Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი გენერალი კმაყოფილია ანტიტერორისტულ კამპანიაში რუსეთის მონაწილეობით


ანდრო ეული, პრაღა ოთხშაბათს, მოსკოვში სტუმრობისას, ავღანეთში განთავსებული ამერიკის სამხედრო შენაერთის სარდალმა, გენერალმა ტომი ფრენკსმა,

ავღანეთში მიმდინარე ანტიტერორისტულ კამპანიაში აქტიური თანამშრომლობისთვის ქებით მოიხსენია რუსეთი.

ტომი ფრენკსმა მადლობა გადაუხადა რუსეთს ავღანეთში მიმდინარე ანტიტერორისტულ კამპანიაში გაწეული დახმარებისთვის და პირველ რიგში მოიხსენია რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტრო, რომელიც კოორდინაციას უწევს ჰუმანიტარულ ოპერაციებს ომით გაჩანაგებულ ავღანეთში. პრესკონფერენციაზე გენერალმა ფრენკსმა თქვა, რომ რუსეთი ანტიტერორისტული კოალიციის მნიშვნელოვანი პარტნიორია: [ტომი ფრენკსის ხმა] ”შეხვედრებისას აქ, მოსკოვში, ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა იმ ფაქტმა, რომ რუსეთის მთავრობა გადამწყვეტ როლს ასრულებს კვლავაც ამ კოალიციაში. და ვფიქრობ, ჩვენ ყველანი ერთი აზრისა ვართ იმაში, რომ არ ვიცით, კიდევ რამდენ ხანს გასტანს ეს ოპერაცია”.

გენერალმა ფრენკსმა განაცხადა აგრეთვე, რომ რუსეთი მრავალმხრივ დაეხმარა ავღანეთს, მაგალითად, საავადმყოფოს მოწყობაში, მთავარი გვირაბის გაწმენდასა და იმაშიც, რომ მყისვე მისცა შეერთებული შტატების თვითმფრინავებს რუსეთის საჰაერო სივრცით სარგებლობის უფლება. მისივე თქმით, რუსეთს თავისი წარმომადგენლობა აქვს ფლორიდაში, სადაც ამერიკის სამეთაურო ცენტრია განთავსებული.

ტომი ფრენკსი სამშაბათს ჩავიდა მოსკოვში სამდღიანი ვიზიტით. ოთხშაბათს, ამერიკელ გენერალთან მოლაპარაკების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა განაცხადა, რომ რუსეთ-ამერიკის თანამშრომლობა ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში ”ხელსაყრელ პირობებს ქმნის ახალი მუქარების უვნებელსაყოფად და არა მარტო ავღანეთში, არამედ სხვა ქვენებშიცო”.

გენერალმა ფრენკსმა კორესპონდენტებს უთხრა, რომ ანტიტერორისტული კამპანიის მსვლელობისას დაკავებულთა შორის არიან ჩეჩნებიც, მაგრამ არ დაუსახელებია მათი რიცხვი: [ტომი ფრენკსის ხმა] ”ვფიქრობ, სულ 35 სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი გვყავს დაკავებული აქ, ყანდაარსა და გუანტანამოს საგანგებო ციხეში, კუბაში. და ამ 35 ეროვნების წარმომადგენლებს შორის, რაღა თქმა უნდა, ჩეჩნებიც არიან. ვერაფერს გეტყვით პოლიტიკურ დონეზე, თუმცა როგორც ადრე აღვნიშნე, ვხედავ, რომ სხვადასხვა ეროვნებათა წარმომადგენლები არიან გაერთიანებული ტერორისტულ ქსელში, რომელსაც ”ალ-ყაიდას” ვუკავშირებთ. მაგრამ, ეს ტერორისტული ორგანიზაციები და ტერორიზმი არც რელიგიას სცნობს და არც ეროვნებას”.

პრესკონფერენციაზე ტომი ფრენკსმა განაცხადა, რომ პენტაგონი შეშფოთებულია პანკისის ხეობაში შექმნილი ვითარების გამო და თან დასძინა, რომ ჯერჯერობით არაა დადგენილი ზუსტი თარიღი, როდის ჩავლენ საქართველოში ამერიკელი სამხედრო ექსპერტები, რომლებმაც საქართველოს ჯარი უნდა მოამზადონ ტერორისტების წინააღმდეგ საბრძოლველად.

მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გენერალ ფრენკსს არაფერი უთქვამს იმის შესახებ, ესაუბრა თუ არა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მესვეურებს ერაყის წინააღმდეგ შეერთებული შტატების მოსალოდნელ ოპერაციაზე. მოგეხსენებათ, რომ ბაღდადს ვაშინგტონი მასობრივი განადგურების იარაღის წარმოებაში ადანაშაულებს, ხოლო პრეზიდენტმა ბუშმა ამას წინათ ერაყი, ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან ერთად, ”ბოროტების ღერძს” მიაკუთვნა.
XS
SM
MD
LG