Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი შეშფოთებულია ავღანეთში მყოფ ამერიკელ ჯარისკაცებზე მოსალოდნელი თავდასხმების გამო


ანდრო ეული, პრაღა სამშაბათს, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამოსვლისას, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა ჯორჯ ტენეტმა

და პენტაგონის სადაზვერვო უწყების ხელმძღვანელმა, ვიცე-ადმირალმა ტომას უილსონმა განაცხადეს, რომ ავღანეთში მყოფ ამერიკელ ჯარისკაცებზე თავდასხმებია მოსალოდნელი თალიბებისა და ”ალ-ყაიდის” მებრძოლთა მხრიდან, რომლებიც ქვეყნის დასახლებულ პუნქტებსა და მთებში იმალებიან.

ტენეტმა და უილსონმა განაცხადეს, რომ, მართალია, ავღანეთში დაემხო თალიბანის რეჟიმი და შეერთებულმა შტატებმა სერიოზული დარტყმა მიაყენა ტერორისტულ ორგანიზაცია ”ალ-ყაიდას”, ავღანეთში შემორჩენილი თალიბები და ტერორისტები კვლავაც საფრთხეს უქმნიან იქ მყოფ ამერიკელ ჯარისკაცებს. ჯორჯ ტენეტმა თქვა, რომ დღეს ავღანეთში გაცილებით უკეთესი ვითარებაა, ვიდრე თალიბების რეჟიმის დროს იყო, თუმცა ქვეყანა უაღრესად მძიმე ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ტენეტის თქმით, მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს ძალაუფლებისათვის მიმდინარე ბრძოლა ავღანეთის ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფის, პუშტუნების ლიდერებს შორის.

ჯორჯ ტენეტმა აღიარა ამასთანავე, რომ აღმოსავლეთ ავღანეთში, ქალაქ გარდეზის სამხრეთით, კოალიციური ძალების ამას წინათ განხორციელებული ოპერაციის დროს ალყაში მოქცეულმა თალიბებისა და ”ალ-ყაიდის” მებრძოლთა ერთმა ნაწილმა მეზობელ პაკისტანში მოახერხა გაქცევა. სადაზვერვო ინფორმაციის თანახმად, ხსენებული ოპერაციის დროს პაკისტანის სასაზღვრო ძალების ერთ-ერთმა მეთაურმა ღია დატოვა საზღვრის ერთი მონაკვეთი, რითაც პაკისტანში გაქცევის შესაძლებლობა მისცა თალიბებისა და ”ალ-ყაიდის” მებრძოლებს. ამერიკის სარდლობამ განაცხადა, რომ ოპერაცია ”ანაკონდას” მსვლელობისას მოწინააღმდეგის ასობით მებრძოლი იქნა მოკლული, თუმცა ავღანეთის დროებითი ადმინისტრაციის ოფიციალურ წარმომადგენლებს ეს რიცხვი გაზვიადებულად მოეჩვენათ.

სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამოსვლისას ჯორჯ ტენეტმა განაცხადა აგრეთვე, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციამ თხოვნით მიმართა პაკისტანის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის მთავრობებს, ჯარის დამატებითი ნაწილები განათავსონ ავღანეთის საზღვარზე. მისივე თქმით, ”ალ-ყაიდის” არაერთმა წევრმა მოახერხა უკანასკნელ თვეებში, ავღანეთიდან ირანში ჩასულიყო, საიდანაც შემდეგ სხვა ქვეყნებს მიაშურა.

ჯორჯ ტენეტს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ”ალ-ყაიდა” კვლავაც დაგეგმავს ტერორისტულ თავდასხმებს შეერთებულ შტატებში, აგრეთვე, ამერიკის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და სამხედრო ობიექტებზე საზღვარგარეთ.

სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამოსვლისას ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა ისიც აღნიშნა, რომ მსოფლიოს 70 სახელმწიფოში საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებული 1300 ექსტრემისტი დააპატიმრეს, და მაინც ”ალ-ყაიდის” განადგურებაზე ლაპარაკი ჯერჯერობით ნაადრევია.
XS
SM
MD
LG