Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიღატაკის პრობლემისადმი მიძღვნილი კონფერენცია მექსიკაში


ანდრო ეული, პრაღა ორშაბათს მექსიკის ქალაქ მონტერეიში გაიხსნა გაეროს პირველი კონფერენცია,

რომელიც მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნების განვითარებისათვის სახსრების გამოყოფისა და სიღატაკის წინააღმდეგ ბრძოლის პრობლემებს ეძღვნება. გაეროს გენერალურ მდივანთან, კოფი ანანთან ერთად ფორუმს სამოცამდე ქვეყნის ლიდერები, მათ შორის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუშიც ესწრება.

როგორც მსოფლიო ბანკი აცხადებს, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ ღარიბი ქვეყნების დასახმარებლად გამოყოფილმა მილიარდობით დოლარმა სიღატაკისაგან იხსნა ასეულმილიონობით ადამიანი. ბანკი მოუწოდებს დონორ ქვეყნებს, 100 მილიარდ დოლარამდე გაზარდონ მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში დახმარებისათვის გამოყოფილი თანხა. ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ ფორუმის მონაწილეებმა მიიღონ ეს წინადადება, თუმცა მდიდარი ქვეყნების უმრავლესობა აღიარებს, რომ აუცილებელია დახმარებისათვის გამოყოფილი სახსრების გაზრდა.

როგორც მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მატს კარლსონი აღნიშნავს, ფინანსური დახმარების გარეშე ღარიბ ქვეყნებში ვერასოდეს შეიქმნება უცხოელ ინვესტორთა მისაზიდად აუცილებელი პირობები: [მატს კარლსონის ხმა] ”მეტად საჭიროა ღარიბ ქვეყნებში კერძო, განსაკუთრებით ადგილობრივი კერძო ინვესტიცია, თუმცა საამისოდ ერთდროულად უნდა მოქმედებდეს ყველა ბერკეტი. ამდენად, კერძო სექტორში ინვესტიციისთვის დახმარების გაღებაა საჭირო. გამოანგარიშებამ დაგვანახა, რომ დახმარებისათვის გამოყოფილი ყოველი დოლარი 2 დოლარს იძლევა, თუკი მას კერძო სექტორში დააბანდებთ”.

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, 90-იან წლებში ეს ფორმულა ერთობ ნაყოფიერი გამოდგა უნგრეთში, პოლონეთში, ჩეხეთის რესპუბლიკასა და სლოვაკეთში. ხუთ წელიწადზე მეტია უკვე, რაც ამ ქვეყნებს არ მიუღიათ დახმარება საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, ხოლო მსოფლიო ბანკი თანდათანობით უმცირებს მათ კრედიტებს. ოთხივე სახელმწიფო ევროკავშირში გასაწევრიანებლად ემზადება. ხოლო გარდამავალ პერიოდში მყოფ სხვა მრავალ ყოფილ კომუნისტურ სახელმწიფოში რეფორმების დაყოვნებამ და კორუფციამ პროგრესი დაამუხრუჭა. მატს კარლსონის აზრით, მრავალ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში დღემდე არ არის დამკვიდრებული კანონის უზენაესობა, რაც აუცილებელი და უპირველესი წინაპირობაა ქვეყანაში ინვესტიციის მისაზიდად.

”თქმა არ უნდა, რომ ყოფილ საბჭოთა კავშირსა და თავად რუსეთშიც, მთავარი პრობლემაა კანონის უზენაესობის დამკვიდრება, საკუთრების უფლების დაცვა და ჭეშმარიტი საბაზრო ეკონომიკისათვის აუცილებელი პირობების შექმნა” –დასძინა მატს კარლსონმა.
XS
SM
MD
LG