თითქმის კავკასიის დესტაბილიზაციაში დაადანაშაულა შეერთებული შტატები, ვიდრე პუტინმა არ აღნიშნა, რომ ამერიკელების ყოფნა რეგიონში რუსეთისთვის არ წარმოადგენს ტრაგედიას.”

ხოლო როგორც გაზეთი ”ველტი” აღნიშნავს, ამჯერად ამერიკელები რუსებს დაუპირისპირდნენ კავკასიის რეგიონში. თუმცა კავკასია, განაგრძობს გაზეთი, ვერც რუსების საკუთრება გახდება, და ვერც ამერიკელებისა.

კავკასიელებს თავისუფლებისაკენ სწრაფვა აერთიანებს. კავკასიელი ხალხების ომებს თავისუფლებისათვის აქამდე მხოლოდ უბედურება, ხოცვა-ჟლეტა და განადგურება მოსდევდა. რეგიონში სტაბილური მშვიდობის დასამყარებლად ახალი ინტელექტუალური და სამართლებრივი მოდელი უნდა გამოინახოს".
XS
SM
MD
LG