Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალგაზრდული პროგრამის დღევანდელი გადაცემა მთლიანად დაეთმობა ერთ ახალგაზრდულ ორგანიზაციას


დავით პაიჭაძე, თბილისი ახალგაზრდული პროგრამის დღევანდელი გადაცემა მთლიანად დაეთმობა ერთ ახალგაზრდულ ორგანიზაციას,

რომელსაც მეტ-ნაკლებად იცნობენ ჩვენი მოქალაქეები. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ქართულ სამოქალაქო სექტორში წარმოადგენს გაერთიანებას, რომლის საქმიანობაც ღირსეულად პასუხობს ჩვენს ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციათა წინააღმდეგ ბოლო დროს აგორებულ კამპანიას. ახალგაზრდა იურისტებმა ასოციაცია შექმნეს 1994 წელს, როცა სამოქალაქო საზოგადოებაზე საქართველოში სულ რამდენიმე კაცი ლაპარაკობდა და მერვე წელია უაღრესად ფასეული წვლილი შეაქვს ამ საზოგადოების განვითარებაში. საქართველოს მოქალაქეთა ერთი ნაწილს ლამის განუწყვეტლივ არწმუნებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები პარაზიტები არიან, გრანტებს იღებენ მხოლოდ საკუთარი სარგებლობისათვის და ხშირად - ქვეყნის საზიანოდ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თავისი არსებობის მანძილზე დაეხმარა ათიათასობით ადამიანს, პროფესიული სრულყოფის მიზნით სწავლება ჩაუტარა ასობით მომავალ იურისტსა თუ სახელმწიფო მოხელეს, მრავლად გამოსცა საგანმანათლებლო და სამეცნიერო იურიდიული ლიტერატურა. ასოციაციის წევრები მონაწილეობდნენ საქართველოს არაერთი მნიშვნელოვანი კანონის შემუშავებაში. ჩვენს ქვეყანაში იშვიათია არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ერთი ქალაქის ფარგლებს გარეთ მოქმედებდეს. ახალგაზრდა იურისტები, თბილისის გარდა, მუშაობენ ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, გორში, თელავსა და საჩხერე-ჭიათურაში. ისინი აღიარებულნი არიან საერთაშორისო დონეზეც, რაც არამარტო მსხვილ დონორ ორგანიზაციათა ნდობაში გამოიხატება: გასულ წელს, მაგალითად, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აუცილებელი სამუშაო პრაქტიკა გაიარა აშშ-ის კოლუმბიის უნივერსიტეტის ორმა მაგისტრატმა. შეგახსენებთ, ეს უნივერსიტეტი ამერიკის რამდენიმე პრეზიდენტს აქვს დამთავრებული. პროფესიონალიზმი, პატიოსნება, კარგი მენეჯმენტი, გამჭვირვალობა, აქტუალურ პრობლემათა წვდომისა და დამუშავების უნარი - ეს თვისებები ახასიათებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომელიც თავის რიგებში რვაასამდე წევრს ითვლის.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ რვა წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე ლაპარაკი უთუოდ მოსაწყენი იქნებოდა, რადგან გადაცემის მთელ დროს მხოლოდ მათი ჩამოთვლა წაიღებდა. თუმცა ასოციაციის სამუშაო მიმართულებებსა და მიზნებს გვერდს ვერ ავუქცევთ. ახალგაზრდა იურისტები ცდილობენ დაამკვიდრონ პროფესიული ეთიკის ნორმები, ხელი შეუწყონ იურისტთა დაოსტატებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უფლებადამცავი ორგანიზაციაც გახლავთ. მისი საგანმანათლებლო საქმიანობა მიმართულია საზოგადოებაში სამართალშეგნების დონის ამაღლებისა და კანონის პატივისცემის დამკვიდრებისაკენ. ცნობილია მათი კანონშემოქმედებითი აქტივობაც: ასოციაცია ისწრაფის, აუცილებელი სამართლებრივი ბაზა შეუქმნას სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ნორმალურ მოქმედებას.

დღეს ყველა აღიარებს, რომ იურიდიული სწავლების დონე ქვეყანაში დაბალია. არადა, ლამის ყოველ მესამე სკოლაში გახსნილია ინსტიტუტი, სადაც იურისპრუდენციას ასწავლიან. არაერთ უნივერსიტეტში, სადაც ადრე იურიდიული ფაკულტეტის არსებობა წარმოუდგენელი იყო, ახლა ეს ფაკულტეტი გახსნილია. საბჭოთა პერიოდში და, გარკვეულ ხანს, შემდგომაც, საქართველოს რეგიონებში სამართალმცოდნეობას არ ასწავლიდნენ. ახლა თბილისის გარეთ შეხვდებით სასწავლებლებს, სადაც საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტებზე დასაქმებულ არც ერთ ადამიანს სამეცნიერო ხარისხი არა აქვს. განათლების დეფიციტს, ჩანს, სტუდენტებიც განიცდიან და მეტის მისაღებად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას (შემოკლებით საია-ს) აკითხავენ. რით განსხვავდება ასოციაციის სემინარები სხვა იურიდიულ სასწავლებელთა ლექციებისაგან? ზაზა რუხაძე, საიას გამგეობის თავმჯდომარე მიპასუხებს [რუხაძის ხმა]: “ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტად მოხდეს იმ ინფორმაციის გაღრმავება, რასაც ამ ტიპის სასწავლებლებში იღებენ და მოხდეს მიღებული ცოდნის გაპრაქტიკულება. საუბედუროდ, ჩვენთან ჯერჯერობით მაინც თეორიულ სწავლებას აქცევენ ყურადღებას და არა ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას, პრაქტიკული ჩვევების გამომუშავებას. თქვენ რომ საღამოს მობრძანდეთ ჩვენთან, ნახავთ სტუდენტების საკმაოდ დიდ კონტინგენტს ბევრი სხვადასხვა სასწავლებლიდან. ჩვენ არავის ვეძებთ, ადგილის პრობლემა გვაქვს და ყველა მსურველს ვერ ვიტევთ”.

