Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში გრძელდება ანტიტერორისტული კამპანია


ანდრო ეული, პრაღა ავღანეთში განთავსებული კოალიციური ძალების სარდალმა, ამერიკელმა გენერალ-მაიორმა ფრენკ ჰაგელბეკმა,

ქაბულის ჩრდილოეთით მდებარე ბაგრამის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე ორშაბათს განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ავღანეთში 2 მარტს დაწყებული ფართომასშტაბიანი სახმელეთო ოპერაცია ”ანაკონდა”- დამთავრებულია, თუმცაღა ავღანეთის მთელს ტერიტორიაზე კვლავაც გაგრძელდება თალიბებისა და ”ალ-ყაიდის” მებრძოლთა ძებნა.

შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ავღანეთში კვირას ”ალ-ყაიდის” 16 მებრძოლი იქნა მოკლული, ხოლო ერთი ტყვედ აიყვანეს. იმავე დღეს, ქვეყნის სამხრეთში ქალაქ ყანდაარის მახლობლად განხორციელებული სპეცოპერაციის დროს მრავალეროვანი კოალიციის ძალებმა 31 მეამბოხე დაატყვევეს. პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ ”ალ-ყაიდის” ზოგიერთმა მებრძოლმა, როგორც ჩანს მოახერხა აღმოსავლეთი ავღანეთის მაღალმთიანი რაიონებიდან მეზობელ პაკისტანში გაქცევა.

”მართალია, ოპერაცია ”ანაკონდა” დამთავრდა, მაგრამ ჩვენ კვლავაც აქტიურად დავეძებთ ავღანეთის მთელს ტერიტორიაზე თალიბებსა და ”ალ-ყაიდის” მებრძოლებს, და მზადა ვართ საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი მომდევნო ოპერაციის განსახორციელებლად”- განაცხადა
პენტაგონის შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის წევრმა, გენერალმა ჯონ როსამ.

ამასობაში, ბრიტანეთმა ორშაბათს გამოაცხადა, რომ 1700-კაციან სამხედრო შენაერთს აგზავნის ავღანეთში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად. თემთა პალატაში გამოსვლისას, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯენ ჰუნმა განაცხადა, რომ ბრიტანელი ჯარისკაცები საბრძოლო ოპერაციებში მიიღებენ მონაწილეობას. ”მათ რთულ პირობებში მოუხდებათ მისიის შესრულება, და თანაც სახიფათო მტრის წინააღმდეგ, რასაც ალბად მსხვერპლი მოჰყვება”-განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.

თავიდან ბრიტანეთმა 1600 სამხედრო მოსამსახურე გააგზავნა სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ავღანეთში, და მრავალეროვანი ძალები ქაბულსა და მის მიმდებარე დასახლებებში არიან განთავსებული. კიდევ 1700 ჯარისკაცის გაგზავნა 3 ათას სამასამდე გაზრდის ავღანეთში მყოფი ბრიტანელი ჯარისკაცების რიცხვს. ჯეფ ჰუნმა განაცხადა, რომ 1700 ბრიტანელ ჯარისკაცს ამ დღეებში ჩაიყვანენ ბაგრამის საჰაერო ბაზაზე, და ისინი აპრილის შუა რიცხვებში მზად იქნებიან საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად.

ტელეკომპანია ”ბიბისისათვის” მიცემულ ინტერვიუში, ჯეფ ჰუნმა სამშაბათს განაცხადა, რომ ბრიტანელი ჯარისკაცები იმდენ ხანს დარჩებიან ავღანეთში, რამდენიც ”იქ შემორჩენილი თალიბებისა და ”ალ-ყაიდის” მებრძოლთა გასანადგურებლად გახდება საჭიროო”.

ამასობაში იუწყებიან, რომ აღმოსავლეთი ავღანეთის ქალაქ ხოსტში შეიარაღებულმა პირებმა უშიშროების ძალებს გაუხსნეს ცეცხლი, და მოკლეს ერთი, ხოლო 3 ადამიანი დაჭრეს. ავღანეთის ისლამური პრესის სააგენტოს ცნობით, ინციდენტი ქალაქის ცენტრალურ საკოლმეურნეო ბაზარში მოხდა.
XS
SM
MD
LG