Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერორიზმთან ბრძოლა რუსულად


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 26 მარტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნოტით მიმართა რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს ჩეჩენი საველე მეთაურის რუსლავ გელაევის დაკავებისა და რუსეთში ექსტრადიციის თაობაზე.

პარალელურად, სანკტ-პეტერბურგში გამართულ ტერორიზმთან ბრძოლის საპარლამენტთაშორისო ფორუმზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ არ გამორიცხა ტერორისტული ორგანიზაციის “ალ-ყაიდას” წარმომადგენლების ყოფნა აფხაზეთის ტერიტორიაზე.

ოფიციალური თბილისი და კრემლი ერთმანეთს ვარაუდების დონეზე ესაუბრებიან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიული ტონით მოითხოვს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ჩეჩენი საველე მეთაურის რუსლან გელაევის დაკავებასა და რუსული მხარისთვის გადაცემას, თუმცა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ პრეზიდენტ შევარდნაძის განცხადებას გელაევის მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობების შესახებ, თავად გელაევი საქართველოში არავის უნახავს, ისევე როგორც ქართული მხარე მხოლოდ ვარაუდს გამოთქვამს პანკისსა და აფხაზეთის ტეროტირიაზე ტერორისტული ორგანიზაციის “ალ-ყაიდას” მებრძოლების ყოფნის თაობაზე. მაგალითად, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, “ნებისმიერი ტერიტორია, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლს არ ექვემდებარება, კარგ საფუძველს ქმნის ყველა სახის ტერორიზმისთვის.”
სანკტ-პეტერბურგში გამართულ ფორუმზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა საკმაოდ მოულოდნელი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, საქართველოს სრული უფლება აქვს, ტერორიზმთან ბრძოლაში თავად აირჩიოს პარტნიორები, თუმცა კვლავ შენიშნა, რომ რუსეთი მზად არის აუცილებელი სამხედრო დახმარების აღმოსაჩენად.
26 მარტს, დილას, საქართველოს პარლამენტში შემაშფოთებელი განცხადება გააკეთა რევაზ მიშველაძემ. მისი ცნობით, რუსეთის არმიის 58-ე ნაწილი, რომელიც აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიაზეა განლაგებული, სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. 26 მარტს, მთელი დღის განმავლობაში, ამავე ინფორმაციას ავრცელებდნენ რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები, რომელთა ცნობითაც, იმის გათვალისწინებით, რომ აპრილის შუა რიცხვებში საქართველო მსხვილმასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყებას გეგმავს აფხაზეთში, რუსეთი თავისდაუნებურად აღმოჩნდება ჩათრეული ამ კონფლიქტში, რადგან პირველ დარტყმას საკუთარ თავზე აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ნაწილები მიიღებენ. თუმცა, მეორე მხრივ, 26 მარტს, გამთენიისას, ანაკლიის მიდამოებში განვითარებული მოვლენების მიხედვით თუ ვისმჯელებთ, გაუგებარია, ვინ ვისზე აწყობს თავდასხმას. საქმე ის გახლავთ, რომ რუსეთის სამშვიდობო ნაწილების ჯარისკაცები 26 მარტს ჯავშანმანქანით ანაკლიაში შეიჭრნენ და ადგილობრივი მოსახლეობა დაარბიეს. დაჭრილია ერთი ადგილობრივი მოსახლე, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ანაკლიელების თქმით, ჯარისკაცები მთვრალები იყვნენ და მოსახლეობას აგრესიულად ექცეოდნენ. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, თუმცა, საეჭვოა, სამშვიდობოები ვინმემ დასაჯოს.
XS
SM
MD
LG