ასოციაციის სასწავლო პროგრამებში ჩართულნი არიან არა მხოლოდ სტუდენტები, არამედ კურსდამთავრებულებიც, ამა თუ იმ პროფესიის ადამიანები. საიას იურიდიული სწავლებისა და ინფორმაციის ცენტრის დირექტორი თამარ მეტრეველი ბოლოდროინდელ სასწავლო მიმართულებებზე ლაპარაკის დროს იხსენებს წარმატებას, რომელსაც საგადასახადო სისტემის მოხელეებმა მიაღწიეს ასოციაციის სემინარების გავლის შემდეგ [მეტრეველის ხმა]: “რაც შეეხება ტრენინგებსა და სემინარებს, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, პრობლემატურ და აქტუალურ საკითხებზე გავიდეთ. ჩვენ კარგი და საქმიანი ურთიერთობები გვაქვს მოსამართლეთა კორპუსთან, ნოტარიუსთა პალატასთან, ახლა მიმდინარეობს ადვოკატთა ტესტირებასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოები. ჩვენ მხარი დავუჭირეთ რეფორმას საგადასახადო შემოსავლების სამინისტროში: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ორგანიზება გაუკეთა სასწავლო კურსებს საგადასახადო მოხელეთათვის. ჩვენთან მოემზადა დაახლოებით რვაასამდე ადამიანი. ეს იყო თბილისში, შიდა და ქვემო ქართლში, იმერეთში. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ გამოცდაჩაბარებულთა დიდ ნაწილს ჩვენი ცენტრის სემინარი ჰქონდა გავლილი”.

შარშან საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ადვოკატურის შესახებ. ადვოკატობის მსურველთ ამიერიდან საგანგებო გამოცდების ჩაბარება მოუწევთ. თამარ მეტრეველის ნახსენებ აქტუალურ საკითხებს შორის ერთი ესეცაა: ასოციაცია დღეს მომავალ ადვოკატებს ეხმარება [მეტრეველის ხმა]: “შემიძლია ვახსენო სემინარში ჩართული ის ჯგუფები, თეორიიდან უკვე პრაქტიკულ მუშაობაზე რომ გადავიდნენ. მაგალითად, ადვოკატთა მოსამზადებელი ჯგუფი, ადვოკატის პროფესიას, არსებითად, სწავლობს მთლიანად,. აქ გვესწრებიან მეოთხეკურსელები და მაგისტრატურის სტუდენტები, ვისაც გადაწყვეტილი აქვს ადვოკატობა. ისინი პრაქტიკულ საქმიანობასაც ეწევიან”.

მოქალაქეთა დაცვა ახალგაზრდა იურისტებისათვის ახალი ხილი არ არის. შესაძლოა, ჩვენს მსმენელებს ახსოვთ, 2000 წლის გაზაფხულზე როგორ ჩაიშალა ახალგაზრდა იურისტების მიერ შემუშავებული “ქალაქის ადვოკატის” პროექტი. თბილისში ასოციაციამ ადვოკატები მიამაგრა პოლიციის რაიონულ სამმართველოებს, სადაც მათ არაერთხელ დააფიქსირეს ადამიანის უფლებათა შელახვის ფაქტები და მეტ-ნაკლებად შედეგიანად სცადეს პოლიციაში მიყვანილი ადამიანების დაცვა. სამიოდ თვეში ეს მობეზრდა თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსს სოსო ალავიძეს და ადვოკატებს კარი ცხვირწინ მიუხურეს. ზაზა რუხაძე ამბობს, რომ აპირებს განაახლოს პროექტი და საამისოდ ქალაქის ხელისუფლებას და პოლიციას მიმართოს [რუხაძის ხმა]: “ჩვენი ასოციაცია დააყენებს ამ საკითხს არა იმიტომ, რომ ეს ასოციაციის ინტერესია მხოლოდ - ეს არის საზოგადოებრივი ინტერესი, რამდენადაც ამ ან მსგავსი პროექტის განხორციელება მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ საზოგადოებრივად სასარგებლო ეფექტი: ამით საზოგადოების წევრები, ჩვენი მოქალაქეები, სოციალურად დაუცველი ნაწილი მიიღებს იურიდიულ კონსულტაციას - ძვირადღირებულ მომსახურებას, რომლის ყიდვაც მას ნაკლებ შეუძლია”.

