Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის დუმა მორიგ დადგენილებას იღებს აფხაზეთთან დაკავშირებით


თამარ ჩიქოვანი, თბილისი რუსეთსა და საქართველოს შორის თავისებური ცივი ომი ისევ გრძელდება.

ამ კვირის დასაწყისში საქართველოს პარლამენტმა თავის დადგენილებაში კიდევ ერთხელ დაადასტურა აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ნაწილების გაყვანის აუცილებლობა, რუსეთის დუმამ კი, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის მიმართ თავისი ინტერესი აქვს.

საქართველოს პარლამენტის დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან თედიაშვილი კარგად დავიწყებული ძველი ტრადიციის აღდგენის ინიციატივით გამოდის. 22 მარტს პარლამენტის სხდომაზე მან განაცხადა, რომ ახლა, როცა რუსეთის დუმა უკიდურესად შეშფოთებულია საქართველოში მოვლენების განვითარებით, - შეგახსენებთ, რუსეთი დარწმუნებულია, რომ საქართველო ამერიკელების დახმარებით აფხაზეთში საომარი მოქმედებების განახლებას შეეცდება, - ურიგო არ იქნება, თუ ქართველი პარლამენტარებიც ჩავლენ მოსკოვში და იტყვიან, რეალურად რა ხდება საქართველოში.
რუსეთის მხრიდან საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციას ელის ფრაქცია “ახალი მემარჯვენეების” წევრი ფიქრია ჩიხრაძე, რომელიც აცხადებს:
[ფიქრია ჩიხრაძის ხმა] “ მე, ერთი მხრივ, ყველას მოვუწოდებ სიფრთხილისკენ, რადგან საქართველოში, მართლაც, გადამწყვეტი ეტაპი დგება და ამ ეტაპს ყველა უნდა მოვუფრთხილდეთ. და მეორე მხრივ, ჩვენ არ უნდა ველოდოთ მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენი პოზიციის დაფიქსირებას და დღესვე, დახურული სხდომა იქნება თუ რაიმე სხვა, ყველანაირი ისტერიის გარეშე შევიკრიბოთ და ვისმჯელოთ იმაზე, რა შეიძლება მოიმოქმედოს საქართველოს ხელმძღვანელობამ ძალიან რეალური აგრესიის თუ პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად.”
აფხაზეთისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის საკითხთან დაკავშირებით, რუსეთის დუმის სამმა კომიტეტმა დადგენილება მოამზადა, რომელიც დუმამ 22 მარტს განიხილა. რუსეთის პარლამენტარები საჭიროდ მიიჩნევენ ამ თვითაღიარებულ რესპუბლიკებში რუსეთის დუმის წარმომადგენლების მივლინებას სიტუაციის ადგილზე გასაცნობად, რადგან რუსი პარლამენტარები დარწმუნებულნი არიან, რომ სიტუაცია კონფლიქტურ რეგიონებში აუცილებლად გამწვავდება. გარდა ამისა, რუსი პარლამენტარები რუსეთის მთავრობას აფხაზეთსა და ყოფილ სამხრეთ ოსეთში ჰუმანიტარული დხმარების გაგზავნის თხოვნით მიმართავენ.
სხვათა შორის, საქართველოს ამბოხებულ რეგიონებში საომარი მოქმედების განახლების შესაძლებლობას არ გამორიცხავს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ვლადიმერ რუშაილოც, რომელიც აცხადებს: “ასეთი რამ თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ ეს არ მოხდეს.” მისგან განსხვავებით, ოპტიმისტურად არის განწყობილი საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც 22 მარტს გადამხდელთა კავშირში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ომს აფხაზეთში ვერც ჯერგენია დაიწყებს და ვერც რუსეთი.
XS
SM
MD
LG