Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელებსა და ისრაელს შორის მოლაპარაკებების განახლების მცდელობები


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ორშაბათს, 18 მარტს, ნაშუადღევს შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი ისრაელში ჩავიდა. ის არის ყველაზე მაღალი რანგის ამერიკელი დიპლომატი,

რომელიც ჩავიდა ისრაელში პალესტინელებსა და ისრაელს შორის დაზავების გზების გამოსაძებნად.
იქამდე ჩეინი მოგზაურობდა 11 არაბულ ქვეყანაში, სადაც ცდილობდა ამ ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვებას ანტიტერორისტული კამპანიისთვის, რომელსაც ვაშიგტონი უძღვება, კერძოდ, ერაყის პრეზიდენტის სადამ ჰუსინის წინააღმდეგ შესაძლო გალაშქრებისთვის. მაგრამ არაბმა ლიდერებმა უთხრეს მას, რომ ისინი უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ისრაელსა და პალესტინელებს შორის ძალადობას, ვიდრე სადამის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის შეძენის მცდელობებს.

ქუვეითში, რომელიც ჩეინის ვოიაჟის ბოლო პუნქტი იყო, ვიცე პრეზიდენტმა თქვა, რომ ისრაელში ყოფნის დღის წესრიგს დაადგენს შეერთებული შტატების საგანგებო დესპან ენტონი ზინისთან შეხვედრის შემდეგ. ზინი უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება ისრაელში და ცდილობს პალესტინელებსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას.

ორშაბათს ზინიმ მოახერხა ისრაელისა და პალესტინელების უშიშროების სამსახურების თანამშრომლების შეხვედრის მოწყობა. შეხვედრის მთავარი თემაა ისრაელის ძალების გაყვანა პალესტინელთა ტერიტორიებიდან. ისრაელი აცხადებს, რომ ამას გააკეთებს, მაგრამ სანაცვლოდ უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებს ითხოვს.

ზინი ცდილობს განახორციელოს ჯორჯ ტენეტის, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის მიერ შემუშავებული გეგმა, რომელიც გულისხმობს იმ პოზიციებზე დაბრუნებას, რომელიც მიღწეული იყო სანამ მიმდინარე ძალადობა დაიწყებოდა 2000 წლის 28 სექტემბერს.

კვირას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა არიელ შარონმა უთხრა თავის კაბინეტს: “ამ სტადიაზე მთავარია ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა რაც შეიძლება სწრაფად და ტენეტის გეგმის განხორციელება. მაგრამ თუ მოლაპარაკებების მსვლელობაში ტერაქტებს ექნება ადგილი, ჩვენ შესაბამისად ვიმოქმედებთო.”
როგორც ცნობილია, სწორედ ასე მოხდა, მაგრამ მოლაპარაკებები გაგრძელდა.

ჩეინი აპირებს შარონთან მოლაპარაკებების ჩატარებას, რაც შეეხება პალესტინელების დელეგაციასთან შეხვედრას, საკითხი ღიად რჩება.
არ არის ნათელი, აგრეთვე, შევა თუ არა ამ დელეგაციაში პალესტინელთა ლიდერი იასირ არაფატი. პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უარს აბობს მასთან შეხვედრაზე იქამდე, სანამ, მისი სიტყვით, პალესტინელები არ აღკვეთენ “ტერორიზმს”.
XS
SM
MD
LG