იურიდიულ კონსულტაციას ჩვენი მოქალაქეები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისაგან უკვე რამდენიმე წელია იღებენ, ოღონდ - სატელეფონო ხაზით. ასოციაციაში იურიდიული დახმარების ცენტრის არსებობას, პრაქტიკულის გარდა, მოქალაქეთათვის მორალური მნიშვნელობაც აქვს: ადამიანებმა იციან, რომ არის ადგილი, სადაც შეუძლიათ მიიღონ კვალიფიციური რჩევა სრულიად უანგაროდ და მათ არავინ მოატყუებს მატერიალური გამორჩენის მიზნით. ასოციაციაში სჯერათ, რომ კონსულტაციებით რეალურ დახმარებას უწევენ მოსახლეობას. ამაში იურისტებს მადლიერ მოქალაქეთა სატელეფონო ზარები და ხშირად დალოცვებიც კი არწმუნებთ. მაგრამ ტელეფონით იურიდიული ინფორმაციის გაცემის გარდა, ხუთიოდე თვის წინ, საიამ მოქალაქეთა დახმარების სხვა, ახალ და, ალბათ, უფრო ეფექტურ ფორმასაც მიმართა; როგორც ზაზა რუხაძემ გვითხრა [რუხაძის ხმა]: “თუ ჩვენი ასოციაცია დღემდე მოსახლეობას უწევდა იურიდიულ დახმარებას, რაც მოიცავდა სატელეფონო და პირად კონსულტაციებს, ამიერიდან ჩვენს ოფისში დავიწყეთ წარმომადგენლობითობა სასამართლოში; ჩვენ ვიღებთ კონკრეტულ საქმეებს და ვახორციელებთ იმ ადამიანების ბოლომდე, სასამართლომდე დაცვას, რომელთაც შეექმნათ გარკვეული სამართლებრივი პრობლემები”.

ზაზა რუხაძეს ვთხოვე, მოეტანა საქართველოში, თბილისის მიღმა, ასოციაციის აღიარების კონკრეტული მაგალითი. მან გაიხსენა, როგორ შეისწავლეს სამართლის სწავლების მხრივ არსებული პრობლემური ვითარება აჭარაში და ავტონომიური რესპუბლიკის განათლების სამინისტროს დასაბუთებული დასკვნა მიაწოდეს, სიტუაციის გამოსწორების სტრატეგიითურთ [რუხაძის ხმა]: “მართალია, თავდაპირველად ამას დიდი კმაყოფილებით არავინ შეხვედრია, მაგრა, ჩვენი საქმიანობის შედეგმა (უფასო სწავლება სკოლებში, სამართლებრივი ოლიმპიადები და ა.შ.) მიგვიყვანა იქამდე, რომ განათლების სამინისტრომ გვაღიარა და, ჩვენი ინიციატივის გარეშე, თავისსავე ბრძანებაში ჩაწერა: თუ მასწავლებელი, რომელიც შედის სკოლაში, არ გაივლის იურისტთა ასოციაციის კურსებს და არ მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს, ვერ შევა სამართლის გაკვეთილზე ანუ არ ექნება უფლება, ასწავლოს სამართალი. ეს ძალიან პატარა და კონკრეტული მაგალითია”.


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ნამდვილად ახალგაზრდული ორგანიზაციაა: წევრების დიდ ნაწილს იქ 18-დან 30 წლამდე პირები შეადგენენ. ჩვენი საზოგადოებისთვის ცნობილნი არიან: ასოციაციის წევრები - დავით უსუფაშვილი, გია გეწაძე, თინა ხიდაშელი; უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო გვენეტაძე, გიგლა აგულაშვილი, ადვოკატი ზვიად კორძაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე კოტე კუბლაშვილი, დეპუტატი კობა დავითაშვილი... რაც შეეხება გრანტებს, რითაც დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თავის საქმიანობას, ზაზა რუხაძის თქმით, საზოგადოების ინტერესის სასარგებლოდ ახორციელებს, [რუხაძის ხმა]: “გრანტები, რასაკვირველია, მრავალმხრივია; ამწუთას ჩვენ გვაქვს აირისის გრანტი, სოროსის გრანტი, ნოვიბის გრანტი, ამერიკის იურისტთა ასოციაციის გრანტი... მაისიდან დაიწყება გერმანიის მთავრობის ტექნიკური თანამშრომლობის გრანტი, ველოდებით პასუხს კორდეიდიდან და აი, ამ ფარგლებში მიმდინარეობს ჩვენი საქმიანობა”.

თუ მოვახერხეთ ახალგაზრდა იურისტების საქმიანობაზე გარკვეული წარმოდგენის შექმნა, შეგვიძლია კიდევ ერთხელ ვთქვათ: მისი შედეგები ღირსეული პასუხია ყველასთვის, ვისაც სხვისი გრანტები ყელზე ადგება.
XS
SM
MD
LG